Facebook Twitter

17 ოქტომბერი, 2024 წელი,

საქმე #ას-1221-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოპასუხე; შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ–ი“ (მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (თავდაპირველი სარჩელით) პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან სამინისტრო) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით შპს „ლ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მიმწოდებელი) მოთხოვნა თანხის - 11669 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეგებებულ მოპასუხეს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ - 1738 ლარის გადახდა დაეკისრა.

საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ: კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ამგვარი ზომით შემცირება არაპროპორციული და არაგონივრულია, პირგასამტეხლოს უკარგავს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ფუნქციას და მთლიანობაში სცდება სსკ-ის 420-ე მუხლის მიზანს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლ–, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2021 წლის 12 ივლისს დაიდო #15/3-257 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა დანართი #1-ით განსაზღვრული - 34 760 ლარის სააღლუმე უნიფორმის (გარედან ჩასაცმელი ტანაცმლის) მიწოდება (იხ. შეთანხმების 2 პუნქტი).

4.3.1. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება - 34760 ლარით განისაზღვრა (იხ. შეთანხმების 3.1 პუნქტი).

4.4. ნივთის მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 10 დეკემბრამდე ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 25 სამუშაო დღით განისაზღვრა (იხ. შეთანხმების 4.1 პუნქტი).

4.5. მთლიანობაში, შეთანხმების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით იხ. შეთანხმების მე-12 პუნქტი).

4.6. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.25% (იხ. ხელშეკრულების 10.3 პუნქტი).

4.7. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა - შეთანხმების საერთო ღირებულების 5% (იხ. ხელშეკრულების 11.7 პუნქტი).

4.9. 2021 წლის 25 ნოემბრის განცხადებით მიმწოდებელმა საჭირო ნედლეულის დაგვიანებით მიღების გამო, მიწოდების ვადის - 2021 წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელება ითხოვა.

4.9. 2021 წლის 13 დეკემბრის #2 დამატებითი შეთანხმებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-12 მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა - „ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის დღიდან და მოქმედებს 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე“. შეთანხმების დანაჩენი პირობები დარჩა უცვლელად.

4.9.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელეკრულების მიწოდებისა და მოქმედების ვადა - 2022 წლის 10 თებერვლამდე განისაზღვრა.

4.10. მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამურად - 23091 ლარის სააღლუმე უნიფორმა მიაწოდა, ხოლო - 11609 ლარის ღირებულების ნივთის მიწოდების ნაწილში ვალდებულება არ შესრულდა.

4.11. 2022 წლის 9 თებერვლის განცხადებით მიმწოდებელმა საჭირო მასალებისს დაგვიანებით მიღების გამო, ხელშეკრულების მოქმედების ვადის - 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელება ითხოვა.

4.12. 2022 წლის 10 თებერვლის საპასუხო წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე აცნობა.

5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.

6. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

8. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

10. პირგასამტეხლოს მოთხოვნა კრედიტორს ყოველთვის გააჩნია მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის მას ასევე არ ეკისრება მიყნებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება (BGH NJW 1975, S164f). §340 მუხლის მეორე აბზაცის მეორე წინადადება არ ბოჭავს კრედიტორს მხოლოდ შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოთხვონაში, არამედ მას შეუძლია პირგსამატეხლოს აღმატებული შესრულების ინტერესის დაკმაყოფილება მოითხოვოს (§340 Abs 2 Satz 2). თუმცა, პირგასამტეხლოს ოდენობაზე აღმატებული ზიანის არსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის კრედიტორმა უნდა დაამტკიცოს. (შდრ. Lindacher, in Sorgel BGB Kommentar, Band 5/3, 13.Aufl. §340, Rn 11.) პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართულნი, დამოუკიდბელ მოთხოვნებად რჩებიან (შდრ. Rieble in Staudinger BGB Kommentar, Buch 2, Neubearbeitung, 2009, §340, Rn 71.)).

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განასხვავებენ პირგასამტეხლოს ისეთ სახეებს, როგორიცაა საურავი და ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთი სახეა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს ამ სახეს იცნობს. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 419 I მუხლის დანაწესი, რომლის თანახმადაც, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როვა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმამ კრედიტორის იმ ინტერესის ანაზღაურება უნდა მოახდინოს, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა, შესაბამისად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში ჯარიმის განსაზღვრა ხდება იმ ოდენობით, რათა მან ვალდებულების დარღვევის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა მოახდინოს.

კრედიტორი არ არის შეზღუდული ჯარიმის არჩევასთან ერთად ასევე ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ამის შესაძლებლობას იძლევა სსკ-ის 419 II მუხლი. ვინაიდან ჯარიმის სახით დადგენილი პირგასამტეხლო ემსახურება იმ ინტერესის ანაზღაურებას, რომელიც კრედიტორს ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მიმართ გააჩნდა, დაუშვებელია ჯარიმისა და მთლიანი ზიანის კუმულაცია. კრედიტორს არ შეუძლია მოვალეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის „საზღაური“ ორმაგი ოდენობით გადაახდევინოს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ კრედიტორმა ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანი განიცადა, მაშინ მოთხოვნილი ჯარიმა, ზიანის მინიმალურ ოდენობად ჩაითვლება.

სწორედ აქ ვლინდება პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია, რომელიც განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებას გულისხმობს. პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრისას კრედიტორმა იცის, რომ მას ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით ზიანის მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება. ჯარიმის თანხის ზევით არსებული ზიანის ანაზღაურება კი, კრედიტორს ზიანის საერთო წესების დაცვით შეუძლია მოითხოვოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ კრედიტორმა დაამტკიცოს იმ განცდილი ზიანის ოდენობა, რომელიც პირგასამტეხლოთი მთლიანად ვერ დაიფარა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საურავი, უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც. საურავი ირიბი იძულებითი ხასიათის ღონისძიებაა: ვალდებულმა პირმა იცის, რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო გვიან შეასრულებს ვალდებულებას, მით მძიმე იქნება მისი ფინანსური ტვირთი.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს“.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპების დაცვის მიზნით, არსებობს ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობაც.

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ხასიათის ნორმებით. იმპერატიული ხასიათის ნორმები ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ა) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს: ბ) იმპერატიული ნორმები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების დადება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგჯერ თავად ნორმის მიზნიდან გამომდინარე დგინდება მისი იმპერატიული ხასიათი. ნორმისათვის გვერდის ავლას, სწორედ ამ ნორმის მიზანი შეიძლება კრძალავდეს. მაგალითის სახით გამოდგება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აუცილებელია მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს.

სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე.

იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია. (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ, გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მას შეუსაბამოდ მაღლად არ მიაჩნია (შდრ. Gottwald, in MüKo BGB, §343, Rn.16, Rieble in Staudinger BGB Komm, §343, Rn.68). შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებისათვის მოვალის შუამდგომლობა აუცილებელია, რადგან არ დაირღვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული დისპოზოციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ დამატებითი შეთანხმებით გაიზარდა არა პროდუქციის მიწოდების, არამედ გარიგების მოქმედების საერთო ვადა. საყურადღებოა, რომ 2021 წლის 25 ნოემბრის წერილით მოსარჩელემ სწორედ პროდუქციის მიწოდების ვადის გაგრძელება ითხოვა, რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე ისედაც ორ თვეზე მეტი იყო დარჩენილი, მოპასუხე კი, ხელშეკრულებიდან 2022 წლის 10 თებერვალს გავიდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებიასრულად, რის გამოც მოსარჩელე გავიდა ხელშეკრულებიდან და მოპასუხეს დააკისრა გასვლის საჯარიმო სანქცია, მიწოდების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული ყოველდღიური საურავის დაკისრების საფუძველი არ იკვეთებოდა. პალატის დასკვნით მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს რაოდენობა მთლიანობაში შეესაბამება ამავე განჩინების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული მოცულობის შესახებ და მისი ნიშნულის შეცვლის საფუძველი საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არაა.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, ამდენად საკასაციო პალატა არ იმსჯელებს კასატორის არაძირითად არგუმენტებზე (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე