Facebook Twitter

საქმე №ას-1249-2024

11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „მ–ამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 226 712,21 ლარის გადახდის დაკისრება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 226 712,21 ლარის გადახდა.

4. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელემ 2022 წლის 27 მაისს სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში გაიმარჯვა ელექტრონულ ტენდერში, რის შედეგადაც მოსარჩელესა (მიმწოდებელი) და ჭიათურის მუნიციპალიტეტს (შემსყიდველი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N156;

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში საშევარდნოს კლდეზე გადმოსახედისა და გადმოსახედთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება; ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 123 456 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (მე-2 პუნქტი);

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს პირველი ეტაპის განხორციელების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 196 დღე, ანუ 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით (3.1 პუნქტი);

მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (9.2 პუნქტი);

ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შემოწმება უნდა განეხორციელებინა შპს ,,ს.მ.ჯ–ს“, ზედამხედველს, რომელსაც ადგილზე უნდა შეემოწმებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოთა ხარისხი (9.3 პუნქტი);

მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02 პროცენტის ოდენობით (13.2 პუნქტი);

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 10 იანვრამდე (მე-19 პუნქტი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 14-20).

6.2. მოსარჩელემ 30.12.2022წ., 06.02.2023წ., 06.03.2023წ., 27.03.2023წ. და 30.04.2023წ. წერილებით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტს და ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ პროექტით განსაზღვრული გარე ნათების მაღალი სიმკვეთრის ცის ლაზერი-პროექტორის შეძენა ვერ მოხერხდა დეფიციტურობის გამო, ასევე, ხარჯთაღრიცხვის კორექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის კორექტირების პროცესის დაუსრულებლობის გამო;

ჭიათურის მუნიციპალიტეტი დაეთანხმა ვადის გაგრძელების მოთხოვნას, რის შედეგადაც 5-ჯერ გაფორმდა შეთანხმება და საბოლოოდ 2023 წლის 25 აპრილს N5 შეთანხმებით N156 ხელშეკრულების მე-19 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 მაისის ჩათვლით;

გარდა ამისა, იმავე N5 შეთანხმებით ხელშეკრულების 18.7 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შეთანხმებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 48-50, 52-58, 99-100, 144, 152).

6.3. მოსარჩელემ 2023 წლის 26 აპრილს აცნობა მოპასუხეს, რომ N156 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული იყო, უახლოეს დღეებში წარადგენდნენ ზედამხედველობაზე შესაბამისი კომპანიის მიერ მომზადებულ ზედამხედველობის ანგარიშს და ითხოვეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 262).

6.4. ს.მ.ჯ–ის მიერ 2022 წლის 11 ოქტომბერს გაცემული დასკვნისა და 2022 წლის 12 ოქტომბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, N156 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 585 897,51 ლარი.

ს.მ.ჯ–ის მიერ 2022 წლის 21 ოქტომბერს გაცემული დასკვნისა და 2023 წლის 27 ოქტომბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, N156 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებულმა სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 109 750,77 ლარი;

ს.მ.ჯ–ის მიერ 2023 წლის 24 ივლისს გაცემული დასკვნისა და 2023 წლის 07 აგვისტოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, N156 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებულმა სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 427 442 ლარი;

ამდენად, ობიექტზე სრულად შესრულებული სამუშაოების ნაზარდმა ჯამმა შეადგინა 1 123 090,28 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 59, 154-174, 188-202).

6.5. ს.მ.ჯ–ის მიერ 2023 წლის 24 ივლისს შედგენილი N010345 საბოლოო ანგარიშის (დასკვნითი ნაწილი) თანახმად, ინსპექტირებაზე წარდგენილი, მოსარჩელის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში საშევარდნოს კლდეზე გადმოსახედისა და სოფელ ზედა რგანში გადმოსახედთან მისასვლელი გზის მოწყობის პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 01 ივნისიდან-2023 წლის 26 აპრილის ჩათვლით ფაქტობრივად შესრულებული საბოლოო სამუშაოები შესაბამისობაში იყო საპროექტო დოკუმენტაციასთან, მოქმედ ნორმებთან და წესებთან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 59, 174).

6.6. ჭიათურის მუნიციპალიტეტმა მიიჩნია, რომ ვადაგადაცილება შეადგენდა 1157 დღეს და შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო მოსარჩელეს დააკისრა ხელშეკრულების 13.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,02%, რამაც ყოველდღიურად შეადგინა 224,69 ლარი (1 123 456 X 0,02%=224,69), ხოლო 1157 დღეზე დაანგარიშებით 259 966,33 ლარი (224,69 X 1157=259 966,33). აღნიშნული თანხები დამკვეთმა შემსრულებელს არ აუნაზღაურა და გაუქვითა პირგასამტეხლოს თანხის სახით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 60, 254-261).

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შემსყიდველმა (მოპასუხემ) არასწორად განსაზღვრა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა და ნაცვლად 148 დღისა, 1157 დღე დაადგინა. შესაბამისად, არასწორად დაიანგარიშა პირგასამტეხლო, რამაც შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილის არასწორი დაკავება განაპირობა; თავის მხრივ, მოპასუხის/აპელანტის მტკიცებით, მიმწოდებელმა დაარღვია, როგორც გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შუალედური სამუშაოების შესრულების ვადები, ისე სამუშაოების სრულად დასრულების ვადები, რის გამოც, ნარდობის ხელშეკრულების 13.2 პუნქტის შესაბამისად, მან სწორად დაიანგარიშა და დაუკავა პირგასამტეხლო 1157 დღეზე, რამაც ჯამში 259 966,33 ლარი შეადგინა.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5, 102-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული, როგორც შუალედური სამუშაოების შესრულების ვადები, ისე სამუშაოების სრულად დასრულების ვადები და ამ ფაქტების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საშევარდნოს კლდეზე გადმოსახედისა და სოფელ ზედა რგანში გადმოსახედთან მისასვლელი გზის მოწყობის პროექტის ფარგლებში, სამუშაოები ფაქტობრივად სრულად დაასრულა 2023 წლის 26 აპრილს, რაც შესაბამისობაში იყო საპროექტო დოკუმენტაციასთან, მოქმედ ნორმებთან და წესებთან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სამუშაოების დასრულების ვადად სარჩელში დააფიქსირა 2023 წლის 10 მაისი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად (ს.მ.ჯ–ის მიერ 2023 წლის 24 ივლისს ინსპექტირებაზე შედგენილი N010345 საბოლოო ანგარიშის დასკვნით ნაწილში სამუშაოების დასრულების ვადად 2023 წლის 26 აპრილის დაფიქსირების მიუხედავად), სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტი სამუშაოს დასრულების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების საბოლოო თარიღად 2023 წლის 10 მაისი მიიჩნია, რომლის თანახმად, 2022 წლის 10 დეკემბრიდან - 2023 წლის 10 მაისამდე შესრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 148 დღე.

10. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, მოპასუხემ მიუთითა, რომ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 1157 დღეს შეადგენდა, თუმცა მან არც შესაგებელში და სააპელაციო საჩივარში და არც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, კონკრეტულად რამდენი დღით დაირღვა თითოეული შუალედური სამუშაოების ვადები. მოპასუხეს არც ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რაც გამორიცხავდა ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობასთან დაკავშირებით მისი მსჯელობის გაზიარებას.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე, 629.1 მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული 1 123 090,28 ლარის სამუშაოების 148-დღიანი ვადაგადაცილებით შესრულების ფაქტი. ამასთან, მოპასუხემ 695 648,28 ლარის სამუშაოები შეასრულა 2022 წლის 21 ოქტომბრამდე, რის მიხედვითაც, სამუშაოს დასრულებისათვის შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა 427 442 ლარია. შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობის (427 442 ლარი) გათვალისწინებით და ყოველდღიურად 0,02%-ის დაანგარიშებით კი, პირგასამტეხლო დღეში 85,49 ლარს (427 442-ის 0,02%=85,49), ხოლო 148 დღეზე სულ 12 652,28 ლარს (85,49*148=12 652,28) შეადგენს.

12. თუმცა, ვინაიდან მოსარჩელე დაეთანხმა მისთვის პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,02% - ის დაკისრებას, რაც 33 245 ლარს შეადგენდა და რაც პირველი ინსტანციის სასამართლომაც გაიზიარა, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 248-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაბუთებულად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა 33 254 ლარის ნაკლებობით შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ნაწილის - 226 712,21 ლარის გადახდა.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელემ მხარეთა შორის 2022 წლის 27 მაისს დადებული N156 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა, კერძოდ, სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებულმა დღეებმა შეადგინა 1157 დღე, რის გამოც, იმავე ხელშეკრულების 13.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის მიმწოდებელს დაუკავდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ჯამში 259 966,33 ლარი.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენი დღის ვადაგადაცილებით შეასრულა მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

23. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-776-830-2011, 27 ივნისი, 2011 წელი; Nას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

25. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

26. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის 2022 წლის 27 მაისს დადებული N156 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 148-დღიანი ვადაგადაცილებით შეასრულა. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური, დაუსაბუთებელი და არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე