საქმე №ას-1368-2024 20 დეკემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი – ამხანაგობა „პ.ვ–ას“ დამფუძნებელი წევრები: ქ.ხ–ი, ნ.მ–ნი, გ.ა–ნი, ა.ჯ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.მ–ი (მოსარჩელე)
მეორე კასატორი – ზ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ამხანაგობა „პ.ვ–ას“ დამფუძნებელი წევრები: ქ.ხ–ი, ნ.მ–ნი, გ.ა–ნი, ა.ჯ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ.მ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „პ.ვ–ას“ დამფუძნებელი წევრების: ქ.ხ–ის, თ.მ–ნის, გ.ა–ნის, ა.ჯ–ისა და ე.მ–ძის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 134 792 აშშ დოლარის გადახდა დაეკისროთ.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ.მ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქ.ხ–ს, ნ.მ–ნს, გ.ა–ნს, ა.ჯ–ს, ზ.მ–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 55 587 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა; ქ.ხ–ს, ნ.მ–ნს, გ.ა–ნს, ა.ჯ–ს, ზ.მ–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 42 391.3 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა;ზ.მ–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „პ.ვ–ას“ დამფუძნებელი წევრების: ქ.ხ–ის, ნ.მ–ნის (თ.მ–ნის უფლებამონაცვლე), გ.ა–ნის (ა.ა–ის უფლებამონაცვლე), ა.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ.მ–ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეებისათვის 79 205 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს როგორც მოპასუხეებმა, ასევე - მოსარჩელემ.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
13. მოსარჩელისა და მოპასუხეების საკასაციო საჩივრების დასაშვებობის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2024 წლის 20 დეკემბერს, განისაზღვრა საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობა, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2024 წლის 16 დეკემბერს, განცხადებით მომართა ზ.მ–მა და განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს სარჩელზე და საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ზ.მ–ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ზ.მ–ის სარჩელზე ქ.ხ–ის, ნ.მ–ნის, გ.ა–ნის, ა.ჯ–ის მიმართ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
16. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
17. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საპროცესოსამართლებრივი წესით და საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, სსსკ-ის მე-3 მუხლის დანაწესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
18. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
19. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
20. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
21. ვინაიდან ზ.მ–მა სარჩელზე უარი თქვა და მოცემულ დავაზე წარმოება დასრულდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოცემულ საქმეში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
22. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.მ–ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე ზ.მ–ის სარჩელის გამო, ამხანაგობა „პ.ვ–ას“ დამფუძნებელი წევრების: ქ.ხ–ის, ნ.მ–ნის, გ.ა–ნის, ა.ჯ–ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე;
3. ამხანაგობა „პ.ვ–ას“ დამფუძნებელ წევრებს: ქ.ხ–ს (პ/ნ ..........), ნ.მ–ნს (პ/ნ .......), გ.ა–ნსა (პ/ნ .........) და ა.ჯ–ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ, მ.ს–ძის (პ/ნ .......) მიერ, 07.11.2024 წლის #1730973465 საგადახდო დავალებით გადახდილი 6 000 ლარი;
4. ზ.მ–ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, ა.მ–ის (პ/ნ ..........) მიერ, 08.11.2024 წლის #5256 საგადახდო დავალებით გადახდილი 2 000 ლარი;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება, რომლითაც ი.ბ.ა "პ.ვ–ას", 21 მაისის #2 კრების ოქმით მიკუთვნებული შემდეგი ფართების: 90.82 კვ.მ ფართის, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ბინა #11; 79.65 კვ.მ ფართის, მდებარე: ქ. თბილისი, ........., სადარბაზო პირველი, მე-5 სართული, ბინა #14; 23.08 კვ.მ ფართის, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ოფისი #4. ს/კ ........ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა;
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება, რომლითაც გ.ა–ნს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .... (ყოფილი .......) ს/კ .......... გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე