Facebook Twitter

საქმე №ას-1206-2024

11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ბ.გ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „მ.ბ.გ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2022 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 73 920,69 ლარის შემცირება 14 784,14 ლარამდე.

2. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 2023 წლის 07 ნოემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2022 წლის 28 დეკემბრის NAT220022963 - ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N161 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდა 73 920,69 ლარიდან 14 784,14 ლარამდე.

3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 09 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

5. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით, ამასთან, სარჩელის აღძვრის წინაპირობა გახდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ვადის დარღვევით შესრულებისთვის და არ აუნაზღაურა ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შესაბამისად, სარჩელი იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო სარჩელში აღნიშნული ფაქტები მიიჩნევა დამტკიცებულად. ამდენად, საჩივრის ავტორის განცხადებები, რომელიც შინაარსობრივ საკითხებს უკავშირდება, მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია.

6. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 07 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2024 წლის 09 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. NAT220022963 ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, მხარეთა შორის 2022 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N161 ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის საგანს წარმოადგენდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ….. შიდა გზის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 998 994,97 ლარით.

8.2. ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, „მიმწოდებელს სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილებისას დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით”; ხოლო, ხელშეკრულების 13.5 პუნქტის შესაბამისად, „დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, დაუკავოს მიმწოდებელს პირგასამტეხლო მისთვის გადასახდელი თანხებიდან”.

8.3. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 28 მარტი; აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 15 მაისის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით; 2023 წლის 15 მაისის ცვლილების შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 07 ივნისის ჩათვლით, ხოლო მოქმედების ვადად მიეთითა 2023 წლის 07 ივლისი; 2023 წლის 29 ივნისის ცვლილებებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით; ხოლო, 2023 წლის 30 აგვისტოს ცვლილებებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

8.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 21 აგვისტოს, 74-დღიანი დაგვიანებით.

8.5. 30.08.2023წ. წერილის თანახმად, N161 ხელშეკრულების 13.2 პუნქტის შესაბამისად დარიცხულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 73 920,69 ლარი - სახელშეკრულებო ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

8.6. მოსარჩელემ ითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-მდე, რაც 14 784,14 ლარს შეადგენს.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებს მოთხოვნას. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის არგუმენტი, რომლითაც იგი ვადაგადაცილების ობიექტურ მიზეზს ხსნის, არარეალურია, შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოება ბუნდოვანი, სასარჩელო მოთხოვნა კი უსაფუძვლოა. გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეოროლოგიურ დაკვირვებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე არ აწარმოებს. მუნიციპალიტეტის მასშტაბიდან გამომდინარე, წარდგენილი მასალა შეუძლებელია განსაზღვრავდეს მოსული ნალექის სიზუსტეს და ტემპერატურულ ცვალებადობას თანაბარი მიმდევრობით სოფლებზე, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ დიდი მანძილით არიან დაშორებულები. მეტეოროლოგიური ცნობა დაბა ორბეთის მეტეოროლოგიური საგუშაგოს ფაქტობრივი მონაცემებია, რომელიც დიდი მანძილითაა დაშორებული იმ სოფლებიდან, რომლებშიც უნდა შესრულებულიყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მოპასუხის მხრიდან მომწოდებელს განსაზღვრული ჩაბარების ვადა გაუხანგრძლივდა და ასევე გადაიწია ხელშეკრულების მოქმედების ვადებიც, რათა მიმწოდებელს მისცემოდა დრო და საშუალება შეესრულებინა სამუშაოები. ამასთან, მოსარჩელე არ დავობს დარიცხული პირგასამტეხლოს დღეების მიხედვით, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ შემსყიდველი მოქმედება კანონიერია. ამასთან, ხელშეკრულებით გადასარიცხმა თანხამ შეადგინა 998 928,26 ლარი, ხოლო დარიცხულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ - 74 დღეზე 73920,69 ლარი. დარღვეული დღეების შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა შემცირდეს.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასრჩელო მოთხოვნას და შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობები.

11. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა დარღვევების გათვალისწინებით და მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 998 92,26 ლარის 0,1%, რაც თანხობრივად 73 920,69 ლარს შეადგენს, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულია, მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების ღირებულების 0,02 % -ის ოდენობით, კერძოდ, 14 784,14 ლარით.

12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

13. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

13.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლები;

13.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელე ვერცერთ რეალურ გარემოებას ვერ უთითებს, რაც შეიძლება პირგასამტეხლოს შემცირების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გამხდარიყო;

13.3. გარდა ამისა, მას წარდგენილი აქვს ისეთი მეტეო სადგურის მონაცემები, რომელიც ვერ იქნება სანდო იმ თვალსაზრისით, რომ მასში მითითებული მონაცემები აუცილებლად იქნებოდა გამეორებული ხელშეკრულების შესრულების ადგილას, ვინაიდან ტერიტორიულად საკმაო მანძილით არიან დაშორებულები. ასევე, გაურკვეველია მეტეო პირობები ერთნაირად როგორ იყო ხელისშემშლელი ნებისმიერი შესასრულებელი სამუშაო ეტაპისთვის, ვინაიდან სხვადასხვა მოცულობისა და ტიპის სამუშაოები სრულდებოდა. გასათვალისწინებელია, რომ სოფლები მდებარეობს სხვადასხვა სიმაღლეზე და ტემპერატურა ან ნალექი ერთნაირი არ არის. შესაძლოა, ერთ სოფელში იყო წვიმა, ხოლო გვერდით მდებარე სოფელში მშრალი ამინდი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ვალდებულების დარღვევასა და დარღვეულ დღეთა რაოდენობას სადავოდ არ ხდის, ცდილობს სასამართლოს იმგვარი აღქმა ჩამოუყალიბოს, რომ გარკვეულწილად მის მიერ ვადის დარღვევა საპატიოდ იქნას გაგებული;

13.4. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ვადების არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად, მოსარჩელე სამუშაოს ვადაში მაინც ვერ ასრულებდა;

13.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს სასამართლო იყენებს მხოლოდ შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში. სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას უნდა შეაფასოს და გაითვალისწინოს კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ აქვს შეფასებული რამდენად იყო სახელშეკრულებო თანხასთან და მოსარჩელის მიერ აღებულ ვალდებულებებთან შეუსაბამო დაკისრებული პირგასამტეხლო;

13.6. მოპასუხე კარგავს საბიუჯეტო სახსრებს, რაც საჯარო ინტერესებისთვის არის გათვალისწინებული. ვინაიდან მოსარჩელემ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი, მან იკისრა არამარტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვალდებულება, არამედ დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. ხელშეკრულების შესრულების ღირებულებისა და დარღვევათა დღიური რაოდენობის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი 73 920,69 ლარი და რატომ უნდა შემცირდეს მისი ოდენობა. სასამართლოს უფლებამოსილებაა არა მაღალი პირსაგამტეხლოს, არამედ არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების მართლზომიერება. კერძოდ, ის საკითხი სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.

20. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

21. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას.

22. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

23. ამრიგად, შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

24. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ წინაპირობებს, სადავოა ის საკითხი, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

25. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ საქმე Nას-1468-1388-2017, 11 მაისი, 2018 წელი).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

27. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი).

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

29. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი). წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დაანგარიშება სწორედ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან განხორციელდა.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე