საქმე №ას-526-2020 28 ნოემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურისა ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.მ–ძე (შემდეგ - დასაქმებული, მოსარჩელე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლითაც სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომ - უნივერსიტეტი, დამსაქმებელი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში; მოსარჩელეს დაეკისრა 2 262.00 ლარის გადახდა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
2. კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაზე უარს, მიიჩნევს, რომ მის მიმართ დამსაქმებელმა შრომითი უფლებები უხეშად დაარღვია. რაკი მათ შორის 2013 წელს დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება, ვადის გასვლის გამო გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა და მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 30 ივნისის №748 შრომის ხელშეკრულება; აღდგენილ იქნეს უვადოდ უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე დემოგრაფიული სტატისტიკის მიმართულებით პროფესორის თანამდებობაზე; მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური – 2016 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 2400 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
5.1. დასაქმებული 1997 წლის 25 დეკემბრიდან უნივერსიტეტში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის, უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად არჩეულ იქნა სოციოლოგიისა და დემოგრაფიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2008 წლის 12 ივლისიდან 2010 წლის 12 ივლისამდე; 2010 წლის 7 ივლისს ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად არჩეულ იქნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2010 წლის 12 ივლისიდან 2012 წლის 12 ივლისამდე; მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად არჩეულ იქნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2012 წლის 17 ივლისიდან 2013 წლის 1 იანვრამდე; მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად არჩეულ იქნა დემოგრაფია-სოციოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2013 წლის 5 მარტიდან 2014 წლის 1 იანვრამდე; მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შედეგად არჩეულ იქნა დემოგრაფიული სტატისტიკის მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე;
5.2. 2013 წლის 28 ივნისის №483 შრომის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენენ, რომ დამსაქმებელი იწვევს მოსარჩელეს უნივერსიტეტში ვადიანი კონტრაქტის ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე დემოგრაფიული სტატისტიკის მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე; ხელშეკრულება ძალაშია 2013 წლის 1-ელი ივლისიდან 2016 წლის 1-ელ ივლისამდე;
5.3. ხელშეკრულებაში 2014 წლის 18 აგვისტოს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც „დამსაქმებელი იწვევს შემსრულებელს უნივერსიტეტში უვადოზე გრანტირებული პირველი დონის კონტრაქტის ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე დემოგრაფიული სტატისტიკის მიმართულებით პროფესორის თანამდებობაზე“;
5.4. 2016 წლის 30 ივნისს მხარეებს შორის დაიდო №748 შრომის ხელშეკრულება, რომლის თანახმად „დასაქმებული დამსაქმებლის სასარგებლოდ შეასრულებს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ლექტორის პოზიციაზე გათვალისწინებულ სამუშაოს იმ მოცულობითა და გრაფიკით, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით და დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესით“. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ხელშკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2016 წლის 1-ელი ივლისიდან 2016 წლის 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით.
6. მოსარჩელე მოითხოვს 2013 წლის 28 ივნისის შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარებასა და პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აღდგენას საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ-ის, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) მე-6 მუხლის 13 ნაწილზე დაყრდნობით (თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით ან, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში). მითითებული ნორმით უვადო შრომითი ურთიერთობების მახასიათებელი და მაკვალიფიცირებელი კრიტერიუმი ვადიანი ხელშეკრულებების მრავალჯერადობა და განგრძობადობაა. ვადიან სამუშაოზე ევროპის სოციალური პარტნიორობის თაობაზე ჩარჩოშეთანხმება – ევროდირექტივა 1999.70/EC ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებელობას მკაცრ საზღვრებს უდგენს. განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულებები არის და იქნება დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების ძირითადი ფორმა, თუმცა, ამავდროულად, აღიარებულია, რომ გარკვეული გარემოებები და ურთიერთობები ითხოვს ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადებას, რაც საჭიროებს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინებას. აუცილებელია იმ რეალიებისა და ობიექტური ვითარების გააზრება, რომელიც დაკავშირებულია ეროვნულ, სექტორალურ თუ სხვა სპეციფიკურობებთან, რაც განაპირობებს ვადიანი შრომითი ურთიერთობების არსებობას (ეკატერინე ქარდავა, საქართველოს შრომის სამართლის რეფორმა ევროპული ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა ჭრილში, დისერტაცია, თბილისი 2018, გვ. 103).
7. ამდენად, წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია, რამდენად ვრცელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მოსარჩელეს, როგორც აკადემიურ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობაზე სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილი, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარების სამართლებრივი საფუძველი.
8. მოსარჩელის განმარტებით, არსებობს ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის უვადოდ აღიარებისათვის, ვინაიდან მრავალი წელი უწყვეტად მუშაობდა მოპასუხე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
9. საკასაციო პალატა მოიხმობს სშკ-ის პირველი მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამდენად, ის ურთიერთობები, რომლებიც განსხვავებულად არ არის მოწესრიგებული სპეციალური სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონით, ექცევა სშკ-ის მოქმედების სფეროში (ლეონიდე ადეიშვილი, დავით კერესელიძე, საქართველოს შრომის კოდექსის პროექტი და კონტინენტური ევროპის ქვეყნების შრომის სამართლის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი, ქართული სამართლის მიმოხილვა 6/2003-1, გვ.10; ზაქარია შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ. 25, 26).
10. როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის (შემდეგ - სპეციალური კანონი) პირველ მუხლშია განმარტებული, კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. მისი 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები სწორედ სპეციალური კანონით განსაზღვრული მოქმედების სფეროს განკუთვნილი საკითხია. შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მოსარჩელეს, როგორც აკადემიური თანამდებობაზე დასაქმებულ პირს, შორის შრომითი ურთიერთობის რეგლამენტაციის საფუძველია არა სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილი, არამედ სპეციალური კანონის 35-ე მუხლი, რომელიც აწესებს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის პირობებს, დეტალურად აწესრიგებს პროფესორის არჩევის წესსა და ვადას (იხ.: სუსგ №ას-247-2020, 19.03.2021წ.).
12. სპეციალური კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს აკადემიური თანამდებობებიდან პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ პირის არჩევის შესაძლებლობას, რომელიც აკმაყოფილებს პროფესორის თანამდებობაზე განსაზღვრულ კრიტერიუმებს (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს) და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). ამდენად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორის უვადოდ არჩევის და მასთან შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა უშვებს გარკვეული წინაპირობებით.
13. პალატის შესაფასებელია, სადავო პერიოდში მოქმედი სპეციალური კანონის საფუძველზე, რამდენად შესაძლებელი იყო 2013 წლის 28 ივნისს სამი წლით დადებული ხელშეკრულება, 2014 წლის 18 აგვისტოს შეტანილი ცვლილებით, უვადო ხელშეკრულებად გარდაქმნილიყო. მართალია, ამ პერიოდისათვის მოქმედი კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი, განსხვავებით ასისტენტ-პროფესორისაგან, პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის უვადოდ არჩევის შესაძლებლობას უშვებდა (პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით), თუმცა სპეციალური კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი ემყარება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს და დასაშვებია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის კვალიფიციური კადრებით შევსების საუკეთესო საშუალება და მოქმედი სამართლებრივი მექანიზმი არის კონკურსი, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული პრინციპების პრაქტიკულ რეალიზებას, ხოლო, მეორე მხრივ - აკადემიური პერსონალის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებას, რაც ხარისხიანი უმაღლესი განათლების საწინდარია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ლეგიტიმურ მიზანს - ხარისხიან უმაღლეს განათლებას ემსახურება განსაზღვრული ვადებით აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე არჩევის ზოგადი წესი და საგამონაკლისო შემთხვევაში (განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევებისას) პირის პროფესორად უვადოდ არჩევის შესაძლებლობა. ამასთან, სპეციალური კანონი ამ მიზნის მისაღწევად ადგენს გამჭვირვალე, თანასწორი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით ღია კონკურსის გამართვის წესს, როდესაც გარანტირებული უნდა იყოს კანდიდატთა ობიექტური შეფასება და მათი უფლებები – დაცული. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის განსჯით, რაკი მოსარჩელე კონკურსის გამოცხადების შედეგად იქნა არჩეული აკადემიურ თანამდებობაზე კონკრეტული ვადით, მხოლოდ შრომის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანით, ვერც პირი ვერ მიიჩნევა უვადოდ არჩეულად და ვერც ხელშეკრულება – უვადოდ დადებულად.
14. ყოველივე ამაზე დაფუძნებული საკასაციო პალატის დასკვნით, მართალია, სპეციალური კანონის როგორც სადავო პერიოდში, ისე – მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულია პროფესორის უვადოდ არჩევის შესაძლებლობა, თუმცა მოსარჩელე პროფესორის თანამდებობაზე 3 წლით იყო არჩეული, შესაბამისად, 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულება ვადის გასვლით შეწყდა. ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი შრომითი ურთიერთობა და გადაწყვეტილების მიღების მომენტში გასულია სპეციალური კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ყოველგვარი ვადა, არ არსებობს სამსახურში აღდგენის და აღდგენამდე განაცდურის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
15. სადავო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელესთან დაიდო 2016 წლის 30 ივნისის ხელშეკრულება, რომლითაც იგი არა აკადემიურ თანამდებობაზე, არამედ ლექტორად დაინიშნა. ამდენად, რაკი უსაფუძვლოა 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარებისა და პროფესორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა, აღარ არსებობს 2016 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნაზე მსჯელობის წინაპირობა, რის გამოც საკასაციო პალატა კასატორის მიერ მითითებულ ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებს აღარ შეამოწმებს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.მ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა