7 ნოემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-716-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ააიპ თ.გ.ფ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.თბილისში, ......... N7/2-ში მდებარე უძრავი ქონების მესამე სართულზე არსებულ საცხოვრებელი ფართსა (30.73კვ.მ, ს/კ - ........., შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება) და ამავე მისამართზე არსებულ სხვენზე (ფართი - 32.37კვ.მ, ს/კ - ........., შემდეგში - სადავო სხვენი) მ.ა–ძის (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული.
2. 2018 წლის 18 აპრილის წერილით მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა, რომ პროექტის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოს შესრულების მიზნით ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან ფონდი) ......... N7/2-ში მდებარე შენობაზე საპროექტო დოკუმენტაცია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის ა.ს–ში შეეთანხმებინა და მშენებლობის ნებართვა მიეღო.
3. 2020 წლის 15 ოქტომბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მისი ბინის თავზე არსებული სხვენის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა.
4. 2022 წლის 2 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, უძრავ ქონებაზე (რომლის შიდა დაგეგმარება ხელშეკრულების N1 დანართს შეადგენდა) ფონდი შემდეგი სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფდა:
- ბინაში შესასვლელის (ეზოს მხრიდან) კარის გაღების მიმართულების შეცვლა;
- ფართში ელექტროგაყვანილობის ქსელის მოწყობა, ჩამრთველებისა და როზეტების დამონტაჟება;
- ბინის წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, საკანალიზაციო მილგაყვანილობის (უნიტაზი/ნიჟარა), წყალსათბობი ქვაბის და რადიატორების დამონტაჟება;
- სააბაზანოში - იატაკზე მეტლახის დაგება, კედლის პერიმეტრზე კაფელის გაკვრა (1.8 მ. სიმაღლეზე);
- 3 ხის კარის დამონტაჟება;
- შეცვლილი დაბურული შუშით სააბაზანოში არსებული შუშაბანდების შემინვა;
- სადარბაზოდან შესასვლელი კარის სიგანეზე გაზრდა;
- თაბაშირ-მუყაოს ფირფიტებით ოთახის მხრიდან თაროების მოწყობა; - არსებული ფანჯრის ადგილას ოთახში შესასვლელი კარის გადატანა; - სარკმლის მოწყობა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დარჩენილი სამუშაოს (მათ შორის, სარემონტო) შესრულებას მოპასუხე საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფდა და, დამატებით სხვა სახის სამუშაოს შესრულების ან მოპასუხის სასარგებლოდ მათი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება მოსარჩელეს არ ჰქონია.
5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 10 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, .......... მოედანზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ (განმცხადებლის განმარტებით), მათ შორის, სახურავის რეაბილიტაციის განხორციელებისას, არსებული სახურავის კონფიგურაცია შეიცვალა, რა დროსაც სახურავის ქანობი და სიმაღლეები დადაბლდა.
ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის სხვენის იატაკიდან სახურავის კეხის ნიშნულამდე სიმაღლე შეადგენდა 1.45 მეტრს, სიგრძე - 7.40 მეტრს. აღნიშნულ სხვენს არ ჰქონდა ფანჯარა, ფრამუგა ან ბუნებრივი განათების ღიობი.
ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ სხვენის სივრცეში განთავსებული ფართი, მისი პარამეტრების გათვალისწინებით, მანსარდის სათავსოს არ წარმოადგენდა და მისი საცხოვრებელ ფართად გამოყენება შეუძლებელი იყო. სადავო სხვენის მომიჯნავედ არსებული სხვენების ფაქტობრივი პარამეტრებიც იგივე იყო - სხვენის იატაკიდან სახურავის კეხის ნიშნულამდე სიმაღლე - 1.45მ, ხოლო, სიგრძე - 7.40მ.
6. კუთვნილი ქონების აღდგენა/რეაბილიტაციის პროცესში მხარის მიერ მიყენებული ზიანის - 161 480 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით, მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
- საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - შეთანხმებული პროექტის, მოპოვებული გეგმისა და საარქივო მონაცემების შესაბამისად იქნა აღდგენილი.
- სადავო სხვენიც და მოსარჩელის ძირითადი საცხოვრებელი ფართიც, ჩამონგრეული იყო და მატერიალურად არ არსებობდა, შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ქონების ღირებულების გაუარესება არ იკვეთებოდა. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და მოპასუხის მხრიდან მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; - გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 50 271 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;
- მითითებული თანხის (50 271 აშშ დოლარის) გადახდის სანაცვლოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოპასუხე სადავო სხვენის მესაკუთრედ აღირიცხა.
9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ მოპასუხეს ევალებოდა, ქ.თბილისში, ......... არეალში -.......... N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (მათ შორის, სადავო სხვენის) პირვანდელი სახით რეაბილიტაცია/გამაგრება და მისი მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის აღდგენა-რესტავრაცია, თუმცა ეს ვალდებულება არ შეასრულა; კერძოდ, სადავო სხვენი პირვანდელი სახით არ აღადგინა, უფრო მეტიც, რეაბილიტირებული სხვენის რაიმე სახით გამოყენება მოსარჩელისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია.
მოცემული მოსაზრების ჩამოყალიბებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 10 აგვისტოს დასკვნა (რომლის თანახმად, ქ.თბილისში, .......... მოედანზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, მათ შორის, სახურავის რეაბილიტაციის განხორციელებისას, არსებული სახურავის კონფიგურაცია იქნა შეცვლილი, რა დროსაც მოხდა სახურავის ქანობის და სიმაღლეების შეცვლა (დადაბლება). ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, სხვენის იატაკიდან სახურავის კეხის ნიშნულამდე სიმაღლე შეადგენს 1.45 მეტრს, სიგრძე - 7.40 მეტრს. აღნიშნულ სხვენს არ გააჩნია ფანჯარა, ფრამუგა, ან ბუნებრივი განათების ღიობი. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული სხვენის სივრცეში განთავსებული ფართი, მისი პარამეტრების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მანსარდის სათავსოს და არ არის შესაძლებელი საცხოვრებელ ფართად მისი გამოყენება) და მოწმეების (მ.ჩ–ძე, ვ.პ–ძე) ჩვენებები.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო სხვენში გადაღებულია ცნობილი მხატვრული ფილმის - „უძინართა მზის“ კადრების ნაწილი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მსახიობები სხვენში თავისუფლად გადაადგილდებიან.
რეაბილიტაციის პროცესში კი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სხვენის პარამეტრები ისე შეიცვალა, რომ ამ ქონებით სარგებლობა ფაქტობრივად შეუძლებელია, კერძოდ: ამჟამად არსებული სიმაღლე (1.45მ) სხვენით სარგებლობის შესაძლებლობას, პრაქტიკულად გამორიცხავს; გაუქმებულია სხვენში არსებული ფანჯრები და ეზოდან ასასვლელი კიბე;
მოპასუხეს სხვენში ასასვლელი ალტერნატიული კიბე (მაგ., შიდა კიბე) არ გაუკეთებია და, როგორც მხარეებმა განმარტეს, ამჟამად მისი მოწყობა შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სადავო სხვენით ვეღარ სარგებლობდა და ვერც მომავალში ისარგებლებდა, თუნდაც რეაბილიტაციის შემდეგ არსებული სახით, ამასთან, პრაქტიკულად გამორიცხულია სხვენის პირვანდელი სახით აღდგენის შესაძლებლობაც. აქედან გამომდინარე, მოპასუხის ზემომითითებული ქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 992-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო ანაზღაურების საფუძველს.
9.2. რაც შეეხებოდა ზიანის ოდენობას, მისი განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ შემდეგი გარემოებებით იხელმძღვანელა:
სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა, კერძოდ, 32.37კვ.მ სხვენის სანაცვლო კომპენსაციის სახით 50 271 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, შენობის რეაბილიტაციის დაწყებამდე, მოპასუხემ ფაქტობრივად ყველა მესაკუთრისგან შეიძინა მათ საკუთრებაში არსებული სხვენი (1 კვ.მ - 3 000-დან 4 000 აშშ დოლარის ფარგლებში) ან სხვენის ფართის შესაბამისი ნივთი (ზოგ შემთხვევაში, უფრო მეტიც კი) საკუთრებაში გადასცა.
სხვენის შეძენა მოპასუხემ მოსარჩელესაც შესთავაზა, მაგრამ ამ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, რადგან რეაბილიტირებული სხვენის საკუთრებაში დატოვება სურდა. ასეთი სურვილი იმითაც იყო განპირობებული, რომ სხვენი მდებარეობდა ამავე შენობაში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის თავზე და, ამდენად, მისთვის მოსახერხებელი იყო პირვანდელი სახით აღდგენილი სხვენით სარგებლობა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა, ასეთი შედეგის დადგომას ის ვერ ივარაუდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადია, უარს არ იტყოდა მოპასუხის შეთავაზებაზე და კუთვნილი სხვენის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას არ დაკარგავდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაკი რეაბილიტაციის შემდეგ მოსარჩელემ სარგებლობაში ვერ მიიღო პირვანდელი სახით აღდგენილი კუთვნილი ქონება, მას შესაბამისი კომპენსაცია უნდა გადასცემოდა, რომლის ოდენობაც მოპასუხის მიერ სხვა მაცხოვრებლების ნივთების შესაძენად გადახდილ ღირებულებასთან შესაბამისი უნდა ყოფილიყო.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა ორი გარიგება, კერძოდ, ა.პ–ძესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული 54კვ.მ სხვენის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 181 935 აშშ დოლარით (1 კვ.მ-ის ფასი - 3 369 აშშ დოლარი), ხოლო, დ.გ–ძესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით - 21კვ.მ. სხვენის ღირებულება განისაზღვრა 94 777.5 აშშ დოლარით (1 კვ.მ-ის ფასი - 4 513 აშშ დოლარი).
ამდენად, ზემომითითებული ორი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქონების საშუალო ფასის (1კვ.მ - 3 941 აშშ დოლარი) გათვალისწინებით, მოსარჩელის სხვენის ღირებულება 127 570 აშშ დოლარს შეადგენდა, რისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც ჰქონდა მოსარჩელეს, თუმცა, ვინაიდან მოსარჩელე ბევრად უფრო ნაკლებ თანხას (50 271 აშშ დოლარი) ითხოვდა, ზიანის ასანაზღაურებლად ეს თანხა სააპელაციო სასამართლომ სრულიად გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია.
9.3. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და კუთვნილი სხვენის ღირებულება მას აუნაზღაურდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი მის საკუთრებაში ვეღარ დარჩებოდა, რადგან ეს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევდა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სსსკ-ის 251-ე მუხლის (თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებული უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. აღნიშნული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა, ან მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად) საფუძველზე, ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის მოსარჩელისთვის გადახდის სანაცვლოდ, სადავო სხვენი მოპასუხეს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, ხსენებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
უშუალოდ ადგილზე საკვლევი მასალის შეგროვებისას სახურავის გადახურვის სიმაღლე განისაზღვრა არსებულ ფაქტიურ მასალაზე დაყრნობით, რაც ასახულია ადგილზე გადაღებულ ფოტომასალაში და სხვა ისტორიულ მასალებში. ფოტოებშიც ფლიგელის ჩამონგრეულ ნაწილში გამოკვეთილად ჩანდა სართულშუა სხვენის გადახურვის და სახურავის მდებარეობის კვალი. შესაბამისად, არსებობდა შენობის სახურავების მკაფიო ფოტოდოკუმენტაცია (როგორც ისტორიული ფოტო, ასევე, სამუშაოების დაწყებამდე გადაღებული ფოტომასალა), რომელსაც პროექტირებისას მკვლევარი და არქიტექტორ-რესტავრატორი დაეყრდნო. ამასთან, სხვენის სივრცეში ვერ იქნებოდა რაიმე ოთახი, ეს არც ფოტოზე არ სჩანს და არც იუსტიციის სამინისტროს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს გეგმებში, რადგან ადგილზე საცხოვრებელი ოთახის არსებობის შემთხვევაში იგი აუცილებლად იქნებოდა აღრიცხული. უფრო მეტიც, ტექბიუროს გეგმებში ნათლად ჩანს, რომ საცხოვრებელ ფართებში მესამე სართულის ზემოთ არანაირი კიბე არ ადიოდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
14. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, წარმატებულია თუ არა 50 271 აშშ დოლარის ოდენობით სადავო სხვენის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის წინააღმდეგ მიმართული სასარჩელო მოთხოვნა.
პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ევალებოდა ზემოაღწერილი სხვენის პირვანდელი სახით რეაბილიტაცია/გამაგრება და მისი მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის აღდგენა-რესტავრაცია, თუმცა ეს ვალდებულება არ შეასრულა, კერძოდ, იგი პირვანდელი სახით არ აღადგინა, უფრო მეტიც, არასათანადოდ რეაბილიტირებული სხვენის რაიმე სახით გამოყენება მოსარჩელისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.
მოცემული დასკვნის საფუძველი შექმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილმა რამდენიმე ფაქტობრივმა გარემოება, კერძოდ:
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 10 აგვისტოს დასკვნამ (რომლის თანახმად, ქ.თბილისში, .......... მოედანზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, მათ შორის, სახურავის რეაბილიტაციის განხორციელებისას, არსებული სახურავის კონფიგურაცია იქნა შეცვლილი, რა დროსაც მოხდა სახურავის ქანობის და სიმაღლეების შეცვლა (დადაბლება). ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, სხვენის იატაკიდან სახურავის კეხის ნიშნულამდე სიმაღლე შეადგენს 1.45 მეტრს, სიგრძე - 7.40 მეტრს. აღნიშნულ სხვენს არ გააჩნია ფანჯარა, ფრამუგა, ან ბუნებრივი განათების ღიობი. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული სხვენის სივრცეში განთავსებული ფართი, მისი პარამეტრების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მანსარდის სათავსოს და არ არის შესაძლებელი საცხოვრებელ ფართად მისი გამოყენება); საქმესთან დაკავშირებით დაკითხული მოწმეების (მ.ჩ–ძე, ვ.პ–ძე) ჩვენებებმა და იმ გარემოების გათვალისწინებამაც, რომ სადავო სხვენში გადაღებულია ცნობილი მხატვრული ფილმის - „უძინართა მზის“ კადრების ნაწილი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მსახიობები სხვენში თავისუფლად გადაადგილდებიან (რაც სადავო ნივთის დღევანდელი პარამეტრების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა).
დასახელებული გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე კანონშესაბამისია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი დასკვნა მასზედ, რომ მოპასუხის ქმედებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, რაც სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ ანაზღაურების საფუძველს ქმნის.
15. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მისი განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოება:
იმავე მისამართზე მცხოვრები სხვა სუბიექტების ნივთის (სხვენების) შესაძენად ხელშეკრულების საშუალო ფასის (1კვ.მ - 3 941 აშშ დოლარი) გათვალისწინებით, მოსარჩელის სხვენის ღირებულება 127 570 აშშ დოლარს შეადგენდა, რისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს ჰქონდა; ვინაიდან მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების სახით ბევრად უფრო ნაკლებ თანხას (50 271 აშშ დოლარი) ითხოვდა, დასახელებული ციფრი გონივრული და სამართლიანია.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და კუთვნილი სხვენის ღირებულება მას აუნაზღაურდა, სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად ჩათვალა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი მის საკუთრებაში ვეღარ დარჩებოდა, რადგან ეს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევდა, შესაბამისად, სსსკ-ის 251-ე მუხლის (თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებული უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. აღნიშნული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა, ან მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად) საფუძველზე ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის მოსარჩელისთვის გადახდის სანაცვლოდ, სადავო სხვენი საკუთრებაში მოპასუხეს უნდა გადასცემოდა.
16. დამატებითი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის დეფინიციის, საქმის სირთულის, წარმომადგენლის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედებების შინაარსისა და სიმრავლის ასევე დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ 6 400 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებისა და ამ ხარჯის 10 000 ლარით განსაზღვრის საფუძვლის არსებობა.
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ააიპ თ.გ.ფ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ააიპ თ.გ.ფ–ს (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 7 209 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #04979, გადახდის თარიღი - 19.06.2024) 70% - 5 046.3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა