საქმე №ას-1135-2024
04 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.ო.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს- L. S.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს- L. S.“-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ.ო–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, 38 890,95 ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 29 168,22 ლარის გადახდა.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2019 წლის 14 მარტს მოპასუხის სახელზე გაიცა ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა N207489, რომლითაც მოპასუხეს მიეცა ნებართვა 2019 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 14 სექტემბრამდე ექსპორტიორი ქვეყნიდან, კერძოდ, თურქეთიდან საბაჟო გამშვები პუნქტის -,,სარფის“ გავლით შემოეტანა კონტროლს დაქვემდებარებული 30 000 ცალი კაკლის ნერგი;
6.2. მოპასუხემ თურქეთის რესპუბლიკიდან კაკლის ნერგების შემოტანის მიზნით, მიმართა შპს ,,გ.ლ–ს“, რომელმაც, თავის მხრივ, შეკვეთის შესრულების მიზნით, დაიქირავა მოსარჩელე;
6.3. 2019 წლის 14 მარტს მოსარჩელემ გადაზიდვის ხელშეკრულებით კაკლის ნერგების ტრანსპორტირება დაიწყო, რომელიც უნდა დაესრულებინა 2019 წლის 20 აპრილს;
6.4. საბაჟო გამშვები პუნქტის - ,,სარფის“ ტერიტორიაზე 2019 წლის 17 მარტს თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით: .... აღნიშნულმა სატრანსპორტო საშუალებამ გეზ ,,ბათუმის“ კონტროლის ზონა დატოვა 2019 წლის 17 ივლისს;
6.5. მოპასუხემ 2019 წლის 05 ივლისს N138052/21-11 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების შესახებ. 2019 წლის 10 ივლისს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა N23024 ბრძანება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის მიხედვითაც, განხორციელდა მოპასუხის მიერ 2019 წლის 05 ივლისის განცხადებით წარდგენილი საქონლის განადგურების უზრუნველყოფა, საქონლის განადგურების პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 11 ივლისიდან 09 აგვისტოს ჩათვლით. 2019 წლის 17 ივლისს ბათუმის ნაგავსაყრელზე 4050 ცალი კაკლის ნერგი დაზიანდა ბულდოზერით და დაიმარხა;
6.6. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება მოხვდა კონტროლის ზონაში და გაჩერებულ იქნა 04 თვე, 2019 წლის 17 მარტიდან 2019 წლის 17 ივლისამდე.
7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მოპასუხის მიერ განხორციელებული ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, რომელიც ზიანის გამომწვევ უშუალო და პირდაპირ შედეგს წარმოადგენდა და ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენზე. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორს, ბრალდებულ დ.ხ–სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს შორის. განაჩენში მითითებული ბრალდების არსი შემდეგია: მოპასუხის წარმომადგენელმა, საქართველოს მოქალაქე დ.ხ–მა 2018 წლის 15 მარტს RS.GE-ის პირადი გვერდიდან ელექტრონული განცხადების საშუალებით იმპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას, საბაჟო კონტროლისაგან მამულად და სხვა თანხმლები დოკუმენტების მოტყუებით გამოყენებითა და საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა დიდი ოდენობის - 18 335 ლარის საბაჟო ღირებულების 970 ცალი კაკლის ნერგი.
8. სააპელაციო პალატის განმარტებით, განაჩენის თანახმად, მართალია, მსჯავრდებული ფიზიკური პირია და არა მოპასუხე, მაგრამ მან დანაშაული ჩაიდინა როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა. ის გარემოება, რომ დ.ხ–ი წარმოადგენდა მოპასუხის ინტერესებს, ასევე დასტურდება განსახილველ საქმეში წარდგენილი შესაგებლით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 57-68) და მასზე დართული მინდობილობით, რომელსაც მოპასუხის დირექტორი აძლევს დ.ხ–ს შესაგებლის წარსადგენად და მისი ინტერესების დასაცავად. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ფიზიკური პირი, დ.ხ–ი, როგორც მინდობილი პირი, მოქმედებდა კომპანიის სახელით. შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება მოპასუხის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში, ხორციელდებოდა კომპანიის დავალებითა და მისი ინტერესების სასარგებლოდ.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 992-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებითა და უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და იმ ზიანს შორის, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს. ვინაიდან საქმეში არსებული განაჩენი ადგენს მოპასუხის წარმომადგენლის ბრალეულობას წარმომადგენლობითი ურთიერთობის განხორციელების ფარგლებში, ამასთან, უდავოა, რომ 2019 წლის 17 ივლისამდე მოსარჩელეს არ მიეცა საშუალება გამოეყენებინა სატრანსპორტო საშუალებები და დაკარგა შემოსავალი, ქმნის მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს.
10. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400.1.„ა“, 404-ე, 408.1, 409-ე, 411-412-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოსარჩელეს 2019 წლის 17 ივლისამდე არ მიეცა საშუალება გამოეყენებინა სატრანსპორტო საშუალებები. მიუღებელი შემოსავლის ოდენობა მოსარჩელემ განსაზღვრა ოთხი თვით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების პერიოდი მოიცავდა ერთ თვეს, რომელიც ანაზღაურდა მხარის მიერ და ეს გარემოება სადავო არ იყო. შესაბამისად, ზიანი, რაც მხარემ განიცადა, მოიცავს სამ თვეს. მოსარჩელის ერთი თვის საშუალო შემოსავალია (77 781,89 ლარი 8 თვეზე (იმ თვეების რაოდენობა რომელშიც კომპანიას უფიქსირდება შემოსავალი)) 9 722,74 ლარი. შესაბამისად, მოპასუხემ დაკარგა 03 თვის შემოსავალი (9 722,74 *3) 29 168,22 ლარი.
11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
12.1. საბაჟო დეკლარაციის თანახმად, დატვირთვა განხორციელდა 2019 წლის 14 მარტს, ტვირთის ოდენობაზე და ხარისხზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა მომწოდებელი, გამომგზავნი შპს „თ–ი“; იგი ვალდებული იყო, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა და გამოეგზავნა ტვირთი საბაჟო დეკლარაციაში ტრანზიტის თანმდევი და გადაადგილების სერთიფიკატში მითითებული რაოდენობითა და წონით. მოპასუხეს ტვირთი არ მიუღია, მოხდა კაკლის ნერგების განადგურება, პასუხისმგებლობა კი მთლიანად გამომგზავნს ეკისრებოდა;
12.2. მოსარჩელე 2019 წლის მარტში გადმოზიდვას ახორციელებდა მხოლოდ ერთი სატრანპორტო საშუალებით. მოპასუხე წარმოადგენს ტვირთის მიმღებს, რომელსაც ტვირთის დატვირთვის და გადმოგზავნის ვალდებულება არ გააჩნდა. მას უნდა მიეღო გადმოგზავნილი ტვირთი და თუ დოკუმენტალურ უსწორობებს ჰქონდა ადგილი, ეს გამომგზავნს უნდა გაეკონტროლებინა და არა მიმღებს. მოსარჩელეს მოპასუხის მიზეზითა და ბრალით შემოსავალი არ დაუკარგავს;
12.3. როდესაც ტვირთი საქართველოში შემოვიდა, რეალურად მოპასუხემ ვერ მიიღო, რადგან 918 ნერგით მეტი აღმოჩნდა, რაც გამომგზავნის შეცდომას წარმოადგენდა. მოპასუხეს ტვირთი არ მიუღია, ეს ნერგები პოლიციიდან ვეღარ წამოიღეს, გადაყარეს 4000 ცალი ნერგი და აქეთ დაზარალდნენ. ეს პასუხისმგებლობა კი მთლიანად გამომგზავნს, თ–ს ეკისრებოდა, რადგან მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იყო;
12.4. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა რაიონულ სასამართლოში 2023 წლის 23 თებერვლის სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ა.მ–ძისა და ნ.ქ–ძის გამარტებები. მოწმეთა ჩვენებები ქმნიდნენ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება;
12.5. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ არასწორად შევსებული დეკლარაცის გამო მოხდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის საჯარიმო ზონაში გადაყვანა, რის გამოც მოპასუხის ბრალეული ქმედებით მოსარჩელემ დაკარგა 04 თვის შემოსავალი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 11.05.2019წ. გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია ფიზიკური პირის - დ.ხ–ის და არა იურიდიული პირის - მოპასუხის მიმართ, მასში ბრალეულ პირად მითითებულია დ.ხ–ი, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებას დაადასტურებდა, საქმეში წარდგენილი არ არის. შესაბამისად, არ არსებობდა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები. მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს 2019 წლის 17 ივლისამდე არ მიეცა საშუალება გამოეყენებინა სატრანსპორტო საშუალებები და დაკარგა შემოსავალი, არ ქმნიდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს, რადგან სახეზე არ იყო მოპასუხის მიერ განხორციელებული ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, რომელიც ზიანის გამომწვევ უშუალო და პირდაპირ შედეგს წარმოადგენდა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება. კასატორი დავობს, რომ მოსარჩელეს ზიანი მისი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად არ მისდგომია.
20. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორს, ბრალდებულ დ.ხ–სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს შორის. ბრალდების არსი მდგომარეობს შემდეგში: მოპასუხის წარმომადგენელმა, საქართველოს მოქალაქე დ.ხ–მა 2018 წლის 15 მარტს RS.GE-ის პირადი გვერდიდან ელექტრონული განცხადების საშუალებით იმპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას, საბაჟო კონტროლისაგან მამულად და სხვა თანმხლები დოკუმენტების მოტყუებით გამოყენებითა და საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა დიდი ოდენობის - 18 335 ლარის საბაჟო ღირებულების 970 ცალი კაკლის ნერგი. შესაბამისად, აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია ტვირთის ოდენობასა და დოკუმენტების სისწორესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის თურქული კომპანიისათვის დაკისრების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. იგი არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი შეიცავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა წარმოადგენდეს ამ ქმედების უშუალო შედეგს. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1335-1373-2014, 24 ივნისი, 2015 წელი; Nას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; Nას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი).
22. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; Nას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; Nას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; Nას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
23. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლით განსაზღვრულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი, რომლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
24. ამდენად, კანონი ზიანის ანაზღაურებას აკისრებს პირს, რომლის მუშაკიც თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს მესამე პირს. მუშაკის მიერ მისი შრომითი (სამსახურებრივი) ვალდებულების შესრულებაში გაგებულ უნდა იქნას სამუშაოს შესრულება, რომელიც გამომდინარეობს როგორც შრომითი ხელშეკრულებიდან, ისე შრომითი ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ განხორციელებული ქმედებიდანაც, თუ იგი სამუშაოს მიმცემის (იურიდიული ან ფიზიკური პირის) მიერ იქნა დავალებული „სამუშაოს პროცესთან” დაკავშირებული საწარმოო ან სხვა საჭიროების გამო. „მუშაკად” მიიჩნევა არა მხოლოდ ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, არამედ ისიც, რომელიც ასრულებს სამუშაოს სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ პირობის არსებობისას, თუ ზიანის მიმყენებელი მოქმედებდა ან უნდა ემოქმედა შესაბამისი იურიდიული ან ფიზიკური პირი დავალების (მითითების) საფუძველზე ანდა მისი მეთვალყურეობის (კონტროლის) ქვეშ. ასეთ შემთხვევებში სამუშაოს მიმცემი პასუხს აგებს თავისი და არა სხვისი ბრალისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში მუშაკის მოქმედება შეფასებულ უნდა იქნას როგორც თვით სამუშაოს მიმცემის მოქმედება. სამუშაოს მიმცემი პასუხს არ აგებს, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, ვალდებულებითი სამართალი, კერძო ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 400-401, 997-ე მუხლის კომენტარი).
25. განსახილველ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მაისის განაჩენით დადგენილია, რომ დ.ხ–მა დანაშაული ჩაიდინა, როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი), შესაბამისად, ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან და განმარტებებიდან გამომდინარე, დ.ხ–ის ქმედებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს სწორედ მოპასუხე წარმოადგენს. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური პრეტენზია არ წარმოუდგენია.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
28. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1458,41 ლარის 70% – 1020,89 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ.ო–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „გ.ო–ს“ (ს.ნ. .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 01 ოქტომბერს №362 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1458,41 ლარის 70% – 1020,89 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე