Facebook Twitter

¹ბს-1052-1005(კ-07) 27 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორი (მესამე პირი) _ ქ. ბათუმის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება

მოპასუხე სარჩელში _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება

სარჩელის საგანი _ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 22 დეკემბერს პროფკავშირების აჭარის კონფედერაციის უფლებამონაცვლე პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურმა გაერთიანებამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პროფკავშირების ...-ის კულტურის სახლს საკუთრებაში გააჩნდა ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე არასაცხოვრებელი შენობა. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1994 წლის 25 მაისის ¹123 დადგენილებით, აღნიშნული შენობა მეცნიერული კვლევა-ძიებისა და ... ექსპონატების მოვლა-პატრონობის უსაფრთხოების მიზნით, ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. ბათუმის ... მუზეუმს. იმავე დადგენილებით, ქ. ბათუმის მერიას დაევალა ერთი თვის ვადაში ხსენებული კულტურის სახლისათვის გამოენახა სათანადო ფართი პროფკავშირული საქმიანობის შეუფერხებელი წარმართვისათვის. ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5/7-ში მდებარე ...-ის მეორე სართულის 420 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა პროფკავშირების ...-ის კულტურის სახლს.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ მისთვის გადაცემული ზემოაღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების საკუთრებაში იყო. ხსენებული არასაცხოვრებელი ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა, რომელმაც 2005 წლის 2 დეკემბრის ¹2631 წერილით უარი უთხრა მოსარჩელეს ხსენებული ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე იმ მოტივით, თითქოს არ დგინდებოდა, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5/7-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების საკუთრებას.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ზემოაღნიშნული უარი უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილებით ხსენებული ფართი ბალანსიდან ბალანსზე საკუთრებაში გადაეცა პროფკავშირების ...-ის კულტურის სახლს, რაც დასტურდებოდა ქ. ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1997 წლის 21 იანვრის ¹5 ცნობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5/7-ში მდებარე 420 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საჯარო რეესტრში პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების საკუთრებად რეგისტრაციაში გატარების დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ქ. ბათუმის მერია ჩაება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5/7-ში მდებარე უნივერმაღის შენობის მე-2 სართულის 420 კვ.მ ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაში გატარება დაევალა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე პროფკავშირების კულტურის სახლი პროფკავშირების აჭარის კონფედერაციას ერიცხებოდა ბალანსზე, რაც დასტურდებოდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1994 წლის 25 მაისის ¹123 დადგენილებით. იმავე დადგენილებით დასტურდებოდა ის გარემოებაც, რომ პროფკავშირების აჭარის კონფედერაციას ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე კულტურის სახლი ბალანსიდან ჩამოეწერა და გადაეცა ქ. ბათუმის ... მუზეუმს, ხოლო ქ. ბათუმის მერიას დაევალა ერთი თვის ვადაში იმავე კულტურის სახლისათვის სხვა ფართის გამოყოფა. ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებით პროფკავშირების აჭარის კონფედერაციას ბალანსზე გადაეცა ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5/7-ში მდებარე ...-ის მე-2 სართულის 420 კვ.მ ფართი, რომელიც ირიცხებოდა პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ბალანსზე. ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1997 წლის 22 იანვრის ცნობით დასტურდებოდა, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5/7-ში მდებარე ...-ის მე-2 სართულის 420 კვ.მ ფართი ირიცხებოდა აჭარის პროფკავშირების გაერთიანების ბალანსზე.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტით დასტურდებოდა, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5ა-ში (იგივე ¹5/7) მდებარე უნივერმაღის მე-2 სართული ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებით პოფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების (კულტურის სახლის) საკუთრებად ირიცხებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოსარჩელისათვის ხსენებული ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2005 წლის 2 დეკემბრის წერილში მითითებული საფუძველი, თითქოს არ დგინდებოდა ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5ა-ში (იგივე ¹5/7) მდებარე უნივერმაღის მე-2 სართულის შესაბამისი ფართი მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხებოდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს აღნიშნულის გამაბათილებელ გარემოებებზე არ მიუთითებია. ამასთან, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა ქ. ბათუმის მერიამაც ვერ მიუთითა რაიმე არსებით გარემოებაზე, რაც მოსარჩელის მტკიცებას ეწინააღმდეგებოდა. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე სპეციალისტის სახით დაკითხულმა, ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის სპეციალისტმა კი დაადასტურა, რომ საქმეში წარმოდგენილი ტექბიუროს საარქივო მასალების მიხედვით, ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5ა-ში (იგივე ¹5/7) მდებარე ...-ის შენობის მე-2 სართულის 420 კვ.მ ფართი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებით აჭარის პროფკავშირების ბალანსზე ირიცხებოდა, რასთან დაკავშირებითაც შედგენილ იქნა ტექნიკური პასპორტი ნახაზებთან ერთად. ამ ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით, რაიმე ცვლილება ტექბიუროს ჩანაწერებში არ განხორციელებულა. აღნიშნული მასალები ტექაღრიცხვის სამსახურის გაუქმების შემდეგ გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5ა-ში (იგივე ¹5/7) მდებარე უნივერმაღის შენობის მე-2 სართულის 420 კვ.მ ფართი, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილების საფუძველზე, პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების საკუთრებაში ირიცხებოდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე, უძრავი ქონების გასხვისება ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად კი, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე, ამ სამსახურის ფუნქციებს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები ახორციელებდნენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რეესტრის მონაცემები ითვლებოდა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდებოდა მათი უზუსტობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეს ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5ა-ში (იგივე ¹5/7) მდებარე უნივერმაღის შენობის მე-2 სართულის 420 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე და მოპასუხის ხსენებული მოქმედება იყო უკანონო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლებოდა აღძრულიყო ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის უარი პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რაც განმარტებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, ზიანს აყენებდა მოსარჩელეს და აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული გარემოება მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1994 წლის 25 მაისის ¹123 დადგენილების მე-4 პუნქტით, ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე პროფკავშირების ...-ის სახლის შენობა გადაეცა ქ. ბათუმის .... მუზეუმს. იმავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ქ. ბათუმის მერიას უნდა უზრუნველეყო ერთი თვის ვადაში პროფკავშირების ...-ის კულტურის სახლისათვის სათანადო ფართის გამოძებნა მათი საქმიანობის შეუფერხებელი წარმართვისათვის.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მიხედვით, ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5/7-ში მდებარე უნივერმაღის მეორე სართულის 420 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ზემოხსენებულ პროფკავშირების კულტურის სახლს. ქ. ბათუმის ტექბიუროში აღნიშნული ფართი აღირიცხა იმავე პროფკავშირების ბალანსზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “რ” ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამადასტურებელი საბუთი იყო კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული, ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდებოდა უფლების დამადასტურებელი საბუთით, ან საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს სადავო 420 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გამოეყო ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებით, რაც აღირიცხა ტექბიუროში. “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში, ამ სამსახურის ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება ქ. ბათუმის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებასა და აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1994 წლის 25 მაისის ¹123 დადგენილებას. კასატორის განმარტებით, ხსენებული აქტებით, მართალია, ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5ა-ში (იგივე ¹5/7) მდებარე 420 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა პროფკავშირების აჭარის კონფედერაციას, მაგრამ არც ერთ აქტში არ იყო მითითებული, რომ აღნიშნული ქონება მოსარჩელეს გადაეცა საკუთრების უფლებით.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, ნიშნავდა თუ არა ბალანსიდან ბალანსზე ქონების გადაცემა საკუთრებაში გადაცემას. 1994 წლისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი უძრავ ქონებასთან მიმართებაში ითვალისწინებდა საკუთრების ფორმასაც. ამიტომ, თუ აქტის გამომცემ ორგანოს გადაწყვეტილი ჰქონდა ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5ა-ში (იგივე ¹5/7) მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პროფკავშირების აჭარის კონფედერაციის საკუთრებაში გადაცემა, ამ ფორმით ქონების გადაცემის შესახებ პირდაპირ უნდა ყოფილიყო მითითებული შესაბამის აქტში, რაც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ხსენებული ქონება გადაეცა არა საკუთრებაში, არამედ სარგებლობაში.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოსარჩელის მოთხოვნაზე გაცემული უარი უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის უკანონოდ მიჩნევისა და ბათილად ცნობის გარეშე შეუძლებელი იყო საჯარო რეესტრს შესაბამისი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვა დაკისრებოდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ქ. ბათუმის მერია სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოს შეეფასებინა ზემოხსენებული გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში ამის თაობაზე საერთოდ არ მიუთითა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, რის გამოც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლი.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,რ” ქვეპუნქტი, ვინაიდან საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთად მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია აქტი, რომელშიც საერთოდ არ იყო საუბარი საკუთრების შესახებ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 10 იანვრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა მხარეთა დასწრებით დაინიშნა 2008 წლის 13 მარტს, 11.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1994 წლის 25 მაისის ¹123 დადგენილებით ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე პროფკავშირების ...-ის კულტურის სახლი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. ბათუმის ... მუზეუმს, ხოლო ქ. ბათუმის მერიას დაევალა ერთი თვის ვადაში კონფედერაციისათვის კულტურის სახლის სანაცვლოდ, სხვა სათანადო ფართის გამოყოფა მისი საქმიანობის შეუფერხებელი წარმართვისათვის (ს.ფ. 11-12). ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებით პროფკავშირების აჭარის კონფედერაციას ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5/7-ში მდებარე უნივერმაღის მე-2 სართულის 420 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და აღნიშნული ფართი ირიცხებოდა პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ბალანსზე (ს.ფ. 7-9, 15, 18). საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების წესდებიდან ამონაწერის მიხედვით, ხსენებული გაერთიანება არის საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური საბჭოს სამართალმემკვიდრე, გააჩნია წესდება და გატარებულია რეგისტრაციაში (ს.ფ. 10, 20-21). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა 2005 წლის 2 დეკემბრის ¹2631 წერილით უარი უთხრა პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურ გაერთიანებას ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹5ა-ში (იგივე ¹5/7) მდებარე 420 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებით არ დგინდებოდა, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5ა-ში (იგივე ¹5/7) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების საკუთრებას (ს.ფ. 6).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ძირითადად, სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სადავო ქონება _ 420 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5ა-ში (იგივე ¹5/7), გადაეცა სარგებლობაში და იგი მას საკუთრებაში არ გადასცემია. ამასთან, კასატორი ვერ ასაბუთებს აღნიშნულ მოსაზრებას და საქმეშიც არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელისთვის სადავო ქონების არა საკუთრებაში, არამედ სარგებლობაში გადაცემას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, პროფკავშირების აჭარის კონფედერაციას საკუთრებაში გააჩნდა ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე კულტურის სახლის შენობა. ქ. ბათუმის მერიას აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, არ გაუბათილებია უძრავი ქონების მონაცვლეობით გადაცემისა და შესაბამისად, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოსარჩელეს სადავო 420 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გამოეყო ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებით, რაც აღირიცხა ქ. ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ფართო მოსარჩელეს გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე, რაც გატარებულ იქნა ქ. ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროში მის სახელზე და ამდენად, აღნიშნული გარემოება იყო საფუძველი იმისა, რომ იგი საჯარო რეესტრში დაინტერესებული მხარის მოთხოვნისთანავე უნდა გატარებულიყო რეგისტრაციაში, ამასთან, მოსარჩელე 14 წლის განმავლობაში ფლობდა და განკარგავდა ხსენებულ ფართს, როგორც საკუთარს (ს.ფ. 100).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 521-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გაცვლის ხელშეკრულებით, მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1994 წლის 25 მაისის ¹123 დადგენილების შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებით პროფკავშირების აჭარის კონფედერაციას სადავო ფართი გადაეცა სწორედ ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹...-ში მდებარე იმავე პროფკავშირების კუთვნილი კულტურის სახლის შენობის სანაცვლოდ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა უძრავი ქონების მონაცვლეობა _ ერთი უძრავი ქონების ნაცვლად მეორე უძრავი ქონების მოსარჩელისთვის გადაცემა. ამასთან, უდავოა, რომ ის ქონება, რომელიც ბალანსიდან ჩამოეწერა მოსარჩელეს და გადაეცა ქ. ბათუმის ... მუზეუმს, კერძოდ, ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე კულტურის სახლი, მოსარჩელის ბალანსზე და მის საკუთრებაში იყო, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტი თანდართულ ნახაზებთან ერთად, რომლითაც დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ტ.-ის ქუჩის ¹5ა-ში (იგივე ¹5/7) მდებარე შენობის მე-2 სართული ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებით პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების (კულტურის სახლის) საკუთრებაში ირიცხებოდა (ს.ფ. 53-61). აღნიშნულს ადასტურებს ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის განმარტებაც იმის შესახებ, რომ ტექნიკური აღრიცხვის საარქივო მასალების მიხედვით, რომლებიც სასამართლოში იყო წარმოდგენილი, ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹5ა-ში (იგივე ¹5/7) მდებარე 420 კვ.მ ფართი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 19 ივლისის ¹297 გადაწყვეტილებით აღირიცხა აჭარის ა/რ პროფკავშირების ბალანსზე და ამის შემდეგ იმავე ქონებასთან დაკავშირებით, ცვლილებები არ მომხდარა და საარქივო მასალები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს გადაეცა ქ. ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროდან (ს.ფ. 51, 62).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 1514-1515 მუხლებზე, რომელთა თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების გასხვისება ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე ამ სამსახურის ფუნქციებს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები ახორციელებდნენ. იმავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ანუ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, მიუთითებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების სარჩელი დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹5/7-ში მდებარე უნივერმაღის შენობის მე-2 სართულის 420 კვ.მ ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაში გატარება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და იმავე გადაწყვეტილების კანონიერება სადავოდ არ გაუხდია თვითონ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, ანუ იგი დაეთანხმა ხსენებულ გადაწყვეტილებას და მისი მიღების შემდეგ, შეასრულა იგი, განახორციელა იმავე გადაწყვეტილებით მისთვის დავალებული მოქმედება, რის საფუძველზეც 2006 წლის 30 აგვისტოს გასცა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹5ა-ში მდებარე 420 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი საკუთრების უფლებით აღირიცხა პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების სახელზე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებაში პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურმა გაერთიანებამ მიუთითა, რომ სადავო ფართი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით არის რეგისტრირებული ამავე გაერთიანების სახელზე და იმავდროულად გაცემულია იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით მოიჯარე ამირან ბერიძეზე რიტუალური მომსახურებისთვის 3 წლის ვადით, ხოლო ამ ფართის გამოსასყიდად შესაბამისი საფასურის ნახევარზე მეტი უკვე გადახდილი აქვს მოიჯარეს. საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 მარტის სხდომაზე კი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ თავის დროზე სადავო ქონება თვითონ კასატორმა გაატარა რეგისტრაციაში მისდამი დაქვემდებარებულ ქ. ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროში, ამასთან, ზემოხსენებული კულტურის სახლი იყო დაახლოებით 1500 კვ.მ ფართის, ნორმალურ მდგომარეობაში, ხოლო ის შენობა, რომელიც მას 1994 წელს გადაეცა, ფაქტობრივად, იყო გადაუხურავი და შეუმინავი, რის გამოც 10 წელი დასჭირდა მის აღდგენით და სარემონტო სამუშაოებს. ამის შედეგად კი მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული განჩინება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.