საქმე №ას-1343-2024
13 იანვარი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარე, თ.ხ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ლ–ია, მ.მ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარის თ.ხ–ძის, ნ.ა–ის, ა.ჩ–ძის და ქ.ი–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარემ თ.ხ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარის, თ.ხ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნულ განჩნებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარემ თ.ხ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარეს, თ.ხ–ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა:
ა. დასაბუთებული საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;
ბ. 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
6. აღნიშნული ვადის დაცვით კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით (ა-6673-24) მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით: ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარის, თ.ხ–ძის, შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარის, თ.ხ–ძის, შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარეს, თ.ხ–ძეს, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა:
ა. დასაბუთებული საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;
ბ. 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარის, თ.ხ–ძის, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა:
ა. დასაბუთებული საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით
ბ. 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
14. კასატორის წარმომადგენელს, ფ.მ–ძეს (მინდობილობა ერთვის საქმეს ტ.1 ს.ფ. 448-453) აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაჰბარდა 2024 წლის 29 ნოემბერს. შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 (ათი) დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 30 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 09 დეკემბერს. ამდენად, კასატორს ხარვეზი უნდა შეევსოთ 2024 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსაზღვრული ვადის ფარგლებში მხარის მიერ არ მომხდარა ხარვეზის შევსება, ან შესაბამისი სახის შუამდგომლობის დაყენება, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
15. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარის, თ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე