16 ნოემბერი, 2023 წელი,
საქმე №ას-1242-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ჟ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ბ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, ვ.ჟ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 4274.85 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
კასატორის მითითებით, მოპასუხე ბანკისგან ყოველთვიურად იღებდა შრომის ანაზღაურებას, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მან დაარღვია შრომითი ხელშეკრულების დანართით Nვ გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის პირობა და კონკურენტ ორგანიზაციაში ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 6 თვის განმავლობაში მოპასუხეს არც ერთხელ არ განუცხადებია უარი თანხის ჩარიცხვასთან დაკავშრებით, შესაბამისად, სახეზეა მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რაც დამსაქმებელს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას ანიჭებდა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოპასუხე 2018 წლის 1 აგვისტოს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მიკრო საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე იყო დასაქმებული მოსარჩელე კომპანიაში და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 900 ლარს შეადგენდა.
4.3.1. 2019 წლის 1 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა N2019020117001028064 შრომითი ხელშეკრულება 12 თვის ვადით, მიკრო საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 900 ლარით განისაზღვრა.
4.3.2. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმებული დანართი Nვ-ს 1-ლი პუნქტით, დასაქმებულს დაუდგინდა კონკურენციის შეზღუდვის პირობა; კერძოდ, ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის, მათ შორის ვადის გასვლის შემთხვევაში, დამსაქმებელს აქვს უფლება - საკუთარი გადაწყვეტილებითა და დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე შეუზღუდოს დასაქმებულს უფლება იმუშაოს ფინანსურ სფეროში და/ან გაუწიოს საკონსულტაციო ან მსგავსი სერვისები (უშუალოდ და მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით) კონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტს/ებში („კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსტიტუტები), სადაც ოპერირებს დამსაქმებელი და/ან მისი შვილობილი კომპანია/ები.
ამასთან, სპეციალური პირობების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. აღნიშნული შეთანხმების 1.3 პუნქტის საფუძველზე, ბანკმა აიღო ვალდებულება დასაქმების შეზღუდვის შემთხვევაში, კომპენსაციის მიზნით დასაქმებულისთვის ყოველთვიურად გადაეხადა კომპენსაცია ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობით.
4.3.3. 2019 წლის 1 თებერვლის შრომითი ხელშკერულების Nვ დანართის მესამე პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია დამსაქმებელს გადაუხადოს პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რაც ტოლია ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების (შრომის ანაზღაურების და სხვა კომპენსაციის ჩათვლით).
2019 წლის 1 თებერვლის შრომითი ხელშეკრულების დანართით მხარეები შეთანხმდნენ ინფორმაციის კონფიდენციალურობის პირობებზე, კერძოდ, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაიცვას ბანკის ან/და მესამე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა ამ ინფორმაციის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.
4.4. დამსაქმებელმა 2020 წლის 2 მარტის ბრძანებით, შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რასაც საფუძვლად დაედო დასაქმებულის პირადი განცხადება. შრომითი ურთიერთობის უკანასკნელ თარიღად - 2020 წლის 23 მარტი განისაზღვრა.
4.5. 2020 წლის 16 მარტის წერილით, მოსარჩელემ დასაქმებულს აცნობა დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების თაობაზე, რომელიც მოპასუხემ 2020 წლის 24 მარტს პირადად ჩაიბარა.
4.6. მოპასუხე 2020 წლის 25 მარტს დასაქმდა სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კონკურენტი ბაკი) ვანის ფილიალში, კრედიტ ოფიცრის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა 2020 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო იმავე წლის 9 ნოემბრიდან დღემდე მუშაობს საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე.
4.7. მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების Nვ დანართის საფუძველზე, დასაქმების შეზღუდვის გათვალისწინებით, მოპასუხეს ყოველთვიურად უხდიდა კომპენსაციას შრომის ანაზღაურების ოდენობით. სულ შეზღუდვის მოქმედების პერიოდში მოპასუხისთვის 6 თვეში გადარიცხული თანხა - 5400 ლარია. ამასთან, გადასახადების ჩამოჭრის შემდეგ, მოპასუხის ანგარიშზე 6 თვის მანძილზე ეტაპობრივად ჩაირიცხა - 4274.85 ლარი.
4.8. მხარეთა შორის სადავო არ არის და მოპასუხემაც დაადასტურა - 4274.85 ლარის მიღება. მითითებული თანხის დაბრუნების ნაწილში სარჩელი, იმ გარემოებაზე მითითებით, ცნო რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვა არ ამოქმედებულა. გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
4.9. მოპასუხის ანგარიშზე დასაქმების შეზღუდვის საკომპენსაციო თანხა - 257.16 ლარი (ე.წ. ,,გარდენინგის“ დანიშნულებით) 2020 წლის 31 მარტს ჩაერიცხა.
4.10. მოპასუხეს დამსაქმებელთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კონკურენტ ბანკში დასაქმებით, იმ დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 46.3 მუხლის მოთხოვნა არ დაურღვევია.
5. მოსარჩელისთვის მისაღწევი სასურველი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, კერძოდ გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვის ვალდებულების დარღვევისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 60.1 (შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს მისი დამსაქმებლის კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის შრომის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით) და 60.3 (ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლები; ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული არ არის, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 60.1 მუხლის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში; თუმცა გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და, ამ უფლების შეზღუდვისას, საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია.
7. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს წინასწარ სრულად გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.
სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 60.1 მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კონპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი, განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით (შდრ. სუსგ. #ას-1041-2019, 12.02.2020 წ).
8. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის მსჯელობას, რომ მოპასუხე სადავო პერიოდში დასაქმდა და უშუალოდ მათთან მიღებულ ცოდნასა და კვალიფიკაციას იყენებდა კონკურენტ საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ და აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირით წარმოქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი.
განსახილველ შემთხვევაში, 2020 წლის 2 მარტის N219-კ ბრძანება, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მხარეთა შეთანხმებაა. ამასთან, 2020 წლის 16 მარტის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს შრომის კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენების თაობაზე, თუმცა უფლების შეზღუდვის საკომპენსაციო თანხა 2020 წლის 31 მარტს, მხოლოდ მას შემდეგ ჩაურიცხა როცა მოპასუხე 2020 წლის 25 მარტს კონკურენტ ბანკში დასაქმდა. ამ მნიშვნელოვანი გარემოების ანალიზი სასამართლოს უყალიბებს დასკვნას, რომ მოსარჩელეს დასაქმების შეზღუდვის შესახებ შეთანხმების პირობები არ შეუსრულებია, შესაბამისად, მოპასუხესაც არ წარმოშობია, შეთავაზებულ სამუშაოზე უარის თქმის ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მოპასუხის დასაქმების თაობაზე, იგი მაინც ურიცხავდა თანხას მოპასუხეს.
9. დამატებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა სადავო პერიოდში მოპასუხის მიერ კასატორთან მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ გამოუყენების არარსებობის ფაქტიც; გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის ერთ ერთ დამოუკიდებელ არგუმენტადაც შეიძლება განვიხილოთ.
10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #18843, გადახდის თარიღი 29.09.2023წ.), 70% 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #18843, გადახდის თარიღი 29.09.2023წ.), 70% 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე