Facebook Twitter

საქმე №ას-311-2020 29 თებერვალი, 24 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ჯ.ძ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ე“ (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „პ.ფ–ი“ , თ.გ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების დადებულად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჯ.ძ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–ეს“ (შემდგომ – პირველი მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, შემძენი), შპს „პ.ფ–ისა“ (შემდგომ – მეორე მოპასუხე) და თ.გ–ძის (შემდგომ – მესამე მოპასუხე, ასევე ერთობლივად მოპასუხეები) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლის 30 მაისს სს „საქართველოს მ.ბ–სა“ (ამჟამად სს „პ.ბ–ი“) და შპს „ი–ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა - ქ. თბილისში, .......... (შემდგომ - სადავო უძრავი ქონება) მდებარე მოსარჩელის მეუღლის უძრავი ქონებით (ს/კ .......). ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალის დაფარვის პირობების შეუსრულებლობის გამო, ვალის გასტუმრების მიზნით, აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა სადავო უძრავი ქონება, რომელიც შეიძინა ბანკის შვილობილმა კომპანიამ - მეორე მოპასუხემ. მიუხედავად რეალიზაციისა, მოსარჩელე და მისი ოჯახი აგრძელებდა მითითებულ ბინაში ცხოვრებას. ბანკის მეშვეობით გაიმართა მოლაპარაკება მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის და გადაწყდა, რომ 36 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელე უკან შეიძენდა დასახელებულ უძრავ ქონებას. რადგან მოსარჩელეს პირადად არ გააჩნდა უძრავი ქონების შეთანხმებული საფასური – 36 000 აშშ დოლარი, თავისი ახლობლის მეშვეობით დაუკავშირდა მესამე მოპასუხეს, რომელთანაც გარიგდა, რომ ეს უკანასკნელი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლით, 2 თვის ვადით ასესხებდა მოსარჩელეს ბინის გამოსყიდვის საფასურს - 36 000 აშშ დოლარს, რაც დაუბრუნდებოდა გამსესხებელს სხვა უძრავი ქონების, შპს „ი–ის“ მფლობელობაში არსებული 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის პრივატიზებისა და რეალიზაციის გზით. ბანკთან დასახელებული გარიგების პირობების შეთანხმებისას მესამე მოპასუხემ განაცხადა, რომ მას გაცემული სესხის სანაცვლოდ გარანტიის სახით კრედიტორებისათვის მოსაჩვენებლად, დროებით ესაჭიროებოდა საკუთრების უფლება შესასყიდ უძრავ ქონებაზე, ხოლო, თავის მხრივ, კრედიტორებიდან ფულის მიღების შემდეგ უძრავ ქონებას მოსარჩელის სახელზე აღრიცხავდა, რადგან სესხის სახით მოსარჩელისათვის გასაცემი თანხა უშუალოდ მისი არ იყო და სხვაგვარად კრედიტორები მას თანხას არ ასესხებდნენ. მოსარჩელე მიენდო რა მესამე მოპასუხეს, უძრავი ქონება მეორე მოპასუხისაგან მესამე მოპასუხის საკუთრებაში გადავიდა. მოგვიანებით კი, მესამე მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა არაკეთილსინდისიერ შემძენს - პირველ მოპასუხეს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს შპს „მ–თან“ დაკავშირებულ საწარმოს, რომელთაც ერთი და იგივე ხელმძღვანელი ჰყავთ, ხოლო ეს უკანასკნელი ორგანიზაცია კი, უკვე წარმოადგენდა შესაძენი უძრავი ნივთის კორპუსში მდებარე მეზობელი ფართის მესაკუთრეს - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს, რომელმაც მესამე მოპასუხეს დაუთქვა პირობა, რომ ჯერ გამოესახლებინა მოსარჩელის ოჯახი და შემდგომ დასთანხმდებოდა ბინის შესყიდვას. შემძენისათვის შპს „მ–ის“ მეშვეობით ცნობილი იყო მესამე მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედების შესახებ. მისთვის აღნიშნული ცნობილი გახდა მოსარჩელის ოჯახის პოლიციის ძალით გამოსახლებისას, რასაც ესწრებოდნენ შემძენის წარმომადგენლებიც, სადაც მოსარჩელის ოჯახის წევრები ხმამაღლა ეკამათებოდნენ მესამე მოპასუხესა და მის წარმომადგენელს. უხსენებდნენ იმ ფაქტებს, რომ მესამე მოპასუხეს შპს „ი–ისათვის“ უნდა ესესხებინა ფულადი თანხა, რომლითაც ამ უკანასკნელს უნდა გაესტუმრებინა ბანკის დარჩენილი ვალი, ხოლო ამის ნაცვლად, მესამე მოპასუხემ სადავო ბინა თავად გადაიფორმა და შეინარჩუნა საკმაოდ შეღავათიან ფასად.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს უსაფუძლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით – სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მეორე და მესამე მოპასუხეს შორის 2010 წლის 22 ოქტომბერს სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და პირველ და მესამე მოპასუხეს შორის 2011 წლის 4 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; დადებულად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე; დადებულად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სადავო უძრავ ქონებაზე. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულების 36 000 აშშ დოლარზე, 2 თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით დადების დადგენის ნაწილში – არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით – სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში მოსარჩელეს დაეკისრა 7 000 ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ.

7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო გარიგებების ბათილობა და გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების დადგენილად ცნობა, არა დამოუკიდებელ მოთხოვნას, არამედ სადავო უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ მიკუთვნებითი მოთხოვნის წინაპირობას წარმოადგენდა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო ტრანზაქციასთან (2011 წლის 4 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება) მიმართებით, რომლითაც მესამე მოპასუხემ შემძენს გადასცა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე, ბათილობის საფუძვლების გამოკვლევა, რამდენადაც ამ გარიგების ბათილობის გარეშე მესაკუთრედ ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა (მოსარჩელის მიერ აღიარებითი სახით დაყენებული სხვა დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებულობის შემთხვევაშიც კი) წარუმატებელია.

8. პირველი ინსტანციის სასამართლომ 2011 წლის 4 ივლისის ხელშკერულების მხარე მყიდველი, არაკეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ ამ უკანასკნელმა იცოდა მოსარჩელის ოჯახსა და მესამე მოპასუხეს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ და რომ შპს „მ–ი“, რომელსაც ხელმძღვანელობს იგივე პირი, რომელიც ასევე შემძენის დირექტორია, დაინტერესებული იყო ამ ქონების შეძენით და რომ ის ესწრებოდა მოსარჩელის გამოსახლების პროცესს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ გარემოებათა გაზიარების შემთხვევაშიც კი, მათი ერთობლიობა არ ქმნიდა საკმარის საფუძველს შემძენის არაკეთილისინდისირების დადგენისათვის.

9. პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ არ უთითებდა ისეთ გარემოებაზე, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე გარიგების დადებამდე შემძენის კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ დააყენებდა. მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების გარდა, რომელსაც არ ეთანხმება აპელანტი, საქმეში წარმოდგენილი არცერთი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებით არ დასტურდება ფაქტი, რომ შემძენმა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობამდე, იცოდა იმ გარემოებათა შესახებ, რომლის საფუძველზეც გამსხვისებელმა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა, კერძოდ, მოსარჩელის, როგორც ნივთის ყოფილი მესაკუთრის თანხმობით, მეორე მოპასუხემ იმ მოლოდინით, რომ მოსარჩელის მიერ მოწონებული გარიგებით, უძრავი ნივთი საბოლოოდ კვლავ ამ უკანასკნელს დაუბრუნდებოდა, მესამე მოპასუხისათვის ამ ნივთის 25 000 ლარად მიყიდვის შესახებ გამოხატა ნება. შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ გამსხვისებლის მიერ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებამდე ამ ნივთის შეძენით დაინტერესებული იყო შპს „მ–სი“, მოგვიანებით კი პირველი მოპასუხეც დაინტერესდა, იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურების გარეშე, ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილმა პირმა იცოდა უძრავ ნივთზე გამსხვისებლის საკუთრების უფლების სადავოობის შესახებ, მოსარჩელის ოჯახის გამოსახლების პროცესზე ხელმძღვანელი პირის ეზოში ყოფნის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისასაც კი, პრეზუმირებულს ვერ გახდის შემძენის მიერ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებამდე საჯარო რეესტრის ჩანაწერის სადავოობის შესახებ ცოდნის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ დადასტურებული ვერ იქნა მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის უძრავი ნივთის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებისას, პროცესში შპს „მ–ის’’ ჩართულობა, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ შპს „მ–ის“, შემძენის დირექტორს, მეორე და მესამე მოპასუხეს შორის გარიგების დადების მიზნის შესახებ გარკვეული ინფორმაცია - მოსარჩელის ოჯახის მიერ მესამე პირების მეშვეობით ბანკისგან ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით ეცოდინებოდა.

10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შემძენის კეთილსინდისიერების შეფასების მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესია, სამართლებრივად შეფასდეს ამ უკანასკნელის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შემძენის მიერ ნასყიდობის საფასურის - 80 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი უდავოა. ამდენად, სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დადასტურდა ფაქტი, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობამდე შემძენმა ამ ნივთზე გამსხვისებლის საკუთრების წარმოშობის საფუძვლების სადავოობის შესახებ იცოდა, ამის საპირისპიროდ სადავო არ გამხდარა, რომ შემძენმა გამყიდველს ნასყიდობის სოლიდური საფასური (80 000 აშშ დოლარი) სრულად გადაუხადა, ამიტომ შემძენის არაკეთილსინდისიერება ვერ დადასტურდა. პალატამ დაასკვნა, რომ შემძენსა და მესამე მოპასუხეს შორის 2011 წლის 4 ივლისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. ამგვარად, რამდენადაც აპელანტი კეთილსინდისიერი შემძენი იყო, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს 2011 წლის 4 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, რაც, თავის მხრივ, საფუძველს აცლის სადავო უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას.

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა მეორე და მესამე მოპასუხეს შორის 2010 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ბათილობის, მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარებისა და მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის 36 000 აშშ დოლარზე, ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვით სესხისა და იპოთკის ხელშეკრულების დადებულად აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ნამდვილი იურიდიული ინტერესი (შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოცემულ დავის ფარგლებში 2010 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების კვლევა სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე), რამდენადაც მოსარჩელის ძირითადი ინტერესი მოცემულ დავაში არის სადავო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა (და არა მოპასუხეთა მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება).

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კასატორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

13. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, სარჩელზე სრულად იმსჯელა და არ დააკმაყოფილა, მაშინ, როდესაც აპელანტს გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილობრივ ჰქონდა გასაჩივრებული შემძენსა და მესამე მოპასუხეს შორის 2011 წლის 4 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში. სხვა მოპასუხეებს კი, მათ მიმართ დაკმაყოფილებული სარჩელის წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენიათ. შესაბამისად, მეორე და მესამე მოპასუხეს შორის არსებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სადავო უძრავი ნივთის გამყიდველი არ იყო ნივთის მესაკუთრე და, შესაბამისად, უფლებამოსილი შემდგომში აპელანტისათვის მიეყიდა ქონება.

14. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის აღიარებითად მიჩნევასთან დაკავშირებითაც. სასარჩელო მოთხოვნები უფლებრივი მდგომარეობის წარმოშობის თვალსაზრისით დაყენებულია თანმიმდევრულად და, მთლიანობაში სარჩელი მიკუთვნებითი ხასიათისაა.

15. რაც შეეხება შემძენის კეთილსინდისიერების საკითხს, შპს „მ–ი“ ....... 23-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრია. ასევე, საქმეში მოიპოვება შპს „მ–ის“ მიერ პოლიციის ადგილობრივი ორგანოსათვის მოსარჩელის ოჯახის საერთო სარგებლობის ეზოდან გამოსახლების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია. მოწმის ჩვენების თანახმად, კომპანია დაინტერესებული იყო უძრავი ქონების შეძენით. უდავოა, რომ ამ უკანასკნელსა და შემძენს ერთი და იგივე პირი ხელმძღვანელობს. უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილებას კი, ერთპიროვნულად იღებს საწარმოს ხელმძღვანელი. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ოჯახი სახლიდან გმოსახლების შემდეგ მუდმივად ცხოვრობს ამავე სახლის საკარმიდამო ნაკვეთში მდგარ დამხმარე ნაგებობაში, მათი იქ ცხოვრება თვალნათელი იყო უძრავი ქონების შეძენის მსურველი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, მათ შორის, აპელანტისათვის. ამიტომ, როდესაც საუბარია, იცოდა თუ არა შემძენის წარმომადგენელმა მოსარჩელის უფლების ხელყოფისა და გამყიდველის საკუთრების უფლების არანამდვილობის თაობაზე, ცხადია, აპელანტის წარმომადგენელს საშუალო გონებრივი წინდახედულობის პირობებშიც კი, უნდა სცოდნოდა შექმნილი ვითარების ირგვლივ, მით უფრო, რომ იურიდიულ პირს მეტი წინდახედულობა და რეაგირების უკეთესი რესურსი აქვს, ვიდრე ფიზიკურ პირს. შემძენის კეთილსინდისიერების შეფასების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებების ანალიზიც. ამასთან, გამოსახელბის დღეს შემძენის დირექტორი იმყოფებოდა ეზოში და ისმენდა გამსხვისებლის უკანონო მოქმედებების თაობაზე ინფორმაციას.

16. პირველი ინსტანციის სასამართლომ შემძენის კეთილსინდისიერების მიზნებისათვის მართებულად შეაფასა მისი კავშირი შპს „მ–თან“. მართალია, ეს ორი დამოუკიდებელი იურიდიული პირია, თუმცა მათი კავშირი გამომდინარეობს ერთი და იმავე პირის მიერ ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის განხორციელებით.

17. სასამართლო შემძენის კეთილსიდისიერების დასადასტურებლად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მან ხელშეკრულების საფასური – 80 000 აშშ დოლარი გადაიხადა. სასამართლო არ ასაბუთებს, რატომ მიიჩნია ეს თანხა ნასყიდობის სოლიდურ საფასურად, მაშინ, როდესაც ქონების საბაზრო ფასი იძულებითი აღსრულების პერიოდში სააღსრულებო ბიუროს შეფასებით 300 000 აშშ დოლარი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებს, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ გამოაქვს დასკვნა, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.

20. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, პირველ მოპასუხეზე გასხვისებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნება, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს. მოსარჩელის მტკიცებით, ქმედება მესამე მოპასუხის მიერ საკუთრების უფლების ხელყოფით გამოიხატა, თუმცა ამჟამინდელი მესაკუთრე - პირველი მოპასუხე არ არის კეთილსინდისიერი შემძენი, რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო მესამე მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედების შესახებ და ბინის შეძენით ხელი შეუწყო ზიანის მიყენებას.

21. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა შემძენის არაკეთილსინდისიერების თაობაზე და მოწმეთა ჩვენებების დეტალური ანალიზიასა და შეფასების შედეგად დაასკვნა, ახსნა-განმარტების გარდა, რომელსაც არ ეთანხმებოდა მოპასუხე, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, რომ შემძენმა საკუთრების უფლების წარმოშობამდე, იცოდა მესამე მოპასუხის მხოლოდ ფორმალური რეგისტრაციის შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ გარემოების წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი მიიჩნევა მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი მიიჩნევა სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. სსკ-ის 185-ე მუხლი იცავს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორისა და რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებამოსილების მიმართ. აღნიშნული მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც უძრავი ნივთის გასხვისების ნებას ავლენს რეგისტრირებული მესაკუთრე, მაგრამ მისი საკუთრების უფლება შეცილებულია სხვა, მესამე პირთა მხრიდან ან არ არის სრულყოფილი, რისი არცოდნაც შემძენის მიერ წარმოგვიჩენს მას (შემძენს) კეთილსინდისიერად. აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ, როდესაც საქმე უკავშირდება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია, დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც, სინამდვილეში, უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. ამ მდგომარეობას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობით გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამ საკითხის გამორკვევისას გამოსაკვლევია შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ან უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტის შესახებ. ამდენად, შემძენის ინტერესები დასაცავია არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით (იხ.: სუსგ №ას-355-334-2014, 21.07.2014წ.; №ას-375-352-2014, 14.07.2014წ.; №ას-607-2019, 04.07.2019წ.; №ას-1641-2019, 03.08.2021წ.; №ას-909-2020, 25.03.2022წ.).

23. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მყიდველი არაკეთილსინდისიერ შემძენად უნდა მიეჩნია, რადგან მან იცოდა გამსხვისებლისა და მოსარჩელის ოჯახს შორის დაპირისპირების შესახებ და რომ შპს „მ–ი“, რომლის დირექტორი შემძენი კომპანიის დირექტორიც იყო, დაინტერესებული იყო სადავო ქონებით, და ეს უკანასკნელი ესწრებოდა მოსარჩელის ოჯახის გამოსახლების პროცესს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ეს გარემოებები არ ქმნის შემძენის არაკეთილსინდისიერების თაობაზე საფუძვლიან ეჭვს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. ზემოხსენებული გარემოებები კი, არ მიუთითებს იმაზე, რომ შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხესთან უძრავი ნივთის დაბრუნების თაობაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად და გამსხვისებელი მხოლოდ ფორმალურად დარეგისტრირდა მესაკუთრედ. კასატორის მტკიცებით, ეს გარემოებები ერთობლივად მიუთითებს იმაზე, რომ აპელანტს საშუალო გონებრივი წინდახედულობისასაც კი, უნდა სცოდნოდა შექმნილი ვითარების შესახებ.

24. საკასაციო სასამართლო, კიდევ ერთხელ, განმარტავს, რომ შემძენი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამსხვისებელს მიიჩნევს მის მიერ შეძენილი ქონების მესაკუთრედ, ეს უკანასკნელი ასეთად არის რეგისტრირებული რეესტრში და აღნიშნულის საწინააღმდეგო ინფორმაცია შემძენს არ გააჩნია. ამასთან, შემძენს არ უნდა მოეთხოვოს იმაზე მეტის ცოდნა, რაც გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ფაქტს, რომ შემძენს ჰქონდა იმ გარემოებათა შესახებ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელის მითითებით, შემძენმა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა.

25. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ დასახელებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა გარიგების დადებისას შემძენის არაკეთისინდისიერება ვერ დაამტკიცა, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

26. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილად იქნა ცნობილი და, რაკი შემძენს გადაწყვეტილება სრულად არ გაუსაჩივრებია, ხოლო დანარჩენს მოპასუხეებს საერთოდ არ გაუსაჩივრებიათ, სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო მათ ნამდვილობაზე მსჯელობა, საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მიკუთვნებითი სარჩელის შემთხვევაში გარიგების ბათილად ცნობის, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის, დაყენება არ არის აუცილებელი (იხ.: სუსგ №ას-322-322-2018, 23.03.2020წ.; №ას-867-2019, 24.05.2022წ.). მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრისას, მოთხოვნის საფუძვლების დადგენისა და შემოწმების შემდეგ, გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა უნდა მიეთითოს, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება (იხ.: სუსგ №ას-867-2019, 24.05.2022). განსახილველ შემთხვევაში, არ იხილებოდა აღიარებითი სარჩელი, ხოლო მიკუთვნებითი მოთხოვნა - სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა, რის გამოც სადავო ხელშეკრულებათა ბათილობა, სარჩელის ერთიანი კონტექსტისა და მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით, დამოუკიდებელ მოთხოვნებად ვერ განიხილებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სარჩელის სრულად უარყოფის თაობაზე გასაჩირებული გადაწყვეტილების დასკვნას.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.ძ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე