Facebook Twitter

საქმე№ას-431-2024 30 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. ნ.ჩ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა:

1.1.1. მოპასუხე კომპანიისთვის 159 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება;

1.1.2. მოპასუხე კომპანიისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით - 2019 წლის აგვისტოდან - 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით 7 420 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, 2020 წლის მთლიანი პერიოდისთვის 16 695 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, 2021 წლის მთლიანი პერიოდისთვის 17 172 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, 2022 წლის პირველი იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 1 431 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძვლად მოპასუხესთან ურთიერთობის არარსებობაზე მიუთითა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა:

5.2.1. მოსარჩელის (34%), ჯ.ნ–ძისა (33%) და დ.შ–ძის (33%) წილობრივი მონაწილეობით 2010 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა შპს „ქ–ი“. კომპანიის დირექტორად დარეგისტრირდა გ.კ–ი.

5.2.2. საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში, 2012 წლის 14 მარტს ცვლილება შევიდა, კერძოდ, შეიცვალა პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა, შემდეგნაირად: მოსარჩელე - 54%, ჯ.ნ–ძე - 23% და დ.შ–ძე - 23%.

5.2.3. კვლავ შეიცვალა კომპანიის პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა 2013 წლის 18 აგვისტოს, კერძოდ, საწარმოს წილები გადანაწილდა 2 პარტნიორს მოსარჩელესა (60%) და ჯ.ნ–ძეს (40%) შორის.

5.2.4. შპს „ქ–ის“ 60%, 2014 წლის 13 თებერვლის ცვლილებით, აღირიცხა დ.შ–ძის საკუთრებაში, ხოლო 40% წილის მესაკუთრედ კვლავ დარჩა ჯ.ნ–ძე (ამ პერიოდიდან მოსარჩელე შპს „ქ–ის“ პარტნიორს აღარ წარმოადგენს).

5.2.5. შპს „ა–ი“ არის 2004 წლიდან რეგისტრირებული კომპანია, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია ე.ნ–ძე (23.94% წილის მესაკუთრე), ხოლო დირექტორი - გ.გ–ი. ე.ნ–ძე ამავდროულად არის კომპანიის ბუღალტერი.

5.2.6. შპს „ქ–ის“ პარტნიორი ჯ.ნ–ძე არის ე.ნ–ძის შვილი.

5.2.7. შპს „ა–ის“ საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ....... (უძრავი ქონების გამიჯვნამდე საკადასტრო კოდით N...../ გამიჯვნის შემდგომ - ს/კ .........).

5.2.8. მოპასუხე საწარმოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2010 წლის მდგომარეობით, განთავსებული იყო ერთსართულიანი, დროებითი ნაგებობა, რასაც იყენებდა კომერციული დანიშნულებით, კერძოდ ფართები გადაცემული იყო მესამე პირების სასარგებლოდ იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებების საფუძველზე.

5.2.9. შპს „ქ–ის“ დაარსებიდან 6 დღის შემდეგ, 2010 წლის 13 დეკემბერს მოპასუხე საწარმოსა და შპს „ქ–ის“ შორის დაიდო ხელშეკრულება (სახელწოდებით „ქირავნობის ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზეც შპს „ქ–ის“, როგორც მოიჯარეს, დროებით სარგებლობაში, 5 წლის ვადით გადაეცა ქ. თბილისში, ......... მდებარე 1200 კვ.მ. ფართი. საიჯარო გადასახდელი პირველი ერთი წლის განმავლობაში შეადგენდა, თვეში - 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, შემდეგი 1 წლის განმავლობაში, თვეში - 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო დარჩენილი 3 წლის განმავლობაში, თვეში - 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

5.2.10.ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ტერიტორიის ხელახალი გაქირავებისას შპს „ქ–ის“ მიენიჭებოდა უპირატესობა სხვა თანაბარ პირობებში მყოფ მოიჯარეებთან შედარებით.

5.2.11.ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ქ–იმ“ აიღო ვალდებულება საკუთარი სახსრებით შეესრულებინა, როგორც საიჯარო ობიექტების რეკონსტრუქცია და ახალი დროებითი ნაგებობების მშენებლობა, ასევე ამ სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო ნებართვების, პროექტირებებისა და ნებისმიერი სხვა დოკუმენტაციის მიღება.

5.2.12.მოიჯარის მიერ ყველა ახლად აშენებული შენობა-ნაგებობა, რეკონსტრუქცია და გაუმჯობესება იჯარის ვადის დამთავრების შემდეგ უსასყიდლოდ დარჩებოდა მეიჯარეს.

5.2.13.დასახელებული ხელშეკრულების დადების შემდგომ, 2011-2013 წლებში მოპასუხე საწარმოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მიმდინარეობდა მშენებლობა და აშენდა 2 კაპიტალური ნაგებობა, რომელთაგან ერთი არის ორსართულიანი და მეორე - ერთსართულიანი შენობა.

5.2.14.მშენებლობის განხორციელებაში მესაკუთრეს (მოპასუხე საწარმოს) ფინანსური კუთხით მონაწილეობა არ მიუღია, რაც უდავოა.

5.2.15.მოსარჩელე გარკვეული პერიოდი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა ყირგიზეთის რესპუბლიკაში, მოპასუხე საწარმოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა. პერიოდულად ჩამოდიოდა და ეცნობოდა მშენებლობის პროცესს.

5.2.16.მოსარჩელე, 2011-2012 წლებში უშუალოდ ან მისი დავალებით, სხვა ფიზიკური პირების საშუალებით, სწრაფი გადახდის სისტემის საშუალებით რიცხავდა თანხებს. თანხის მიმღებს წარმოადგენდა მოპასუხე საწარმოს დირექტორი გ.გ–ი და შპს „ქ–ის“ ერთ-ერთი პარტნიორი ჯ.ნ–ძე.

5.2.17.მოსარჩელის მეუღლემ ე.ყ–ძემ 2011 წლის 26 იანვარს გაყიდა კუთვნილი 85 კვ.მ. ფართის უძრავი ნივთი, მდებარე: ........., კორპუსი N3. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 49 000 აშშ დოლარით.

5.2.18.სწრაფი ჩარიცხვის აპარატითა და უძრავი ნივთის გასხვისების შედეგად მიღებული თანხების ნაწილი მოხმარდა მოპასუხე საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს.

5.2.19.ნ.ჩ–ძის მხრიდან თანხების გაღება ემსახურებოდა შპს „ქ–ის“ ვალდებულების შესრულებას შპს „ა–ის“ მიმართ.

5.2.20.მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2013 წლის ივნისის თვეში, შპს „ქ–იმ“ მოპასუხე საწარმოს კუთვნილი ფართები ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადასცა სხვადასხვა სუბიექტებს, კერძოდ: 01.06.2013წ. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ქ–იმ“ შპს „ე–ს“ ქვეიჯარის უფლებით, 2016 წლის 1 ივნისამდე ვადით, გადასცა თბილისში, ........ მდებარე 140 კვ.მ. ფართი; 10.06.2013წ. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ქ–იმ“ შპს „ლ.p’’-ს ქვეიჯარის უფლებით, 2016 წლის 1 ივნისამდე ვადით, გადასცა თბილისში, ........ მდებარე 220 კვ.მ. ფართი. 28.06.2013წ. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ქ–იმ“ შპს „ლ–ას“ ქვეიჯარის უფლებით, 2016 წლის 31 დეკემბრამდე ვადით, გადასცა თბილისში, ......... მდებარე 120 კვ.მ. ფართი.

5.2.21.შპს „ა–სა“ და შპს „ქ–ის“ შორის 2016 წლის შემდეგ, იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობა აღარ გაგრძელებულა, შესაბამისად საიჯარო ფართზე შპს „ქ–ის“ ქვეიჯარის ხელშეკრულება აღარ დაუდია.

5.2.22.შპს „ა–ი“ დღეის მდგომარეობითაც ახდენს კუთვნილი ფართების იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულებების საფუძველზე მესამე პირებისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემას და ამ გზით შემოსავლის მიღებას.

5.2.23.შპს „ქ–ისთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მიუხედავად, ჯ.ნ–ძესთან დაკავშირებულ კომპანიებს შპს „ე–ის“ და შპს „რ–ას“ საიჯარო ურთიერთობა მოპასუხე საწარმოსთან არ შეუწყვეტიათ.

5.2.24.ასევე, მოსარჩელის მეუღლესთან დაკავშირებულ კომპანიას - შპს „მ–სა“ და მოპასუხე კომპანიას შორის 2015 წლიდან 2017 წლის ივლისამდე გაფორმებული იყო იჯარის ხელშეკრულება. სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხე საწარმო უთითებს მოიჯარის მხრიდან საიჯარო ქირის გადაუხდელობას.

5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე მიუთითებდა მის წვლილზე შენობა-ნაგებობათა აშენების ნაწილში და განმარტავდა რომ მოპასუხე საწარმოს კუთვნილ მიწაზე მშენებლობას პირადად ახორციელებდა, საკუთარი სახსრებით, აღნიშნული თანხები კი მოპასუხეს მისთვის უნდა დაებრუნებინა.

5.4. მოსარჩელე, მოპასუხე საწარმოსთან ზეპირ შეთანხმებაზე უთითებს, რომლის საფუძველზეც ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მხარეთა შორის. მოსარჩელის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ გაიზიარებდა მოპასუხის ვალდებულების საფუძვლად მხარეთა შორის არსებულ ზეპირ შეთანხმებას, გაღებული ხარჯების ანაზღაურება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმების მიხედვით უნდა დარეგულირებულიყო.

5.5. მოპასუხის განმარტებით კი, მოსარჩელესთან არანაირ შეთანხმება არ ჰქონია. სახელშეკრულებო ურთიერთობა მხოლოდ შპს „ქ–ისთან“ (და არა მის ერთ-ერთ პარტნიორთან - მოსარჩელესთან) ჰქონდა, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის. მოპასუხემ, ასევე გამორიცხა მოსარჩელის მოთხოვნა, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამასთან, განმარტა, რომ შპს „ქ–ის“ წინაშე, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ვალდებულება შესრულებული აქვს.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა ურთიერთსაპირისპირო პოზიციების გათვალისწინებით, შეფასების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნის სახელშეკრულებოსამართლებრივი საფუძვლიანობის, ხოლო, შემდეგში უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების მიხედვით შემოწმება.

5.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კანონმდებლობა თანხის გადაცემისა და სამშენებლო სამუშაოების შესახებ გარიგების წერილობით ფორმას არ ითვალისწინებს, თუმცა, გარიგების სადავოობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება კრედიტორს.

5.8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით სახეზე იყო შერეული ტიპის გარიგება (სესხისა და ნარდობის ხელშეკრულებები), რომელიც მოიცავდა, როგორც თანხის გადაცემის, ასევე მშენებლობის წარმოებას და სანაცვლოდ თანხის დაბრუნებასა და შენობა-ნაგებობის უპირატესი უფლებით იჯარით მიღებას.

5.9. სახელშეკრულებო ურთიერთობის დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ მოწმეთა ჩვენებაზე და გადარიცხვებზე მიუთითა. აპელანტი განმარტავდა, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა და პარტნიორმა დაადასტურეს, რომ კომერციული ფართი საკუთარი სახსრებით არ აუშენებიათ, ამასთან დაადასტურეს, რომ მშენებლობის უმთავრესი ნაწილი მოსარჩელის სახსრებით განხორციელდა.

5.10. შპს „ქ–ის“ პარტნიორმა და დირექტორმაც დაადასტურეს, რომ არ გააჩნდათ მშენებლობისთვის საჭირო ფინანსური რესურსი და მოსარჩელემ უზრუნველყო მშენებლობა. მოსარჩელემ, ასევე იჯარის ხელშეკრულებაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც შპს „ქ–ის“ მიერ დროებითი ნაგებობა უნდა აშენებულიყო, ხოლო, ტერიტორიაზე 2 დამოუკიდებელი კაპიტალური შენობა აშენდა, რაც შპს „ქ–ის“ მონაწილეობას სადავო შენობების მშენებლობაში გამორიცხავს. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულება კომპანიებს შორის ქირავნობის ურთიერთობის პირობებს შეიცავდა, ხოლო, თანხა უშუალოდ მოსარჩელემ გადასცა, თავდაპირველად მეუღლის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული, ხოლო შემდეგ ყაზახეთის რესპუბლიკიდან გადმორიცხული სახსრებით. აპელანტის განმარტებით, გადმორიცხული თანხები, სწრაფი გზავნილის მეშვეობით პირადად მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მიიღო.

5.11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება და განმარტა, რომ მოწმეთა ჩვენებით არ დასტურდებოდა მოპასუხე კომპანიისთვის თანხის სესხად გადაცემის ფაქტი. ასევე, საქმეში არ მოიპოვებოდა კონკრეტული მტკიცებულება რაც დაადასტურებდა მოპასუხე კომპანიის მიერ თანხის უშუალოდ მიღებას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოპასუხე კომპანიის დირექტორისთვის ჩარიცხული თანხები, კომპანიის პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიმართ ვერ წარმოშობდა. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებად მოპასუხის პრეტენზიებზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც ჩარიცხული თანხები შპს „ქ–ის“ სახელით იჯარის თანხის გადახდას ემსახურებოდა.

5.12. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან თანხების გაღება დაკავშირებული იყო შპს „ქ–ის“ ვალდებულების შესრულებასთან, მისი როგორც პარტნიორის მხრიდან, შესაბამისად პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მასსა და მოპასუხე საწარმოს შორის არსებობდა რაიმე ტიპის ზეპირი შეთანხმება. მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა ვერც სესხის და ვერც ნარდობის ხელშეკრულების არსებობა. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ მოსარჩელე და ჯ.ნ–ძე მშენებლობისათვის თანხების გაღებით მოქმედებდნენ შპს „ქ–ის“ მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, უფრო მეტიც შპს „ქ–ი“ დაარსდა სწორედ მოპასუხე საწარმოს კუთვნილ ტერიტორიაზე მშენებლობის წარმოების მიზნით, შესაბამისად გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული მშენებლობის წარმოებისათვის გასხვისდა მეუღლის ბინა, ასევე გადაირიცხა რიგი თანხები ვერ განაპირობებს მის მოთხოვნას მოპასუხის მიმართ, რადგანაც აღნიშნული თანხების გაღება ემსახურებოდა 2010 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულების შესრულების მიზანს, რომლის ფარგლებშიც სრულდებოდა შპს „ქ–ის“ ვალდებულება მოპასუხე საწარმოს მიმართ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნას თანხის უკან დაბრუნებასთან მიმართებით გამორიცხავდა ის გარემოებაც, რომ დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე საწარმოს არ უკისრია გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, არამედ შეთანხმების საგანს წარმოადგენდა შენობა-ნაგებობის იჯარით გაცემა, რომელსაც თავის მხრივ შპს „ქ–ი“ (მისი პარტნიორები) მოიხმარდნენ ცალკეული ფართების ქვეიჯარით გაცემის საფუძველზე, შესაბამისად მოთხოვნა თანხის დაბრუნებასთან მიმართებით, სახელშეკრულებო საფუძვლით ამ მხრივაც დაუსაბუთებელია.

5.13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა, გადაცემული თანხის, უსაფუძვლო ნორმების საფუძველზე გამოთხოვის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხე საწარმოს მიერ თანხის მიღების ფაქტი, შესაბამისად ვერც ამ საფუძვლით იქნებოდა შესაძლებელი თანხის დაბრუნება მოპასუხე საწარმოსგან.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. კასატორმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, ხოლო, დაკმაყოფილდა, მოპასუხის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის შესახებ.

6.3. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის 2010 წელს დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხის კომერციული ფართების მშენებლობისთვის დახარჯა 165 000 აშშ დოლარი.

6.4. კასატორის მტკიცებით, მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რომლის კვლევის შემდეგ სასამართლო თუ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას ვერ დაადგენდა, მაშინ მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადაცემული თანხა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მაინც უნდა მიკუთვნებოდა.

6.5. კასატორის განმარტებით, მოპასუხე საწარმოს შენობის ასაშენებლად თანხას გადასცემდა სხვადასხვა ფორმით, თანხის ნაწილი მას ჩარიცხული აქვს ყირგიზეთიდან მოპასუხე საწარმოს დირექტორისთვის, ასევე ჯ.ნ–ძისთვის, ნაწილი მოსარჩელის მეუღლეს აქვს გადაცემული სამშენებლო მასალების შესაძენად ჯ.ნ–ძისა და გ.კ–ისათვის, ხოლო ნაწილი ხელზე აქვს გადაცემული მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლებისათვის. გადაცემული თანხები მოხმარდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის აშენებას.

6.6. თანხების მოსაძიებლად, კასატორმა, 2011 წლის 26 იანვარს გაყიდა მოსარჩელისა და მისი მეუღლის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა 49 000 აშშ დოლარად. მიღებული თანხა სრულად მოხმარდა მშენებლობას. 49 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა იმ პირველად თანხას, რომელიც მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეს. თანხების გაღებას მოწმობდა, ასევე საბანკო სწრაფი გზავნილების მეშვეობით, მოპასუხე საწარმოს დირექტორის სახელზე, მშენებლობის პროცესში ჩარიცხული 9 600 დოლარი. მშენებლობის პროცესში გადაურიცხა ჯამში 16 000 აშშ დოლარი მოპასუხე საწარმოს ერთ-ერთ პარტნიორსაც.

6.7. კასატორის განმარტებით, ბინის გაყიდვით, საბანკო გადარიცხვებით, შპს „ქ–ის“ პარტნიორთა კრების ოქმით, მოწმეთა ჩვენებებითა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებებით დასტურდებოდა 165 000 აშშ დოლარის მოპასუხე საწარმოსთვის, მშენებლობის დასაფინანსებლად გადაცემა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების მთავარი საფუძველია, სწორად განისაზღვროს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 7 აპრილი 2017 წელი).

12. კასატორის პრეტენზიის თანახმად, მხარეთა შორის 2010 წელს დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხის კომერციული ფართების მშენებლობისთვის დახარჯა 165 000 აშშ დოლარი. კასატორის(მოსარჩელის) განმარტებით, სახეზეა შერეული ტიპის გარიგება, რომელიც მოიცავდა, როგორც თანხის გადაცემას, ასევე მშენებლობის წარმოებას და სანაცვლოდ თანხის დაბრუნებასა და შენობა-_ნაგებობის უპირატესი უფლებით იჯარით მიღებას. მოსარჩელე დამატებით განმარტავს, რომ თუ მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო საფუძვლებს არ გაიზიარებს სასამართლო, ხარჯების ანაზღაურების საკითხი უსაფუძვლო გამდიდრების კანონისმიერი ნორმებით უნდა დარეგულირდეს.

12.1. მოსარჩელის დასახელებული პრეტენზიის საპასუხოდ, მოპასუხე განმარტავს, რომ მხარეები ზეპირი ან სხვა ფორმით არაფერზე შეთანხმებულან, არც თანხა გადაუცია მოსარჩელეს მოპასუხე საწარმოსთვის. მოპასუხის განმარტებით, მას სახელშეკრულებო ურთიერთობა აკავშირებდა შპს „ქ–ისთან“, რომლის ერთ-ერთ პარტნიორს წარმოადგენდა მოსარჩელე, შესაბამისად, ის ვერ იქნება უფლებამოსილი პირი, მოპასუხისგან პირადად მოითხოვოს მშენებლობისათვის გაღებული ხარჯის ანაზღაურება. ამასთანავე, მოპასუხის მტკიცებით, შენობის რეკონსტრუქციის სანაცვლოდ, ვალდებულებას იღებდა, დროებით სარგებლობაში გადაეცა კომერციული ფართები, შემდეგ ქვეიჯარით გაცემის მიზნით და შეთანხმების საგანს არ წარმოადგენდა გაღებული ხარჯის უკან დაბრუნების ვალდებულება.

13. წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯგადასცა თუ არა თანხა მოსარჩელემ მოპასუხეს, მხარეთა შორის დაიდო თუ არა გარიგება, რა ვალდებულებები იკისრეს მხარეებმა, ხოლო, გარიგების არარსებობისას, თანხის გადაცემის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა სუბსიდიური, კერძოდ უსაფუძვლო გამიდიდრების მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, გადაცემულის უკან გამოთხოვა.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-317.1 მუხლების შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საკასაციო სასამართლო დასახელებული ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა, მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ფარდობითი ხასიათის ურთიერთობაა, რაც, გარკვეული გამონაკლისების გარდა (მაგ: სკ-ის 566-ე მუხლი), გულისხმობს, მხოლოდ კრედიტორის უფლებამოსილებას უშუალოდ მოვალისგან გარკვეული მოქმედების (უმოქმედობის) შესრულებაზე.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის ერთ-ერთი წინაპირობა განსაზღვრულობაა, რაც ვალდებულებითი ურთიერთობის რელატიურ ბუნებას უკავშირდება. აღნიშნული გულისხმობს, ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა იდენტიფიცირების შესაძლებლობას, კერძოდ, მკაფიოდ უნდა ირკვეოდეს, ვის აკისრია ვალდებულება და საპირისპიროდ ვინ ფლობს მოთხოვნას. ვალდებულება განსაზღვრულობის პრინციპს იმ შემთხვევაშიც აკმაყოფილებს, როდესაც მოვალე და კრედიტორი მკაფიოდ არაა განსაზღვრული, თუმცა, გათვალისწინებულია ასეთი პირის განსაზღვრის შესაძლებლობა (მაგ: 349-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირი).

16. საკასაციო სასამართლო, კასატორის მიერ დასახელებული გარემოებებისა (მხარეთა შორის დაიდო ზეპირი გარიგება, თანხის გადაცემის, დაბრუნების პირობით, ასევე მშენებლობის შესახებ) და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთი იყო დაედასტურებინა, მოპასუხესთან გარიგების დადების ფაქტი და ამ გარიგებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა.

17. საკასაციო სასამართლო, მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპის (იხ. სკ-ის 319.1-ე მუხლი - კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.) გათვალისწინებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის შესაძლო სესხისა და ნარდობის ხელშეკრულების დადებისთვის კანონით განსაზღვრული ფორმის დაცვა არ მოითხოვება, თუმცა აღსანიშნავია, რომ სადავოობისას, კრედიტორს მეტად ურთულდება, ამტკიცოს დაიდო თუ არა საერთოდ მხარეთა შორის რაიმე სახის ხელშეკრულება და ასეთის არსებობისას, რა პირობით დაიდო და რა ურთიერთმოთხოვნებსა თუ ვალდებულებებს ითვალისწინებდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითება, რომ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 165 000 აშშ დოლარი გადასცა მოპასუხე საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობისას, რომელიც უკან უნდა დაბრუნებულიყო, მისივე მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იზიარებს და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, სახელშეკრულებო ურთიერთობის დადასტურების მიზნით, მოწმეთა ჩვენებაზე და გადარიცხვებზე მიუთითებს.

18. საკასაციო სასამართლო, თავის მხრივ, წინამდებარე განჩინების 5.2.9 ქვეპუნქტზე მიუთითებს და დამატებით განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შპს „ქ–ის“ დირექტორი გ.კ–ი, ასევე ერთ-ერთი პარტნიორი - ჯ.ნ–ძე. გ.კ–მა მიუთითა რომ, იგი მშენებლობისთვის საჭირო მასალას ყიდულობდა. მოწმე ჯ.ნ–ძემ განმარტა, რომ შპს „ქ–ი“ მოპასუხე საწარმოს ტერიტორიაზე იმ შენობის ასაშენებლად შეიქმნა, რომელიც შემდეგში უნდა გაქირავებულიყო. მშენებლობას გ.კ–თან ერთად აორგანიზებდა, რაც მუშის და სამშენებლო მასალის შეძენა/მომარაგებას მოიცავდა. ორივე მოწმის ჩვენებით, მშენებლობისთვის საჭირო თანხებს თავდაპირველად მოსარჩელე გასცემდა, მოგვიანებით ჯ.ნ–ძემაც გასწია ფინანსური ხარჯი. მოსარჩელე ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, უმეტესწილად იმყოფებოდა ყირგიზეთის რესპუბლიკაში. მშენებლობის შესახებ პარტნიორები აწვდიდნენ ინფორმაციას, ხოლო საქართველოში ჩამოსვლისას პირადად ეცნობოდა მშენებლობის მიმდინარეობას. გარდა ამისა, მოწმე ე.ყ–ძის განმარტებით, როგორც მისი მეუღლისგან იცოდა, მშენებლობის პროცესში დ.შ–ძე და გ.კ–იც იყვნენ ჩარეული. მშენებლობისთვის განკუთვნილ თანხას ატანდა ძირითადად გ.კ–ს, რამდენიმეჯერ დ.შ–ძესაც გადასცა.

19. კასატორის(მოსარჩელის) განმარტებით, თანხების მოსაძიებლად 2011 წლის 26 იანვარს გაყიდა მოსარჩელისა და მისი მეუღლის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა 49 000 აშშ დოლარად. მიღებული თანხა სრულად მოხმარდა მშენებლობას. 49 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა იმ პირველად თანხას, რომელიც მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეს. თანხების გაღებას მოწმობდა, ასევე საბანკო სწრაფი გზავნილების მეშვეობით, მოპასუხე საწარმოს დირექტორის სახელზე, მშენებლობის პროცესში ჩარიცხული 9 600 დოლარი. ასევე მშენებლობის პროცესში მოპასუხე საწარმოს ერთ-ერთ პარტნიორისთვის გადარიცხული 16 000 აშშ დოლარი.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს შპს "ქ–ისა" და მოპასუხე საწარმოს შორის დადებულ 2010 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ქ–ის“ უნდა აეშენებინა მოპასუხის ტერიტორიაზე შეთანხმებული შენობა საკუთარი სახსრებით, ასევე, მოეპოვებინა სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და ნებართვები, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს ქ–ის დამფუძნებელ პარტნიორთა 2013 წლის 31 აგვისტოს კრების ოქმით, ასევე სხვა მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო თანხების უმეტესი ნაწილი ნ.ჩ–ძეს ეკუთვნოდა, ავტომატურად არ ადასტურებს, უშუალოდ ნ.ჩ–ძესა და მოპასუხე კომპანიას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას (ტ.1,ს.ფ. 266-268). უფრო მეტიც, შპს „ქ–ის“ დამფუძნებელთა 2013 წლის 31 აგვისტოს კრების ოქმში დაფიქსირებული მოსარჩელის(შპს-ს პარტნიორი) განმარტება: „იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ქ–ის“ მიერ აშენებული სავაჭრო ცენტრის ხარჯების უმეტესი წილი 165 000 აშშ დოლარი გაიღო თავად, გასაქირავებელი ფართის განკარგვის უპირატესი უფლება უნდა ეკუთვნოდეს მას....“ და შპს „ქ–ისა“ და ქვემოიჯარეებს შორის გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულებიდან მისაღებ თანხას იღებს შპს „ქ–ის“ პარტნიორი - ნ.ჩ–ძე, სწორედ ადასტურებს, რომ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა შპს "ქ–სა" და შპს „ა–ს“ შორის. მოსარჩელე იყო შპს „ქ–ის“ პარტნიორი, შპს „ქ–ის“ ჰქონდა ვალდებულება მოპასუხის ტერიტორიაზე და მის სასარგებლოდ აეშენებინა სავაჭრო ობიექტები და მშენებლობას კომპანია აწარმოებდა მისი პარტნიორების მონაწილეობით.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ზოგადი წესის თანახმად, გულისხმობს იმას, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, (1) სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; (2) სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

22. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებთან მიმართებით მოქმედებს მტკიცებულებათა თავისუფალი და ერთიანი შეფასების პრინციპები (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №ას-832-2020 (21.04.2021, §25), განჩინება საქმეზე №ას-551-551-2018 (25.11.2019 §44), გადაწყვეტილება საქმეზე №ას-579-554-2016 (28.12.2016, §34)). სასამართლო, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით, მტკიცებულებებს აფასებს მათი დასაშვებობის, განკუთვნადობის, სარწმუნოობისა და საკმარისობის კრიტერიუმებით.

23. სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (იხ. სუსგ. №ას-771-771-2018, 13.07.2018; ას-521-2024, 24.7.2024).

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე გარიგება არ დაუდიათ, მათ შორის არც სესხისა და ნარდობის ხელშეკრულებები, მეტიც, მოსარჩელის მიერ, გარიგების დადების დამადასტურებლად მითითებული მტკიცებულებები, ადასტურებს, მხოლოდ შპს „ქ–ისა“ და მოპასუხე საწარმოს შორის მშენებლობის თაობაზე შეთანხმებას, აღნიშნული მშენებლობის პროცესში მოსარჩელის მიერ დახარჯული თანხები, არ გულისხმობს ამ თანხის მოპასუხე საწარმოსთვის სესხად გადაცემას. მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია, რომ შპს „ქ–იმ“ დროებითი ნაგებობა ააშენა მოპასუხე საწარმოს მიწის ნაკვეთზე, ხოლო, საბოლოოდ აშენებული შენობები უშუალოდ მოსარჩელის თანხით და მის მიერაა აშენებული, დაუსაბუთებელია, აღნიშნულ გარემოებას ამყარებს, აგრეთვე, შპს „ქ–ის“ დაარსების თარიღიც, კერძოდ, 2010 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებამდე, რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა დასახელებული საწარმო, და ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში მოპასუხე საწარმოს მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე კასატორის პრეტენზიას ჩარიცხული თანხების საფუძველზე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის დადგენის თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია, გადაცემული თანხის სახელშეკრულებო საფუძვლით გამოთხოვის შეუძლებლობისას, აღნიშნული თანხის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით დაბრუნების თაობაზე, ასევე უსაფუძვლოა.

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური ნორმების გამოყენებისთვის საჭიროა სახეზე იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე, და იმავდროულად მხარეთა შორის სხვა სამართლებრივი საფუძვლით არ იყოს შესაძლებელი აღნიშნული გამდიდრების დაბრუნება უფლებამოსილი პირისთვის. აღნიშნულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ურთიერთობის მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერაბასა და მათ მიერ ჩადენილი მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას.

28. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება.

29. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, რომ მხარეთა შორის სამართალურთიერთობა არ წარმოშობილა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხები მოპასუხე საწარმოს არ მიუღია, რაც არ წარმოშობს ამ უკანასკნელის არც სახელშეკრულებო და არც არასახელშეკრულებო საფუძვლით თანხის დაბრუნების ვალდებულებას.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია, საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნით დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა აპელანტის აღნიშნული მოთხოვნა რასაც სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლო.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

32. სსსკ-ს 201.1 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

33. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე საწარმომ შესაგებელი დადგენილ დროში შეიტანა, თუმცა არ იყო შესაბამისობაში სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნასთან დასაბუთებულობის თვალსაზრისით.

34. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი იყო არაკვალიფიციური შესაგებელი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გააგრძელა საქმის განხილვა და არსებითად გადაწყვიტა საქმე.

35. სსსკ-ის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.ჩ–ძეს (……….) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის 30% - 1 800 ლარი;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე