28 მარტი, 2024 წელი,
საქმე №ას-1159 -2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ.კ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ლ–ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.კ–ია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ლ.ლ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად დადგინდა, რომ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული თანხები (საცხოვრებელი სახლის მშენებლობის - 450 000 დოლარი, აუზის მოწყობის - 14 000 ლარი, გათბობის სისტემის შეკეთების - 2 700 ლარი, ავეჯისა და ტექნიკის შეძენის - 16 248.63 ლარი, კომუნალური გადასახადების - 70 443.7 ლარი ასევე მოპასუხისთვის გადაცემული - 10 770 ლარი და შვილების სწავლის საფასური - 97 753 ლარი) არ არის გაწეული მოსარჩელის მიერ და შესაბამისად, მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტიც ვერ იქნა დადასტურებული; კასატორის მოსაზრებით საქმეში არსებული გარემოებების სათანადოდ შეფასების პირობებში მისი მხრიდან ზემოაღნიშნული თანხების გადახდა დადასტურდებოდა და სასარჩელო მოთხოვნაც სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეები 1998 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ლ. და ე.
4.4. თბილისში, ....... გამზირი #14-ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ-ით #........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი უძრავი ქონება) მოპასუხის საკუთრებაა.
4.5. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონება ს/კ-ით #.......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი უძრავი ქონება) მოპასუხეს ეკუთვნის.
4.6. მოპასუხე შპს „ა–ის “ დირექტორი და შპს „უ.ტ–ის“, შპს „ნ.კ–ის“, შპს „კ.კ–ის“, შპს „რ.კ.ჯ–სა“ და შპს „ე–ის“ წილის მფლობელი პარტნიორია.
4.7. პირველი უძრავი ქონება კომერციული მიზნითაა გაქირავებულია, თუმცა მოპასუხე საიჯარო ქირას არ იღებს.
4.8. მხარეები 2021 წლის აგვისტოს ბოლოდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე შვილებთან ერთად მეორე უძრავ ქონებაში ცხოვრობს.
4.9. მეორე უძრავი ქონების აშენებისა და სარემონტო სამუშაოების, აუზის მშენებლობის, გათბობის სისტემის შეკეთების, კომუნალური გადასახადების, ავეჯისა და ტექნიკის შეძენის, საერთო შვილების სწავლის საფასურის გადახდას, ასევე პირადი ხასიათის გადარიცხვას მოპასუხე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება არ მოჰყოლია.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მოპასუხისთვის თანხის დაკისრება, სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში), 979.1 (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით), 986-ე (პირს რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია, ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება) და 987.1 (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომთ ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობითაა განპირობებული.
6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია თუ რამდენად სწორად უარყო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მეორე უძრავი ქონების აშენებისა და სარემონტო სამუშაოების, აუზის მშენებლობის, გათბობის სისტემის შეკეთების, კომუნალური გადასახადების, ავეჯისა და ტექნიკის შეძენის, პირადი გადარიცხის ფარგლებში გადაცემული თანხის და საერთო შვილების სწავლის საფასურის ანაზღაურების ფარგლებში გადახდილი თანხის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნები.
7. სარჩელი წარმატებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა, რომ მისი მხრიდან ხარჯის გაწევას შედეგად მოჰყვა მოპასუხის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამდიდრება. საკასაციო პალატის დასკვნით, შესრულების კონდიქციის მომწესრიგებელი ნორმის (სსკ-ის 976-ე მუხლი) გამოყენების სამართლებრივი წინაპირობებია: ა) გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემა; ბ) გადაცემის განხორციელება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და გ) მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის დადგენა.
საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა ვლინდებოდეს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა.
ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, რისი შედეგია უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის, მესამე პირთა ქმედების თუ განხორციელდა მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათი მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას.
კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება.
უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.
8. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
8.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
8.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
8.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
8.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
8.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
9. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. სახელდობრ, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურა ხარჯის გაწევის შედეგად მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი; ეს დასკვნა ეფუძნება შემდეგ არგუმენტებს:
10. საქმეში წარდგენილია 2021 წლის 14 და 15 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტები რომლის მიხედვით, დამკვეთმა/მოსარჩელემ სხვადასხვა პირებს/შემსრულებლებს მეორე უძრავ ქონებაზე/მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ე.წ. „შავი კარკასის“, წყალგაყვანილობის სისტემის, საცხოვრებელი სახლის გადახურვის, აუზის მშენებლობის/მოპირკეთების, ღობის მშენებლობისა და ქვით მოპირკეთების, სახლის ფასადის ქვით მოპირკეთების, ჭიშკრების, სამღებრო და სადურგლო სამუშაოების, გათბობის სისტემის შეკეთებისა და მოპასუხისთვის მძღოლის მომსახურების გაწევის სამუშაოები დაუკვეთა. რისთვისაც უნაღდო ანგარიშწორებით - 450 000 აშშ დოლარი გადაიხადა, თუმცა სამუშაოების შესრულების პერიოდი მიღება-ჩაბარების აქტით არ დგინდება (იხ. მიღება-ჩაბარების აქტები).
11. მოსარჩელის დაკვეთით, შპს „ნ–ამ“ მიერ 2013 წლის მაისში აუზისათვის 14 000 ლარის მასალა დანადგარების მიწოდება და ტექნოლოგიური ნაწილის სამუშაოების შესრულება განახორციელა. 2011 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 11 სექტემბრამდე შპს „ყ-თ–ის“, სს „თე–ის“ და შპს „ჯ. უ. ე. ფ–ის“ ანგარიშებზე მოსარჩელემ კომუნალური გადასახადები დაფარა, სხვადასხვა ტექნიკა და ავეჯიც შეიძინა (იხ. სს „თ. ბ–ის“ ამონაწერები).
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით სადავო საცხოვრებელ სახლში მხარეებმა ერთობლივი ცხოვრება 2012-2013 წლებში დაიწყეს, რასაც მოპასუხე უარყოფდა და უთითებდა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა და ოჯახი იქ საცხოვრებლად 2007 წელს გადავიდა; თუმცა მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ხარჯის გაწევს ფაქტი, ვინაიდან, გაურკვეველია, დასრულებულ საცხოვრებელ სახლთან, სადაც მოსარჩელის განმარტებით ოჯახი საცხოვრებლად 2012-2013 წლებში გადავიდა, როგორაა დაკავშირებული 2021 წლის 14 და 15 სექტემბრით დათარიღებული სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე მოსარჩელის არგუმენტი/მტკიცებულებები, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხარჯის გაღების ფაქტიც არ დასტურდება.
13. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერაც დადგინდა, მხარეები 1998 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ბოლომდე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და საერთო მეურნეობას ეწეოდნენ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი (აუზის მშენებლობა, ავეჯისა თუ ტექნიკის შეძენა, კომუნალური გადასახადების გადახდა) მათ შორის კასატორის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასაც მოხმარდა და ამ თანხებით მოპასუხე არ გამდიდრებულა.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხისთვის გადარიცხული თანხებისა და საერთო შვილების სწავლის საფასურის გადახდით, მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე მოსარჩელის მითითებას და მის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1198.1 (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) და 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) მუხლზე, რომლის ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, როგორც არასრულწლოვანი შვილების კანონიერ წარმომადგენელს/მამას, ევალებოდა მათი ინტერესების ჯეროვანი დაცვა და მათთვის სრულყოფილი სოციალური გარანტიების შექმნა. შესაბამისად, შვილების სწავლის საფასურის დაფარვა, მოპასუხის მიმართ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის დადგენის წინაპირობად ვერ მიიჩნევა, ისევე როგორც, მხარეთა თანაცხოვრების მანძილზე მათი საერთო მიზნებისა და ინტერესებისათვის მოსარჩელის ნებით მოპასუხისათვის გადარიცხული თანხები.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებით არ დასტურდება კონდიქციურ ვალდებულებათა დამდგენი ნორმის ამოქმედებისათვის არსებითი ხასიათის მქონე გარემოებების არსებობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
16. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის არაარსებით პრეტენზიაზე.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს დ.ტ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადახდო დავალება #2713, გადახდის თარიღი 17.08.2023წ), 70% - 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.კ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ.კ–იას (ს/კ .......) დაუბრუნდეს დ. ტ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადახდო დავალება #2713, გადახდის თარიღი 17.08.2023წ), 70% - 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე