Facebook Twitter

№ა-273-შ-12-2025 4 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ.მ–კო

მოწინააღმდეგე მხარე – პ.ჭ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისისა და 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებები (საქმე №A56-107120/2022)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის, სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის (საქმე №A56-107120/2022) გადაწყვეტილებით შეწყდა მოქალაქე პ.ე. ძე ჭ–ძის ვალების რესტრუქტურიზაცია. მოქალაქე პ.ე. ძე ჭ–ძე ცნობილ იქნა გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად) და მის მიმართ დადგინდა ქონების რეალიზაციის პროცედურა ექვსი თვის ვადით. ფინანსურ მმართველად დაინიშნა დ.ნ. ძე მ–კო.

2. რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით გაგრძელდა პ.ე. ძე ჭ–ძის ქონების რეალიზაციის პროცედურა 6 თვით - 2024 წლის 22 ნოემბრამდე. ფინანსურ მმართველს დაევალა წარედგინა ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით 2024 წლის 18 ნოემბრამდე. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოქალაქე ე. ძე პ.ჭ–ძე ოფიციალურად ინფორმირებულია მის მიმართ ქონების გასხვისების პროცედურის წარმოების შესახებ. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქონების გასხვისების პროცედურამ ვერ მიაღწია შედეგს კრედიტორების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. გაკოტრების საქმის ფარგლებში ფინანსური მმართველის მიერ გასხვისებულია მოვალის ქონებაში შემავალი ერთადერთი ქონება. 2024 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით ფინანსური მმართველის მიერ სხვა ქონების მოძიება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით კვლავ გაგრძელდა პ.ე. ძე ჭ–ძის ქონების რეალიზაციის პროცედურა 6 თვით - 2025 წლის 22 მაისამდე.

3. 2025 წლის 27 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ.მ–კომ და რუსეთის ფედერაციის, სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და და ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისისა და 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებების (საქმე №A56-107120/2022) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა. ამავე დროს, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა პ.ჭ–ძის სახელზე საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე (MINI COOPER COUNTRYMAN S, სახელმწიფო ნომრით: ......) ყადაღის დადება.

4. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა შემდეგი: საარბიტრაჟო სასამართლოს განჩინებებით მოვალის ქონების რეალიზაციის პროცედურა გაგრძელდა ორჯერ იმის გამო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ქონების გასხვისების პროცედურამ ვერ მიაღწია შედეგს კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. გაკოტრების საქმის ფარგლებში ფინანსური მმართველის მიერ გასხვისებულია მოვალის ქონებაში შემავალი ერთადერთი ქონება. ვინაიდან პ.ჭ–ძეს გაჩნია მეორე მოქალაქეობა (იგი არის საქართველოს მოქალაქე) და ცხოვრობს საქართველოში, ფინანსურმა მმართველმა მოიძია მისი ქონება საქართველოს ტერიტორიაზე და მიიჩნევს, რომ აღიარებული გადაწყვეტილების მომავალში აღსრულება შეუძლებელი გახდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების (ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადების) გარეშე, ვინაიდან მოვალის ქონება ფაქტობრივად აღარ იარსებებს, რაც ზიანს მიაყენებს კრედიტორთა ინტერესებს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინებით დ.მ–კოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისისა და 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებების (საქმე №A56-107120/2022) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და და ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისისა და 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებების (საქმე №A56-107120/2022) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ ნორმით დადგენილი წესი გამოყენებულ უნდა იქნას ასევე უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პროცესუალური შედეგის საქართველოს სახელმწიფოს მიერ მარტოოდენ ცნობამ, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში აზრი დაკარგოს, თუკი მხარე, რომლის სასარგებლოდაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა, საპროცესო უზრუნველყოფის ბერკეტის გარეშე აღმოჩნდება. შედეგად, ასეთი მხარის კანონიერი უფლებები და ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდება, რაც კანონმდებლის ინტერესს ეწინააღმდეგება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას ცნობს და აღსასრულებლად მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამისათვის კი კანონით დადგენილი პროცედურების დაცვაა საჭირო, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე შესაძლებელია საჭირო გახდეს მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რაც სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლისა და ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შესრულდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

14. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).

15. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული იმ გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფას, რომლითაც მოპასუხე (მოვალე) ცნობილ იქნა გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად) და მის მიმართ დადგინდა ქონების რეალიზაციის პროცედურა.

16. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადება გამოწვეულია ამ გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის საშიშროებით, კერძოდ, მოპასუხის ქონების რეალიზაციის პროცედურები გაგრძელდა ორჯერ იმის გამო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ქონების გასხვისების პროცედურამ ვერ მიაღწია შედეგს კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (გაკოტრების საქმის ფარგლებში ფინანსური მმართველის მიერ გასხვისებულია მოვალის ქონებაში შემავალი ერთადერთი ქონება), რის გამოც ფინანსურმა მმართველმა მოიძია საქართველოში მოვალის სახელზე რეგისტრირებული ქონება.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა იმ კონკრეტული გარემოებების არსებობის თაობაზე, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საქართველოში აღსრულებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ამართლებს, ასევე, მოსარჩელის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ). ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც (იხ. სუსგ საქმე №ა-3283-შ-79-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; საქმე №ა-1133-შ-29-2020, 6 ივლისი, 2020 წელი; საქმე №ა-704-შ-24-2019, 14 თებერვალი, 2019 წელი).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის, სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და და ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისისა და 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებების (საქმე №A56-107120/2022) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღა დაედოს პ.ჭ–ძის სახელზე საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას (MINI COOPER COUNTRYMAN S, სახელმწიფო ნომრით: ......).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 198-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.მ–კოს წარმომადგენლის განცხადება რუსეთის ფედერაციის, სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისისა და 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებების (საქმე №A56-107120/2022) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. ყადაღა დაედოს პ.ე. ძე ჭ–ძის (პ/ნ: ......) სახელზე საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას (MINI COOPER COUNTRYMAN S, სახელმწიფო ნომრით: .....);

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი