საქმე № ას-624-2024 27 ნოემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „მ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ე–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 01.01.2020წ. შპს „მ.ა–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი) და დ.ე–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დასაქმებული) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულების NLA-01-20, რომლითაც მოსარჩელე დასაქმდა ორგანიზაციაში კორესპონდენტის თანამდებობაზე, ხელფასის ოდენობად განისაზღვრა 1500 ლარი კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ხელშეკრულება დაიდო 6 თვის გამოსაცდელი ვადით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდებოდა იგივე პირობებით, ერთი წლის ვადით, თუ მხარეები მისი შეწყვეტის სურვილს არ გამოთქვამდნენ.
2. შპს „მ.ა–ის“ დირექტორის 2022 წლის 07 ივნისის ბრძანებით N0146-22/4 დამსაქმებელმა 2022 წლის 11 ივნისიდან შეწყვიტა დ.ე–ძესთან შრომითი ურთიერთობა, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3. სასარჩელო მოთხოვნა
3.1. მოპასუხე შპს “მ.ა–ს“ მოსარჩელე დ.ე–ძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 1 500 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
3.2. მოპასუხე შპს „მ.ა–ს“ მოსარჩელე დ.ე–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ორი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციის - 3 000 ლარის გადახდა.
4. მოპასუხის პოზიცია
4.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2022 წლის 11 ივნისს წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე. მოპასუხე კომპანია დგას რთული ფინანსური გამოწვევების წინაშე, გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით კომპანიის საბანკო ანგარიშებს ადევს ინკასო და ერიცხება დავალიანება სახელმწიფოს მიმართ. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შპს „მ.ა–ის“ გენერალური დირექტორის ბრძანების N07.06.2022/1 შესაბამისად, 2022 წლის 11 ივნისიდან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება 16 თანამშრომელთან, მათ შორის მოსარჩელესთან. 2022 წლის 15 ივნისიდან კი დამატებით 32 თანამშრომელთან, ამასთან, შემცირდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა, რადგან მას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მ.ა–ს ერიცხება მის მიმართ რაიმე სახის დავალიანება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით: დ.ე–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „მ.ა–ს“ მოსარჩელე დ.ე–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით); მოპასუხე შპს „მ.ა–ს“ მოსარჩელე დ.ე–ძის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის გათვალისწინებული კომპენსაცია 3000 ლარის ოდენობით; მოპასუხე შპს „მ.ა–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 67.5 ლარის გადახდა.
6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ.ა–მა“, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
8. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
8.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8.2. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რამე სახის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება, ასევე შემცირების შესახებ რომ არ მიუღია წერილობითი გაფრთხილება.
8.3. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე მხარემ ვერ დაძლია მის მიმართ არსებული მტკიცების ტვირთის ვალდებულება. მან ვერ მიუთითა დავალიანების შესახებ, ასევე იმის შესახებ, რომ თითქოს არ იცოდა რეორგანიზაციის დაწყების შესახებ. აქედან გამომდინარე, განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელის დაკმაყოფილებას ეთქვას უარი.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
16. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
17. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.)
18. შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).
19. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
20. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. აღნიშნული ნორმა დამსაქმებელს აკისრებს მტკიცების ტვირთს დაადასტუროს, რომ ამ პირობის არსებობისას დასაქმებულთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეატყობინა მისი სამსახურიდან გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე.
21. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ორგანიზაციის ეზოში სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გავრცელდა ზოგადი ინფორმაცია, სადაც კონკრეტულად მის შესახებ არ იყო საუბარი, რის გამოც, ეს განცხადება არ უნდა ჩაითვალოს ერთი თვით ადრე თანამშრომლის გაფრთხილებად. ამავდროულად, დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გაიცა თავად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე 4 დღით ადრე, რის შესახებაც მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო ფაქტის დამტკიცება, რაც სწორედ მისი მტკიცების ტვირთის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობებს.
22. ასევე, მოსარჩელის მოთხოვნა შეეხება 2022 წლის 15 აპრილიდან ამავე წლის 15 მაისამდე პერიოდში შრომის ანაზღაურების - 1500 ლარის დაკავებას, კერძოდ, დამსაქმებელმა დასაქმებულს თანხა არ გადასცა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარემ ისევ ვერ შეძლო რამე სახის ისეთი მტკიცების ან შედავების წარდგენა, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
23. სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ნორმა ცალსახად მიუთითებს შრომითი ხელშეკრულების ორმხრივმავალდებულებელ შინაარსზე, კერძოდ, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ის სამუშაო, რაც მხარეთა შორის გახდა შეთანხმების საგანი, ხოლო თავად დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ხელფასი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო დროის გასამრჯელო მოსარჩელეს არ მიუღია, შესაბამისად, კასატორის მითითებები ამ კუთხითაც ვერ იქნება გაზიარებული.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „მ.ა–ს“ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. მ–ის (პ.ნ. ........) გადახდილი (საგადახდო დავალება №3227, გადახდის თარიღი 03.06.2024) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი