საქმე №ას-908-2024
20 დეკემბერი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - თ.ს–ძე, ე.ნ–ძე, ბმა „.. ს–ო“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - ბ.რ–ი, გ.რ–ი (მოსარჩელეები)
დავის საგანი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ამხანაგობის საკუთრებაში აღრიცხვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ.რ–ის და ბ.რ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბმა „.. ს–ოს“ 2019 წლის 26 მარტის №6 (№190330348) კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც თ.ს–ძის საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ....... მდებარე 34.54 კვ.მ ფართის სარდაფი (ს/კ №.......); ბათილად იქნა ცნობილი თ.ს–ძესა და ე.ნ–ძეს შორის 2020 წლის 14 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ე.ნ–ძის საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №......... და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ბმა „.. ს–ოს“ საკუთრებაში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, თ.ს–ძემ, ე.ნ–ძემ და ბმა „.. ს–ომ“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით, თ.ს–ძის, ე.ნ–ძის და ბმა „.. ს–ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ.ს–ძემ, ე.ნ–ძემ და ბმა „.. ს–ომ“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, - საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 2024 წლის, 10 დეკემბერს, დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა მხარეთა შორის მიღწეული, ნოტარიულად დამოწმებული მორიგების აქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ. №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
10. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ. სუსგ. Nას-1103-2022 19.02.2024წ.).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
12. წარმოდგენილი მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ს–ძის, ე.ნ–ძის, ბმა „.. ს–ოს“, ბ.რ–ის და გ.რ–ის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:
2.1 თ.ს–ძე პ/ნ ..... იღებს ვალდებულებას ბ. და გ.რ–ებს გადაუხადოს 3 200 (სამი ათას ორასი) აშშ დოლარი, რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ჩარიცხავს შემდეგ ანგარიშზე: GE50TB7309545063600009 (მიმღები ბ.რ–ი);
2.2 თანხის გადახდა მოხდება აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ამ მორიგების აქტზე ხელმოწერის ნოტარიულად დამოწმებისთანავე. გადახდის ქვითარი კი დაერთვება უზენაესი სასამართლოსადმი ერთობლივ განცხადებას;
2.3 გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.07.2021წ. განჩინება N2/18658-21 სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, შესაბამისად მოეხსნას აკრძალვა ე.ნ–ძეს კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე თბილისი, დასახლება ვარკეთილი-3, ......, (34,54 კვ.მ. სარდაფი) სკ .......;
3. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-908-2024წ.
4. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება.
5. საკასაციო საჩივრის ავტორებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ - კ.კ–ას მიერ (პირადი ნომერი .....), საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2024 წლის 08 აგვისტოს, №23228188111 საგადახდო დავალებით გადახდილი 700 ლარი.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი