Facebook Twitter

საქმე №ას-1242-2024

11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ვ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩნება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ.ვ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.მ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა არაქონებრივი ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოპასუხე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის 8 აპრილის ჩათვლით, ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელ ბინაში (მეუღლეთა საცხოვრებელი სახლი), სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე - მოსარჩელეზე. კერძოდ, იგინებოდა მისი მისამართით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, როგორიცაა: „დებილი“, „იდიოტი“, „არაადამიანი“, „ცხოველი“. ეუბნებოდა, რომ მას არაფრის კეთება შეეძლო. ფსიქოლოგიური ძალადობის მოტივი იყო მოპასუხის სტერეოტიპული დამოკიდებულებები ქალის როლთან დაკავშირებით, რისი ზეგავლენითაც იგი მეუღლეს, როგორც ქალს, არ აძლევდა უფლებას, მისგან დამოუკიდებლად და მისი აზრის გაუთვალისწინებლად მიეღო გადაწყვეტილებები (ტომი I, ს.ფ. 36-39);

6.2. მოპასუხე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 2021 წლის მარტის თვის ბოლო რიცხვებიდან 8 აპრილის ჩათვლით, სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა თავის მეუღლეზე. როგორც ქალს, არ აძლევდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას, ვერ ეგუებოდა, რომ იგი არ ითვალისწინებდა მის ნათქვამს. ამ მოტივით, მოპასუხემ 2021 წლის მარტის თვის ბოლო რიცხვებში, მოსარჩელეს მუშტი ჩაარტყა მკერდის მიდამოში და სილა გაარტყა სახის არეში. 2021 წლის 7 აპრილს, საღამოს საათებში, კვლავ იძალადა მეუღლეზე, კერძოდ, მუშტი დაარტყა შუბლის მიდამოში. მან ასევე იძალადა მომდევნო დღეს, 2021 წლის 8 აპრილს, შუადღის საათებში, როდესაც მუშტი დაარტყა მარცხენა მხარეს ნეკნების არეში. (ტომი I, ს.ფ. 36-39; 40-40; 41-42; 62).

6.3. 2021 წლის 7 აპრილს, საღამოს საათებში, მეუღლეთა საცხოვრებელ სახლში, მოპასუხე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოსარჩელეს; ამ უკანასკნელს უღერებდა მუშტებს და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. რაც მოსარჩელემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის განხორციელების მოტივს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მეუღლისგან დამოუკიდებლად და მისი აზრის გაუთვალისწინებლად განხორციელებული ქმედება;

6.4. 2021 წლის 8 აპრილს, შუადღის საათებში, მეუღლეთა საცხოვრებელ სახლში, მოპასუხე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოსარჩელეს; კერძოდ, ამ უკანასკნელს უთხრა, რომ სულერთი იყო, მაინც მოკლავდა, რაც მოსარჩელემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ტომი I, ს.ფ. 36-39);

6.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბერს №1/2057-21 განაჩენით მოპასუხე ზემოაღნიშნულ ბრალდებებში სრულად იქნა დამნაშავედ ცნობილი. განაჩენი ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის №1ბ/92-22 განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის N896აპ-22 განჩინებით, მოპასუხისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული განაჩენები (ტომი I, ს.ფ. 73-89; 90-102; 103-114);

6.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 7 მაისის №003050021 სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია მოსარჩელის ფსიქოლოგიური ტანჯვა. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად, ვლინდება შიში, უმწეობის განცდა, სიტუაციის მიუღებლობა, ემოციური დათრგუნულობა, [...] გამოხატულია საფრთხის განცდა, ვლინდება გადაღლა, უმწეობის განცდა დაბრკოლებების და სირთულეების წინაშე (ტომი I, ს.ფ. 63-68).

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 აპრილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №002893121 დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების (ჰემატომების) სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან მითითებულ თარიღს (07-08/04/2021 წელი)(ტომი I, ს.ფ. 60-61).

8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 7 მაისის №003050021 სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია მოსარჩელის ფსიქოლოგიური ტანჯვა (ტომი I, ს.ფ. 63-68).

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 408-ე, 413-ე, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 , 30920 მუხლებით.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტებაზე (რომლის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გაანიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920-ე მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (საქმე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი)) და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, განაჩენით დადგენილი ფაქტები პრეიუდიციულად იქნება თუ არა მიჩნეული, მოპასუხეს მისი შინაარსის გამაქარწყლებელი სხვა რელევანტური მტკიცებულება არ წარუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა დადასტურებულად მიიჩნია.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზება დამოკიდებული არ არის მოთხოვნის უფლების მქონე პირი მყისიერად აღძრავს თუ არა სარჩელს მორალური ზიანის წარმომშობი ქმედების ჩადენიდან. არაქონებრივი ზიანის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფლების საკითხზე მსჯელობისათვის ასევე რელევანტური არ არის ის გარემოება დაზარალებული ქმედების ჩადენის მომენტიდან საქმის განხილვის ეტაპისთვის ფსიქოლოგიურად რეაბილიტირებულია თუ არა. დაზარალებულის ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება დაცვის ღირს ინტერესს წარმოადგენს მაშინაც, როდესაც ძალადობის ფაქტებიდან გარკვეული დროა გასული, დაზარალებული მეტნაკლებად რეაბილიტირებულია. დროის გასვლა არ აქარწყლებს ქმედების მართლწინააღმდეგობას და არც იმ მორალურ ზიანს ამცირებს, რაც დაზარალებულს ძალადობის მომენტში მიადგა.

12. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ქალის მიმართ ძალადობის აღკვეთის, ასევე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მასზე ეფექტურად რეაგირების მნიშვნელობაზე, რაც, თავისი არსით, ყოველგვარი დამატებითი მტკიცების გარეშე, სქესის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ერთ-ერთი ძალადობრივი გამოვლინებაა. ასეთ შემთხვევაში, მსხვერპლი ქალი ფიზიკური ტკივილის გარდა, განიცდის ფსიქოლოგიურ სტრესს, აქვს დაუცველობისა და უსუსურობის შეგრძნება, უყალიბდება არასრულფასოვნების, გარიყულობისა და მიუღებლობის განცდა, არ აქვს მაღალი დაცულობის შეგრძნება გარშემომყოფების მხრიდან, რომლებმაც მოძალადის საქციელი შეიძლება ამა თუ იმ არგუმენტით გაამართლონ და ა. შ. ქალის მიმართ ძალადობა, მით უფრო, ოჯახში, სადაც ოჯახის წევრის მიმართ მეტი ნდობა, პატივისცემა და დაცულობის მაღალი განცდა უნდა სუფევდეს, გარდა იმისა, რომ დაუშვებელია, კანონით აკრძალულია, ასევე, მკვეთრად გასაკიცხია. შესაბამისად, ნებისმიერმა მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური განცდით არ შემოიფარგლება, ძალადობის თანმდევი შედეგი ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, სულიერი ტკივილია, ფსიქიკური ტანჯვაა. დაუშვებელია ძალადობის მსხვერპლ ქალს მოეთხოვოს დამატებითი მტკიცებულების წარდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ, როცა ოჯახში სცემეს, ეტკინა, ინერვიულა, ფსიქოლოგიურად განიცადა, სულიერი და ფსიქიკური ტანჯვა ახლდა მის მიმართ ამგვარ მოპყრობას, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ამგვარი ფიზიკური ძალადობის თანმდევი შედეგი სულიერი ტანჯვაა და ამგვარი ტანჯვა პრეზუმირებულია. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის გადანაწილების თვალსაზრისით, თუ ქალი დაადასტურებს მის მიმართ ძალადობის ფაქტს და აღწერს გარემოებებს, რაც მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების ოდენობას განაპირობებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოძალადეზე, რომელმაც უნდა ამტკიცოს, რომ ეს ის საგამონაკლისო შემთხვევაა, როცა პრეზუმფცია არ მოქმედებს და ქალს არ შეიძლებოდა ჰქონოდა ფსიქიკური ტანჯვის განმაპირობებელი განცდები და ემოციები. ასევე, დაუშვებელია გარკვეული დროის გასვლა, ქალის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია იქცეს უკვე განცდილი მორალური ზიანის უგულვებელყოფის ან ნაკლებად მნიშვნელოვნად აღქმის საფუძველი. ამასთან, დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ზიანის ეფექტური ანაზღაურების მექანიზმები, აღნიშნული მექანიზმები უნდა იყოს დაუყოვნებელი ხასიათის, ყოვლისმომცველი და განცდილი ზიანის სიმძიმის პროპორციული.

13. სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი მხედველობაში იღებს ჩადენილი ძალადობის ხასიათს, განგრძობადობას, მიყენებული ფიზიკური დაზიანებისა და ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს, დაზარალებულის ასაკს, მის მიერ ქმედებასთან დამოკიდებულებას, მისი აღქმის მასშტაბს და იმ ვითარებაში, როდესაც მორალური ზიანის განსაზღვრისათვის არ არსებობს მათემატიკური გაანგარიშების კრიტერიუმები, მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის 10 000 ლარის დაკისრება, ზიანის ანაზღაურების ადეკვატურ ოდენობაა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა.

15. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

15.1. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოპასუხე არ აღიარებდა ბრალად წარდგენილ ქმედებას სისხლის სამართლის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, რამდენადაც ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები არ ჩაუდენია;

15.2. მორალური ზიანის ანაზღაურება არ უნდა ხდებოდეს მოპასუხის დასჯის მიზნით. განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ განესაზღვრა სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 9 თვის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა და 151 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონმდებელი მაქსიმალური სასჯელის ზომად ადგენს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, მოპასუხემ ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის უკვე აგო პასუხი და მოიხადა სასჯელის ნაწილი. მისთვის დამატებით, სამოქალაქო დავის ფარგლებში, მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 10 000 ლარის ოდენობით, ატარებს მხოლოდ და მხოლოდ სადამსჯელო ფუნქციას. კომპენსაციის მიზანს უნდა წარმოადგენდეს მოსარჩელის გამართლება და მორალური ზარალით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება;

15.3. სასამართლოში წარდგენილი ფსიქოლოგიური დასკვნა გაცემული იყო სისხლის სამართლის საქმეზე ბრალეულობის დადგენის მიზნით, სადაც სრულიად სხვა სტანდარტით ხდება პირის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება, რაც მხედველობაში არ მიიღო სასამართლომ. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ იყო წარდგენილი მტკიცებულება თუ როგორია მოსარჩელის დღევანდელი მდგომარეობა, სასამართლომ მაინც დააკისრა კასატორს მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით;

15.4. სასამართლომ ყურადღება არც მოპასუხის მატერიალურ შესაძლებლობაზე გაამახვილა. მოპასუხემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა რამდენიმე თვის წინ, სადაც მას 3 წლის განმავლობაში მოუწია ყოფნა. კასატორს დღემდე არ აქვს გავლილი რებილიტაცია, ის ვერ იწყებს სამსახურს და არ აქვს მატერილური შემოსავალი. ამასთანავე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ისიც, რომ მოპასუხეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომლის სარჩენად მორიგების აქტის საფუძველზე, ყოველთვიურად იხდის 200 ლარს;

15.5. დაზარალებულის უფლებების დაცვა არ უნდა გახდეს მსჯავრდებულის უფლებების უკიდურესი შეზღუდვის საფუძველი;

15.6. სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა მოპასუხის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კერძოდ, მოპასუხე ცდილობს კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს დაზარალებულთან და მასთან ერთად იზრუნოს არასრულწლოვანი შვილის კეთილდღეობაზე;

15.7. კონკრეტულ საქმეზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა დაადგინოს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისთვის აუცილებელი ინდივიდუალური ნიშნები. ფიზიკური ტანჯვა ივარაუდება მხოლოდ სიცოცხლისა და ჯანმრთელბისთვის ზიანის მიყენებისას, მაგრამ მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა დასაბუთებულად უნდა დამტკიცდეს ტანჯვის დონით. განსახილველ შემთვევაში, აპელანტის ბრალეულობაზე მსჯელობისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ მოპასუხეს ბრალად წარედგინა ძალადობა რაც გულისხმობს მსუბუქი ხარისხის დაზიანებას (დადასტურებულია ექსპერტიზის დაკვნითაც). შესაბამისად, ხსნებული მსუბუქი კატეგორიის დანაშაულის შეუსაბამოა მოპასუხისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებლობასთან ერთად მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარის დაკისრება.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391- ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

21. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ №ას-839-805-2016, 6 მარტი 2017 წელი).

23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არის თუ არა სახეზე მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წელს, საქართველომ განახორციელა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (ასევე ტექსტში მოხსენიებული - სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება და მიიღო ზომები ქვეყნის შიდა კანონმდებლობის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

25. სტამბოლის კონვენციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა მსხვერპლი უზრუნველყოფილი იყოს შესაფერისი სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებთან მიმართებაში. ამავე კონვენციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლს ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია ძალადობის აქტების ჩამდენი პირებისგან ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი დანაშაულის გამო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაფერისი სახელმწიფო კომპენსაცია გადაეცემა მათ, ვინც დაზარალდა სხეულის მძიმე დაზიანების ან ჯანმრთელობის შერყევის გამო იმ შემთხვევებში, თუ მიყენებული ზარალი ვერ იფარება სხვა წყაროებით, როგორიცაა, ძალადობის აქტების ჩამდენი პირი, დაზღვევა ან სახელმწიფო სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფა. აღნიშნული პირობა ხელს არ უშლის მხარეებს, მოითხოვონ დამნაშავისგან მიღებული კომპენსაციის რეგრესის წესით დაბრუნება, თუ ეს რისკის ქვეშ არ აყენებს მსხვერპლის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მსხვერპლს, რომელსაც ძალადობის შედეგად დაუზიანდა ჯანმრთელობა ან მიადგა ფსიქოლოგიური ზიანი, შეუძლია მოძალადისგან მოითხოვოს კომპენსაცია, კომპენსაციის გადახდის ვალდებულება უპირველესად სწორედ ძალადობის ჩამდენ პირს წარმოეშობა.

26. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად. ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით.

27. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო კასატორის წინამდებარე განჩინების 15.2 პუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ გამორიცხავს მსგავსი კატეგორიის საქმეზე ძალადობის ჩამდენი პირის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა აბსოლუტური სამოქალაქო უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია.

30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 413.2 მუხლით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენაა, რაც ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში გამოიხატება (იხ. სუსგ, №ას-979-940-2014, 10 სექტემბერი 2015 წელი).

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს, თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.

33. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის სსკ-ის 413.2 მუხლით დაკისრება ამავე კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხი წინაპირობის არსებობას მოითხოვს: უნდა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ბრალი.

34. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა თავის მეუღლეზე, ადგილი ჰქონდა მუქარასაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბერს №1/2057-21 განაჩენით, მოპასუხე ზემოაღნიშნულ ბრალდებებში სრულად იქნა დამნაშავედ ცნობილი. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ამავე წლის 7 მაისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე, დასტურდება მოსარჩელეზე ფიზიკური ძალადობისა და ამ ქმედებების გამო ძალადობის მსხვერპლისათვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების ფაქტი (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1-6.6 ქვეპუნქტები და 7, 8 პუნქტები).

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს ძალადობის ფორმებს, კერძოდ, ფიზიკურ ძალადობაში მოიაზრება ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ხოლო ფსიქოლოგიურ ძალადობა მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთი მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას (იხ. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი).

36. ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით შესაბამის ლიტერატურაში განმარტებულია, რომ სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას გაცილებით მეტი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისთვის, ვიდრე – არასისტემატურ ფიზიკურ ძალადობას (იხ. ა. შარაშიძე, ფსიქოლოგიური ძალადობის ამოცნობა და მისგან თავდაცვა https://sapari.ge/%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1/#_ftn2; Davis and Frieze 2002; Duncan 1999, 45-55; Guthrie 2001; Hildyard and Wolfe 2002, 679; Martin and Mohr 2002, 472-495; Sackett and Saunders 1999, 105).

37. სსკ-ის 413.2 მუხლის შემადგენლობასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში აღნიშნულ განმარტებებს და მიუთითებს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც იწვევს ტანჯვას თავისთავად ქმნის მორალური ზიანის ანაზღაურების შემადგენლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კვლევისა და ანალიზის ცენტრის საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ოჯახში ძალადობის საქმეებში, გვ. 19-20).

38. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე სათანადო მტკიცებულებების წარდგენით არ შედავებია სსსკ-ის 992-ე მუხლის წინაპირობების არსებობას, ამასთან, წინამდებარე საქმეზე წარდგენილი კანონიერ ძალაში შესული მოპასუხის გამამტყუნებელი განაჩენისა და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია სსკ-ის 992-ე მუხლის წინაპირობების არსებობა.

39. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოსარჩელის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში მითითებულ მსჯელობას, რომ მორალური ზიანის განსაზღვრისას არ არის რელევანტური მსხვერპლი ფსიქოლოგიურად რეაბილიტირებულია თუ არა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ამიუთითებს კვლევებზე, რომელთა თანახმად, ძალადობას და განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ ძალადობას შეუძლია იმოქმედოს პიროვნებაზე და ხანგრძლივი ნეგატიური გავლენა მოახდინოს მსხვერპლის მენტალურ/ემოციური მდგომარეობაზე (იხ. ფსიქოლოგიური ძალადობა — მისი ფორმები, გავლენა და მასთან გამკლავების გზები; https://shorturl.at/ULJlE; Recognizing the Signs of Psychological Abuse Mental and emotional abuse can have devasting effects on well-being https://www.verywellmind.com/psychological-abuse-types-impact-and-coping-strategies-5323175 ).

40. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი - დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე - თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე (იხ. სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი 2018 წელი, №ას-1040-2018, 26 ივლისი 2019 წელი). ამასთან, მორალური ზიანის დადგენისას სასამართლო ითვალისწინებს მოძალადის ბრალეულობის ხარისხს, დაზარალებულის განცხადებას და ინდივიდუალურ მახასიათებლებს.

41. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის (როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური) ზიანი, ზიანის ხარისხისა და სიმძიმის, მორალური ზიანის ცხოვრების ხარისხზე ზეგავლენის, ფსიქოლოგიური ზემოქმედების (რაც მოცემულ შემთხვევაში, გამოიხატა ტანჯვაში), მოპასუხის პასუხისმგებლობის ხარისხის, ასევე, უზენაესი სასამართლოს მიერ მორალურ ზიანზე ჩამოყალიბებული პრაქტიკისა (იხ. სუსგ ას-182-2023 5 ოქტომბერი, 2022 წელი; ას-1102-1038-2015, 22.01.2016; ას-1584-2022, 02.11.2023; №ას-38-2021 18.05.2021; №ას-1129-2020 16.03.2021) და დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის (იხ. ECHR: Case of Z v. Finland (1997); Case of G.N. and Others v. Italy (2009); Case of V.C. v. Slovakia (2011); Case of G.S. v. Bulgaria (2012); Case of Mehmet and Bekir Senturk v. Turkey (2013) გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად განსაზღვრული თანხა, 10 000 ლარი, არის გონივრული.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის 70% – 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ.მ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ.თ–ძის მიერ 2024 წლის 16 ოქტომბერს №24192679678 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის 70% – 350 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე