საქმე №ას-1304-2024
18 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N591 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 38 120,78 ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 706,92 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მხარეთა შორის 2021 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა - ქ. თბილისში, ……. ქუჩა N10-ში მდებარე (ს.კ. N…….) მოპასუხის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I სამმართველოს ტერიტორიაზე შენობა N25(1)-ის, N15(1)-ის, N2(3)-ის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა, რომელიც განსაზღვრული იყო მიმწოდებლის მიერ წარდგენილ სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, თან ერთვოდა ხელშეკრულებას და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 417 693 ლარს.
6.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში; 3.2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარედგინა და შემსყიდველთან შეეთანხმებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 05 კალენდარული დღის ვადაში; ხოლო, 3.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო კალენდარულ დღეს.
6.3. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი), მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.
6.4. 2022 წლის 09 თებერვლის შეთანხმებით ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვა შეიცვალა და ჩამოყალიბდა წინამდებარე შეთანხმებაზე თანდართული დანართი N1-ის სახით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ზემოაღნიშნული ცვლილების საფუძველზე, ხელშეკრულების 2.3 პუნქტით განსაზღვრული სახელშეკრულებო ღირებულება - 417 430,01 ლარი შემცირდა 10 476,36 ლარით და განისაზღვრა 406 953,65 ლარით.
6.5. 2021 წლის 15 ოქტომბრის შეთანხმებით სასადილოს შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის ობიექტზე სამუშაოების სრული დატვირთვით წარმართვა შეჩერდა 33 დღით, რომლის გათვალისწინებითაც, სამუშაოების შესრულების ვადა გაიზარდა 33 კალენდარული დღით და განისაზღვრა 2021 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.
6.6. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ ფორმა N3-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად ჩაითვლება დადასტურებული ფორმა N2-ით ან/და ფორმა N2-ით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების თარიღი.
6.7. 2022 წლის 24 თებერვალს მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების (ფორმა N2) ღირებულებამ შეადგინა 368 316,70 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 09 თებერვალი.
6.8. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულების ვადა და 368 316,70 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა 69 დღის გადაცილებით.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ნაცვლად 2021 წლის 02 დეკემბრისა, დასრულდა 2022 წლის 09 თებერვალს - 69 კალენდარული დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 368 316,70 ლარის 0,15%-ის ოდენობით, რაც ჯამში 38 120,78 ლარს შეადგენს. მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შეიცვალა შესრულების ვადა და გათვალისწინებულ იქნა მოპასუხის ინტერესები. ამის მიუხედავად, მოპასუხემ უხეშად დაარღვია ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შემცირდა 3-ჯერ. აღნიშნული გადაწყვეტილებით აზრი ეკარგება პირგასამტეხლოს ინსტიტუტის დანიშნულებას.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებით, ასევე, გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა დარღვევების გათვალისწინებით და მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულია, მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი და მისი ოდენობა, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, უნდა განსაზღვრულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05%-ის ოდენობით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელშეკრულებით დარიცხული პირგასამტეხლოს - 38 120,78 ლარის 3-ჯერ შემცირებისა და მისი ოდენობის 12 706,92 ლარით განსაზღვრის თაობაზე.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
11.1. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ნაცვლად 2021 წლის 02 დეკემბრისა, დასრულდა 2022 წლის 09 თებერვალს, 69 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 369 316,70 ლარის 0,15%-ის ოდენობით, ჯამში 38 120,78 ლარი;
11.2. სასამართლომ პირგასამტეხლო არამართებულად შეამცირა 12 706,92 ლარამდე. აღნიშნული ოდენობის პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა;
11.3. მოპასუხეს არ მიუთითებია არცერთი ფაქტობრივი გარემოების შესახებ, თუ რატომ იყო დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, არაგონივრული და მაღალი. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება;
11.4. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როდესაც ხელშეკრულების მხარე მეწარმე სუბიექტია, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებისა და მისი ოდენობის მართლზომიერება.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
20. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი; Nას-56-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი).
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).
22. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
23. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან განხორციელდა, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, მისი შემცირება მართლზომიერია. ამასთან, დარღვეული ვალდებულების ხასიათისა (სადავო არაა ხელშეკრულების შესრულების ხარისხი, არამედ დარღვეულია მხოლოდ სამუშაოს შესრულების ვადა) და მოცულობის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების, დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%, ჯამში 12 706,92 ლარი, გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს.
24. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1164-2019, 22 ნოემბერი, 2019 წელი; Nას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი; Nას-603-2021, 14 დეკემბერი, 2021 წელი; Nას-1716-2019, 19 თებერვალი, 2021 წელი; Nას-56-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი; Nას-946-2024, 07 აგვისტო, 2024 წელი; Nას-1283-2024, 14 ნოემბერი, 2024 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობების არსებობაში.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე