20 ნოემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-217 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „მ–ი“, ბ.კ–ია (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ–ი“, ა(ა)იპ ს.უ.კ–ი (მოსარჩელეები)
მესამე პირები - ც.ა–ძე, მ.ა–ი, ა.ლ–ძე (მ–ძე), გ.ლ–ძე, რ.ტ–ნი, ნ.ხ–ძე, მ.მ–ძე, მ.გ–ძე, ბ.დ–ი, მ.დ–ი, ი.რ––ი, ნ.ფ–ი, ნ.ო–ი, ლ.ა–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემსრულებელი ან მენარდე) და ბ.კ–ია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „დ–ისა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მიმღები) და ა(ა)იპ ს.უ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; შეწყდა 2006 წლის 18 ივლისის ხელშეკრულება შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და ფართის გადაცემის შესახებ რეგისტრირებული უძრავ ქონებაზე ს/კ 01.17.13.045.005, საჯარო რეესტრში განცხადების რეგისტრაციის ნომერი 012006044679, რეგისტრაციის თარიღი 27/07/2006. კასატორების აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორების მტკიცებით, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ორმხრივი რესტიტუცია, ქვემდგიმი ინსტანციის სასამართლოს კი, აღნიშნულზე არ უმსჯელია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2006 წლის 18 ივლისს დამკვეთს, შემსრულებელსა და მიმღებს შორის შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და ფართის გამოყოფის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. რომლის თანახმად, შემსრულებელმა შეთანხმებით დადგენილი პირობებისა და ვადების დაცვით, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისა და ამ სამუშაოს ფარგლებში მიმღებისთვის ჯამურად - 2100 კვ.მ, აშენებისა და მოწყობის, ხოლო მიმღებმა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შემკვეთისათვის გადაცემის ვალდებულება იკისრეს.
4.4. შეთანხმება 2006 წლის 27 ივლისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო) და ვალდებულების სახით აისახა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა #23-ში მდებარე მოსარჩელეთა კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ს/კ-ით 01.17.13.045.005 (რეგისტრაციის ნომერი 012006044679).
4.5. შემკვეთმა იკისრა კომპლექსის, მათ შორის გადასაცემი ფართის მშენებლობისა და მოწყობის სამუშაოების სრულად და დროულად დაფინანსება, ასევე შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 30 თვეში, სათანადო ფართის მიმღებისთვის გადაცემის ვალდებულება (იხ. შეთანხმების 4.2.1. მუხლი).
შეთანხმებული პირობის მიუხედავად ნაკისრი ვალდებულება, დღემდე არ შესრულებულა.
4.6. მოსარჩელეებმა უძრავ ნივთზე, საჯარო რეესტრში არსებული შეზღუდვის შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართეს მარეგისტრირებელ ორგანოს (882019802738), თუმცა, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.
5. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას გააახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეების მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი - ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა - რაც მთელ რიგ პროცესუალურ წინაპირობებთან ერთად, დამატებითი მოითხოვს სხვა წინაპირობის - მართლზომიერი იურიდიული ინტერესის არსებობას.
5.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში. დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).
5.2. არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ -სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი (შდრ, სუსგ №ას-375-359-2016, 17 ივნისი, 2016.).
5.3. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „სადავო გარიგებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად პერსპექტიულია პროცესუალური თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა მაშინ, როდესაც გამოკვეთილი არაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - ანუ რა სამართლებრივ შედეგს განაპირობებს მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ გარიგების ბათილად ცნობა“ (შდრ. სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი).
6. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული გარიგების შეწყვეტილად აღიარება და საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელის მიმართ მოსარჩელეებს გააჩნიათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი, კერძოდ:
დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა 2009 წლის 18 იანვარს ამოიწურა, ასევე დადგენილია, რომ მენარდეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია; ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე სსკ-ის 636 - ე (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე) და 399 - ე (ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია პატივსადები საფუძვლებიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისთვის დაწესებული ვადის დაუცველად) მუხლების დანაწესის გათვალისწინებით მხარეს, სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება არ შეიძლება მოეთხოვოთ.
საკასაციო პალატას ასევე დამაჯერებლად და ლოგიკურად მიაჩნია მოსარჩელეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ვალდებულება არის ისეთი უფლებრივი ნაკლი, რომელიც აფერხებს ქონების გასხვისებასა და/ან ინვესტორის მოძიებას ახალი პროექტის განსახორციელებლად.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი - საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვის გაუქმებაში მდგომარეობს და რომლის მიღწევაც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2006 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების პირობებშია შესაძლებელი.
7. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ხელშეკრუკლების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოს ორმხრივ რესტიტუციაზე უნდა ემსჯელა და მოპასუხეებისთვის მოსარჩელეებისთვის გადაცემული - 260 000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა.
7.1. კასატორების ამ პრეტემზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს, მათ ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და აღნიშნავს, რომ სადავო თანხის მოსარჩელეებისთვის გადაცემის მტკიცების ტვირთი მოპასუხეებს ეკისრებოდათ, მათ კი ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
ამასთან, თანხის მოსარჩელეებისთვის გადაცემის თაობაზე მითითებას არც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ შეიცავს და ამ ფაქტს მოსარჩელეებიც არ აღიარებენ, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც.
რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობისას დაკითხული მესამე პირის განმარტებას, საკასაციო სასამართლო აქაც იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სდასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული ვერ მიიჩნევა სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, რადგან თანხის გადაცემის ფაქტი მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების დოკუმენტური (წერილობითი) გარიგებებით მოწესრიგების პირობებში არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმის ჩვენებით;
ამასთან, ზემოხსენებული პირის განმარტება „მოწმის ჩვენებად“ მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილებოდა, თუკი ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წინამდებარე საქმის განხილვის ფარგლებში სასამართლოში იქნებოდა დაკითხული მოწმის სტატუსით. ასეთი შუამდგომლობა მოპასუხეებს არ აღუძრავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა გააჩნდათ, შესაბამისად მათი ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
10. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ვ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #20944627042, გადახდის თარიღი 12.03.2024წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–ისა“ და ბ.კ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „მ–სა“ (ს/ნ .......) და ბ.კ–იას (პ/ნ ........) დაუბრუნდეთ ვ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #20944627042, გადახდის თარიღი 12.03.2024წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა