Facebook Twitter

№ას-393-2024

14 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე.ო–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე, სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ბ–მა“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით ცნობილ იქნა შპს „ტ.კ–ი“ - შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.ო–ის (შემდეგში მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა 2016 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის N2272941-8549816 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების: 7 444 ლარის, საიდანაც ძირი თანხაა - 4 872.93 ლარი, სარგებელი - 981.58 ლარი, ჯარიმა - 1579.79 ლარი და დაზღვევა - 9.70 ლარის დაკისრება; ასევე 2020 წლის 27 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ძირ თანხაზე - 4 872.93 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 19%-ის სარგებლის დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 77.15 ლარს (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 1-16).

1.2. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის N2272941-8549816 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 6 364.21 ლარის ოდენობით (საიდანაც ძირი თანხაა - 4 872.93 ლარი, სარგებელი - 981.58 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი და დაზღვევა -9.70 ლარი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელე წარმოადგენს სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლეს. ბანკსა და მოპასუხეს შორის, 2016 წლის 28 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის N 2272941-8549816 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 000 ლარი;

3.2. 2016 წლის 28 სექტემბერს საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით, კრედიტის ვადა 1 464 დღით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად;

3.3. საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით;

3.4. მოპასუხეს სესხის დაფარვის მიზნით გადახდილი აქვს: ძირი თანხა - 10 127.07 ლარი, სარგებელი - 6 046.85 ლარი, ჯარიმა - 209.95 ლარი და დაზღვევა - 227.17 ლარი;

3.5. მოპასუხეს 2019 წლის 1 ნოემბრის შემდეგ გრაფიკით გათვალისწინებული სესხის თანხა არ გადაუხდია;

3.6. 2020 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 7 444 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 4 872.93 ლარი, სარგებელი - 981.58 ლარი, ჯარიმა - 1579.79 ლარი და დაზღვევა - 9.70 ლარი;

3.7. საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით ასევე შეთანხმდა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დავალიანების განსაზღვრა 6364.21 ლარის ნაცვლად, 4347.91 ლარით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.ო–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შპს „ტ.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, სესხის ძირი თანხის - 4 872.93 ლარის წლიური 19%-ის სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ე.ო–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 27 ოქტომბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, 2016 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 4 872.93 ლარის წლიური 19%- ის (ყოველთვიურად 77.15 ლარის) გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ –სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის საამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების/შეცვლის წინაპირობები.

6.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ე.ო–ის პოზიცია იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული 15000 ლარის ნაცვლად, რეალურად მიიღო 14601.86 ლარი და სწორედ ამ თანხიდან უნდა მომხდარიყო სარგებლის დაანგარიშება. პალატის მითითებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას, სესხის მიმღები სესხად გასაცემი 15 000 ლარიდან გადაიხდიდა კრედიტის გაცემის საკომისიოს - 310.00 ლარს და ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიოს - 88.14 ლარს. შესაბამისად, მოვალემ ისესხა 15 000 ლარი და სესხის დაფარვის გრაფიკიც სწორედ ამ თანხის მიხედვით შედგა.

6.3. სააპელაციო პალატამ მოპასუხის პრეტენზიაზე, რომ ბანკმა არათანაბარ პირობებში ჩააყენა და ზიანი მიაყენა, ვინაიდან, მას გადახდილი აქვს სესხის ძირზე მეტი თანხა - 16 925.08 ლარი, ხოლო სასამართლომ დამატებით დააკისრა 6 364.21 ლარის გადახდა, აღნიშნა, რომ 2020 წლის 27 ოქტომბრიდან გასულია სამ წელზე მეტი, მსესხებელს კი არ გადაუხდია სესხის დარჩენილი ძირი თანხა - 4872.93 ლარი, რითაც ზიანი კრედიტორს მიადგა და არა მოვალეს.

6.4. პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა (500 ლარი) იყო გონივრული და შეესაბამებოდა სასამართლო პრაქტიკით დადგენილ ოდენობას (ძირითადი თანხის 1/3 ნაწილი), რის გამოც არ არსებობდა აპელანტების პოზიციის გაზიარების წინაპირობა, მისი ოდენობის გაზრდის ან შემცირების კუთხით.

6.5. რაც შეეხება შპს „ტ.კ–ის“ პრეტენზიას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის - 2020 წლის 27 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითადი თანხის - 4872.93 ლარის წლიური 19%-ის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის საამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით, რის გამოც არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების/შეცვლის წინაპირობები. პალატამ განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მოსარჩელის, როგორც საბანკო სფეროში საქმიანი იურიდიული პირის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სასყიდლიანი ფორმით არსებობს. შესაბამისად, ბანკს, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეუძლია მიიღოს ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი - 19%. პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს კრედიტის თავიდან გაცემით. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი, კრედიტორი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. ამდენად, მოპასუხისათვის სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ კრედიტით სარგებლობის ყოველთვიური მიუღებელი შემოსავალი თანხობრივად იმავე ოდენობას შეადგენს, რასაც თავად საპროცენტო სარგებელი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2020 წლის 27 ოქტომბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, 2016 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 4 872.93 ლარის წლიური 19%-ის (ყოველთვიურად 77.15 ლარის) გადახდა.

7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ო–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის განჩინებით ე.ო–ის საკასაციო საჩივარი, რომელიც შეეხებოდა კანონიერ ძალაში შესულ ნაწილში (4347,91 ლარის ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, დარჩა განუხილველი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასრული და დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო სასამართლომ თითქოს ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „ტ.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი, მაშინ როდესაც, მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივად სრულად დაკმაყოფილდა.

10.2. კასატორი აპელირებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით უსაფუძვლოდ არათანაბარი პირობების შეთავაზებაზე, რამაც უსამართლოდ გაზარდა მოპასუხის მიერ სესხის დასაფარად გათვალისწინებული თანხის ოდენობა. გადახდილი თანხებიდან არათანაბრად დაიფარა ძირი თანხა და პროცენტი. სასამართლომ კი არ გაითვალისწინა უსამართლოდ შედგენილი გრაფიკი.

10.3. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი და ვერ დაასაბუთა მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს სისწორე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ე.ო–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

16. განსახილველ საქმეში საკასაციო საჩივრით სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების კანონიერება. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 316-ე (ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება), 361-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.

17. კასატორის ძირითადი პრეტენზია მიმართულია, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით არათანაბარი პირობების შეთავაზებაზე, რამაც უსამართლოდ გაზარდა მოპასუხის მიერ სესხის დასაფარად გათვალისწინებული თანხის ოდენობა. კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ გადახდილი თანხებიდან არათანაბრად დაიფარა ძირი თანხა და პროცენტი. სასამართლომ კი არ გაითვალისწინა უსამართლოდ შედგენილი გრაფიკი.

18. პალატა კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ჩარჩოშია მოქცეული ხელშემკვრელ მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაც არის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაც.

19. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დადეს ხელშეკრულება, რომელიც კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში, ძირ თანხასთან ერთად ითვალისწინებდა პროცენტისა და პირგასამტეხლოს მსესხებლისათვის დაკისრებას. შესაბამისად, სესხის მოვალემ სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეიბოჭა თავი სახელშეკრულებო ვალდებულებით და მასვე ევალებოდა სესხის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა და იმაზე აპელირება, რომ შედგენილი გრაფიკი უსამართლოა, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისგან მოვალის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის. ამ საკითხის სხვაგვარად მოწესრიგება გაუმართლებლად ხელყოფდა კრედიტორის ინტერესებს, რომელიც მოვალისგან კეთილსინდისიერად მოელის სახელშეკრულებო ვალდებულების დროულ და ჯეროვან შესრულებას. აქედან გამომდინარე, კასატორის მტკიცება მოსარჩელის მიერ არათანაბარი პირობების შეთავაზების თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტირებულობას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ მოპასუხეს 2019 წლის 01 ნოემბრის შემდეგ გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია, რაც ნაცვლად მსესხებლისათვის ზიანის მიყენებისა, კრედიტორისათვის ზიანის მიყენების ფაქტს ადასტურებს.

20. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას. ე.ო–ი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 625-ე მუხლის მე-5 (სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის) ნაწილით და მის შესაბამისად გამოეთვალა პირგასამტეხლოს ოდენობა. აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით, პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო (0.5%) სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლის საფუძველზე შეამცირა და განსაზღვრა 0.16%-ით (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება), რაც ნაკლებია კასატორის მიერ მითითებულ 0.27%-ზე, რომლის მხედველობაში მიღებითაც ითხოვს კასატორი პირგასამტეხლოს დაანგარიშებას. შესაბამისად, მითითებული პრეტენზიის გაზიარება მხარის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის საუარესოდ შებრუნებას გამოიწვევს, რაც დაუშვებელია. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილშიც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაშვებად ცნობის წინაპირობები.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დავის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მას ვერ დაუპირისპირა. შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, ე.ო–ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ო–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ე.ო–ს (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N1714652235, გადახდის თარიღი 02.05.2024) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე