Facebook Twitter

საქმე №ას-1020-2024 3 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "წ.ს.ს–ო" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „წ.ს.ს–ომ“ (შემდეგში“მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 192 891.45 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოპასუხესთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „წ.ს.ს–ომ“ შეასრულა მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაო, რომელიც დამკვეთმა მიიღო, თუმცა შესრულებული სამუშაოს ღირებულება სრულად არ აუნაზღაურებია.

2.2. მოპასუხემ, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების მოტივით, მოსარჩელეს დაარიცხა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რომელიც დარიცხვის საფუძვლიანობის პირობებშიც კი, უნდა შემცირდეს.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სამუშაოთა გარკვეული ნაწილი შეასრულა პროექტთან შეუსაბამოდ. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო კი, დამკვეთს შეეძლო, არ აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის შესაბამისი ეტაპის სამუშაოს ღირებულება.

3.2. მხარის მტკიცებით, მენარდემ არ დაიცვა გეგმა - გრაფიკით განსაზღვრული ვადები, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „წ.ს.ს–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „წ.ს.ს–ოს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა - 104 048,98 ლარი. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი წარადგინეს როგორც მოსარჩელემ, ასევე – მოპასუხემ.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „წ.ს.ს–ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

5.2. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება შპს „წ.ს.ს–ოს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები), შესაბამისად, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „წ.ს.ს–ოს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „წ.ს.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით არამართლზომიერად დაკავებული თანხის, 72 953.53 ლარის, ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.3. სააპელაციო პალატამ, დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „წ.ს.ს–ომ“, პირველ ეტაპზე, რეალურად შეასრულა ჯამურად 348 714,39 ლარის სამუშაო, რაც სრულად დაადასტურა ხელშეკრულებით განსაზღვრულმა ინსპექტირების ორგანომ, ასევე – შესრულებული 348 714,39 ლარის ღირებულების სამუშაოდან დამკვეთმა შპს „წ.ს.ს–ოს“ აუნაზღაურა მხოლოდ 244 692.00 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოს ღირებულების, 104 048,98 ლარის, ანაზღაურებაზე განაცხადა უარი.

5.4. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ დაარღვია ხარჯთაღრიცხვის მე-4 თავის 69-ე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც ითვალისწინებდა ქვიშა-ღორღით მოწყობის შემდეგ გზის ქვედა ფენის თხევადი ბიტუმით დამუშავებას. ამასთან, აღნიშნული სამუშაო არ შესრულდა გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე. სხვა ტერიტორიაზე ეს ხარვეზი აღმოიფხვრა ინსპექტირების ორგანოს მითითებისთანავე. დადგენილია, რომ დამკვეთმა ისე მიიღო პირველი ეტაპის სამუშაოები, რომ აღნიშნული ნაკლის აღმოფხვრა არ მოუთხოვია. არ მოუთხოვია საზღაურის იმ თანხით შემცირებაც, რამდენითაც ნაკლმა შეამცირა ნაკეთობის ღირებულება. პალატამ გაითვალისწინა ისიც, რომ დარღვევას (ბიტუმის ემულსიის გამოუყენებლობას), შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, მის მდგრადობაზე რაიმე სახით გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა 104 048,98 ლარის შესრულებული და აუნაზღაურებელი სამუშაოების ღირებულება, დასაბუთებული იყო.

5.5. პირგასამტეხლოს სახით დაქვითული თანხის ანაზღაურებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო, ვინაიდან, დამკვეთმა პირგასამტეხლო საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევისათვის აპელანტს/მოსარჩელეს დააკისრა შესრულებული მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული სამუშაოს ღირებულების 0.02%, ჯამურად – 81 ვადაგადაცილებული დღისათვის (პირგასამტეხლო ჯამურად - 87 095,84 ლარი, საიდანაც სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკით დადგენილი ვადების დარღვევის საფუძველზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 49093.30 ლარი, ხოლო საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის საფუძველზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ - 38 002.54 ლარი). საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატამ დაადგინა, რომ აპელანტ/მოსარჩელე მხარეს საბოლოო მიწოდების ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით არსებითად არ შესდავებია, რის გამოც გასაზიარებელი იყო დამკვეთის პოზიცია სამუშაოს შესრულების ვადის 81 დღით გადაცილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაკისრებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობიდან (155 402,77 ლარიდან). პალატის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადით შეუსრულებელი სამუშაოს, 155402.77 ლარის, 0.02% შეადგენდა 31.08 ლარს, შესაბამისად, მენარდისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მართლზომიერი ოდენობა ვადაგადაცილებული 81 დღის გათვალისწინებით უნდა განსაზღვრულიყო 2672,92 ლარით.

5.6. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის/მენარდის მოთხოვნა სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევისათვის დაკისრებული/დაქვითული პირგასამტეხლოს - 49093.30 ლარის ანაზღაურების ნაწილშიც და განმარტა, რომ მენარდის მიერ 1-10 ეტაპის სამუშაოების დანაკლისისა და ვადაგადაცილების გათვალისწინებით, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გონივრული სამართლიანი და ხელშეკრულების 11.3. მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი პირგასამტეხლოს ოდენობა იქნებოდა 10553.68 ლარი და არა 49 093.3 ლარი, რომელიც დაკავდა მენარდის ანგარიშიდან.

5.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც დამკვეთის მიერ მენარდისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო კანონთან შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად იქნა მიჩნეული.

6.2. კასატორი აცხადებს, რომ მენარდემ სამუშაოები შეასრულა მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით და არაჯეროვნად. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის იმ დასკვნას, რომლის თანახმადაც გზის გარკვეული მონაკვეთის ბიტუმით დაუმუშავებლობას, რაიმე ზეგავლენა პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, მათ შორის – გზის ბეტონასფალტის საფარის მდგრადობასა და სიმტკიცეზე არ მოუხდენია. კასატორი მიიჩნევს, რომ პალატამ ეს დასკვნა გამოიტანა მხოლოდ საპირწონე მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მაშინ, როდესაც თავად ამ გარემოების სამტკიცებელი დოკუმენტაცია საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა. ასფალტის ბიტუმით დამუშავება აპრობირებული პრაქტიკაა და სწორედ ამიტომ შესრულდა ამგვარი სამუშაო პროექტის ხარჯთაღრიცხვაში. კასატორი უთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება შემკვეთს არ აკისრებს ყველა კონკრეტული შემთხვევის დარღვევაზე ექსპერტიზის ვალდებულებას, რათა დადგინდეს, შესრულების ნაკლოვანებას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ხელშეკრულების შესრულების საერთო შედეგზე. კასატორის მტკიცებით, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შინაარსიდან და მისი საჯარო მიზნებიდან გამომდინარე, ამგვარი ტიპის ხელშეკრულებიდან ნებისმიერი სახის გადახვევა უნდა შეფასდეს, როგორც ხელშეკრულების პირობების დარღვევად და საკანონმდებლო ნორმების უგულებელყოფად.

6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების მე-11 პუნქტის უგულებელყოფით, არასწორად დააკორექტირა პირგასამტეხლო, ვინაიდან შესრულებული სამუშაოს ღირებულებას გამოაკლო ინსპექტირების მიერ, ცალკე გამოყოფილი 104 048,98-ლარიანი ნაკლიანი შესრულება.

6.4. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის არც იმ დასკვნას, რომ მხარე არ დავობს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე (ბიტუმის ემულსიის გამოუყენებლობა), მისთვის დაუსაბუთებელია პალატის შეფასებაც შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებითაც.

6.5. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის წესსაც და მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად აღიარება და, შესაბამისად, მისი შემცირება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის ნორმებსა და პირგასამტეხლოს ფუნქციას. კასატორი, აგრეთვე, უთითებს, რომ ასანაზღაურებელი თანხიდან გამოკლებული იყო შესრულების თანხა, რაც ზედამხედველობის სამსახურმა ცალკე გამოყო და მისი საერთო თანხაში შეყვანა არამართებულია.

6.6. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობასაც ხელშეკრულების 2.5 პუნქტის განმარტებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება უმცირესი ოდენობით ანაზღაურებაზე.

6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 29.08.2017 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „წ.ს.ს–ოს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. 30.10.2018 წლის ცვლილებების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ბოლო ვადა - 2018 წლის 31 დეკემბერს, სამუშაოების დასრულების ვადა - 2018 წლის 15 ნოემბერს, ხოლო ხელშეკრულების 2.1. მუხლით სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 386 378.00 ლარით განისაზღვრა;

- ხელშეკრულების 2.5. მუხლის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიში უნდა გასწორებულიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსა და დადასტურებული მოცულობების მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტში, საგადასახადო ანგარიშფაქტურაში, ფორმა №2-ში, ფორმა №3-ში ან აკრედიტებული პირის დასკვნაში მითითებული ღირებულებებიდან უმცირესი ოდენობით დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 დღის განმავლობაში; იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ შეადგენდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, შემსყიდველი აუნაზღაურებდა მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეული ფასების შესაბამისად (2.14. მუხლი);

- ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა სამუშაოების დამთავრების შემდეგ შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი აკრედიტებული პირის დასკვნისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

- ხელშეკრულების 11.8. მუხლის მიხედვით, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელი კისრულობდა ვალდებულებას, თავისი სახსრებით დაუყოვნებლივ აღმოეფხვრა წუნი;

- ამავე ხელშეკრულების 11.9 მუხლის მიხედვით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ისახებოდა შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ კომისიური წესით შედგენილ აქტში, რის შემდეგაც მიმწოდებელს არ აუნაზღაურდებოდა დეფექტებით შესრულებული სამუშაოს ღირებულება;

- 11.10 მუხლის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან შესრულებულ სამუშაოთა წარმოდგენილი მოცულობა, შემსყიდველის მიერ გადამოწმების შემთხვევაში, არ იქნებოდა რეალობის შესაბამისი, შემსყიდველი სათანადო აქტის შედგენით არ აუნაზღაურებდა მას აღნიშნულ სამუშაოთა ღირებულებას და განიხილავდა ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის საკითხს;

- ხელშეკრულების 11.3 მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ვადების გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების პირობაზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.1%-ით; 11.4 მუხლის თანახმად კი, მხარეები შეთანხმდნენ საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების პირობაზე, ვადაგადაცილებით წარდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული სამუშაოების 0.02%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

- 30.10.2017 წელს, ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით 3.5 მუხლი გაუქმდა, ხოლო 4.5 და 4.7 მუხლები ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ შემსრულებელი გათავისუფლდა დასკვნის წარმოდგენის ვალდებულებისაგან. სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობასა და სამუშაოების შესრულების შესახებ ინსპექტირების ანგარიშს ადგენდა დამკვეთის მიერ დაფინანსებული შპს „თ.ა.ჯ.ა–ი“ (ტომი 1; ს.ფ. 32-42; 127; 136)

- 29.08.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „წ.ს.ს–ოს“ უნდა შეესრულებინა სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც მოიცავდა სამუშაოთა შესრულების 10 ეტაპს. მათ შორის: I ეტაპის სამუშაო, საერთო ღირებულებით 357956.70 ლარი, უნდა შესრულებულიყო 2017 წლის სექტემბერში; 334092,52 ლარად ღირებული II ეტაპის სამუშაო - ოქტომბერში; 190910,24 ლარად ღირებული - III ეტაპის სამუშაო – ნოემბერში;119318.90 ლარად ღირებული IV ეტაპის სამუშაო - დეკემბერში; 47727.56 ლარად ღირებული V ეტაპის სამუშაო - 2018 წლის იანვარში; 47727.56 ლარად ღირებული VI ეტაპის სამუშაო - თებერვალში; 238637.80 ლარად ღირებული VII ეტაპის სამუშაო - მარტში; 477275.60 ლარად ღირებული VIII ეტაპის სამუშაო – აპრილში; 477275.60 ლარად ღირებული IX ეტაპის სამუშაო - მაისში; 95455.12 ლარად ღირებული X ეტაპის სამუშაო - ივნისში;

- 2017 წლის 29 სექტემბერს შპს „წ.ს.ს–ომ“ შპს „თ.ა.ე.ჯ.ა–ს“ ინსპექტირებისათვის წარუდგინა პირველი ეტაპის შესრულებული სამუშაოს ფორმა #2, რომლითაც შესრულებულ სამუშაოთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 357 999.00 ლარით (ტომი 1; ს. ფ. 43, 44-47).

- შპს „თი აი ეი აუდიტესკორტის“ 2017 წლის 17 ოქტომბრის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, პირველ ეტაპზე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 348 741,39 ლარი (ფორმა №2-ში მითითებული 357 999.00 ლარის ნაცვლად).

- შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტის“ ინსპექტირების შედეგად, დადგინდა, რომ შპს „წ.ს.ს–ოს“ მიერ გზის გარკვეულ მონაკვეთზე შესრულებული არ იყო ხარჯთაღრიცხვის მე-4 თავის 69-ე პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო - თხევადი ბიტუმის მოსხმა, კერძოდ: შპს „თ.ა.ჯ.ა–ის“ ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, ზედამხედველობის დაწყების მომენტისთვის გზის გარკვეულ უბანში, ქვედა ფენის ქვიშა-ღორღით მოწყობის შემდეგ, არ დამუშავდა საფუძვლის ბიტუმი ემულსიით, რაზეც გაფორმდა შეუსაბამობის აქტი. აღნიშნული შეუსაბამობა აღმოფხვრილ იქნა რეაგირებისთანავე. ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს მითითებით, ვინაიდან პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოზე - 1,14 ტონა თხევადი ბიტუმის მოსხმაზე (ღირებულებით - 1678 ლარი, დღგ-ის ჩათვლით და სხვა ნორმატიული დანახარჯებით), ვერ იქნა წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტი, ამ ნაწილში შესაბამისი მოცულობით შესრულებული ტექნოლოგიურად დაკავშირებული სამუშაოების ჩათვლა და ანაზღაურება დამკვეთს ევალა. პროექტის მიხედვით, გზის საფუძვლის მოწყობის ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სამუშაოებს წარმოადგენდა: საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა ქვიშა-ღორღის ნარევით, ღირებულებით – 11 354.90 ლარი; საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა შავი ღორღით, ღირებულებით – 36 335.69 ლარი; თხევადი ბიტუმის მოსხმა ღირებულებით – 1 476.35 ლარი; საფარის მოწყობა წვრილმარცვლოვანი მკვრივი ასფალტ-ბეტონის ცხელი ნარევით, ღირებულებით – 54 882.04 ლარი. საერთო ჯამში გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოებმა შეადგინა 104048,98 ლარი, დღგ-ის ჩათვლით და სხვა ნორმატიული დანახარჯებით. შპს ,,თ.ა.ჯ.ა–ის" ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, სწორედ 104 048,98 ლარის სამუშაოების ჩათვლა და ანაზღაურება დამკვეთს ევალა.

- 2017 წლის 18 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი #1, რომლითაც დადასტურდა ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპზე განსახორციელებელ სამუშაოთა შესრულების ფაქტი, საიდანაც ანაზღაურებას დაექვემდებარა მხოლოდ 244 692.00 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოს ღირებულება, 104 048,98 ლარის ანაზღაურებაზე განაცხადა უარი;

- შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად დამკვეთმა მიუთითა პირველ ეტაპზე შესრულებული სამუშაოს - გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოს არაჯეროვან შესრულებაზე;

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მენარდისთვის, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონშესაბამისობა. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას).

13. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. არსებობს ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებაც. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება – პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

14. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა (შესრულების ვადა, სამუშაოს ჯეროვანი შესრულება) დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან მხარეები თავისუფალი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია, ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს, თუმცა, სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას, ანუ სასამართლოს ამოცანაა, მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

16. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე გამოიტანს დასკვნას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში ,,სახელშეკრულებო სამართალი“ /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ. გვ. 604- 605.).

18. სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (შდრ: სუსგ-ები: №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი). იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5).

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წელი.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021 წელი).

20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „წ.ს.ს–ოს“ დამკვეთმა დაარიცხა პირგასამტეხლო ჯამში 87 095,84 ლარის ოდენობით, საიდანაც ხელშეკრულების 11.3 მუხლის (სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკით დადგენილი ვადების დარღვევა) საფუძველზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 49093.30 ლარი, ხოლო 11.4 მუხლის (საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევა) საფუძველზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ - 38 002.54 ლარი (ტომი 1; ს. ფ. 168-169). მართალია, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საბოლოო მიწოდების დარღვევის ვადის შესახებ მენარდეს წარმოდგენილი არ ჰქონია დასაბუთებული შედავება, რის გამოც სამუშაოების 81-დღიანი ვადაგადაცილებით დასრულების ფაქტი დადგენილად მიიჩნევა, თუმცა საკასაციო პალატის განსჯით, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაა არა ვადის დარღვევის დღეების არასწორად გამოთვლის, არამედ – პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპიდან გამომდინარე, რაც სრულიად მართებულია. სახელდობრ, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობის ჯამი 155 402,77 ლარია, თუმცა შემკვეთმა პირგასამტეხლო გამოთვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული ღირებულებიდან - 2386378 ლარიდან. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას დაკისრებული პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოთვლის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით და დასძენს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება მხარისთვის არ უნდა წარმოადგენდეს სადამსჯელო ღონისძიებას, მოცემულ შემთხვევაში კი, როდესაც მენარდის მიერ ვადაში შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2230975,23 ლარს შეადგენდა, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება მხოლოდ 155 402,77 ლარს, რა თქმა უნდა, პირგასამტეხლოს ოდენობის სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან გამოთვლა, ეწინააღმდეგება, როგორც პირგასამტეხლოს ფუნქციას, ასევე სამოქალაქო სამართალში მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს. პალატა დასძენს, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016). შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია, ხოლო კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული შედავება, რაც შესაძლებელია მისი შეცვლის წინაპირობა გამხდარიყო.

21. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის იმ შედავებასაც, რომ თითქოს სააპელაციო პალატამ მენარდის მიერ ბიტუმის დასხმის გარეშე შესრულებული გზის სამუშაოები ჯეროვან შესრულებად მიიჩნია შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში. აღნიშნული მტკიცების საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „ნ.ე–ის“ სამშენებლო მასალების ლაბორატორიის შეფასება, რომლის თანახმად, „გზის ფენის მზიდუნარიანობისა და ტკეპნის კოეფიციენტი აკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნებს“. წარმოდგენილია შპს „ა.ს–ის“ საგამოცდო ოქმიც, საიდანაც ირკვევა, რომ გზის საფარის საშუალო დრეკადობის საპროექტო მოდულის ნორმაა მინიმუმ 218 MPa, ხოლო ფაქტობრივი შედეგი არის 220 MPa. (ს.ფ. 128-129). საქმეში წარმოდგენილი შპს „ზ–ის“ 18.11.2022 წლის #222 ექსპერტიზის აქტის, (რომელიც შედგენილია სადავო სამუშაოების შესრულებიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ) თანახმად, თხევადი ბიტუმის/ბიტუმის ემულსიას ასხამენ გზის ახალი საფუძვლის ზედაპირზე (სამშენებლო მანქანების მოძრაობის უზრუნველსაყოფად). აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ მენარდე სამუშაოებს ასრულებდა არა ახალი, არამედ ძველი გზის ზედაპირზე. ამავე აქტის თანახმად, პროექტით გათვალისწინებულია თხევადი ბიტუმის მოსხმა, პროპორციით დაახლოებით 0,4 ლ/მ2". აღნიშნული პროპორციით თხევადი ბიტუმის მოსხმა არ ახდენს არსებით გავლენას გზის საფუძვლის სიმტკიცეზე“. საყურადღებოა ისიც, რომ „გამოსაკვლევ მონაკვეთზე, შპს „ნ.ე–ის“ ლაბორატორიული გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, გზის მოწყობილი ქვიშა-ღორღოვანი საფუძვლის დატკეპნის კოეფიციენტი და შემადგენელი ინერტული მასალების მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო“ ხოლო, ამავე ექსპერტიზის აქტით, დადგინდა, რომ ასფალტბეტონის საფარის ტექნიკური მდგომარეობა გზის გამოსაკვლევ მონაკვეთზე (პკ. 0+0,00 - პკ. 4+0,00) და მთლიანად მოწყობილი გზის (კმ 1-კმ 6,1) იყო იდენტური. გამოსაკვლევ მონაკვეთზე გზის ასფალტბეტონის საფარს არ გააჩნდა ბზარები, დეფორმაცია, ადგილობრივი ღრმულები, ჩავარდნები გამოწვეული საფუძვლის ფენების არასაკმარისი დატკეპნით. (ტომი 2, ს.ფ.172-177). გარდა ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებისა, დავის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა, რომ გზა გახსნილია თითქმის 5 წელია და გზის შესაბამის მონაკვეთზე ამ ხნის განმავლობაში არ გამოვლენილა შავი ღორღის ქვემოთ ბიტუმის ემულსიით გზის ფენის დაუმუშავებლობით განპირობებული უარყოფითი შედეგები (გზის დანარჩენი მონაკვეთების მსგავსად). შესაბამისად, თვალნათელია, რომ სააპელაციო პალატის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოთა ფარგლებში, გზის გარკვეული მონაკვეთის ბიტუმის ემულსიით დაუმუშავებლობას, არ მოუხდენია რაიმე ზეგავლენა პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, მათ შორის, გზის ასფალტბეტონის საფარის სიმტკიცეზე, არ არის თვითნებური, არამედ გამომდინარეობს საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, რომლის საწინააღმდეგო გარემოებებიც შემკვეთს არ დაუდასტურებია, მაშინ, როდესაც არაჯეროვანი შესრულების მტკიცების ტვირთს კანონი სწორედ მას ავალდებულებდა. ამიტომ, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

22. დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს საკასაციო საჩივრის არც ის ნაწილი, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლას შეეხება. როგორც წინამდებარე განჩინებაში უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლოს ერთ ნაწილში შეუსაბამობა დადგინდა მისი საერთო სახელშეკრულებო ღირებულებიდან და არა შეუსრულებელი სამუშაოს ოდენობიდან გამოთვლის გამო, რაც სრულად თანხვდენილია საკასაციო პალატის მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან. შესაბამისად, ამ ნაწილში, ვინაიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებელი სამუშაოს 155402.77 ლარის 0.02% შეადგენდა 31.08 ლარს, სააპელაციო სასამართლომ მენარდისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მართლზომიერ ოდენობად ვადაგადაცილებული 81 დღის გათვალისწინებით სწორად მიიჩნია 2672,92 ლარი. რაც შეეხება სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევისათვის დაკისრებული/დაქვითული პირგასამტეხლოს ოდენობას - 49093.30 ლარს, ამ ნაწილშიც პალატამ მენარდის პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1-10 ეტაპის სამუშაოების შესრულების დროს სხვადასხვა ეტაპზე შეასრულა ჯეროვნად და მეტობით, ხოლო ზოგ ეტაპზე შეასრულა ნაკლებობით (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-14 - მე-16 გვერდები). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო საჩივარი პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპთან დაკავშირებით მხოლოდ ფორმალურ შედავებას შეიცავს, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ დასკვნას, რომლის თანახმად, შემსრულებლისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი და ხელშეკრულების 11.3. მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი ოდენობა საერთო ჯამში შეადგენს 10553.68 ლარს და არა 49 093.3 ლარს, როგორც ეს შემკვეთმა გამოთვალა და დაუკავა კიდეც გადასახდელი თანხიდან მენარდეს.

23. საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ იმ მსჯელობასაც, რომლის თანახმად, უმართებულო იყო მენარდისთვის ბოლო ეტაპზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 88842.47 ლარის გადახდაზე უარი, იმ მოტივით, რომ ის გაიქვითა დარიცხულ პირგასამტეხლოში. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი შეადგენდა 87095,84 ლარს, შესაბამისად, 1746,63 ლარი (88842.47-87095,84) მოსარჩელეს არ აუნაზღაურდა არამართლზომიერად. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ბოლო ეტაპზე შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, 88842.47 ლარიდან, უნდა ანაზღაურებოდა 72 953.53 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 15888,47 ლარი უნდა ჩათვლილიყო პირგასამტეხლოს ანგარიშში.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას არც მენარდისთვის 104 048,98 ლარის შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ შემკვეთმა აღნიშნული სამუშაოების ანაზღაურებაზე უარი გზის საფარის გარკვეული მონაკვეთის თხევადი ბიტუმის მოსხმის გარეშე დაგების მოტივით განაცხადა. მართალია საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს „თ.ა.ჯ.ა–ის" 2017 წლის 15 სექტემბრის წერილში და შპს „ა.ს–ის“ 2017 წლის 28 სექტემბრის წერილებში მითითებულია სამუშაოების თხევადი ბიტუმის მოსხმის გარეშე წარმოების შესახებ, თუმცა შპს „თ.ა.ჯ.ა–ის" 2017 წლის 17 ოქტომბრის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, აღნიშნული შეუსაბამობა მენარდემ აღმოფხვრა რეაგირებისთანავე, რის გამოც სამუშაოების ჩათვლა და ანაზღაურება (104 048,98 ლარი (დღგ-ს ჩათვლით და სხვა ნორმატიული დარიცხვებით)) დამკვეთის პრეროგატივად იქნა მიჩნეული. ამავე დოკუმენტის აღწერილობით ნაწილში აღნიშნულია, რომ სამუშაოთა მოცულობებისათვის საჭირო მასალები გამოყენებულ იქნა დადგენილი ნორმების შესაბამისად. სამუშაოების დროს გამოყენებული მასალების დამაკმაყოფილებელი ხარისხი დადასტურდა სამუშაოთა მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი ასფალტო-ბეტონის ნარევის გამოცდის შედეგად. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ინსპექტირების აქტის დასკვნითი ნაწილი, საიდანაც ირკვევა, რომ შესრულებული სამუშაოების I ეტაპის საერთო ღირებულებამ 348 741,39 ლარი შეადგინა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს, ქვემდგომი სასამართლოების იმ დასკვნას, რომ ინსპექტირების ანგარიშის დასკვნითი ნაწილით სადავო 104 048,98 ლარი შეყვანილია I ეტაპის შესრულებული სამუშაოების მოცულობაში, რაც სამოქალაქო კოდექსის 641-ე, 642-ე და 115-ე მუხლების საფუძველზე, შემკვეთისთვის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების საფუძველი მართებულად გახდა. ამავე დასკვნას ამყარებს, საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს „თ.ა.ე.ა–ის" 2018 წლის 25 დეკემბრის ინსპექტირების ანგარიშიც, სადაც მითითებულია, რომ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 319 818,67 ლარი, დღგ-ის ჩათვლით და სხვა ნორმატიული დარიცხვებით, მათ შორის: I ეტაპის საერთო ღირებულებამ შეადგინა 348 741,39 ლარი დღგ-ს ჩათვლით და სხვა ნორმატიული დარიცხვებით. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა ხელშეკრულებით (იხ. ხელშეკრულების 30.10.2017 წ. დანართი) განსაზღვრული და დამკვეთის დაფინანსებული ინსპექტირების ორგანო არცერთ ეტაპზე მიუთითებდა, რომ შავი ღორღის ქვემოთ ნიადაგის ბიტურმის ემულსიით დაუმუშავებლობა, ისეთ დარღვევას წარმოადგენდა, რაც შესრულებული სამუშაოების მიღებას/ანაზღაურებას გამორიცხავდა. მეტიც, არათუ არ გამორიცხულა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების შესაძლებლობა არამედ, ინსპექტირების ორგანოს ეს სამუშაოები შეყვანილი ჰქონდა როგორც I ეტაპის შესრულებული სამუშაოების მოცულობაში (348 741,39 ლარში), ისე ხელშეკრულებით საერთო შესრულებული სამუშაოების მოცუ_ლობაში (2 319 818,67 ლარში), ხსენებული საკასაციო პალატის აზრით, ნიშნავს, რომ ინსპექტირების ორგანოს მოცემული სამუშაოები შესრულებულად აქვს ჩათვლილი, რაც მისი ანაზღაურების საფუძველი მართებულად გახდა.

25. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის (.....) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი