Facebook Twitter

საქმე №ას-1299-2024

18 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.კ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.კ–სი “ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - ა.ა–ნი, ნ.ტ–ვა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „მ.კ“-მა (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.კ–ვას (შემდგომში – „პირველი მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“), ა.ა–ნის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და ნ.ტ–ვას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 35 537,04 ლარის (მ/შ სესხის ძირი - 26 327,83 ლარი, პროცენტი - 9209,21 ლარი) გადახდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის (სარგებელი) - ყოველთვიურად 1 201 ლარის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 3 წლისა; დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ზუგდიდი, სოფ. ......, ს.კ. N ......, სარეალიზაციოდ მიქცევა.

4. პირველმა მოპასუხემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტმა ასევე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არის მარტოხელა დედა და ჰყავს ორი შვილი - ლ.კ–ვა, რომელიც არის სტუდენტი და იმყოფება მის კმაყოფაზე და გ.კ–ვა, რომელიც არის არასრულწლოვანი (17 წლის) და აქვს შშმ ბავშვის სტატუსი. მას პერიოდულად უუარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, 2019 წელს აღენიშნებოდა ჰიპერგლიკემიის ეპიზოდები. ამასთან, აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინოთერაპიაზე და მკურნალობს ყოველდღიურად; აპელანტის დასაბეგრი შემოსავალი 2023 წლის ივნისიდან 2023 წლის დეკემბრამდე შეადგენდა 1427,62 ლარს, რომლითაც შეუძლებელია 3 პირის, მათ შორის, შშმ პირის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით დაევალა: ა) სახელმწიფო ბაჟის - 3150,92 ლარის გადახდა და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა; ბ) სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის დართვით წარდგენა, რამდენი მონაწილეც არის საქმეში და გ) ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა CD დისკის სახით. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2024 წლის 23 თებერვალს.

6. აპელანტმა 2024 წლის 04 მარტს განცხადებით მიმართ სააპელაციო სასამართლოს, სადაც კვლავ აღნიშნა, რომ არის მარტოხელა დედა; მისმა შვილმა - გ.კ–ვამ განმეორებით ჩაიტარა შემოწმება და მისი დაავადება შეჩერებული არ არის, ისევ იმავე ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვს, რაც მანამდე ჰქონდა. მან 2024 წლის 24 იანვარს მიიღო უვადო შშმ პირის სტატუსი; აპელანტს აქვს არასტაბილური შემოსავალი. 2020 წელს შეუჩერდა ინდ. მეწარმის სტატუსი და ამ საქმიანობიდან შემოსავალი არ აქვს. შესაბამისად, ამ პირობებში შვილების აღზრდა და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება რთულია.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადით. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2024 წლის 18 მარტს.

8. აპელანტმა 2024 წლის 25 მარტსა და 29 მარტს (ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილია 27 მარტს) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც დაურთო სააპელაციო საჩივრის დედანი, CD დისკი და განმარტა, რომ მის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი იყო ცნობა, რომელიც ასახავდა მის შემოსავლებს (როგორც ფიზიკური პირის, ასევე, ინდ. მეწარმის) და რომელსაც დამატებით წარადგენდა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო ხარვეზით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ) კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და 2024 წლის 18 მარტს ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე, რაც დასტურდება საფოსტო უკუგზავნილით. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი ვადა 2024 წლის 28 მარტს ამოიწურა. აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო - სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა და არც გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულება (მისივე მითითებით - ცნობა შემოსავლების სამსახურიდან) წარადგინა. აპელანტს ამ ვადაში არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368.5, 374-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე შემდეგი გარემოებების გამო: აპელანტს აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არის მარტოხელა დედა და ჰყავს 2 შვილი - ლ.კ–ვა, რომელიც არის სტუდენტი და იმყოფება მის კმაყოფაზე და გ.კ–ვა, რომელსაც აქვს შშმ ბავშვის სტატუსი. მას პერიოდულად უუარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, 2019 წლისთვის აღენიშნებოდა ჰიპერგლიკემიის ეპიზოდები. გარდა ამისა, აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინოთერაპიაზე და მკურნალობს ყოველდღიურად. 2003 წლის 13 იანვარს გამოიცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N1/ნ ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის წესსა და ინსტრუქციას. ამ ბრძანების მე–9 მუხლის თანახმად, „მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს გადამოწმების გარეშე (უვადოდ), ბიუროში 5 წლის დაკვირვების შემდეგ უვადოდ, გადამოწმების ვადით, წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები: ო) შაქრიანი დიაბეტი I–II ტიპის, მძიმე ფორმა (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ)“. აქედან გამომდინარე, დიაბეტით დაავადებული პირი ექვემდებარება 5-წლიან დაკვირვებას და შემდგომ შშმ სტატუსის უვადოდ გაცემას. პირველი მოპასუხის შვილის შემთხვევაში ცნობა გამოიცა 2019 წელს და განისაზღვრა 5-წლიანი ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც საჭირო იყო შშმ ბავშვის დაავადების პროგნოზირების შესწავლა, რის შემდეგაც კვლავ გაიცემა შშმ პირის სტატუსი, ამჯერად უვადოდ. პირველი მოპასუხის შვილმა კვლავ ჩაიტარა შემოწმება და მისი დაავადების განვითარება შეჩერებული არ არის, ისევ იმავე ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვს, რაც აქამდე ჰქონდა. გ.კ–ვამ 2024 წლის 24 იანვარს მიიღო უვადო შშმ პირის სტატუსი. შესაბამისად, ამ პირობებში შვილების აღზრდა და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საკმაოდ რთულია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს საერთოდ არ აქვს შემოსავალი.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.

17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ხარვეზის შეუვსებლობის, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ აპელანტის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახეზე იყო სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

19. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

20. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით დადგენილ ვადაში არც ხარვეზი შეავსო და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. კერძოდ, განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2024 წლის 18 მარტს. შესაბამისად, აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2024 წლის 28 მარტს. ამ ვადაში - 2024 წლის 25 მარტს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, სადაც განმარტა, რომ მის შემოსავლებთან დაკავშირებით გამოთხოვილი ჰქონდა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომელსაც დამატებით წარადგენდა; იგივე განცხადება სააპელაციო სასამართლოში განმეორებით რეგისტრირებულია 2024 წლის 29 მარტს, თუმცა განცხადება ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილია იმავე წლის 27 მარტს. განცხადებას დამატებით ერთვის სააპელაციო საჩივრის დედანი და CD დისკი. ამდენად, აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განჩინებით განსაზღვრულ საპროცესო ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, ამასთან, აღნიშნული განცხადების წარდგენით მან დაადასტურა მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის განხილვის მიმართ ინტერესის არსებობა, რაც სააპელაციო სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

22. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სასამართლო ხარჯები.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ-ის 47-ე მუხლი), აგრეთვე, შუამდგომლობისა და ამ შუამდგომლობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსსკ-ის 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ (იხ. სუსგ საქმე Nას-388-361-2010, 18 ივნისი, 2010 წელი; Nას-970-1006-2011, 04 ივლისი, 2011 წელი; Nას-777-726-2017, 08 სექტემბერი, 2017 წელი).

24. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას (კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით). პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება, არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა უგულებელყონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, 20627/04, N17, 2006, ECHR) (იხ. სუსგ საქმე Nას-1185-1146-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი).

25. მოცემულ შემთხვევაში პირველმა მოპასუხემ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არის მარტოხელა დედა და ჰყავს ორი შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან. მათგან ერთ-ერთი სტუდენტია, ხოლო მეორეს, რომელიც სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის იყო არასრულწლოვანი, აქვს შშმ პირის სტატუსი. მას პერიოდულად უუარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინოთერაპიაზე და მკურნალობს ყოველდღიურად. აპელანტის დასაბეგრი შემოსავალი 2023 წლის ივნისიდან 2023 წლის დეკემბრამდე შეადგენდა მხოლოდ 1427,62 ლარს.

26. ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად აპელანტმა სააპელაციო საჩივარს დაურთო შემდეგი დოკუმენტები: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 10.01.2023წ. ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ, რომლის თანახმად, აპელანტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.06.2017წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუდგინდა მარტოხელა მშობლის სტატუსი მის შვილთან - გ.კ–ვასთან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. 161, 163); სს „ე.ჰ–ის“ მიერ 29.10.2019წ. გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, აპელანტის შვილს - გ.კ–ვას დაუდგინდა შშმ ბავშვის სტატუსი 01.01.2024 წლამდე (იხ. ს.ფ. 165-166); 16.09.2019წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ გ.კ–ვას აქვს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (იხ. ს.ფ. 164); შემოსავლების სამსახურის 05.12.2023წ. ცნობა, რომლის თანახმად, აპელანტის, როგორც ინდ. მეწარმის მიერ 06.2023წ.-დან 12.2023წ.-ის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 1 427,62 ლარს (იხ. ს.ფ. 167).

27. გარდა ზემოთ მითითებული მტკიცებულებებისა, აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.12.2023წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტმა 04.03.2024წ. წარდგენილ განცხადებას დაურთო 24.01.2024წ. ცნობა, რომლის თანახმად, გ.კ–ვას დაუდგინდა შშმ პირის სტატუსი უვადოდ (იხ. ს.ფ. 180-181); ასევე, 22.01.2024წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საიდანც ირკვევა, რომ გ.კ–ვას აქვს შაქრიანი დიაბეტი (იხ. ს.ფ. 182-183); აპელანტმა აგრეთვე განმარტა, რომ მას სტაბილური შემოსავალი არ აქვს, 2020 წლიდან შეუჩერდა ინდ. მეწარმის სტატუსი და ამ საქმიანობიდან იგი შემოსავალს არ იღებს. გარდა ამისა, კერძო საჩივარზე დართულია შემოსავლების სამსახურის 15.08.2024წ. ცნობა, რომლის თანახმად, აპელანტის, როგორც ინდ. მეწარმის მიერ 02.2024წ.-დან 08.2024წ.-ის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (იხ. ს.ფ. 216).

28. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებებისა და აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად საქმეში წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის შესახებ. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობას, რაც 3000 ლარს აღემატება. შესაბამისად, აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.კ–ვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის განჩინება და თ.კ–ვას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე