Facebook Twitter

საქმე №ას-1032-2024

4 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ–სი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საგარანტიო მომსახურების გაწევა, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემკვეთი“, „მეორე კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–სის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მენარდე“, „პირველი კასატორი“) მიმართ, საგარანტიო მომსახურების გაწევისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს №133 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, საგარანტიო პირობების ფარგლებში, დაევალა საქართველოს შსს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის მარკა/მოდელი „შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრით „.......”, დაზიანებული ძრავის ახლით ჩანაცვლება; ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულების 9.3 მუხლის საფუძველზე, 2021 წლის 16 მარტიდან, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10. 5 ლარი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი (პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 105 ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2020 წლის 20 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო №133 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული „შკოდას“ მარკის ავტომობილების ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური მომსახურება, პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. აღნიშნული პრეისკურანტი წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 70 000 ლარს;

6.2. ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში იყო 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე;

6.3. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება), მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებაზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე საგარანტიო ვადა შეადგენს არანაკლებ 1 წელს (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი));

6.4. ხელშეკრულების 4.3 პუნქტით, საგარანტიო პერიოდში ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელი ვალდებული იყო, შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა), ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით, შეეცვალა იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მიმწოდებლისთვის დაევალებინა ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში - სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მიმწოდებლისგან შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება;

6.5. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა, ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით;

6.6. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მიმწოდებლისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით;

6.7. საქმეში წარდგენილი პრეისკურანტის მიხედვით, რომელიც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია, ანტიფრიზის საგარანტიო ვადა/პირობა არის 50 000 კმ;

6.8. შემკვეთის 2020 წლის 21 ივლისის MIA 6 20 01665830 წერილით ირკვევა, რომ სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა (მარკა/მოდელი - „შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრით „......“), ძრავის დაზიანების გამო, საჭიროებდა შეკეთებას;

6.9. 2020 წლის 6 აგვისტოს დეფექტური აქტის თანახმად, ავტომანქანის ძრავი საჭიროებდა შეცვლას კომპლექტში, რაც განხორციელდა კიდეც 2020 წლის 11 აგვისტოს;

6.10. შესრულებული სამუშაოს 2020 წლის 11 აგვისტოს აქტში მითითებულია: „ძრავი (კომპლექტში) (მეორადი)“;

6.11. შემკვეთის 2020 წლის 2 ოქტომბრის პატაკით ირკვევა, რომ ავტომანქანა (მარკა/მოდელი -„შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრით -„....“), გარბენით - 342 088 (ძრავის შეცვლიდან გავლილი აქვს 1 000 კმ), საჭიროებდა შემოწმება-შეკეთებას, ძრავის ზეთის და ფილტრის შეცვლას;

6.12. მენარდის 2020 წლის 2 ოქტომბრის ინვოისით, დეფექტური აქტითა და შესრულებული სამუშაოს აქტით დასტურდება, რომ ავტომანქანას ჩაუტარდა სერვისცენტრში დათვალიერება, აღმოაჩნდა დაზიანებები და მოხდა მათი შეკეთება;

6.13. მენარდის 2021 წლის 12 მარტის წერილით ირკვევა, რომ 2021 წლის 11 თებერვალს ავტომანქანა (მარკა/მოდელი „შკოდა ოქტავია“), სახელმწიფო ნომრით „.....“, 2020 წლის 20 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში, მიიყვანეს შპს „მ–ის“ სერვისცენტრში, ვინაიდან ძრავს ისევ შეექმნა პრობლემები, იმატებდა საჭიროზე ბევრად მეტ ზეთს და ჰქონდა არასწორი წვა;

6.14. შპს „მ–ის“ სერვისცენტრში დადასტურდა ძრავის დაზიანება, შედგა დეფექტური აქტი და შესაბამისი ინვოისი. სამსახურმა მიმართა მენარდეს საგარანტიო ვადაში ძრავის შეცვლის მოთხოვნით, თუმცა მიიღო უარი;

6.15. უარის თქმის საფუძვლად დეფექტურ აქტში მითითებულია, რომ: აღნიშნულ ავტომობილს 2020 წლის 8 აგვისტოს შეეცვალა ძრავი, რის შემდეგაც მოხდა ზეთის შეცვლა 2020 წლის 2 ოქტომბერს, გარბენზე 342 111. ზეთი უნდა შეცვლილიყო 8 000 კმ-ის გავლის შემდეგ, თუმცა ვინაიდან მოხდა გადაცილება, მენარდე იხსნის საგარანტიო ვალდებულებას. 2021 წლის 10 მარტის მონაცემებით ავტომობილს უფიქსირდება გარბენი 354 819 კმ. იგივე დასაბუთება არის მითითებული მენარდის 2021 წლის 27 მარტის წერილშიც;

6.16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2021 წლის 1 ივლისს მოამზადა №004563721 დასკვნა, შემდეგ შეკითხვებზე: რამ გამოიწვია ავტომანქანის (მარკა/მოდელი „შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრით „.....“) ძრავის დაზიანება; არის თუ არა აღნიშნული დაზიანება არასწორი ექსპლუატაციის შედეგი და შეეძლო თუ არა მძღოლს მისი თავიდან აცილება;

6.17. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის თანახმად, „ძრავის ავტომობილიდან დემონტაჟისა და განკომპლექტების შედეგად დადგინდა, რომ დაზიანებულია ძრავის ბლოკისა და თავაკს შორის შუასადები, განსაკუთრებით მე-2 და მე-3 ცილინდრის მიდამოში, სადაც აღენიშნება გამაგრილებელი სისტემის მაგისტრალებიდან სითხის წვის კამერაში გადადინების კვლები; ასევე აღნიშნული ცილინდრების გამშვებ სარქველებზე აღენიშნება მოთეთრო ფერის ნადები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს წვის კამერაში გამაგრილებელი სისტემიდან სითხის მოხვედრას. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ავტომობილის ძრავის გამაგრილებელი სისტემის მაგისტრალებში მოჭარბებული რაოდენობით აღინიშნება კოროზიის მაგვარი ნადები, რაც იმას მიუთითებს, რომ ნაცვლად გამაგრილებელი სითხისა, ექსპლუატაცია ხდებოდა წყალზე, რამაც უზრუნველყო აღნიშნული ნადების წარმოქმნა. ძრავის გაგრილების სისტემა დროის ხანგრძლივ პერიოდში მუშაობდა წყალზე, რამაც ვერ უზრუნველყო სათანადოდ ძრავის გაგრილება, დააზიანა შუასადები, რამაც თავისთავად გამოიწვია გამაგრილებელი სითხის მაგისტრალებიდან წყლის წვის კამერაში მოხვედრა, მწყობრიდან გამოიყვანა ძრავი, ხოლო ექსპერტიზის დამნიშნავის მიერ განცხადებაში ძრავის გაუმართავად მუშაობასთან დაკავშირებული აღწერილი ხარვეზები წარმოადგენს ძრავში განვითარებული დაზიანებების შედეგს. ტექნიკური თვალსაზრისით, ძრავის დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციის შედეგად“.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით მენარდეს გააჩნია სადავო ავტომობილის ძრავის შეცვლის ვალდებულება.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საგარანტიო ვადის დაწესება არ წარმოადგენს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებით პირობას, მხარეთა შორის გარიგება შეიძლება დაიდოს აღნიშნული ვალდებულების გარეშეც, თუმცა საგარანტიო ვადის დაწესება, საბოლოო ჯამში, ემსახურება შემკვეთის ინტერესს, ეფექტურად, გარანტირებულად გამოიყენოს ნაკლიანი შესრულებით წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის უფლებები მენარდის მიმართ. სწორედ არაძირითად ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება საგარანტიო ვალდებულებაც, რომელიც გულისხმობს მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოთა უნაკლოობაზე დროის გარკვეულ პერიოდში პასუხისმგებლობის აღებას.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მტკიცების ტვირთზე და განმარტა, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს აკისრია (იხ. სუსგ №ას-1324-2019, 12 მარტი 2021 წელი; №ას-58-2020, 11 მარტი 2020 წელი), თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ შემკვეთის მიერ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, მტკიცების ტვირთს აბრუნებს მენარდის მხარეს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ ჯეროვნად შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება (იხ. სუსგ №ას-866-2023, 13 ოქტომბერი 2023 წელი).

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის (მარკა/მოდელი - „შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრით „.....“) ძრავი, რომელიც შეკეთდა 2020 წლის 11 აგვისტოს. თუმცა, ძრავის დაზიანების გამო, 2021 წლის 10 მარტს ავტომობილი კვლავ მიიყვანეს მენარდე კომპანიაში. ამ შემთხვევაში კომპანიამ უარი თქვა შემკვეთის სატრანსპორტო საშუალების შეკეთებაზე. მენარდე მიიჩნევს, რომ ავტომობილის შეკეთების წინაპირობა არ არსებობს, რადგან დაზიანება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ ექსპლუატაციის პირობების დარღვევით.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 ივლისის №004563721 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ძრავის გაგრილების სისტემა დროის ხანგრძლივ პერიოდში მუშაობდა წყალზე, რამაც ვერ უზრუნველყო სათანადოდ ძრავის გაგრილება, დააზიანა შუასადები, რამაც თავისთავად გამოიწვია გამაგრილებელი სითხის მაგისტრალებიდან წყლის წვის კამერაში მოხვედრა, მწყობრიდან გამოიყვანა ძრავი...ტექნიკური თვალსაზრისით, ძრავის დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციის შედეგად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად მიუთითებს, რომ ძრავი დაზიანდა გაგრილების სისტემის ხანგრძლივ პერიოდში წყალზე მუშაობის შედეგად. მართალია, ტექნიკური თვალსაზრისით, აღნიშნული შეფასებულია არასწორ ექსპლუატაციად, მაგრამ ექსპლუატაციის პირობების დაუცველობა, რომ შემკვეთს შეერაცხოს ბრალად, ძრავის დაზიანების გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, რით იყო გამოწვეული გაგრილების სისტემაში წყლის მოხვედრა - დასტურდება თუ არა მოსარჩელის ბრალით ისეთი გარემოების შექმნა, რამაც ძრავი დააზიანა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, საყურადღებოა, საქმეში წარდგენილი პრეისკურანტი (რომელიც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია), რომლის მიხედვით, ანტიფრიზის საგარანტიო ვადა/ პირობა იყო 50 000 კმ. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მენარდემ გაწეული მომსახურების შედეგად, ავტომანქანაში ანტიფრიზი ჩაასხა 2020 წლის 11 აგვისტოს, რა დროსაც გარბენი იყო 339 510 კმ, ხოლო შემდეგ - 2020 წლის 2 ოქტომბერს, გარბენზე 342 111 კმ. მესამედ, ავტომანქანა შესაკეთებლად მიიყვანეს 2021 წლის 10 მარტს, გარბენით 354 819 კმ. ამდენად, პირველი შეცვლიდან ავტომანქანის გარბენს არ გადაუჭარბებია პრეისკურანტში მითითებული 50 000 კმ-ისათვის, უფრო მეტიც, ამ დროის განმავლობაში, მოსარჩელემ ორჯერ ჩაასხა ანტიფრიზი, რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის მხრიდან ავტომობილის დიდი ხნის მანძილზე წყალზე ექსპლუატაციას. ამდენად, ძრავის წყობიდან გამოსვლით, როდესაც ანტიფრიზის საგარანტიო პირობა ჯერ კიდევ მოქმედებდა, მტკიცების ტვირთი გადავიდა მენარდეზე - მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავდა მოპასუხის მიერ ვალდებულების სათანადოდ შეუსრულებლობას ან მიუთითებდა მოსარჩელის ბრალეულობაზე. ასეთი მტკიცებულებები კი საქმეში წარდგენილი არ არის.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ (შემკვეთმა) წარადგინა რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულებები მოპასუხის მხრიდან დამატებითი ვალდებულების შესრულების წინაპირობის წარმოშობის თაობაზე, ხოლო მოპასუხემ ვერ დაძლია მის მხარეს შებრუნებული მტკიცების ტვირთი - ვერ წარადგინა საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი, საპირწონე მტკიცებულებები. მაშასადამე, მოპასუხეს წარმოეშვა ავტომანქანის (მარკა/მოდელი - „შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრით „.....“) ძრავის შეცვლის ვალდებულება.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, ნამდვილი და თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად, მხარეებმა თავად გაითვალისწინეს ნაკლის გამოსწორება ახალი სათადარიგო ნაწილით. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, მოპასუხეს მართებულად დაევალა ძრავის ახლით ჩანაცვლება. მხოლოდ ის გარემოება, რომ 2020 წლის აგვისტოში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დათანხმდა ავტომობილის ძრავის მეორადი ძრავით შეცვლას, არ გულისხმობს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას და ყოველ მომდევნო შემთხვევაში მოპასუხის სახელშეკრულებო ვალდებულებისგან გათავისუფლებას. ასეთი ცვლილება / შეთანხმება მხარეთა შორის არ დასტურდება. ამდენად, სასამართლო ხელმძღვანელობს, სწორედ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადგილი არ აქვს ხელშეკრულების 9.3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას - საკითხი არ ეხება მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულებას, არამედ სადავოა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა (თავდაპირველად მენარდე შეეცადა ნაკლის გამოსწორებას, ხოლო მეორედ - კატეგორიულად უარი თქვა შესრულებაზე). ამდენად, შემსრულებელს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით - ხელშეკრულების ღირებულების (70 000 ლარი) 0,15%-ის ოდენობით, რაც 105 ლარს შეადგენს.

15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ზემოაღნიშნული ოდენობა არ ქმნის სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებაზე მსჯელობის საფუძველს.

16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

17. პირველი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

17.1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტის მიხედვით, „ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/ არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა). საქმეში არსებული სპეციფიკაციის მიხედვით, დაზიანებული ძრავის შეცვლა შესაძლებელია როგორც ახალი, ასევე, მეორადი ძრავით. აღნიშნულის მიხედვით, განსხვავდება მათი ღირებულებაც, კერძოდ, ახალი ძრავის ღირებულება 6 091 ლარია, ხოლო მეორადი ძრავის ღირებულება 2 194 ლარი. სააპელაციო პალატა არაფრით ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლიანობას დაზიანებული ძრავის ახალი ძრავით შეცვლის აუცილებლობაზე მაშინ, როდესაც მხარეები შეთანხმებული იყვნენ მეორადი ძრავის გამოყენებაზე (იხ. ინვოისი, დეფექტური აქტი და შესრულებული სამუშაოს აქტი, რომლებშიც აღნიშნულია, რომ დაზიანებული ძრავი შეცვლილი იქნა მეორადი ძრავით). ამდენად, გარდა იმისა, რომ არ არსებობდა საგარანტიო მომსახურების გაწევის ვალდებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა დაზიანებული ძრავის ახალი ძრავით შეცვლის ვალდებულება (მხარეები შეთანხმებული იყვნენ მეორადი ძრავის შეცვლის თაობაზე, რასაც ადასტურებს თავად მოსარჩელე მხარე). აღნიშნული კი გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის დაუსაბუთებლობაზე მიანიშნებს და მისი გაუქმების საფუძველია;

17.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შემკვეთმა წარადგინა შემსრულებლის მხრიდან ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, რამაც სააპელაციო პალატის დასაბუთებით, მტკიცების ტვირთი მენარდის მხარეზე შეატრიალა; აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საქმეში არსებული მტკიცებულების, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის, არასწორი შეფასების შედეგადაა დადგენილი, რადგანაც მითითებული დასკვნით, მანქანის ძრავის დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, რაც მთლიანად გამორიცხავს მენარდის პასუხისმგებლობას;

17.3. მართალია, ექსპერტიზის აქტში არ არის დაფიქსირებული მანქანის გარბენი (კილომეტრაჟი), მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მენარდე კომპანიაში სადავო ავტომანქანის მიყვანისას, 2021 წლის 10 მარტს, დაფიქსირდა გარბენი - 354 819 კმ. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების თანახმად, სადავო ავტომანქანას მოპასუხე კომპანიის სერვისცენტრში ანტიფრიზი ჩაესხა 2020 წლის 2 ოქტომბერს და მანქანის გარბენი იყო - 342 111 კმ., შესაბამისად, 2021 წლის 10 მარტისათვის, ავტომანქანას უკვე 12 618 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. ხოლო დროის ინტერვალი შეადგენს 6 თვეს და მენარდისთვის სრულიად უცნობი იყო როდის აღმოჩნდა მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში ანტიფრიზის ნაცვლად წყალი. ამდენად, ორი კომპონენტი (გარბენის მნიშვნელოვანი მატებაც და დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთიც) სრულად მიესადაგება ექსპერტის მიერ დაფიქსირებულ განსაზღვრებას: „ხანგრძლივი პერიოდი“ (იხ. ექსპერტიზის დასკვნის სამოტივაციო ნაწილი, გრაფა: „გამოკვლევა“). შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი საგარანტიო მომსახურების წარმოშობის საფუძველი, რაც გამორიცხავს მენარდის საგარანტიო მომსახურების ვალდებულების არსებობას. ამდენად, დაუსაბუთებელია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იმ გარემოების მითითება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია მოსარჩელის ბრალეულობის გამომრიცხავ გარემოებაზე. შესაბამისად, საგარანტიო მომსახურების გაწევის ვალდებულების არარსებობა გამორიცხავს რაიმე სახის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობას და არ არსებობს სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 105 ლარის დაკისრების საფუძველი.

18. მეორე საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

18.1. შემკვეთის მოთხოვნა მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაკმაყოფილდა სრულად და მენარდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საურავის სახით, ნაცვლად 105 (ას ხუთი) ლარისა დაეკისრა პირგასამტეხლო, ერთჯერადი თანხის სახით, 105 ლარის ოდენობით. ამ ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია;

18.2. ხელშეკრულების 4.2. მუხლი ითვალისწინებდა საგარანტიო ვადას მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესრულებულ სამუშაოებსა და ახალ, შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე. ამავე ხელშეკრულების 9.3 მუხლის მიხედვით კი, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული იყო საურავის ტიპის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. 2020 წლის 11 აგვისტოს მოპასუხე კომპანიამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ....., შეუცვალა ძრავი და გაუწია სხვადასხვა ტიპის ტექ-მომსახურება. აღნიშნულ მომსახურებაზე, ხელშეკრულების შესაბამისად, გავრცელდა 1-წლიანი საგარანტიო ვადა. საგარანტიო ვადის მოქმედების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ავტომობილის ძრავს შეექმნა გარკვეული პრობლემები, რაც ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ საგარანტიო პირობების მოქმედების ფარგლებში, მენარდე ვალდებული იყო დაზიანებული ძრავი შეეკეთებინა/ გამოეცვალა, მან სრულიად დაუსაბუთებლად უარი განაცხადა მის აღდგენაზე. კერძოდ, მოპასუხე კომპანია უთითებდა მის სერვის ცენტრში ზეთის გამოუცვლელობაზე (რეალურად ზეთი ექსპლუატაციის პირობების შესაბამისად გამოიცვალა სხვა კომპანიაში - შპს „თ–ში“), მაშინ როდესაც ძრავის დაზიანება ექსპერტიზის მიხედვით, დიდი ხნის განმავლობაში ძრავის წყალზე მუშაობით იყო გამოწვეული. შემკვეთს ზემოაღნიშნული მანქანა წყალზე არ უმუშავებია და შესაბამისად ექსპლუატაციის პირობები არ დარღვეულა (რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა), სასამართლომ მოპასუხეს დაავალა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად საგარანტიო პირობების ფარგლებში, გამოეცვალა დაზიანებული ძრავი. აღსანიშნავია, რომ მანქანის დაზიანებიდან გასულია 2 წელზე მეტი და ის დღემდე არაა აღდგენილი. ამავდროულად, მოწინააღმდეგე მხარე მთელი ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა ვალდებულების შესრულებისთვის თავი აერიდებინა, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავდაპირველად სრულიად დაუსაბუთებლად ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე, მის კომპანიაში ზეთის შეუცვლელობის საბაბით უარი განაცხადა მანქანის აღდგენაზე, ხოლო შემდეგ ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად არ შეაკეთა მანქანა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ფონზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა ხელშეკრულების 9.3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, საკითხი არ ეხებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულებას, არამედ სადავო იყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, კერძოდ ხელშეკრულების ღირებულების (70 000 ლარი) 0,15 %-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 105 ლარი; შემკვეთის მოსაზრებით, სახეზეა მოპასუხე მხარის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება და პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელდეს ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებამდე, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად;

18.3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე იურიდიული მომსახურებისათვის ადვოკატის ხარჯების გადახდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დააკისრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროპორციულად (94,18 %); სასამართლოში მოპასუხეს პოზიციონირება მოუწია, არა მოსარჩელის უსაფუძვლო მოთხოვნის, არამედ მისივე მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის მიმართვა იყო საფუძვლიანი და არ ეფუძნებოდა მხოლოდ მის სუბიექტურ წარმოდგენებს. რეალურად, სასამართლოსთვის მიმართვა გამოწვეული იყო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით. ამდენად, აპელანტის მხრიდან დარღვეული უფლების აღდგენისთვის მიმართვა პროვოცირებული იყო მოპასუხის წინარე მოქმედებებით. სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი აძლევს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა იმის წინასწარ განჭვრეტა რას მოიმოქმედებს მოწინააღმდეგე მხარე ან სასამართლო, შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნა საფუძვლიანია, ხოლო მოთხოვნის მოცულობა გამოანგარიშებულია სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელის დასჯა და ხარჯების მასზე დაკისრება წინააღმდეგობაშია სსსკ-ის 53-ე მუხლთან.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სახეზე არის თუ არა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და მართებულია თუ არა ამ საფუძვლით მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

22. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ.: სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016 წ., გვ.288).

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადგენს ნარდობის საგნის მიმართ საგარანტიო ვადის დაწესების შესაძლებლობას და სწორედ ამ ვადის განმავლობაში შეიძლება შემკვეთს წარმოეშვას მეორადი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მენარდის მიმართ. საგარანტიო ვადის დაწესება ემსახურება შემკვეთის ინტერესს, ეფექტურად, გარანტირებულად გამოიყენოს ნაკლიანი შესრულებით წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის უფლებები მენარდის მიმართ (იხ. სუსგ საქმე Nას-512-2022, 10 ნოემბერი, 2022 წელი).

25. საგარანტიო ეწოდება ვადას, რომლის განმავლობაშიც ნარდობის ხელშეკრულებით დამზადებული ნაკეთობის ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, შემკვეთს წარმოეშობა ნაკეთობის ნაკლთან დაკავშირებული უფლებები, თუკი მენარდე ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ ნაკეთობის ნაკლი წარმოიშვა შემკვეთისათვის ნაკეთობის გადაცემის შემდეგ იმ გარემოებათა შედეგად, რაზედაც მენარდე პასუხს არ აგებს, კერძოდ, შემკვეთის მიერ ნაკეთობის არადანიშნულებისამებრ გამოყენების ან შენახვის შედეგად (იხ. ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლის კომენტარები, გვ. 2, https://gccc.tsu.ge/wp-content/uploads/2022/07/Art.-653.pdf ).

26. სსკ-ის 653-ე მუხლში მითითებულ „შესაბამის უფლებებში“ კანონმდებელი გულისხმობს შემკვეთის შემდეგ უფლებებს: ა) მოითხოვოს დამატებითი შესრულება, რაც გულისხმობს მენარდის მიერ, საკუთარი ხარჯებით, ნაკლის აღმოფხვრას, ან - ახალი ნაკეთობის დამზადებას (იმავე კოდექსის 642-ე მუხლი); ბ) დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (იმავე კოდექსის 643-ე მუხლი); გ) ნაკეთობის ნაკლის გამო უარი თქვას ხელშეკრულებაზე (კოდექსის 644-ე მუხლი); დ) შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (კოდექსის 645-ე მუხლი) (იხ. იქვე, გვ. 3).

27. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული საპროცესო პრინციპი სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ქვაკუთხედია და თითოეული საპროცესო ნორმა მასთან მჭიდრო კავშირში განიმარტება. საქმის განხილვისას, როგორც წესი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს - იურიდიულ ფაქტებს მიუთითებენ მხარეები, ხოლო, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, ვალდებულია წარმართოს შეჯიბრებითობა. ხსენებული პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.

28. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს (შემკვეთს) ევალება სპეციალურ მტკიცებულებაზე მითითებით (მაგ: ექსპერტიზის დასკვნა) დაადასტუროს მოპასუხის (მენარდის) მხრიდან ნაკლიანი შესრულება.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ნაკლიანი შესრულების დასადასტურებლად საჭიროა იმგვარი პირდაპირი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც ფაქტობრივ დაზიანებასთან ერთად დაადასტურებდა მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევას და ამ ქმედებასა და დაზიანებებს შორის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს ( იხ. სუსგ საქმე №ას-1790-2018, 19 აპრილი, 2019 წელი, პ.1.4.).

31. სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განხორციელებული შედავება არ შეიძლება გახდეს საკმარისი წინაპირობა შესრულების ნაკლის დადგენისათვის.

33. მოცემულ შემთხვევაში, მხართა შორის სადავო არ ყოფილა, რომ მენარდემ სადავო ავტომობილში გამაგრილებელი სითხე (ანტიფრიზი) ჩაასხა ორჯერ (2020 წლის 11 აგვისტოსა და 2 ოქტომბერს). შემკვეთს გამაგრილებელი სითხის ხარისხთან ან სხვა ნაკლთან დაკავშირებით მენარდისათვის პრეტენზია სადავო ავტომობილის ძრავის დაზიანებამდე და არც შემდგომ არ წარუდგენია, მოსარჩელე აპელირებდა მხოლოდ საგარანტიო პირობების მოქმედების ფარგლებში, მენარდის ვალდებულებაზე შეეცვალა დაზიანებული ძრავი.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 653-ე მუხლის განმარტების გათვალისწინებით, შემკვეთის უფლების წარმოშობა - საგარანტიო პირობების ფარგლებში მოითხოვოს შესაბამისი შესრულება - დაკავშირებულია ნაკლიანი შესრულებით წარმოშობილ მეორად მოთხოვნასთან. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთს უნდა დაედასტურებინა, რომ მენარდის ნაკლიანი შესრულების გამო მოხდა ძრავის დაზიანება, რაც წარმოშობს ამ უკანასკნელის მხრიდან საგარანტიო ვადის განმავლობაში ძრავის შეცვლას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებში წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების 6.17 პუნქტი), რომლის თანახმად, ტექნიკური თვალსაზრისით, ძრავის დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციის შედეგად. აქვე აღნიშნულია, რომ ნაცვლად გამაგრილებელი სითხისა, ექსპლუატაცია ხდებოდა წყალზე. საქმის ფარგლებში, არ წარდგენილა მტკიცებულება, რომელიც მენარდის მხრიდან ნაკლიან შესრულებასა და ნაკლიანი შესრულების გამო ძრავის დაზიანებას დაადასტურებდა (არ დასტურდება მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევა და ამ ქმედებასა და დაზიანებას შორის პორდაპირი მიზეზობრივი კავშირი). საქმის ფარგლებში, ასევე, არ დადასტურებულა რით იყო გამოწვეული გაგრილების სისტემაში წყლის მოხვედრა. ასეთ პირობებში კი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ შემკვეთის მიერ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში, მტკიცების ტვირთი მენარდეზე უნდა შებრუნდეს, რამდენადაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება შემკვეთის მიერ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. გარემოება, რომ პირველი შეცვლიდან ავტომანქანის გარბენს არ გადაუჭარბებია პრეისკურანტში მითითებული 50 000 კმ-სათვის, არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სადავო ავტომობილის არასწორ ექსპლუატაციას. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, საგარანტიო პირობის ამოქმედება ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში იყო გათვალისწინებული.

35. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“ (იხ. სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი 2021 წელი).

36. ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შემკვეთმა ვერ დაადასტურა მენარდის მიერ ნაკლიანი შესრულების ფაქტი, რომელმაც შემდგომ გამოიწვია სადავო ავტომობილის ძრავის დაზიანება, შესაბამისად, ასეთ პირობებში, არ არსებობს ავტომობილის საგარანტიო პირობების ფარგლებში, შეკეთების ვალდებულება.

37. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ რამდენადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ნაკლიანი შესრულება, აღარ არსებობს სხვა სადავო საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობა.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

39. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 459. 8 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

41. რაც შეეხება ადვოკატის ხარჯებს, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურების ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაღებული ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება (იხ.: სუსგ №ას-1054-2019, 30 სექტემბერი 2019 წელი; №ას-316-316-2018, 7 მაისი 2018 წელი; №ას-1289-2023 7 თებერვალი 2024 წელი). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ადვოკატმა კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები შეასრულა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა და ასკვნის, რომ გონივრულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „მ–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ღირებულების 600 ლარის გადახდა.

42. რაც შეეხება მოსარჩელეს/მეორე კასატორს იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „მ–სის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „მ–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს 459. 8 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „მ–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ღირებულების 600 ლარის გადახდა;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე