Facebook Twitter

საქმე№ას-1141-2024

26 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.ჯ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ.ქ–უ“ (მოპასუხე)

დავის საგანი - ხელშეკრულებების და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ვალდებულების შესრულებულად და შეწყვეტილად აღიარება, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ.ჯ–მა, 2020 წლის 28 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სს „ბ.ქ–უს“ მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი 12/04/2013 წლის საკრედიტო ხელშეკრულება N თ.თ–ი / 04-04-13-01; ბათილად იქნას ცნობილი 12/04/2013 წლის საკრედიტო ხელშეკრულება N თ.თ–ი / 04-04-13-02; ბათილად იქნას ცნობილი N GA/1-755249 გენერალური და მის ფარგლებში გაფორმებული N GA/1-755249-C1; N GA/1-755249-C2; N GA/1-755249-C8; N GA/1-755249- C13; N GA/1-755249-C19; N GA/1-755249-C22 ხელშეკრულებები; ბათილად იქნას ცნობილი გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული N ბი-ჯი-ჰ–ს / 27-12-13-02 ქვეკრედიტის ხელშეკრულება; ბათილად იქნას ცნობილი გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულებები N 02-01/04/16; N 01-03/06/16; N 02-27/10/16; N 01- 21/03/17; N 01-29/05/17; N02-29/05/17; ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ე.გ–ძის მიერ 01/07/2020 წელს გაცემული N 200398397 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად 3 956 270.4 აშშ დოლარი, 291.28 ევრო, 8 729 847.29 ლარი; შესრულებულად და შეწყვეტილად იქნას აღიარებული მოპასუხის მიმართ არსებული ყველა საკრედიტო და სასესხო ვალდებულება; დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი თანხის 968 662 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.ჯ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ჯ–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინებით, მ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და 2023 წლის 03 ივლისის განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ჯ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, მ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2024 წლის 25 დეკემბერს, კასატორ მ.ჯ–ის წარმომადგენელმა - გ.მ–ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე.

პალატამ შეამოწმა, მ.ჯ–ის წარმომადგენლის გ.მ–ას რწმუნებულება/მინდობილობა და დარწმუნდა, რომ აქვს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და მ.ჯ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, მ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ასევე დადგენილია, რომ კასატორი - მ.ჯ–ი უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

სსსკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1573-2018, 26 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1793-2019, 12 მარტი, 2020 წელი; №ას-712-2020, 4 მარტი, 2021 წელი).

კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მ.ჯ–ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე Nას-171-2022, 13 მარტი, 2023 წელი).

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის არსებითად განხილვამდე მ.ჯ–ის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ჯ–ის წარმომადგენლის, გ.მ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და მ.ჯ–ის მიერ, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, აღნიშნულ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

4. კასატორს - მ.ჯ–ს (პირადი ნომერი .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.მ–ას მიერ (პირადი ნომერი ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 16 ოქტომბერს, სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6 000 (ექვსი ათასი) ლარი (საგადასახადო დავალება №24192913435; ბანკის კოდი BAGAGE22, სახაზინო კოდი 300773150; მიმღების ბანკი - „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22).

5.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე