საქმე № ას-1307-2024 27 ნოემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აგვისტოს განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დისციპლინარული სახდელის შეფარდების შესახებ დამსაქმებლის
მიერ წერილობითი ბრძანებით გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, სააგენტო, დამსაქმებელი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით ნაწილობრივ დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი.ბ–ის (შემდეგში მოსარჩელე, დასაქმებული ან ყოფილი დასაქმებული) სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2023 წლის 25 ივლისის #100014672300000002 ბრძანება დამსაქმებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით საყვედურის გამოცხადების შესახებ.
2. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად დაიანგარიშა მოსარჩელის მიერ სამუშაოს არასაპატიოდ გაცდენა/დაგვიანების დრო, რის გამოც, არასწორად დაასკნა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ უკანონოდ გამოიყენა დისციპლინური სახის ღონისძიება, საყვედური.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო სააგენტოში დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე;
7.2. მონიტორინგის, სტატისტიკის და ანალიტიკის სამსახურმა ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება და 2023 წლის 21 ივლისს შეადგინა N100014622300772236 დასკვნა, რის საფუძველზეც, მოპასუხემ იმავე წლის 25 ივლისის ბრძანებით მოსარჩელეს შეუფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება ,,საყვედური“. დისციპლინური სახდელის შეფარდების მიზეზი იყო დასაქმებულის მიერ 2023 წლის მაისში 12 საათითა და 52 წუთით სამუშაოს თვითნებური მიტოვება.
7.3. დისციპლინარული სახდელის შეფარდებამდე, 2023 წლის 19 ივლისს, დასაქმებულმა დამსაქმებელს წარუდგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც მიუთითა, რომ 19 მაისს, 11 საათზე სამინისტროს შენობაში (მდებარე, ქ. თბილისი, .....) დანიშნული იყო მოქალაქეთა არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის სხდომა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სააგენტოს დირექტორი ნ.ვ–ი, ხოლო მოსარჩელე წარმოადგენდა კომისიის მდივანს. დასაქმებულმა კომისიის სხდომაში მონაწილეობის შესახებ ელექტრონულად აცნობა სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ზ.მ–ს, 11:03 საათზე, სამსახურის შენობა დატოვა 11:08 საათზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაემგზავრა სამინისტროში სხდომაზე დასასწრებად. სამინისტროში მასზე საშვი დაიშვა 12:01 საათზე. სხდომის დასრულების შემდგომ, მოსარჩელე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაბრუნდა სამსახურში 16:03 საათზე და შენობაში შესვლა დააფიქსირა ელექტრონული აღრიცხვის პროგრამის მეშვეობით. მოსარჩელე 19 მაისს სამსახურის შენობიდან გასული იყო 4 საათით და 55 წუთით (16:03-11:08=4:55).
7.4. 2023 წლის 15 მაისს დასაქმებულმა სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ზ.მ–ს აცნობა, რომ აწარმოებდა კვლევას, რის გამოც ხშირად უწევდა სამუშაო ადგილის სამსახურებრივი მიზნით მიტოვება, რაც საპატიოდ უნდა მიჩნეულიყო.
7.5. სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 14.6 პუნქტის თანახმად, სააგენტოში დასაქმებულთათვის დადგენილია 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო დრო განსაზღვრულია 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. სამსახურში დაგვიანება 09:10 საათამდე ჩაითვლება საპატიოდ (თვეში 22დღეX10 წუთზე=220 წუთი ანუ 3 საათი და 40 წუთი). შინაგანაწესის 14.9 პუნქტის თანახმად, დასაქმებული, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება სამუშაო ტერიტორიის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.
7.6. შინაგანაწესის მე-16 პუნქტით, დასაქმებული ვალდებულია, სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში, კონკრეტული მიზეზის მითითებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის ან/და მასთან გათანაბრებული პირის ვიზირებით, მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსის სახელზე მოამზადოს მოხსენებითი ბარათი. ელექტრონული ფორმით მოხსენებითი ბარათის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ვალდებულია შეავსოს სამსახურიდან ხანმოკლე დროით გათავისუფლების ბარათი. გაუთვალისწინებელი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს ან/და მასთან გათანაბრებული პირის ვიზირებით, მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსის სახელზე მოამზადოს მოხსენებითი ბარათი. ელექტრონული ფორმით მოხსენებითი ბარათის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ვალდებულია შეავსოს სამსახურიდან ხანმოკლე დროით გათავისუფლების ბარათი, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. სტრუქტურული ერთეულის უფროსის ან/და მასთან გათანაბრებული პირის თანხმობით აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა დასაქმებულს შესაძლოა ჩაეთვალოს საპატიოდ. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან/და მასთან გათანაბრებული პირი უფლებამოსილია დაეთანხმოს დასაქმებულის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობას, დაგვიანებით გამოცხადებას ან/და ადრე წასვლას, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პერიოდი ჩაითვლება არასაპატიოდ.
7.7. შინაგანაწესის მე-17 პუნქტის თანახმად, დასაქმებული უფლებამოსილია ისარგებლოს სამუშაო დღის განმავლობაში სამსახურიდან დროებითი გასვლის უფლებით, მხოლოდ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან/და მასთან გათანაბრებული პირის თანხმობის შემთხვევაში. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებული გათავისუფლებამდე ვალდებულია, გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ხელმძღვანელ პირთან შეთანხმებით ელექტრონულად მეილის საშუალებით მიაწოდოს მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურს გათავისუფლებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნულის მატერიალური სახით შენახვას. ელექტრონულად მეილის გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ხანმოკლე დროით გათავისუფლების ბარათს მატერიალური სახით აბარებს მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურს.
7.8. სამსახურიდან ხანმოკლე დროით გათავისუფლების ბარათი გათავისუფლებამდე ან მის შემდეგ მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის მიერ გაიცემა იმ დასაქმებულზე, რომელიც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან/და მასთან გათანაბრებული პირის ნებართვით ან/და გადაწყვეტილებით სხვადასხვა სამსახურებრივი მიზეზის გამო ტოვებს სამუშაო ადგილს და ითვლება სამსახურში მყოფად, აგრეთვე გათავისუფლებამდე იმ დასაქმებულზე, რომელსაც ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ მიეცემა დასვენების დრო (დასვენების დროის ვადით). ხანმოკლე დროით გათავისუფლების პერიოდი ანაზღაურდება დასაქმებულის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად. ხანმოკლე დროით გათავისუფლების შემთხვევაში, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისას, დასაქმებული ვალდებულია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან/და მასთან გათანაბრებულ პირს აცნობოს დაგვიანების მიზეზის შესახებ, ხოლო სააგენტოს მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსს წერილობით ან ელექტრონული ფორმით ორგანიზაციაში დადგენილი წესის თანახმად, წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია სამსახურში გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანებით გამოცხადების თაობაზე.
7.9. შინაგანაწესის 29.1 პუნქტის თანახმად, დისციპლინის დარღვევისათვის დასაქმებულის მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) შრომითი ანაზღაურების 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება; 29.13 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება. მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე დასაქმებულს ეცნობება პირადად.
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დამსაქმებლის მიერ დისციპლინური ღონისძიების, საყვედურის, დასაქმებულის მიმართ გამოყენების მართებულობა. კასატორი (დამსაქმებელი) აცხადებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც არასწორად დაასკვნეს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ უკანონოდ გამოიყენა დისციპლინური ღონისძიების სახე, საყვედური. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა დასაქმებულის მხრიდან სამუშაო დროის არასაპატიოდ გაცდენის პერიოდი და, შესაბამისად, შრომის შინაგანაწესის დარღვევის ხარისხი.
9. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით, დაირღვა თუ არა შინაგანაწესი და რამდენად პროპორციული რეაგირება მოხდა და, ზოგადად, მიიღწევა თუ არა დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ღონისძიებით მსგავსი დარღვევის ჩადენის პრევენცია. მოსარჩელის მოთხოვნის თუ მოპასუხის შესაგებლის საფუძვლიანობის შემოწმებისას კი, დავის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტებით და მტკიცებულებებით, რასაც მხარეები მას წარუდგენენ. სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა. საბოლოო გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგი სრულად დაფუძნებულია იმ გარემოებებზე, რომელთა დასაბუთებულობაშიც მხარეები სასამართლოს დაარწმუნებენ. მოსარჩელის შედავებამ გასაჩივრებული ბრძანების უკანონობასთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთი დამსაქმებლისაკენ გადაწონა, რომელსაც გამოცემული ბრძანების კანონიერება უნდა ემტკიცებინა. დამსაქმებელს უნდა დაესაბუთებინა, თუ რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაქმებულისათვის დაკისრების თაობაზე და მას უნდა დაემტკიცებინა დასაქმებულის მიერ იმგვარი გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელე მართებულად იმსახურებდა აღნიშნულ სანქციას.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის გადაანაწილა სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები).
11. სააპელაციო პალატამ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დადგენილად მიიჩნია, რომ მართალია, 2023 წლის მაისის მონაცემებით მოსარჩელეს ჯამურად უფიქსირდებოდა სამუშაოს გაცდენა 12 სთ და 52 წთ, თუმცა ამ დროიდან ნაწილი (სამსახურებრივი მიზნით სამუშაოს დატოვება 4სთ და 55 წთ-ით, პროგრამული ხარვეზის გამო გაცდენილი 3სთ და 59წთ, სულ 8სთ და 54 წთ.) წარმოადგენდა საპატიო გაცდენას/დაგვიანებას და, საბოლოოდ, დასაქმებულმა 2023 წლის მაისში არასაპატიოდ გააცდინა საშუალოდ 3 საათი და 40 წუთი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 14.6 პუნქტის მიხედვით, დღეში 10 წუთი დაგვიანება დასაქმებულს ეთვლებოდა საპატიოდ, რაც 22 დღეზე გაანგარიშებით თვეში 3 საათი და 40 წუთია, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული დარჩენილი 3 საათი და 48 წუთიდან არასაპატიოდ უნდა მიჩნეულიყო 8 წუთი, რაც არამართლზომიერად აქცევდა არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენა/დაგვიანების გამო მოსარჩელისთვის დაკისრებული დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას.
12. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაიანგარიშა მოსარჩელის მხრიდან სამუშაოს არასაპატიო გაცდენა/დაგვიანების პერიოდი. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორმა ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებებით გამყარება და იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა მატერიალური სამართლის შესაბამისი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი