საქმე №ას-1459-2023 8 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე.მ–ვა, რ.ს–ვის უფლებამონაცვლე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ.კ...“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. რ.ს–ვმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ.კ...-ისა“ (შემდგომ - ამხანაგობა) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა, ქ. თბილისში, ......... №5 ჩიხში მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული №......... საკადასტრო კოდის მქონე კომერციული ფართის ჯეროვანი გამოყენებისა და საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირისათვის აუცილებელი (საფეხმავლო) გზის დადგენა, რომელიც გადის №........ და №....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე და უკავშირდება .......... ქუჩას, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნის (ლურჯი ისრით ნაჩვენები მიმართულება) და მის საფუძველზე მომზადებული აუცილებელი გზის საკადასტრო/აზომვითი ნახაზების შესაბამისად.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო მისამართზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 171 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული 194,59 კვ.მ №1 შენობა-ნაგებობიდან პირველი სართულის კომერციული ფართი - 41,26 კვ.მ ეკუთვნის მოსარჩელეს, მეორე სართულის კომერციული ფართი - 59,62 კვ.მ - მ.ო–ვას, მესამე სართული - 93,71 კვ.მ - ი.ჟ–ს. ქ. თბილისში, ........ მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1080 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საკადასტრო კოდით №......... ეკუთვნის მოპასუხე ამხანაგობას. ქ. თბილისში, ........... ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 746 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ........ ეკუთვნის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს.
3. არსებული მდგომარეობით მოსარჩელის კუთვნილ ფართს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან არ გააჩნია. მისასვლელი ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს მოპასუხეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების გავლით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებმა თვითნებურად გადაკეტეს გზა, ბოქლომი დაადეს ჭიშკარს, რომელიც გზის დასაწყისში, თაღშია განთავსებული, აღმართეს გამავალი სადარბაზოს ღიობთან ახალი კუსტარული რკინის წინაღობა, რომელიც ბოქლომითაა დაკეტილი. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელეს კუთვნილი კომერციული ფართით სარგებლობის უფლება შეეზღუდა.
4. მოსარჩელემ არაერთხელ უშედეგოდ მიმართა ამხანაგობის წევრებს მათ ნაკვეთზე გამავალი გზის შეუფერხებლად გამოყენების თხოვნით. ქ. თბილისში, ........... ქუჩაზე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საჯარო მოხმარების ტერიტორიას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონსულტაციის შემდგომ მათ განემარტათ, რომ ასეთი ტერიტორიები თავისუფალი მოხმარების ადგილებს განეკუთვნება და მასზე გადაადგილება აკრძალული არ არის.
5. მოსარჩელის მითითებით, მეორე სართულის კომერციული ფართის მესაკუთრე მ.ო–ვასთან დადო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობა. მ.ო–ვას კაფე „მ.მ–ა“, რომელიც სადავო მისამართზე ფუნქციონირებს, ძირითადად არის ტურისტების დასვენების ადგილი. ......... №3 ჩიხის მაცხოვრებლები და რესტორან „ქ. და კ–ეს“ ადმინისტრაცია ზემოაღნიშნული კაფეს მიმართულებით მოსარჩელის კომერციული ფართის თანამშრომლების, მომხმარებლებისა და დისტრიბუციის გადაადგილების წინააღმდეგნი არიან. №3 ჩიხის მობინადრეებმა წერილობითი მიმართეს მოსარჩელეს ამ საკითხის დარეგულირების მიზნით და მათ ტერიტორიაზე გადაადგილების შეწყვეტა მოსთხოვეს.
6. სასამართლოს 2022 წლის 5 სექტემბრის მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მისამართზე კაფე აღარ ფუნქციონირებს, ხოლო მ.ო–ვამ კუთვნილი ფართი გაასხვისა.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო აუცილებელი გზის იმგვარად მოწყობის ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობები, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვს, არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენა, რაც ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების ბოჭვას იწვევს და დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობაა დაცული, კერძოდ: მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს არ უნდა ჰქონდეს კავშირი საჯარო გზასთან; ამ კავშირს უნდა უზრუნველყოფდეს მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და კავშირი უნდა იყოს ობიექტურად უალტერნატივო. ამასთან, ობიექტური მიზანშეწონილობა გულისხმობს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის (მესაკუთრეების) საკუთრების უფლება უნდა შეიზღუდოს შეძლებისდაგვარად მინიმალურად და ალტერნატიული ვარიანტების არსებობის შემთხვევაში, იმ ვარიანტს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რომელიც ნაკლებად ლახავს სხვა პირის საკუთრების უფლებას.
11. განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო პალატამ შეაფასა საკითხი იმის შესახებ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ №........) გააჩნია თუ არა საჯარო გზასთან ჯეროვანი კომუნიკაცია.
12. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თავდაპირველად ქ. თბილისში, ........ №5 ჩიხში მდებარე №...... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ½ წილის თანამესაკუთრეს დ.ბ–ძე წარმოადგენდა. მისივე განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მის საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილიდან პირველ და მეორე სართულებზე მდებარე ქონებას მიენიჭა სხვადასხვა საკადასტრო კოდები. ამჟამად მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ პირველი სართულის ფართს მიენიჭა №....... საკადასტრო კოდი, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულ უძრავ ნივთს - №........ შესაბამისად, უდავოა, რომ ეს ორივე ნივთი შედის ზემოხსენებულ №...... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის შემადგენლობაში. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ უძრავი ქონების ურთიერთგამიჯვნის 2011 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულებით ქ. თბილისში, ...... ჩიხში მდებარე უძრავი ქონება №......... საკადასტრო კოდით გაიმიჯნა მესაკუთრეებს შორის. პირველი ნაკვეთის ზომაა 576 კვ.მ.
13. 2012 წლის 9 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ სადავო მისამართზე №...... საკადასტრო კოდით მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები იყვნენ დ. ბ–ძე - ½ ნაწილში და ნ.ზ–ძე - ½ ნაწილში. 2012 წლის 9 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, №...... საკადასტრო კოდის მქონე 576 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 77 კვ.მ (მისასვლელი გზა) დაიტვირთა სერვიტუტით მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №......) სასარგებლოდ, უძრავი ქონების ურთიერთგამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღია 30.12.2011წ.). ამასთან საგულისხმოა, რომ 2021 წლის 18 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ͏№...... საკადასტრო კოდის მქონე 576 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 77 კვ.მ (მისასვლელი გზა) კვლავ დატვირთულია სერვიტუტით მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №......) სასარგებლოდ.
14. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ პირი, რომელიც თავისი ქმედებით თავისუფალი ნების საფუძველზე წყვეტს მიწის ნაკვეთის დაკავშირებას საჯარო ქსელებთან, არ საჭიროებს დაცვას სხვა მესაკუთრის ინტერესების ხარჯზე.
15. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (ს/კ №......) წინა მესაკუთრის მიერ ნივთის გამიჯვნამდე გააჩნდა საჯარო გზასთან კომუნიკაცია დადგენილი სერვიტუტის ფარგლებში. შესაბამისად, უძრავ ნივთს საჯარო გზასთან კომუნიკაცია მხოლოდ მას შემდეგ მოესპო, რაც თავდაპირველმა მესაკუთრემ (დ.ბ–ძემ) კუთვნილი წილის გამიჯვნის შედეგად №....... საკადასტრო კოდის მქონე ნივთს საჯარო გზასთან კომუნიკაცია თვითნებურად შეუზღუდა.
16. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სანამ №........ და №.......... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება ერთი მესაკუთრის (ჯერ დ. ბ–ის, შემდგომ - მ.ო–ვას) ხელში იყო, აუცილებელი გზის გამოყოფა სადავოდ არ გამხდარა, რამდენადაც, პირველი სართულის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ, გამტარ ნაწილს წარმოადგენდა ამავე ნივთის მესაკუთრის საკუთრებაში არსებული მე-2 სართული. შესაბამისად, მოსარჩელემ ნივთის შეძენამდე იცოდა, რომ პირველ სართულს დამოუკიდებლად ჯეროვანი კომუნიკაცია საჯარო გზასთან არ გააჩნდა, თუმცა მან ნივთის ამ სახით შეძენისას არ გამოიჩინა წინდახედულობა და თვითნებურად ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში.
17. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ უძრავ ნივთს გამიჯვნამდე ჰქონდა ჯეროვანი გზა, რისი დაკარგვაც განპირობებული იყო მესაკუთრის ქმედებით. მოსარჩელემ საკუთრების უფლების მოპოვების მომენტში წინასწარ იცოდა, რომ მიწის ნაკვეთს არ ჰქონდა ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან.
18. სააპელაციო პალატამ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ კანონის მითითებული დანაწესი გამორიცხავს აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლებას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სხვა მესაკუთრეთა უფლებების ხარჯზე უნდა მოხდეს. შესაბამისად, მოხმობილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ უძრავი ნივთის ნაწილის გაყიდვის შემთხვევაში, თუ გაყიდულ ნაწილს არ ექნებოდა საჯარო ქსელებთან კავშირი, აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება წარმოიშობოდა არა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა მიმართ, არამედ იმ პირის მიმართ, ვისი მიწის ნაკვეთიც გაყიდვამდე უზრუნველყოფდა საჯარო ქსელებთან დაკავშირებას.
19. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ–ის“ მიერ გაცემული №03/13 დასკვნის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისი, ......... ჩიხი N5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 171 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (ს/კ ........) და მასზე განთავსებულ უძრავ ქონებას (ს/კ .......) საჯარო გზასთან აქვს ძირითადი საავტომობილო და საფეხმავლო მისასვლელი გზა - №....... მიწის ნაკვეთის გავლით, არსებული სერვიტუტის საფუძველზე, ხოლო სხვა ალტერნატიული საფეხმავლო თუ საავტომობილო გზის დაპროექტება - ს/კ №....... მიწის ნაკვეთის გავლით პრაქტიკულად შეუძლებელია. ს/კ №.......... მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ უძრავ ქონებასთან ს/კ №....... მისასვლელად არსებობს ერთადერთი ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან ......... ჩიხის გავლით, სადაც შესაძლებელია ავტომანქანების გაჩერება, ხოლო ქვეითად მოსიარულეების გადაადგილება - ს/კ №..... მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთული გზის სარგებლობის საფუძველზე. გარდა ამისა, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 16 ივლისის №5004723121 დასკვნის მიხედვითაც ირკვევა, რომ №........ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე არსებული სერვიტუტით დატვირთული მონაკვეთის გავლის შემდგომ შესაძლებელია №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართში მოხვედრა. აღნიშნულ ვითარებას აღწერს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმში ასახული სურათი, რომ N......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული II სართულზე მდებარე მ.ო–ვას საკუთრებაში არსებული ფართიდან შენობის კიბის საშუალებით შესაძლებელია I სართულზე ჩასვლა, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელე რ.ს–ვის საკუთრებას (ს/კ №.......).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საჯარო გზასთან დასაკავშირებლად უალტერნატივოდ ესაჭიროება მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენება, რაც მოცემულ დავაში ვერ იქნა დაძლეული. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რამეთუ არსებობს მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი, სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე.მ–ვამ, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
22. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მითითებას, რომ სადავო ნაგებობის პირველი და მეორე სართული დაკავშირებულია საჯარო გზასთან №…….საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთზე რეგისტრირებული სერვიტუტის საფუძველზე. ამჟამად მოსარჩელე სერვიტუტით დატვირთული 77 კვ.მ მიწით ვერ სარგებლობს. შენობის მეორე სართულზე შესასვლელი კარი დღეისათვის გაუქმებულია.
23. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ №.......და №........ საკადასტრო კოდების მქონე ფართი სხვადასხვა მესაკუთრეს ეკუთვნის. შესაბამისად, მოსარჩელეს 77 კვ.მ სერვიტუტით დატვირთულ გზაზე გასასვლელად ყველა შემთხვევაში უნდა გაევლო მეორე სართულის მესაკუთრის საცხოვრებელი ოთახები (მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში) და კიბით ასულიყო სერვიტუტით დატვირთულ მიწაზე.
24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სადავო პრობლემის წარმოშობა თავდაპირველ მესაკუთრე დ.ბ–ძეს დაუკავშირა, რადგან უძრავი ნივთის გასხვისებისას მისთვის ცნობილი იყო, რომ მყიდველს საჯარო ქსელთან კავშირით ვერ უზრუნველყოფდა. აღნიშნულით სასამართლომ არაპირდაპირ მიუთითა დავაში არასათანადო მოპასუხის არსებობაზე, თუმცა დასახელებულ საკითხზე სათანადოდ არ უმსჯელია.
25. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში უნდა დადგენილიყო, რამდენად საფუძვლიანი იყო ამხანაგობის უარი აუცილებელი საფეხმავლო გზის დადგენის თაობაზე. უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ის“ მცდარი დასკვნა და უგულებელყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის დასაბუთება, რომელიც აუცილებელ საფეხმავლო გზად ........... ქუჩის მიმართულებას ასახელებდა.
26. მხარემ აღნიშნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კანონის სიტყვა-სიტყვითი განმარტების მეთოდით იხელმძღვანელეს და სიღრმისეულად არ გაუაზრებიათ, რომ საკუთრების უფლების სარგებლობის შეზღუდვასა და საკუთრების უფლებით სარგებლობის აკრძალვას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
27. კასატორის მხრიდან სადავო ფართის შეძენისას წინდახედულობის პირობების დარღვევის შემთხვევაშიც, აღნიშნული საკმარისი არ იყო საკუთრებით სარგებლობის კონსტიტუციური უფლების შესაზღუდად.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე.მ–ვა, ხოლო 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ განსახილველ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
32. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ......... №5 ჩიხში მდებარე ნაგობების პირველ სართულზე არსებული 41,26 კვ.მ კომერციული ფართი საკადასტრო კოდით №.......წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. აღნიშნული ფართი №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების - 171 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობის ნაწილია. მითითებულ შენობაში, პირველ სართულზე მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული 41,26 კვ.მ ფართის გარდა, მეორე სართულზე მდებარეობს 59,62 კვ.მ კომერციული ფართი №……….საკადასტრო კოდით და მესამე სართულზე 93,71 კვ.მ №......... საკადასტრო კოდით. №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის წინა ნომერია ...........
33. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, .......... ქუჩა №12-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №.........წარმოადგენს ამხანაგობის წევრების თანასაკუთრებას, ხოლო ამავე ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება №....... საკადასტრო კოდით ეკუთვნის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს.
34. საჯარო რეესტრის 2009 წლის 12 მარტის ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, ......... №5 ჩიხში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით №......) თანამესაკუთრეს, სხვა პირებთან ერთად, წარმოადგენდა დ.ბ–ძე. 2011 წლის 30 დეკემბრის უძრავი ქონების ურთიერთგამიჯვნის ხელშეკრულებით აღნიშნული უძრავი ნივთი გაიმიჯნა მესაკუთრეებს შორის.
35. 2012 წლის 9 იანვრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ......... №5 ჩიხში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №.......) თანამესაკუთრეები იყვნენ დ.ბ–ძე - ½ ნაწილში და ნ.ზ–ძე - ½ ნაწილში. ამავე რიცხვის ამონაწერიდან დასტურდება, რომ №........ საკადასტრო კოდის მქონე 576 კვ.მ ნაკვეთიდან 77 კვ.მ (მისასვლელი გზა) დატვირთული იყო სერვიტუტით მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №.......) სასარგებლოდ, უძრავი ქონების ურთიერთგამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე. (დამოწმების თარიღი - 30.12.2011წ.). 2021 წლის 18 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად კი, ამავე (№.......) 576 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 77 კვ.მ (მისასვლელი გზა) დატვირთული იყო სერვიტუტით მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №.........) სასარგებლოდ.
36. 2012 წლის 6 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა დ.ბ–ძისა და ნ.ზ–ძის წერილობითი თანხმობები, რომელთა შესაბამისად ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონებიდან №1 შენობაში 41,26 კვ.მ პირველი სართული (№........) და 59,62 კვ.მ მეორე სართული (№......) აღირიცხა დ.ბ–ძის საკუთრებად, ხოლო 171 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარჩა თანასაკუთრებაში.
37. 2020 წლის 2 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე დ.ბ–ძემ კუთვნილი ორივე ფართი გაასხვისა მ.ო–ვაზე, რომელმაც 2020 წლის 20 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით 41,26 კვ.მ მიჰყიდა მოსარჩელეს.
38. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად, №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ კომერციულ 41,26 კვ.მ ფართთან მისასვლელი საფეხმავლო და საავტომობილო გზის (სამმეტრიანი სიგანის) მოწყობა შესაძლებელია აღმოსავლეთი ნაწილიდან (მ. ........... ქუჩიდან), საჯარო რეესტრში №........ და №.......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით, სადაც უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო მოასფალტებული გზა (ლურჯი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება). აღნიშნული გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი პროექტის შედგენა.
39. №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ კომერციულ 41,26 კვ.მ ფართთან მისასვლელი საფეხმავლო (ორგასასვლელიანი) გზის მოწყობა შესაძლებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან (......ჩიხიდან), საჯარო რეესტრში №.........და №....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით, სადაც უკვე არსებობს მისასვლელი საფეხმავლო გზა (ყვითელი ისრებით ნაჩვენები მიმართულება). აღნიშნული გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი პროექტი.
40. №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ კომერციულ 41,26 კვ.მ-ს ფაქტობრივი მდგომარეობით გააჩნია ერთადერთი საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან, რომელიც მდებარეობს მის აღმოსავლეთ ნაწილში და წარმოადგენს მოასფალტებულ საავტომობილო გზას. აღნიშნული გზა გადის №......... და №.......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე და უკავშირდება ........... ქუჩას. ხსენებული გზის ნაწილი გადის № .........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ №1 შენობაში მდებარე თაღში, სადაც მოწყობილია ლითონის ჭიშკარი (ადევს ბოქლომი) და, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია.
41. №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 41,26 კვ.მ კომერციულ ფართს ფაქტობრივი მდგომარეობით დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან არ გააჩნია. აღნიშნულ ფართში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების და ფართების გავლით.
42. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ №.......... კომერციულ ფართში, როგორც ფეხით, ისე ავტომობილით მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია აღმოსავლეთ ნაწილში არსებული საავტომობილო მოასფალტებული გზით, რომელიც გადის N..........და N..........საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე და უკავშირდება მ.......... ქუჩას. აღნიშნულ ფართში ფეხით მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია ორი მიმართულებით, კერძოდ: ერთი მხრიდან შესაძლებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული საფეხმავლო გზით, რომელიც გადის №......... და №01.........საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე და უკავშირდება ....... ჩიხს. აღნიშნული გზის ნაწილი გადის რესტორან „ქ. და კ–ს“ გარე ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია რესტორნის ინვენტარი სტუმრებისათვის. მეორე მხრიდან კი, შესაძლებელია სამხრეთ ნაწილში არსებული გზით, რომლის ნაწილი გადის №0.........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული გზა საავტომობილოა, რომლის მონაკვეთზეც უკვე რეგისტრირებულია სერვიტუტის უფლება №.......... მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ, ხოლო ნაწილი გადის №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ II სართულზე მდებარე კომერციულ ფართში (მისასვლელის ნაწილი გადის შენობის შიგნით და მისი ძირითადი ნაწილი წარმოადგენს კიბეს) და უკავშირდება ....... ჩიხს.
43. მოპასუხე ამხანაგობის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ის“ მიერ გაცემული №03/13 დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ......... №5 ჩიხში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 171 კვ.მ მიწის ნაკვეთს (ს/კ №.........) და მასზე განთავსებულ უძრავ ქონებას (ს/კ №........) საჯარო გზასთან აქვს ძირითადი საავტომობილო და საფეხმავლო მისასვლელი გზა - №........მიწის ნაკვეთის გავლით, არსებული სერვიტუტის საფუძველზე, ხოლო სხვა ალტერნატიული საფეხმავლო თუ საავტომობილო გზის დაპროექტება ს/კ №........ მიწის ნაკვეთის გავლით პრაქტიკულად შეუძლებელია. ს/კ №........ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ უძრავ ქონებასთან ს/კ №........მისასვლელად არსებობს ერთადერთი ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან ......... ჩიხის გავლით, სადაც შესაძლებელია ავტომანქანების გაჩერება, ხოლო ქვეითად მოსიარულეების გადაადგილება - ს/კ №........ მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთული გზის სარგებლობის საფუძველზე.
44. მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმის შეფასება, მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონების სავალდებულო გზად გამოყენება საკუთარი ქონებით სარგებლობის ერთადერთი და საუკეთესო საშუალება იყო თუ არა.
45. განსახილველ საქმეში სარჩელის საგანია აუცილებელი გზის უფლების დადგენა, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის სსკ-ის 180-ე მუხლი წარმოადგენს (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო- ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით), რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოების არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (შდრ. №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ; სუსგ №ას-1048-1316-09, 23.03.2010წ.). აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც (სუსგ №ას-45-2021, 22.04.2021წ.; საქმე №ას-1238-202, 22.03.2022წ.).
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (საქმე №ას-86-2022, 5.05.2022 წ.).
47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით (სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად კი, მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლირებულია საჯარო გზებისაგან, ან საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (იხ. სუსგ 26.10.2018წ. საქმე №ას-139-131-2018).
48. მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეც, ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებითაც (სსკ-ის 247-ე მუხლი, სერვიტუტი) (სუსგ №ას-1549-2018 25.01.2019წ.). აუცილებელი გზის უფლების რეალიზაციაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის, სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტია მხარეთა ურთიერთშეთანხმება (გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2018, მუხ. 247, ველი 5); (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1108-1312-05, 18.07.2006წ.; №1416-1548-04 21.04.2005წ.; საქმე №ას-45-2021, 22.04.2021წ.). მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს აუცილებელი გზისა და სერვიტუტის შემთხვევები: აუცილებელი გზა ყოველთვის ნაკარნახებია უალტერნატივო აუცილებლობით და დგინდება კანონის საფუძველზე. სერვიტუტი, თავის მხრივ, ყოველთვის მხარეთა ნების საფუძველზე დგინდება, ანუ იქ, სადაც მხარეები თანხმდებიან. აუცილებელი გზის დადგენა სერვიტუტის ფორმითაც არის შესაძლებელი, ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს მხარეთა შეთანხმება. სერვიტუტის დადგენა აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს, ის ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოშვას. იქ, სადაც მხარეთა ნება გამორიცხულია, კანონი ერევა უხეშად და სამართლებრივი კონფლიქტი სწორედ კანონისმიერი უფლების დადგენის გზით გვარდება. აუცილებელი გზის კონსტრუქციით კანონმდებელმა შემოიტანა საკონტროლო მექანიზმი, რომლითაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში შეუძლია, ისარგებლოს იზოლირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მიწის ნაკვეთის აუცილებელ კომუნიკაციებთან კავშირის უზრუნველსაყოფად (თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 281). ამდენად, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება - ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე. წ. „აუცილებელი გზის სერვიტუტი“, „servitus necessaria“) და იგი წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.180, ველი 1) (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-2021, 31 მარტი, 2023 წელი).
49. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (სუსგ-ები: №ას-1869-2018, 25.10.2019წ.; №ას-1147-2021, 31.03.2023წ.; საქმე №ას-1586-2023, 7.03.2024წ.).
50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62).
51. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ადასტუროს სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობა (შდრ. სუსგ №ას-367-2021, 15.10.2021წ.; №ას-828-2020, 18.12.2020წ.; საქმე №ას-258-2019 30.10.2023წ.).
52. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეთა შედავების მიხედვით, მოსარჩელეს საშუალება აქვს, სხვა მიწის ნაკვეთის გამოყენებით დაუკავშირდეს საჯარო გზას და ამისათვის მოპასუხეების კუთვნილი ნაკვეთის სავალდებულო გზად გამოყენება აუცილებელი არ არის.
53. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია (აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით) თმენის ვალდებულების გამომრიცხველი გარემოება. პირი, რომელიც თავისი ქმედებით, თავისუფალი ნების საფუძველზე, წყვეტს მიწის ნაკვეთის დაკავშირებას საჯარო ქსელებთან, არ საჭიროებს დაცვას სხვა მესაკუთრის ინტერესების ხარჯზე. მაგალითად, თვითნებურად მოქმედებს მესაკუთრე, რომელიც მიწის ნაკვეთზე მშენებლობის გამო კავშირს წყვეტს საჯარო ქსელებთან, ასევე - თუ მისი თანხმობის საფუძველზე მიწის ნაკვეთის დაკავშირება გაუქმდება (ლევან თოთლაძე, ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი II, თბილისი, 2018წ, მუხ.180, ველი 10).
54. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, რაკი თანასაკუთრებაში არსებული ნაკვეთი დაიყო მოსარჩელის წინამორბედ მესაკუთრეთა შორის, რის შედეგადაც მოსარჩელის ფართმა დაკარგა კავშირი საჯარო გზასთან, აუცილებელი გზის მოთხოვნა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიმართ არ წარმოეშვება (იხ. სუსგ საქმე №ას-258-2019, 30.10.2023 წ.).
55. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სერვიტუტის დადგენის შესახებ შეთანხმების, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შესწავლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა.
56. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომ მოსარჩელის ნაკვეთს აქვს მისასვლელი გზა. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელით მოთხოვნილი აუცილებელი გზის დადგენა მოსარჩელისათვის საჯარო გზასთან ერთადერთ და უალტერნატივო კავშირს არ წარმოადგენს. შესაბამისად, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ მოსარჩელეს აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება მოპასუხეთა, როგორც მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მიმართ არ წარმოშობია და მოპასუხეების საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.
57. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის მითითება, რომ ამჟამად მოსარჩელე სერვიტუტით დატვირთული 77 კვ.მ მიწით უზრუნველყოფილი გზით ვერ სარგებლობს, რადგან შენობის მეორე სართულზე შესასვლელი კარი დღეისათვის გაუქმებულია.
58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელემ სსსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე თავად განსაზღვრა როგორც მოპასუხეთა წრე, ისე დავის საგანი, რომელზეც დავის განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება სერვიტუტით გათვალისწინებული გზით სარგებლობის ხელშეშლას, მითითებული საკითხი განსახილველი დავის ფარგლებს სცდება.
59. ასევე, დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელის ფართის საჯარო გზასთან კავშირის დაკარგვაში ფართის წინამორბედი მესაკუთრე დაადანაშაულა, რის საფუძველზეც სასამართლოს უნდა ემსჯელა სათანადო მოპასუხის საქმეში ჩაბმის თაობაზე.
60. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელით მოთხოვნილი აუცილებელი გზის გამოყოფა შეეხება წინამდებარე დავაში მოპასუხეებად დასახელებული პირების კუთვნილ ნაკვეთებზე კანონისმიერი შეზღუდვის დადგენას, შესაბამისად, კასატორმა აღნიშნულ სუბიექტთა არასათანადო მოპასუხეებად მიჩნევის ლეგიტიმური წინაპირობის არსებობა ვერ დაადასტურა.
61. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
62. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
63. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
64. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
66. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თამარ აბაშიძის მიერ 2023 წლის 13 დეკემბერს №2749 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.მ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ე.მ–ვას (პასპორტის №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. ა–ს მიერ 2023 წლის 13 დეკემბერს №2749 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი