Facebook Twitter

საქმე №ას-1413-2024 20 დეკემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ფ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ლ.ფ–ის, დ.ო–ვასა და გ.ჯ–ძის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეების მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 1 301 722.67 ლარის გადახდა დაეკისრათ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ლ.ფ–ის წარმომადგენლის გ.ზ–ძის შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილდა; შეჩერდა სამოქალაქო საქმეზე N2/ბ-4379-24 საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ადმინისტრაციულ საქმეზე N3/5896-23 მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

4. საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი წინაპირობა განსაზღვრულია სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა.

6. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (იხ. სუსგ №ას-212-197-2014, 09.10.2014 წ.). ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან (იხ. სუსგ №ას-1062-1002-2015, 27.04.2016 წ.).

7. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის ლ.ფ–ის წარმომადგენლმა იშუამდგომლომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა (საქმე N3/5896-23), სადაც სადავოდ არის გამხდარი დარიცხული დავალიანების კანონიერება. აღნიშნული საქმის განხილვა პირდაპირ კავშირშია სააპელაციო სასამართლოში განსახილველ სააპელაციო საჩივართან, ვინაიდან დღეის მდგომარეობით დავალიანება, რომელიც დაკისრებული აქვს აპელანტ მხარეს არ არის აღიარებული. აღნიშნულის დამადასტურებლად მხარე მიუთითებს სააპელაციო საჩივარზე თანდართულ დოკუმენტზე (შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობაზე (ტ. 4, ს.ფ. 12), რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ს.ს–ეს“ მიერ საგადასახადო დავალიანება არ არის აღიარებული. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, საქმე დასრულდება იმგვარად, რომ გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერება საგადასახადო დავალიანება, ბუნებრივია, არ იარსებებს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დ.ო–ვას, გ.ჯ–ძისა და ლ.ფ–ის მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დ.ო–ვას, გ.ჯ–ძეს და ლ.ფ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად 1 301 722.67ლარის გადახდა დაეკისრათ. შესაბამისად, მოცემული დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება, მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ კომპანიის დირექტორთა მიერ დაირღვა ფიდუციური ვალდებულებები, რადგან დირექტორების მოქმედებით სახელმწიფომ ვერ მიიღო კუთვნილი შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო დავის ფარგლებში მოთხოვნილია თანხის დაკისრება და შემოსავლების სამსახურის მიერ სადავოდ არის გამხდარი დირექტორის ფიდუციური ვალდებულებები, ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა (ადმინისტრაციული დავა შპს „ს.ს–ესა“ და შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის საქმის ნომერი N3/5896-23, დარიცხულ დავალიანებებთან დაკავშირებით) პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებს წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული დავის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ კომპანიას დავალიანებები არასწორად დაეკისრა, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელს გამოეცლება საფუძველი. აღნიშნული კი გავლენას მოახდენს მოცემული დავის შედეგზე. შესაბამისად, მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვა შეუძლებელია ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლში ნაგულისხმევი გარემოება წარმოადგენს ისეთ შემთხვევას, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს საქმის გამოკვლევის შეუძლებლობის განმაპირობებელ ობიექტურ სირთულედ ან დაბრკოლებად, რამდენადაც, მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებელი ასეთ სირთულედ მიიჩნევს მოცემული საქმის განხილვისათვის აუცილებელ ისეთ არსებით ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და ამდენად, პროცესუალურად შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ობიექტური გარემოებების საფუძველზე სხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, მას შემდეგში შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე შემოსავლების სამსახურმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიმდინარე სამოქალაქო დავა ზემოთ ხსენებულ ადმინისტრაციულ დავასთან კავშირში არ არის. ადმინისტრაციული დავის ფარგლებში განიხილება საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადის მართლზომიერება მაშინ, როდესაც სამოქალაქო დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს ლ.ფ–ის, დ.ო–ვასა და გ.ჯ–ძის მიერ ფიდუციური ვალდებულების დარღვევა და შეზღუდული პასუხისმგებლობის ბოროტად გამოყენების ფაქტი.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სახეზეა ლ.ფ–ის მიერ ფიდუციური ვალდებულების დარღვევა და შეზღუდული პასუხისმგებლობის ბოროტად გამოყენება. ლ.ფ–ი არის შპს „ს.ს–ეს“ დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი. შპს „ს.ს–ეს“ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 617 702 ლარი. გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, საბანკო ამონაწერების (რომლითაც განისაზღვრა კომპანიაში თანხის მოძრაობა), გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების („კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას“) და მესამე პირებისგან მოწოდებული ინფორმაციების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 3 154 432 ლარს. ამდენად, სხვაობამ 2 536 730 ლარი შეადგინა. აღნიშნული ადასტურებს, რომ კომპანია სრულად არ ადეკლარირებდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და არ ასრულებდა კუთვნილ საგადასახადო ვალდებულებებს, რამაც გამოიწვია სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დასაბეგრ ბაზას შორის.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

16. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხე ლ.ფ–ის მოთხოვნა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა და წინამდებარე საქმეზე წარმოება შეჩერდა ლ.ფ–ის სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ აღძრულ სამოქალაქო საქმეზე, სადაც ერთ-ერთი მოპასუხეა ლ.ფ–ი, ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საქმისწარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა - მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესუალური ეკონომიის პრინციპის - რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. აღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას.

18. სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში ნახსენები „შეუძლებლობა“ გულისხმობს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რომლის დადგენა წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და პროცესუალურად შეუძლებელს ხდის საკითხის განხილვას (მრავალთა შორის იხ., სუსგ-ები ას-432-2021 13.10.2021 წ., პ.22; Nას-528-2021, 28.12.2021წ.).

19. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, წინამდებარე დავის გადაწყვეტა შეუძლებელია ზემოხსენებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების დასრულებამდე, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული დავის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ კომპანიას დავალიანებები არასწორად დაეკისრა, სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნას შესაძლოა გამოეცალოს საფუძველი. აღნიშნული კი გავლენას მოახდენს წინამდებარე სამოქალაქო დავის სამართლებრივ შედეგზე. შესაბამისად, მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვა შეუძლებელია ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე.

20. საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების სამოქალაქო საქმისათვის პრეიუდიციულად მიჩნევის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს შეფასებასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი) განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მოცემულ საქმეზე ვერ ექნება პრეიუდიციული მნიშვნელობა (იხ. სუსგ N ას-853-2019, 22.11.2-24წ.), რადგან განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და არა სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში; გარდა ამისა, ერთ სამოქალაქო დავაზე მიღებული გადაწყვეტილება პრეიუდუციული მნიშვნელობის შესაძლოა იყოს მეორე სამოქალაქო საქმისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადრე განხილულ და განსახილველ სამოქალაქო საქმეებზე ერთი და იგივე მხარეები მონაწილეობენ, მიუხედავად მათი საპროცესო სტატუსისა პირველ და მეორე დავებში, რაც არაერთხელ განიმარტა საკასაციო სასამართლოს მიერ. წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (იხ. სუსგ-ები: Nას-827-791-2014, 13.11.2015 წ.; N ას-58-56-2016, 26.02. 2016 წ.; N ას-1421-2023, 23.09.2024წ.). როგორც უკვე აღინიშნა, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება პრეიუდიციული მნიშვნელობის ვერ იქნება სამოქალაქო დავისთვის, თუმცა, ის ერთ-ერთი მტკიცებულებაა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დადგენილი გარემოებები შესაძლოა არსებითად გადამწყვეტი იყოს სამოქალაქო დავისთვის. სწორედ ამიტომ დაადგინა კანონმდებელმა სსსკ-ის სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით სასამართლოს ვალდებულება, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დასაბუთებული და კანონიერია სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერებაზე ადმინისტარციულ დავაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე. კერძო საჩივრის პრეტენზია არ არის გაზიარებული.

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე