Facebook Twitter

16 იანვარი, 2025 წელი,

#ას-1358-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ. ა. პ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით თანხის დაკისრების თაობაზე შპს „ვ.ა.პ“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 36988,92 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი დასკვნა ჩამოაყალიბა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2017 წლის 4 მაისს გაფორმებული N02.01/30/272 (ტენდერის ნომერი NAT170....) ხელშეკრულების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), ფარგლებში მოსარჩელემ თბილისში, ისნის რაიონში, ....... მოპირდაპირედ მდებარე, რკინიგზიდან კახეთის ხევამდე სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოები შეასრულა.

4.3.1. სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველმა სამუშაოების შესრულების პროცესში თითოეული შესრულებიდან დააკავა შესრულების ღირებულების 5%, რომლიდანაც პირველი 2.5% უნდა დაბრუნებულიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, ხოლო დარჩენილი 2.5% - საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. საგარანტიო ვადა 3 წელს შეადგენდა (იხ. შეთანხმების 4.3 პუნქტი).

4.3.2. მხარეებმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი - 2017 წლის 28 დეკემბერს გააფორმეს, შესაბამისად, სამ წლიანი საგარანტიო ვადა - 2020 წლის 28 დეკემბერს ამოიწურა.

4.3.4. სამუშაოების ჯამური ღირებულება - 436 997.66 ლარი, ხოლო დაკავებული თანხის ოდენობა - 10 924.94 ლარია (იხ. 2017 წლის 28 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი).

4.4. ტენდერის ფარგლებში, მხარეებმა იმავე პირობებით N02.01/30/253 ხელშეკრულებაც გააფორმეს, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ....... ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობის და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა. საგარანტიო პირობები ამ ხელშეკრულებაზეც ანალოგიურად ვრცელდებოდა.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა - 632 462.28 ლარის.

4.4.1. 2018 წლის 5 აპრილს მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმეს. საგარანტიოდ დაკავებული თანხა, რომლის ვადაც ამოწურულია - 15 811.56 ლარია, თუმცა შემსყიდველმა თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

4.5. 2018 წლის 1 მაისს მხარეებმა კვლავ გაფორმეს #02.01/30/211 შეთანხმება, საგარანტიო თანხის დაბრუნებასთან მიმართებით, იგივე პირობა იქნა გათვალისწინებული.

4.5.1. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი - 2018 წლის 26 დეკემბერს გააფორმდა, სამუშაოების ღირებულება შეადგენდა - 410 096.86 ლარს, საიდანაც - 10 252.42 ლარი, საგარანტიო პერიოდით/3 წლით, დაკავდა.

4.5.2. საგარანტიო ვადა - 2020 წლის 26 დეკემბერს ამოიწურა, თუმცა შემსყიდველს თანხა არ დაუბრუნებია.

4.6. მოსარჩელემ სამუშაოები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა.

4.7. სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაკავებული საგარანტიო თანხები ჯამურად - 36 988.92 ლარს შეადგენს, რომელიც მიუხედავად საგარანტიო ვადის გასვლისა მოპასუხეს არ დაუბრუნებია.

5. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოსარჩელეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებათა რიცხვს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 629.1 მუხლი). ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებულებელი (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტია. როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ.

ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე - კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია, შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულება სრულდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს შესრულებას, კრედიტორი იღებს შესრულებას. უარყოფითი შინაარსის მქონე ვალდებულებების არსებობა გამოიხატება გარკვეული მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებით (მაგალითად, სამეზობლო თმენის ვალდებულებები და ა.შ.). ასეთი უმოქმედობაც ხორციელდება მოვალის ძალისხმევით, ამიტომაც იურიდიულ ლიტერატურაში ვალდებულების შესრულების აღმნიშვნელ ტერმინად ძირითადად გამოიყენება ტერმინი – ქმედება.

7. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.

8. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361.2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

9. დადგენილია, რომ სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველმა სამუშაოების შესრულების პროცესში თითოეული შესრულებიდან დააკავა შესრულების ღირებულების 5%, რომლიდანაც პირველი ეტაპი - 2.5% უნდა დაბრუნებულიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, ხოლო დარჩენილი 2.5% - საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

ასევე დადგენილია, რომ საგარანტიო ვადა 3 წელს შეადგენდა.

10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სამუშაოები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა. ასევე დადასტურებულია, რომ სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაკავებული საგარანტიო თანხები ჯამურად - 36 988.92 ლარს შეადგენს, რომლებიც მიუხედავად საგარანტიო ვადის ამოწურვისა მოპასუხეს არ დაუბრუნებია.

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლით კი, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხაზგასასმელია, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხები წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართალურთიერთობის ფარგლებში მენარდისთვის დამკვეთის მხრიდან გადასახდელ ანაზღაურებას და სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით შემკვეთი ვალდებულია მენარდეს სრულად გადაუხადოს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

12. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამოქალაქო სამართალში გაბატონებული დოქტრინის და განჩინებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი - 36 988.92 ლარი, შესაბამისი საფუძვლის გარეშე დააკავა და მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ამ თანხის ანაზღაურება.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა