საქმე №ას-406-2024
15 ნოემბერი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – კ.გ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჰ.თ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ჰ.თ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, კ.გ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა ალიმენტის, ყოველთვიურად - 100 ლარის ოდენობით გადახდაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, ჰ.თ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კ.გ–ნს, მოსარჩელე - ჰ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა, არასრულწლოვანი შვილის - 2019 წლის 26 აპრილს დაბადებული, გ.გ–ის, რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, 700 ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან - 2023 წლის 20 იანვრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინებით, კ.გ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება; მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა; დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც მოპასუხე კ.გ–ნს მოსარჩელე ჰ.თ–ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის - 2019 წლის 26 აპრილს დაბადებული, გ.გ–ის, რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, 700 ლარის გადახდა დაეკისრა, სარჩელის შემოტანიდან - 2023 წლის 20 იანვრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე; კ.გ–ნს, ჰ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა, 631 ლარის გადახდა მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.
4.2 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებიდან, რაც მდგომარეობს შვილების რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდევინებაში. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198.1 (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით), 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ) და 1214-ე (ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას) მუხლები მიუთითა.
4.3 სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის მართლზომიერება.
4.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
4.5 სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებული კონვენციის როლზე ბავშვთა უფლებების აღქმასა და მათდამი დამოკიდებულებაზე და მიუთითა რამდენიმე მნიშვნელოვან დანაწესზე. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. კონვენციის 27-ე მუხლით კი, აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
4.6 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება
4.7 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. ის არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
4.8 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე განსაზღვრის მიზნით, სასამართლო ითვალისწინებს შვილების რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნილებებს და ალიმენტის გადამხდელის რეალურ ქონებრივ მდგომარეობას.
4.9 დასკვნის სახით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მშობლის ვალდებულება, არჩინოს შვილები, არ არის დამოკიდებული მის ფინანსურ მდგომარეობაზე. თუნდაც მშობელს არ გააჩნდეს საკმარისი სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის სრულყოფილად და გონივრულ ფარგლებში რჩენის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, აპელანტის მითითება, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი შემოსავალი, არ წარმოადგენდა მშობლის უშუალო მოვალეობის - შვილს გაუწიოს სათანადო მატერიალური დახმარება ,,გაუქმების ან/და შემსუბუქების’’ საფუძველს. შესაბამისად პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ , რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ ცალმხრივად იქნა გაზიარებული ის ფაქტი, რომ კ.გ–ნი ვალდებულია არჩინოს მისი შვილი, აღნიშნული კი, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე მუხლებთან, რადგან მითითებული ნორმებიდან გამომდინარე არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება, ასევე აქვს ბავშვის დედას, ჰ.თ–საც. ალიმენტის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა. განსახილველ შემთხვევაში, საერთო ქონების ნახევარი არის მოსარჩელის, ამდენად, არც ეს გარემოება არ შეიძლება გამხდარიყო 700 ლარიანი ალიმენტის დანიშვნის საფუძველი, მხოლოდ სოციალური მუშაკის დასკვნაში განმარტება, რომ კარენს ძმებთან ერთად აქვს შემოსავალი საკმარისი არ არის. საქმეში წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომ კ.გ–ნს არანაირი ბიზნესი და შემოსავალი არ გააჩნია. ამავე დროს, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვირაში 3 დღე, ბავშვი უნდა იყოს მამასთან. ამდენად, 3 დღის განმავლობაში ბავშვის რჩენის ვალდებულება ისედაც აქვს მამას. კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონეა.
11. კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე, არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki, v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ფარგლებში. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იმგვარად, რომ გადაწყვეტილება იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (იხ. სუსგ. №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.; №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).
15. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს, გაცილებით მეტია, იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს, ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (სუსგ. საქმე Nას-341-2022, 14.06.2022 წ.).
16. საკასაციო პალატა, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, ინტენსიურად უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არასრულწლოვნის საჭიროებებსა და შრომისუნარიანი მშობლის მატერიალურ შესაძლებლობას შორის სამართლიანი ბალანსი უნდა იქნეს დაცული (იხ.სუსგ. საქმე Nას-443-2024 26.07.2024წ).
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოითხოვა, რომ ამ უკანასკნელს, არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაჰკისრებოდა ალიმენტის - 1000 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მან თანხმობა განაცხადა ბავშვისათვის, 100 ლარის, ყოველთვიურად გადახდაზე. კასატორი სადავოდ ხდის 700 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას.
18. საკასაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე რომლის თანახმად, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).
19. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობა მხოლოდ სოციალური მუშაკის დასკვნაში მითითებული ახსნა-განმარტების საფუძველზე განისაზღვრა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის 2022 წლის 23 დეკემბრის დასკვნაზე, (ტ.I, ს.ფ 46), რომელშიც მითითებულია კასატორის განმარტება, რომ მას ძმებთან ერთად აქვს საკმაოდ დიდი ბიზნესი, ამასთან, აქვს საკმარისი შემოსავალი ბიზნესიდან და კმაყოფილია ყოველთვიური შემოსავლით. რა თქმა უნდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნული გარემოება, თუმცა სასამართლომ ასევე გაითვალისწინა კასატორის ასაკი და შრომისუნარიანობა.
20. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას მიაქცევს სასამართლოს შეფასებაზე, რომლის თანახმად, მოზარდის ყოველდღიური საჭიროებები დღითიდღე იზრდება და მხოლოდ დედის რესურსი მას ვერ გასწვდება და მცირეწლოვანი გ.გ–ი გარდა მოვლა-აღზრდისა, ფინანსურად ასევე უნდა უზრუნველყოს დედამ - ჰ.თ–მა და საბოლოო ჯამში, ორივე მშობლის მიერ გაღებული რესურსი არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების ასპექტების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ბავშვის კეთილდღეობასა და ჰარმონიულ განვითარებას.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; ასევე, 01.12.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია შეჯიბრებითობის პრინციპის არსი, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
23. შეჯიბრებითობის პრინციპი გამოხატულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
24. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს. სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.
25. შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება.
26. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ სსსკ-ის თავი XLIII განსაზღვრავს საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებს. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი, ხოლო 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ. მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის სრულფასოვნად რეალიზაციის კონტექსტში, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
7. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის
თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს ვ.ბ–ძის მიერ, სს „საქართველოს ბანკში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2024 წლის 24 აპრილს N21552092124 საგადახდო დავალებით გადახდილი 420 ლარის 70% 294 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ.გ–ნის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, ვ.ბ–ძის მიერ, სს „საქართველოს ბანკში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2024 წლის 24 აპრილს N21552092124 საგადახდო დავალებით გადახდილი 420 ლარის 70% 294 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე