Facebook Twitter

¹ბს-1050-1003(კ-07) 30 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 9 თებერვალს ზ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის G..... შემადგენლობის დეპარტამენტის 2007 წლის 17 იანვრის ¹252 წერილის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალდებულება, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. ნ-ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილედ ცნობის შესახებ და შესაბამისად, გასცეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის ცნობა (,,ყვითელი ცნობა).

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი არის საქართველოს მთლიანობისა და ერთიანობისათვის 1992-93 წლებში წარმოებული ომის მონაწილე, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას მიიღო სამხედრო ტრავმა, რომლის საფუძველზეც დაუდგინდა ინვალიდობის II ჯგუფი და ითვლებოდა იმისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანად და მე-2 ჯგუფის ინვალიდად, სარგებლობდა სახელმწიფოს მიერ დაწესებული სოციალური შეღავათებით და იღებდა ომის ინვალიდის კუთვნილ პენსიას. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ომისა და შეიარაღებული ძალების მონაწილისა და ინვალიდის მოწმობას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ცნობის აღების მიზნით, 2007 წლის 12 იანვარს მან მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების განყოფილებას, რათა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვით ჩაეტარებინათ საბრძოლო მოკვლევა და საბრძოლო მოკვლევის საფუძველზე გაეცათ ცნობა 1993 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის შესახებ. მოსარჩელის აღნიშვნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მისი კანონიერი მოთხოვნა და 2007 წლის 17 იანვრის წერილით უკანონოდ და სრულიად დაუსაბუთებლად უარი უთხრა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის ცნობის გაცემაზე.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ” დებულების მოთხოვნები და გამოსცა უკანონო და სრულიად დაუსაბუთებელი სამართლებრივი აქტი, მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილედ არცნობისა და ომის მონაწილის ცნობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 17 იანვრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ნ-ის აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, შესაბამისად, დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სახელზე გასცეს ყვითელი ცნობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის G..... შემადგენლობის დეპარტამენტის 2007 წლის 17 იანვრის ¹252 წერილი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის "დ" პუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის G..... შემადგენლობის დეპარტამენტის 2007 წლის 17 ივლისის ¹252 წერილი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად მიიჩნევა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ბილეთის ¹013537 სიყალბის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანონიერ ძალაში შესული განაჩენი), აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სინამდვილეს არ შეესაბამება საქმის ფურცელ 8-15-ზე, 26-29-ზე განთავსებული მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანებით დამტკიცებული "საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ" დებულებით დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით. ამავე დროს სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდება სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1. მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის .... შემადგენლობის დეპარტამენტის 2007 წლის 17 იანვრის ¹252 წერილი, უნდა დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" პუნქტის საფუძველზე არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ზ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის G.... შემადგენლობის დეპარტამენტის 2007 წლის 17 იანვრის ¹252 წერილი, უნდა დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2 მუხლების, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანებით დამტკიცებული "საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ" დებულებით დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასაბუთება სრულიად უსაფუძვლოა, რაც გამოწვეულია სამართლის ნორმის არასწორი განმარტებით და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დაუდგენლობით (მიუხედავად სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნისა), კერძოდ, არც სააპელაციო სასამართლომ და არც საქალაქო სასამართლომ არ გამოითხოვა და არ გამოიკვლია ზ. ნ-ის განცხადება, რომლითაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება; თუ რას ითხოვდა ზ. ნ-ი იმ განცხადებით, რომლის საფუძველზეც გამოიცა (2007 წლის 17 იანვრის) გასაჩივრებული აქტი, ე.ი. არ დაუდგენია სასამართლოს თუ რა იყო ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების საგანი.

კასატორის აღნიშვნით, განცხადებით ზ. ნ-ი ითხოვდა სამინისტროს მხრივ მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებას და არა მოკვლევის ჩატარებას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის აღიარებისათვის.

მაშასადმე, ადმინისტრაციული წარმოება წარიმართა განცხადებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნის (ადმინისტრაციული წარმოების საგნის) შესაბამისად. აქედან გამომდინარე, კასატორის მითითებით, უსაფუძვლო იყო სასამართლო გადაწყვეტილების მიღება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანებით დამტკიცებული "საბრძოლო მოკვლების წარმოების წესის შესახებ" დებულების საფუძველზე, მით უმეტეს, რომ ადმინისტრაციული წარმოების საგნად განმცხადებლის მიერ საბრძოლო მოკვლევის ჩატარება არ იყო გასაზღვრული.

კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ დაადგინა (თუმცა უნდა დაედგინა სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე) სამთავრობო დაწესებულების სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში და ამ ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოების თავისებურება. დეპარტამენტი უფლებამოსილი არ იყო, გაეცა ცნობა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის შესახებ, თუ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მის არქივში არ იქნებოდა მოძიებული, მიუხედავად იმისა, თუ რა დოკუმენტაციას წარუდგენდა განმცხადებელი სამინისტროს.

კასატორის აზრით, მოსარჩელეს მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქივში ჯერ განთავსება უნდა მოეთხოვა, ხოლო შემდეგ დადასტურება საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ. დეპარტამენტი უფლებამოსილი არ არის, გამოიყენოს სზაკ-ის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა-თ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის სახეები, რადგან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის GG.... შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება ცალსახად მიუთითებს, რომ ცნობის გაცემა ან უარი მის გაცემაზე უნდა განახორციელოს მხოლოდ დეპარტამენტმა საარქივო მასალების საფუძველზე, რაც სზაკ-ის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით, აგრეთვე, მტკიცებულებათა გამოკვლევის ერთ-ერთ სახეს განეკუთვნება.

ამდენად, კასატორის მითითებით, .... შემადგენლობის დეპარტამენტის უარი (ადმინისტრაციული აქტი) ცნობის გაცემაზე არ შეიძლება ჩაითვალოს სზაკ-ის დარღვევით გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტად, რადგან გამოცემულია საზკ-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დაცვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის .... შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის "ტ" ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სზაკ-ის 96-ე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის სახის (დეპარტამენტის საარქივო მასალების გამოკვლევის) გამოყენებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არასრულია, იგი მიღებულია დასახელებული ნორმატიული აქტების არასწორი განმარტების საფუძველზე და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დაუდგენლად, ადმინისტრაციული სასამართლოსთვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპის დარღვევით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.