Facebook Twitter

ბს-1051-1002(კ-06) 7 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 26 აპრილს გ. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1994 წლიდან 2004 წლის აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში, ... თანამდებობაზე. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოპასუხეს მისთვის გადასახდელი აქვს სახელფასო დავალიანება – 993,30 ლარი, აქედან, ხელფასი – 79,80 ლარი და სამივლინებო დავალიანება – 913,50 ლარი, რაც დასტურდება კონტროლის პალატის მიერ 2006 წლის 29 მარტს გაცემული ¹428/17 ცნობით.

,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის” 96-ე მუხლის შესაბამისად: ,,მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების - 993,30 ლარის გადახდა.

2006 წლის 10 მაისს მოპასუხე – საქართველოს კონტოლის პალატის წარმომადგენელმა შესაგებლით მიმართა საქალაქო სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული დავალიანება წარმოიშვა 1998-2000 წლებში, ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულყოფილი დაფინანსება. იმის გამო, რომ საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად. აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამოპასუხედ ჩართვის შესახებ.

2006 წლის 24 მაისის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება და დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრება, შესაბამისად, მან მხარი არ დაუჭირა საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლის შუამდგომლობას საქმეში თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის არსებობდეს ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენებიდან (დელიქტი) ან უსაფუძვლო გამდიდრებიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. კონკრეტულ შემთხვევაში შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებს წარმოადგენენ მოსარჩელე - გ. გ-ა და მოპასუხე - საქართველოს კონტროლის პალატა, აღნიშნულიდან გამომდინარე, დავაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს კონტროლის პალატას გ. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო და სამივლინებო დავალიანების – 993,30 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების წარმოქმნა გამოიწვია 1998-2000 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის Eშენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრული დაფინანსება. აღნიშნული თანხები გათვალისწინებული არ იქნა არც შემდგომ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ 2003-2006 წლების “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონებით, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა გარკვეული თანხები, საქართველოს კონტროლის პალატას ასიგნება არ მიუღია.

აპელანტის მითითებით, ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ასიგნების გარეშე ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია.”

“საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად და სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია კონტროლის პალატასთან ერთად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელფასო და სამივლინებო დავალიანების დაკმაყოფილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო - ხელფასი. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტი მოსარჩელეს ანიჭებს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლებას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის მოსაზრება, რომ სახელფასო დავალიანების წარმოშობა მოხდა არა მათი არამედ ფინანსთა სამინისტროს მიერ მოპასუხის დაუფინანსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ იქცევა, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში, მისგან იღებდა ხელფასს და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე სწორად იგია ვალდებული აანაზღაუროს დავალიანება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლით დაადგენილია, რომ მუშას ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს, ხოლო ამავე კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს, აინაზღაუროს მივლინების ხარჯები და მიიღოს მივლინებასთან დაკავშირებული სხვა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით, ანუ აღნიშნული ნორმები იმპერატიულად ადგენს, რომ მოსამსახურეს სწორედ იმ საწარმომ, დაწესებულებამ და ორგანიზაციამ უნდა გაუსტუმროს დათხოვნისას მთელი დავალიანება, სადაც იგი მუშაობდა და რომელმაც დაითხოვა სამსახურიდან, შესაბამისად, უსაფუძვლოა საქართველოს კონტროლის პალატის მოსაზრება გ. გ-სათვის სახელფასო და სამივლინებო დავალიანებების გადახდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის დაკისრებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 10 იანვარს საქართველოს კონტროლის პალატამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს კონტროლის პალატას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.