საქმე №ას-1573-2024 26 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი (საარბიტრაჟო მოსარჩელე) - სს „ლ.გ.“
მოწინააღმდეგე მხარე (საარბიტრაჟო მოპასუხე) - შპს „რ.ფ–ი“
განმცხადებლის მოთხოვნა - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
საჩივრის ავტორი - სს „ლ.გ.“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, სს „ლ.გ.“-ის განცხადება, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი წარმოადგინა სს „ლ.გ.“-ის წარმომადგენელმა.
3. საჩივარში აღნიშნულია, რომ არბიტრაჟის განხილვაშია სარჩელი, რომლის ოდენობა დაახლოებით 4 მილიონი ლარია, ასევე არსებობს პრეზუმფცია, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. განმცხადებელმა არ იცის მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რის გამოც, შესაძლოა გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება. საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროზე დაყრდნობით, შპს „რ.ფ–ი“-ს აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები, რის გამოც მისი კუთვნილი ყველა უძრავი ქონება არის იპოთეკით დატვირთული. ამდენად, საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ უნდა გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რის გამოც უნდა გააუქმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადმოეგზავა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც სს „ლ.გ.“-ის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ დაკმაყოფილდა.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.
10. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
11. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს (გ. კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი 2018, გვ.148).
12. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის.
13. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82).
14. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ მეწარმე სუბიექტის საკუთრების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი უძრავი ქონების დაყადაღებისას შესაძლოა შეიზღუდოს ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, 2024 წლის 08 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით სს „ლ.გ.“-ის წარმომადგენელი ითხოვდა მოპასუხე შპს „რ.ფ–ი“ -ს (ს/ნ ....) აეკრძალოს საკუთრებაში არსებული 29 უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. წარმოდგენილ შუამდგომლობაში განმცხადებელი უთითებდა, რომ 2024 წლის 14 თებერვალს, მოსარჩელემ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომლის ფარგლებშიც, მოითხოვა მოპასუხისთვის 132,079,076.26 რუსული რუბლის (დაახლოებით 4 მილიონი ლარის) დაკისრება. მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელი ეფუძნება მხარეთა შორის საქონლის მიწოდების ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდა 2022 წლის 14 ივლისს, სადაც მოსარჩელე იყო მიმწოდებელი, ხოლო მოპასუხე-მყიდველი. მიწოდების საგანი იყო ცხელი ბრიკეტიანი რკინა. ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულია 5011 ტონა საქონლის მიწოდება, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 120,551,650 რუბლი. აღნიშნული თანხიდან მოპასუხის მიერ 2023 წლის მარტში განახორციელა მხოლოდ უმცირესი ნაწილის, 452,070.67 რუბლის გადახდა, რის შედეგადაც მიწოდებული საქონლის გადაუხდელი ნაწილის ოდენობამ შეადგინა 120,099,579.33 რუბლი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა შეადგენს ძირითად თანხას - 120 551 650 რუბლს, ხოლო პირგასამტეხლოს 11 979 487.93 რუბლს.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე, საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები შესაბამისი სახის მტკიცებით არ არის დასაბუთებული, მარტოოდენ მითითება, რომ წარდგენილი ფაქტები ჰიპოთეტურად ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას, აპრიორულად არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის სასამართლოს მიერ დადგენლი მტკიცების სტანდარტის დაკმაყოფილებას, ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გართულების გონივრული ვარაუდი ასევე შესაბამისი სახის მტკიცებითი სტანდარტით უნდა იქნას დაცული, რაც, მოცემულ ეტაპზე, შუამდგომლობის ავტორის მიერ არაა საკმარისად მითითებული, რის გამოც საჩივარს მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იკვეთება საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ლ.გ–ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი