საქმე №ას-1301-2024 26 დეკემბერი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
კერძო საჩივრის ავტორები - შპს „ბ.ტ–ი“, მ.მ–ია (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნ–ს“, ნ.დ–სი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის წარმოების განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ბ.ტ–ის“ (შემდგომში მოსარჩელე, მოსარჩელე კომპანია, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ნოტარიუს ირმა შარვაძის მიერ 2022 წლის 30 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (N220628959), სადაც კრედიტორს წარმოადგენდა შპს „ნ–სი“ (შემდგომში პირველი მოპასუხე, მოპასუხე კომპანია ან შეგებებული სარჩელის ავტორი) და მოვალეს - მოსარჩელე კომპანია; განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო პირველ მოპასუხეს მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 17 542 ლარის გადახდა; მოსარჩელე კომპანიას უარი ეთქვა 587,37 ლარის პირველი მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; ასევე, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ვალის არსებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოსარჩელე კომპანიას უარი ეთქვა 1842 ლარის მეორე მოპასუხისთვის, ნ.დ–სისთვის (შემდგომში მეორე მოპასუხე) დაკისრების შესახებ. მეორე მოსარჩელეს, მ.მ–იას (შემდგომში მეორე მოსარჩელე და მოსარჩელე კომპანიასთან ერთად ტექსტში მოხსენებული, როგორც მოსარჩელეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) უარი ეთქვა მეორე მოპასუხისთვის 1212 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ; პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელე კომპანიას პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის თანხის, 6000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის - 15 750 ლარის ანაზღაურება.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის, 630 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
4. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტებს რამენიმეჯერ გაეგზავნათ მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე, თუმცა ვერ ჩაბარდათ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინების აპელანტებისთვის ჩაბარება 5 დღის ვადაში.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 7 დეკემბრის მომართვით თბილისის სააპელაციო სასმაართლოს ეცნობა, რომ აპელანტ მ.მ–იას სააპელაციო სასამართლოს განჩინება და გზავნილი ვერ ჩაბარდა.
7. 2024 წლის 5 და 21 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის მასალებს გაეცნო და ჩაიბარა მოთხოვნილი დოკუმენტები აპელანტ შპს „ბ.ტ–ის“ წარმომადგენელმა ლ.ჯ–მა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 9 ოქტომბრის განჩინების აპელანტ მ.მ–იასთვის ჩაბარება დადგინდა საჯარო შეტყობინების გზით. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საჯარო შეტყობინების თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
9. სასამართლო შეტყობინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.ecd.court.ge) საჯაროდ განთავსდა 2024 წლის 13 აგვისტოს.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 63-ე, 368-ე, 374-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო განჩინება საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარდათ აპელანტებს 2024 წლის 21 აგვისტოს, ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღეს, 2024 წლის 22 აგვისტოს და ამოიწურა იმავე წლის 30 აგვისტოს, ხოლო ვინაიდან საჩივრის ავტორებს ამ ვადაში ხარვეზი არ აღმოუფხვრიათ და არც რაიმე განცხადებით მიუმართავთ სასამართლოსთვის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ, არსებობდა მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვეს.
13. კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რადგან ისე დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რომ აპელანტები ინფრომირებულნი არ იყვნენ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე. სასამართლოს შეეძლო ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაკავშირებოდა აპელანტების წარმომადგენლებს, რაც მას არ გაუკეთებია.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მათ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
18. კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინების საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარებას.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
21. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
23. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საჩივრის ავტორებს (აპელანტებს) ზედიზედ ორჯერ გაუგზავნა სააპელაციო საჩივარში თავად აპელანტების მიერ მითითებულ მისამართებზე (ქ. ბათუმი, ......... (შპს „ბ.ტ–ის“ მისამართი); ქ. ბათუმი, .......... ბ. N42 (მ.მ–იას მისამართი)), თუმცა მათთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ფოსტის უკუგზავნილებში განჩინების ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია შემდეგი: „ამ მისამართზე იტალიური ეზოა, გაკითხვით ვერ მოვიძიე ასეთი შპს“, „კოდირებულია შესასვლელი, კარფურის უკან კორპუსი“, „მისამართზე არავინაა, დატოვებულია შეტყობინება“ (იხ. ტ. 4. ს.ფ 13, 15, 18, 23). ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხარვეზის განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერვე მითითებულ მისამართებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აღნიშნული სრულიად საფუძვლიანად ქმნიდა შესაძლებლობას გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიჩნეულიყო განმეორებით გაგზავნილი უწყების ჩაუბარებლობის დამადასტურებელ გზავნილში კურიერის მიერ მითითებულ დროიდან (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1825-2019, 12 ივნისი, 2020 წელი) და შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადაც ამ თარიღიდან ათვლილიყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასამართლო უწყების ჩაბარების დამატებითი, ალტერნატიული გზითაც ისარგებლა და აპელანტებისთვის გზავნილის ჩაბარება ჯერ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, ხოლო, მას შემდეგ, რაც ადრესატებს აღნიშნული უწყების მეშვეობით განჩინება ვერ ჩაბარდათ, გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული კიდევ ერთი მეთოდი - უწყების საჯარო შეტყობინების მეშვეობით ჩაბარება (სსსკ 78-ე მუხლი). საბოლოოდ, ხარვეზის შევსების 10-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა სასამართლომ დაიწყო სწორედ საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან (2024 წლის 13 აგვისტო) მე-7 დღეს (როგორც ეს მითითებული იყო სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ 2024 წლის 12 აგვისტოს განჩინებაში (იხ. ტ. 4. ს.ფ 159-161), 2024 წლის 21 აგვისტოს და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ბოლო დღედ მიიჩნია 2024 წლის 30 აგვისტო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტებს არც ამ ვადაში გამოუსწორებიათ ხარვეზი და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მათთვის უცნობი იყო სადავო განჩინების თაობაზე სასამართლოს უწყება უნდა ჩაებარებინა არა საჯარო შეტყობინებით, არამედ აპელანტების წარმომადგენლებთან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით.
25. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია უწყების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების სხვადასხვა საშუალებები - კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით და სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, იგი არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.
26. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკევევა, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა არაერთი მეთოდი მხარეთათვის განჩინების ჩასაბარებლად (განჩინება გააგზავნა ფოსტის მეშვეობით; უწყების ჩაბარება დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, და ბოლოს, განჩინება გამოაქვეყნა საჯაროს, სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე), თუმცა, ამის მიუხედავად, აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
27. საკასაციო სასამართლო დამატებით, ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს - 2023 წლის 1 დეკემბრის სატელეფონო გასაუბრების ოქმს, რომლითაც ირკვევა, რომ 2023 წლის 1 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორი გ.გ–ძე სოც. პლატფორმა „ვოთსაფის“ მეშვეობით დაუკავშირდა აპელანტ მ.მ–იას და აცნობა, რომ მისთვის უნდა ჩაებარებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინება (იხ. ტ. 4. ს.ფ 94), ასევე, აპელანტ შპს „ბ.ტ–ის“ წარმომადგენლის, ლ.ჯ–ის 2024 წლის 5 ივნისის განცხადებას საქმის გაცნობის შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ კომპანიის ადვოკატი გაეცნო წინამდებარე საქმის მასალებს და გადაიღო ასლები (იხ. ტ. 4. ს.ფ 120-123). შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებებით საკასაციო სასამართლო დამატებით ადგენს, რომ სადავო განჩინების შესახებ აპელანტებისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ განჩინების საჯაროდ გამოქვეყნებამდე (2024 წლის 13 აგვისტომდე), თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მათ არც მანამდე და არც ხარვეზის განჩინების საჯაროდ გამოქვეყნების შემდგომ არ შეუსრულებიათ განჩინებით დაკისრებული საპროცესო მოვალეობა (არ გამოუსწორებიათ ხარვეზი).
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს; კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ.ტ–ისა“ და მ.მ–ია კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი