29 თებერვალი, 2024 წელი,
საქმე №ას-1123 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „გ.ს.რ.“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება (ძირითად სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „გ.ს.რ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე,, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამყიდველი ან მენარდე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებას მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით შპს „ჯ–ის“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მყიდველი ან შემკვეთი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 27 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; ასევე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა გადაუხდელი თანხის 0.05%-ის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ;
შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.
კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, კერძოდ, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების 5.1. პუნქტით მოსარჩელემ შენობის მონტაჟისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლის მანძილზე შენობისა და ელექტრო გაყვანილობის ნებისმიერ ხაზზე საგარანტიო მომსახურების გაწევის ვალდებულება იკისრა. შენობა-ნაგებობის ტექნიკური მახასიათებლებიც გუდაურის კლიმატთან შესაბამისი უნდა ყოფილიყო.
1.2. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს გამოვლენილ ნაკლთან მიმართებით რეაგირება არ მოუხდენია, კერძოდ, არც პრობლების გადაჭრის გზა შემოუთავაზებია და არც გარიგებით გათვალისწინებული სამუშაოები შეუსრულებია.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2016 წლის 5 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შეთანხმება ან ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს ორსართულიანი კონტეინერის მიწოდება და მონტაჟი უნდა უზრუნველეყო;
ხელშეკრულების ფასი - 231 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, რომელიც ოთხ ეტაპად უნდა გადახდილიყო, კერძოდ: პირველი გადახდა საერთო ღირებულების 30% (69300$ ეკვივალენტი ლარში), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 საბანკო დღეში, მეორე - საერთო ღირებულების 30% (69300$ ეკვივალენტი ლარში), პროდუქციის დატვირთვის შემდეგ; მესამე - საერთო ღირებულების 10 % (23100$ - ის ეკვივალენტი ლარში) პროდუქციის ადგილზე მიღების შემდეგ უნდა განხორციელებულიყო; მესამე გადახდის შემდეგ შემსრულებელს შენობის სამონტაჟო სამუშაოები უნდა დაეწყო; მეოთხე/საბოლოო გადახდა კი, საერთო ღირებულების - 30 % (69300$ ეკვივალენტი ლარში) შემსრულებლის მიერ შენობის სამონტაჟო სამუშაოების დამთავრებისა და მიღება-ჩაბარებს აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში უნდა შესრულებულიყო.
4.4. 2016 წლის 21 სექტემბერს მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია მყიდველისთვის სრულად არ იყო მიწოდებული. ამასთან, შეთანხმების 3.1. პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი შეიცვალა და შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა - მესამე გადახდა, საერთო ღირებულების 10 % (23100$ - ის ეკვივალენტი ლარში, დღგ-ს ჩათვლით) შემდეგნაირად განხორციელდეს: ამ თანხიდან მყიდველი გამყიდველს შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 2 საბანკო დღეში გადაუხდის - 8,620 დოლარის ეკვივალნტ ლარს, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით, მაგრამ არაუმეტეს 20.000 ლარისა, ხოლო დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება პროდუქციის ადგილზე სრულად მიღებიდან არაუგვიანეს 3 საბანკო დღეში; წინამდებარე შეთანხმება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია (იხ. შეთანხმება).
4.5. 2016 წლის 17 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ გამყიდველმა ორსართულიანი კონტეინერის შენობა მყიდველს მიაწოდა და დაამონტაჟა;
სამუშაოს შესრულების პროცესში გამოვლენილი ხარვეზებიც (დერეფანში და ოთახებში დაგებული ლინონეუმი არის შებერილი) დაფიქსირდა, რომელიც არაუგვიანეს 2017 წლის მაისისთვის უნდა აღმოფხვრილიყო.
ამასთან, ამ დროისთვის გამყიდველს მყიდველისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 სათადარიგო ,,როზეტი’’, 30 სათადარიგო შემრევი და 30 სათადარიგო ჩამრთველიც არ მიუწოდებია. მხარეების შეთანხმდნენ, რომ გამყიდველმა ხელმოწერიდან ერთი თვეში მყიდველს უნდა გადასცეს აღნიშნული საქონელი.
4.6. სამონტაჟო სამუშაოები - 39 დღის დაგვიანებით შესრულდა. რის გამოც, მყიდველმა - 4504.50 აშშ დოლარი გამყიდველისთვის გადასაცემი თანხიდან გაქვითა, რაზეც მხარეები არ დავობენ (იხ. შეთანხმების მე-4 პუნქტი).
შეთანხმების თანახმად, მყიდველის მიერ გამყიდველისთვის გადასახდელი თანხიდან გაიქვითა სასტუმრო ,,ა–ას’’ მომსახურების საფასურიც - 809 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორწლიანი გარანტიის, მიღება-ჩაბარების აქტის/შეთანხმების მეორე პუნქტში დაფიქსირებული ხარვეზებისა და სათადარიგო ნაწილების მოწოდების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გამყიდველისთვის გადასახდელი თანხიდან მყიდველი დააკავებდა - 10 000 აშშ დოლარს (დღგ-ს ჩათვლით).
ყველა მიმდინარე თუ მომავალში გამოვლენილი ხარვეზისა და ვალდებულების შესრულების შეტყობინებიდან 3 კვირაში აღმოფხვრისას მყიდველი გამყიდველს დაკავებული 10 000 აშშ დოლარიდან, არაუგვინეს 2017 წლის 17 ნოემბრისა 5000 აშშ დოლარს გადაუხდიდა, დარჩენილი 5000 აშშ დოლარის გადახდის ვადა 2018 წლის 17 ნოემბერს არ უნდა გასცდენოდა;
დასახელებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 10 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მყიდველს არ დაეკისრებოდა (იხ. შეთანხმების მე-7 პუნქტი).
4.7. 2016 წლის 21 დეკემბრის წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ნაკლის თაობაზე აცნობა ხოლო საპასუხოდ მოსარჩელემ შეთანხმების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვის გზით ხარვეზის აღმოფხვრა შესთავაზა.
4.8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 5 სექტემბრის დასკვნით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი ექსპერტიზის დასკვნა), დაბა ....... დამონტაჟებული პანელის სისტემის კონტეინერის ტექნიკური მახასიათებლები სამშენებლო ნორმებისა და წესების (CHиП 23-02-2003 -ს) მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, რაც კონდესატის გამოწვევის ძირითად მიზეზად შეიძლება ჩაითვლილიყო;
ექსპერტიზისთვის უცნობი იყო 2016 წლის 17 ნოემბრის მიღება-ჩაბარების მომენტისთვის რა ფართზე იყო დაზიანებული ლინოლიუმის საფარი, აქედან გამომდინარე, მხოლოდ შესაბამისი პროექტის ასევე, ამ ეტაპამდე შეცვლილი დაზიანებების გამოსასწორებლად ჩატარებული სამუშაოების მოცულობებისა და მასალების მახასიათებლების წარდგენის შემთხვევაში, გახდებოდა შესაძლებელი შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დადგენა;
30 სათადარიგო ,,როზეტის’’, 30 სათადარიგო შემრევისა და 30 სათადარიგო ჩამრთველის ღირებულებაც ვერ დადგინდა.
4.9. მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ს–ოს“ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ორსართულიანი კონტეინერის შენობის სახურავის რეკონსტრუქციის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 107 416.90 ლარია. განმარტებითი ბარათის თანახმად, წარმოდგენილი სახით გადახურვა ოთახებსა და კორიდორში სამშრალეს უზრუნველყოფდა, ამასთან, აუცილებელი იყო გათბობის სისტემის გამართული მუშაობა.
4.10. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 6 აგვისტოს დასკვნით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ექსპერტიზის დასკვნა), ორსართულიანი კონტეინერის შენობის სახურავის რეკონსტრუქციის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 93 000.20 ლარი, დერეფანსა და ოთახებში შებერილი დეფექტური ლინოლიუმის გამოსწორება/აღდგენის ღირებულება - 3 507.80 ლარი, ხოლო საშუალო ხარისხის და კლასის სათადარიგო ,,როზეტების’’, შემრევის და ჩამრთველების ჯამური ღირებულება - 2725.80 ლარია.
4.11. მოსარჩელემ დ. რ–ის დასკვნასთან ერთად, რომლის თანახმად, კონტეინერის სახურავზე არსებული კონდესატის აღმოფხვრისთვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 12.989 ლარია, საცხოვრებელი კონტეინერის სახურავის ფენილის პაროიზოლაციის მოწყობის შესახებ ი.მ. ,,აკადემიკოს მ.ბ–ის’’ დასკვნაც წარადგინა.
4.12. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 5 დეკემბრის დასკვნით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე ექსპერტიზის დასკვნა), სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული პროექტის გარეშე ექსპერტიზის მხრიდან ვერ მოხდებოდა მსჯელობა, თუ რამდენად უზრუნველყოფდა ესკიზური ნახაზითა და მოცემული განმარტებით შესრულებული სამუშაოები, კონდესატის წარმოშობის გამორიცხვასა და კოროზიის პრევენციას, მდგრადი იქნებოდაა თუ არა შესრულებული სამუშაო შენობის ექსპლუატაციისთვის განსაზღვრული ვადით. ექსპერიმენტის შემთხვევაში, შესაძლებელია დადგინდეს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტექნიკური გადაწყვეტილების ოპტიმალურობა.
4.13. მოსარჩელემ ორსართულიანი კონტეინერი შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გადახურა.
4.14. მოპასუხემ ნასყიდობის საგნის ღირებულების - 231 000 (დღგ-ს ჩათვლით) აშშ დოლარის, ნაწილი - 161 700 (დღგ-ს ჩათვლით) აშშ დოლარი გადაიხადა.
5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს როგორც ნასყიდობის (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება, სსკ-ის 477-ე მუხლი) ასევე ნარდობის (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სსკ-ის 629.1 მუხლი) ელემენტებსაც, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, ისინი ორსართულიანი კონტეინერის შესყიდვასა (სსკ-ის 477-ე მუხლი) და მონტაჟზე (სსკ-ის 629-ე მუხლი) შეთანხმდნენ.
სსკ-ის 487-ე (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი), 488.1 (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის) 488.2-ე (ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე) და 490 - ე (თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მეონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ წივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში გამყიდველს ეკისრება წაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები) მუხლებით კი მოწესრიგებულია ნივთობრი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთის გადაცემისა და ნაკლის ასრებობისას მისი გამოსწორების წესები.
417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია, გამოყენების ფარგლები და შემცირების წინაპირობები წესრიგდება.
6. დადგენილია, რომ გამყიდველმა ნასყიდობის საგნი - ორსართულიანი კონტეინერის შენობა, მყიდველს მიაწოდა.
ასევე დადგენილია, რომ სამონტაჟო სამუშაოები - 39 დღის ვადაგადაცილებით შესრულდა.
მყიდველმა შესრულების მიღება დაადასტურა, ასევე მხარეების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარვეზი გამოვლინდა და მისი გამოსწორების მეთოდებიც შეთანხმდა (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი).
7. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას დამონტაჟებული პანელის სისტემის კონტეინერის ტექნიკური მახასიათებლების საამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე, საკასაციო პალატა მას უარყოფს და მხარის ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების #1 დანართზე, სადაც შენობის ყველა ტექნიკური დეტალია მოცემული და კონტეინერიც დასახელებული მახასიათებლების მიხედვით დამონტაჟდა.
ამასთან, ხელშეკრულების შესრულების პირობები, გამოვლენილი ხარვეზები, მისი აღმოფხვრის წესი და სამომავლოდ ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში გამოსწორების მეთოდებიც, დეტალურადაა აღწერილი მიღება-ჩაბარების აქტში.
8. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხარვეზის (რომელიც დარჩენილი თანხის გადაუხდელობის წინაპირობა გახდა) აღმოფხვრა შესთავაზა მოპასუხეს, რომლის ღირებულება საგარანტიო თანხას - 10 000 აშშ დოლარს არ აღემატებოდა, თუმცა მოპასუხემ - 107 416.90 ლარის ღირებულების სახურავის მონტაჟი მოითხოვა, რაც თავისი არსით წარმოადგენს არა ხარვეზის გამოსწორების შესახებ მოთხოვნას, არამედ შეთანხმების არსებითი პირობის ცვლილებას უთანაბრდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სახეზეა არსებითად სხვა სახის შესრულების მოთხოვნა, რომელსაც არ გააჩნია ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არაა გამოკვეთილი.
9. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 629-ე, 417-ე-420-ე მუხლები; ასევე კანონშესაბამისად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა სრულყოფილად დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის სწორად გასანაწილებლად, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ა.ნ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 000 ლარისა (საგადასახადო მოთხოვნა #14855685594, გადახდის თარიღი 21.10.2022წ) და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 000 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #767, გადახდის თარიღი 24.10.2022წ), ჯამურად - 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ.ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „გ.ს.რ–ს“ (ს/კ .......) დაუბრუნდეს ა.ნ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 000 ლარისა (საგადასახადო მოთხოვნა #14855685594, გადახდის თარიღი 21.10.2022წ) და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 000 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #767, გადახდის თარიღი 24.10.2022წ), ჯამურად - 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე