Facebook Twitter

საქმე №ას-1286-2024

18 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ღ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი.ღ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“,) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.მ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ „კასატორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ №......) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 06/10/2008 წელს (ს.ფ. 15);

6.2. სადავო უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ქონების მართლზომიერ ფლობაზე აპელირებს და განმარტავს, რომ მოსარჩელის უფლების დამდგენი ნასყიდობის ხელშეკრულება არის მოჩვენებითი და მისი მხრიდან ნასყიდობის საფასურის გადახდა არასდროს მომხდარა, თუმცა არც მიმდინარე დავის ფარგლებში და არც ცალკე სასარჩელო წარმოებით, მხარეს სადავოდ არ გაუხდია ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა. შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის შედავებული კანონით დადგენილი წესით და არ არსებობს მასთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მოპასუხე მხარის ზეპირი განმარტებები სხვა სადავო გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოადგენს ვინდიკაციის ფარგლებში სათანადო შედავებას. სწორედ აღნიშნული საფუძვლით არ დაკმაყოფილდა მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობა, რამდენადაც პოტენციურ მოწმეთა ჩვენებები, მსგავსად თვით მხარის ზეპირი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი - ნასყიდობის ხელშეკრულება - არ არის სადავოდ ქცეული.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

10.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ;

10.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სამართალურთიერთობა. არასწორი განმარტება მისცა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებას, რომლითაც ამხანაგობა „ვერა 99“-ის 2008 წლის 4 აგვისტოს კრების ოქმით მოსარჩელეს თბილისში, ........ მშენებარე საცხოვრებელ სახლში საკუთრების უფლებით გამოეყოფოდა 160.14 კვ.მ ფართი. აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს, რომ მოსარჩელეს ზემოთხსენებული ფართის მიღებისათვის, დამატებითი გარანტია ესაჭიროებოდა, რათა დაზღვეული ყოფილიყო, ვიდრე არ ჩაიბარებდა ბინას. კორპუსი იყო მშენებარე და ამის გათვალისწინებით, მოსარჩელემ ამხანაგობის თავჯდომარეს (რომელიც არის კასატორის მეუღლის ძმა) მოსთხოვა საგარანტიოდ, დროებით, რაიმე სახის ფართი გაეფორმებინა მის სახელზე და მშენებარე კორპუსში, საცხოვრებელი ფართის 160 კვ.მ მეტრის გადაცემის შემდგომ, იგი უკან დააბრუნებდა მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება 2008 წელს;

10.3. მოსარჩელეს არცერთი თეთრი არ გადაუხდია და არ უყიდია მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ეს იყო ფორმალობა, მოპასუხისათვის თანხის გადაცემის, მის საბანკო ანგარიშსზე თანხის ჩარიცხვის ან რაიმე სხვა სახით თანხის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს. უძრავი ქონების შესაძენად მყიდველმა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული თანხა, რომ იგი გახდეს კეთილსინდისიერი მესაკუთრე, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

18. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას.

20. ვინდიკაციური სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)

21. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 15), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

24. საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის განხილვის საგანი ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში, ვერ იქნებოდა იმ ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა. ასეთ პირობებში, სასამართლო ასევე მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა გადაიხადა თუ არა მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონების შეძენისას თანხა. საჯარო რეესტრის ამონაწერში საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რა პირობებში (თუ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის), პრეზუმიერებულია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია და თანხაც გადახდილია. ამასთან, თანხის გადახდიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომელიც კასატორს შეიძლება ჰქონდეს მოსარჩელის მიმართ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დავის საგანი. მოპასუხეს შეგებებული სარჩელი მსგავსი მოთხოვნებით არ წარუდგენია და არც ის მიუთითებია, რომ აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოში მიმდინარე სხვა დავის საგანს.

25. რაც შეეხება პრეტენზიას მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 140-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არა აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობას ასაბუთებდა იმ მოტივით, რომ ისინი წარმოადგენენ პირებს, რომელთაც იციან ფაქტობრივი გარემოებები ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მოსარჩელის საკუთრების უფლების უფლებადამდგენ დოკუმენტზე, კერძოდ, როგორ და რა პირობებში შედგა ეს უკანასკნელი, რომ სინამდვილეში ის იყო არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ ამ ხელშეკრულების გაფორმებას ჰქონდა გარანტიის ფუნქცია (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი, 14:33:17-14:39:15). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, იმ პირობებში, როდესაც კანონით დადგენილი წესით საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი შედავებული არ არის, ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში, ამ გარემოებების გამოკვლევა ვერ მოხდება, თავის მხრივ კი, ასეთი მოთხოვნის არარსებობის პირობებში, მაარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის მართლზომიერი ფლობის დადასტურება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს მართლზომიერად ეთქვა უარი მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაზე.

26. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის შეპირისპირება წარმოადგენს, შესაბამისად, მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნის შესაგებლით გამორიცხვაც სწორედ ამ გარემოების წარმატებით მტკიცების რეალიზაციაზეა დამოკიდებული. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ., მაგ., სუსგ საქმე №ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი; საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1370-2020, 30 ნოემბერი, 2021 წელი; №ას-1220-2020, 14 დეკემბერი, 2021 წელი; №ას-111-2022, 11 მარტი, 2022 წელი; №ას-316-2022, 21 ივნისი, 2022 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 10 ლარი და დარჩენილი - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ხ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ხ.მ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მ.კ–ას (პ/ნ ......) მიერ 2024 წლის 21 ოქტომბერს №24260463689 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე