საქმე №ას-1160-2024
11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „G&A G.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ხ–ვა, დ.ხ–ვა (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.ხ–ვამ და დ.ხ–ვამ (შემდგომში ერთობლივად – „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „G&A G“-ის (შემდგომში – „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაკისრებისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყვეტილად იქნა აღიარებული 2021 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, …….., ს.კ. N……, საჯარო რეესტრში 2021 წლის 16 დეკემბერს რეგისტრირებული იპოთეკა, იპოთეკარი - მოპასუხე; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის - 400 ლარისა და ავტომანქანით სარგებლობის ხარჯის - 100 ლარის, სულ 500 ლარის ანაზღაურება; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებლად - 946,43 ლარის გადახდა; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 400 ლარის 0,07%-ის (დღეში 0,28 ლარი) გადახდა, 2023 წლის 21 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე, 946,43 ლარის 0,07%-ის (დღეში 0,66 ლარი) გადახდა, 2023 წლის 21 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება მომზადდა დაგვიანებით, 2024 წლის 11 ივნისს, რის გამოც მოპასუხეს სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გაეგზავნა და ჩაბარდა 2024 წლის 18 ივნისს (იხ. ს.ფ. 281), რაც მოწმობს, რომ მხარისათვის მითითებული დროისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების შინაარსი და იმ შემთხვევაში, თუ ის აპირებდა მის გასაჩივრებას, ვალდებული იყო, კანონით გათვალისწინებულ 14-დღიან ვადაში წარედგინა სააპელაციო საჩივარი. მოპასუხისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 19 ივნისს და ამოიწურა 2024 წლის 02 ივლისს, თუმცა მისმა წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაგზავნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2024 წლის 03 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2024 წლის 04 ივლისს (იხ. კონვერტი, ტ. 1, ს.ფ. 296).
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591.1, 369.1, 59-ე, 63-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა. მოპასუხის მხრიდან სააპელაციო საჩივრის ფოსტის საშუალებით დარეგისტრირება და გაგზავნა მოხდა 2024 წლის 01 ივლისს, ხოლო ფოსტის წარმომადგენლის მხრიდან გზავნილის წაღება და სასამართლოში ჩაბარება დაგვიანებით, 2024 წლის 04 ივლისს განხორციელდა. კასატორმა მიუთითა სსსკ-ის 61.3 მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ფოსტის საშუალებით საჩივარი 2024 წლის 01 ივლისს გაგზავნა, ხოლო კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა ამოიწურა იმავე წლის 02 ივლისს, მისი მხრიდან კანონით დადგენილი ვადის გაშვებას ადგილი არ ჰქონია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, მისი განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
14. კასატორი დავობს, რომ მან რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში. კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ ვადაში დაარეგისტრირა ფოსტაში, შესაბამისად, მას გასაჩივრების ვადა არ გაუშვია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მომდევნო დღეს დაიწყება (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წელი; Nას1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; Nას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).
17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა დაგვიანებით, 2024 წლის 11 ივნისს, ხოლო მოპასუხეს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა და ჩაბარდა 2024 წლის 18 ივნისს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 281). თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ხელწერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ფოსტის მეშვეობით ჩაბარებამდე, აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის 14 ივნისს ხელზე ჩაიბარა მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, ნ.დ–ძემ (იხ. მინდობილობა და ხელწერილი, ს.ფ. 151, 282), შესაბამისად, მოპასუხისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2024 წლის 15 ივნისიდან (და არა იმავე წლის 19 ივნისიდან, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო უთითებს) (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 28 ივნისს.
18. სადავო არ არის, რომ ამ ვადაში მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში დარეგისტრირებულია 2024 წლის 04 ივლისს, ხოლო მოპასუხე კერძო საჩივარში თავად მიუთითებს, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტაში დარეგისტრირება და გაგზავნა მოხდა 2024 წლის 01 ივლისს, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად, მის მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტაში კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების თაობაზე, მსჯელობა.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „G&A GROUP“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე