Facebook Twitter

საქმე №ას-1306-2024

27 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ძ–ვა (მოსარჩელე)

არასრულწლოვანი – ნ.ბ–ი

მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ძ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დედა“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ბ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მამა“ ან „კასატორი“) მიმართ არასრულწლოვნის, 2016 წლის 22 ოქტომბერს დაბადებული ნ.ბ–ის (შემდგომში - „არასრულწლოვანი” ან „ბავშვი”) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მამისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით წინამდებარე საქმის მასალები გადაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და დაევალა არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, მისთვის წარმომადგენლის დანიშვნა, ასევე, მხარეთა სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა, მათ შორის, ბავშვის ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით, დავის საგანთან მიმართებით მხარეთა და არასრულწლოვნის პოზიციის გამოკვლევა და შესაბამისი დასკვნის სასამართლოში წარდგენა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი და მამას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2021 წლის 18 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე.

5. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 ნოემბრის განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეში მესამე პირად ჩაერთო არასრულწლოვანი და დადგინდა მისთვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2020 წლის პირველ იანვრამდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში. თანაცხოვრებისას მხარეებს შეეძინათ შვილი - 2016 წლის 22 ოქტომბერს დაბადებული ნ.ბ–ი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17);

8.2. მხარეებმა განქორწინების შემდეგ დამოუკიდებლად განსაზღვრეს შვილთან ურთიერთობის დრო, თუმცა ბოლო პერიოდში შეუთანხმებლობის გამო მათ შორის ურთიერთობა დაძაბულია. მხარეთა შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა, მოპასუხის მიმართ გაცემულია შემაკავებელი ორდერი (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი; ტ. 1, ს.ფ. 18);

8.3. მოსარჩელის ინიციატივით არასრულწლოვანს 2021 წლის ივნისში ჩაუტარდა პირველადი ფსიქოლოგიური შეფასება, რომლის თანახმად, ბავშვს მშობლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება (იხ. ფსიქოლოგიური შეფასება, ტ. 1, ს.ფ. 19-20);

8.4. მოსარჩელე დასაქმებულია სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივსა და სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ხელფასის სახით იღებს შესაბამისად 1000 ლარსა და 925 ლარს. ასევე, მოსარჩელე ახორციელებს სხვადასხვა სამუშაოებსა და პროექტებს, რისთვისაც იღებს დამატებით შემოსავალს (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი; ტ. 1, ს.ფ. 78-86);

8.5. მოპასუხე პროფესიით ფოტოგრაფია და მისი შემოსავალი თვეში საშუალოდ 1000 ლარს შეადგენს (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი; ტ. 1, ს.ფ. 87);

8.6. მოპასუხეს არ მიუთითებია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე, არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რაც დედის მხრიდან შვილზე არასათანადოდ ზრუნვის ფაქტს დაადასტურებდა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დედა სათანადოდ ზრუნავს არასრულწლოვანზე, იგი დაცულია ძალადობისა და უგულებელყოფისაგან, იზრდება სათანადო პირობებში და აქვს ყველა საჭირო სერვისზე ხელმისაწვდომობა (იხ. სოციალური მუშაკის დასკვნა, ტ. 1, ს.ფ. 89-94).

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი თვლის, რომ საქმეს არ ახლავს კომპეტენტური და მიუკერძოებელი ექსპერტიზის დასკვნა, რითაც რეალურად დადგინდებოდა ბავშვის სურვილი და ინტერესები, ასევე, მამის მიმართ დამოკიდებულება. აპელანტის განმარტებით, ბავშვს დაბადებიდან ის ზრდიდა, შესაბამისად, ბავშვის ინტერესები ყველაზე უკეთ მისთვისაა ცნობილი, რაც ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას ითხოვს, მისთვის ალიმენტის დაკისრებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს (იხ. სააპელაციო სასამართლოს 10.04.2024წ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 12:07 - 12:08 სთ). აპელანტმა ასევე განმარტა, რომ სასამართლოს წარმოებაში იყო მისი სარჩელი ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე, რომელიც უშუალო კავშირშია მოსარჩელის მიერ აღძრულ სარჩელთან, შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით, სახეზე იყო აღნიშნული საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანების საფუძველი, თუმცა სასამართლომ ისინი ერთ წარმოებად უკანონოდ არ განიხილა.

10. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიკვლია ორივე მხარის საცხოვრებელი პირობები. კერძოდ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად. ბავშვზე დღე-ღამის განმავლობაში მზრუნველობას და მეთვალყურეობას ახორციელებს დედა. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, ბავშვს დედის მხრიდან სრულფასოვნად აქვს დაკმაყოფილებული მისი ასაკის შესაბამისი საჭიროებები. იგი უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, ასაკის შესაბამისი სათამაშოებით, სასწავლო ინვენტარით, დაცულია მისი ჰიგიენა, ბავშვი დაცულია ძალადობისა და უგულებელყოფისგან. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ დედა ზრუნავს შვილზე, არ ტოვებს უყურადღებოდ, ითვალისწინებს მის აზრს, შეხედულებებსა და სურვილებს. დედა ცდილობს, ასაკის შესაბამისად შვილის ყველა მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ბავშვი საცხოვრებელში თავს ლაღად და უსაფრთხოდ გრძნობს. შეფასებისას ასევე გამოიკვეთა, რომ დედას კარგად აქვს განვითარებული მშობლის უნარები და შვილთან პოზიტიურ, წახალისებაზე ორიენტირებულ მეთოდებსა და მიდგომებს იყენებს. იგი შვილთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, რაც მასთან არის დაკავშირებული. არასრულწლოვანსა და დედას შორის დადებითი, ძლიერი ემოციური კავშირია ჩამოყალიბებული. ოჯახში მისი აღზრდისა და განვითარებისთვის შექმნილია სტაბილური, უსაფრთხო და კეთილსაიმედო, მზრუნველი გარემო. არასრულწლოვანს ძლიერი ემოციური კავშირი ჩამოყალიბებული აქვს დედის მიმართ. ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად, რომლის მიმართ გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს. ყველა ქმედებაში ბავშვი გამოხატავდა ძლიერ ემოციურ კავშირს და სიყვარულს დედის მიმართ.

დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს კორპუსის ტიპის ოროთახიან ბინა, სადაც მოწესრიგებულია საყოფაცხოვრებო პირობები და დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ელექტრო ტექნიკით. ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი მიეწოდებათ მუდმივად. ბავშვს აქვს საწოლი, კუთხე პირადი ნივთების განსათავსებლად. სოციალური მუშაკი გაესაუბრა არასრულწლოვანს. ბავშვის გადმოცემით, მას უყვარს ორივე მშობელი. დასკვნაში ასევე დადებითადაა შეფასებული მოპასუხის საცხოვრებელი პირობები. კერძოდ, მოპასუხე ცხოვრობს მცხეთაში, კერძო ტიპის ორსართულიან სახლში, პენსიონერ დედასთან ერთად. მოპასუხის განმარტებით, ბავშვის მოვლისას სხვის დახმარებას არ საჭიროებს და დამოუკიდებლად შეუძლია ყველა ის საჭიროება დააკმაყოფილოს, რაც არასრულწლოვანს შეიძლება ჰქონდეს. ამასთან, შეფასებისას არ გამოვლინდა არასრულწლოვანზე რაიმე სახის ნეგატიური ზეგავლენა მამის საცხოვრებელში.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოისმინა არასრულწლოვნის წარმომადგენლის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის - მ.ტ–ას მოსაზრებები (იხ. 22.05.2024წ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 10:34:58 – 11:14:35 სთ), რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ არ გამოკვეთილა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის ცვლილების საჭიროება და არც სკოლის ცვლილების მიზანშეწონილობა. ასევე, დედის მიერ ბავშვზე არასათანადო ზრუნვის ფაქტი ან დედის საცხოვრებელ ადგილზე მისთვის არასათანადო საცხოვრებელი პირობების არსებობა და სხვა გარემოებები, რომლებიც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის ცვლილებაზე.

ფსიქოლოგ მ.ტ–ას განმარტებით, ბავშვისათვის სასწავლო დაწესებულების შეცვლა სასურველი არ არის, რადგან ბავშვი მიჩვეულია არსებულ გარემოს, თავს გრძნობს კომფორტულად და მისთვის სკოლაში შექმნილი სასწავლო და სოციალური გარემო სასიამოვნოა, შესაბამისად, ბავშვისათვის ადაპტირებული გარემოს ცვლილება მიზანშეწონილი არ არის (იხ. 22.05.2024წ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 10:52:49 - 10:55:03 სთ).

არასრულწლოვნის წარმომადგენლის - ს.ჯ–ვას განმარტებით, ბავშვისათვის საცხოვრებელი ადგილის ცვლილება მოცემულ მომენტში მიზანშეწონილი არ არის, მათ შორის, არც სკოლის შეცვლის მიზნებისათვის, ვინაიდან თვითონ ბავშვს სკოლის შეცვლის თაობაზე სურვილი არ გამოუხატავს, პირიქით, იგი სკოლაში თავს კარგად გრძნობს. (იხ. 22.05.2024წ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 11:01:50 -11:05:32 სთ).

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის - ანა რუხაძის განმარტებით, არასრულწლოვანს ორივე მშობელთან აქვს ჯანსაღი მიჯაჭვული დამოკიდებულება, თუმცა მას დედასთან უფრო მეტად გააჩნია აღნიშნული მიჯაჭვულობა. მან ასევე აღნიშნა, რომ დედის საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრება ბავშვისათვის რაიმე ნეგატიური ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამომწვევი არ არის. მისი მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის ცვლილების საჭიროება სახეზე არ არის (იხ. 22.05.20224წ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 11:06:43 -11:08:59 სთ).

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198.1, 1198.5, 1199-ე, 1201.1, 1201.2, 1202-ე მუხლებით, ბავშვის უფლებათა კოდექსის 8.1, 8.2, 9.1, 12.1, 24.1, 24.2, 24.4, 26.1 მუხლებით და ზემოაღნიშნული მოსაზრებების, ასევე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების მხედველობაში მიღებით, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბავშვს ორივე მშობელთან თანაბრად ჰქონდეს ურთიერთობა, თუმცა მისი საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გარეშე.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ გამოკვეთილა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ბავშვის საცხოვრებელი ადგილის ცვლილების მიზანშეწონილობა, რაც, თავის მხრივ, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველია.

14. სააპელაციო პალატის განმარტებით, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. იმ მშობლის საოჯახო შრომა, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი, არის ის მონაწილეობა, რაც ფაქტობრივად მას შეუძლია შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის გაიღოს და არ შეიძლება რჩენის ვალდებულება მხოლოდ ისე ვიწროდ განიმარტოს, რომ მასში მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა მოიაზრებოდეს. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც, მართალია, დასაქმებულია, აქვს შემოსავალი, თუმცა აღნიშნული მამას, მატერიალური თვალსაზრისით, ბავშვის რჩენის მოვალეობისაგან არ ათავისუფლებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ ბავშვის მოვლა-აღზრდა მოითხოვს დროისა და ადამიანური რესურსების უდიდეს ნაწილს.

15. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ არასრულწლოვანს ყოველთვიურად საკვები პროდუქტების გარდა, ასევე, ესაჭიროება ტანსაცმელი, გადაადგილება, ხოლო ასაკობრივი ზღვრის გათვალისწინებით - სხვადასხვა სახის სპორტულ თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის შესაბამისი თანხა. მიუხედავად იმისა, მოცემულ მომენტში არასრულწლოვანი იღებს თუ არა მონაწილეობას მსგავსი სახის აქტივობაში, მისი ეს უფლება, როგორც ბავშვის უფლება, რომელიც გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობითა თუ საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით, დაცული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს. შესაბამისად, ალიმენტის განსაზღვრა იმ ოდენობით არის მიზანშეწონილი, რომ ამისათვის სათანადო პირობები შეიქმნას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ასევე არასრულწლოვნის მშობლების ასაკი და მათი შრომისუნარიანობა.

16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე მუხლებით, ბავშვის უფლებათა კოდექსის 24.1, 25.1, 46.2, 47.2 მუხლებით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ 20.11.1998წ. კონვენციის 18.1, 27-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მამისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - 300 ლარი გონივრულ ოდენობად მიიჩნია.

17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

18. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

18.1. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება, თუმცა მოპასუხე აღნიშნულ სარჩელს არ დაეთანხმა და, თავის მხრივ, იგივე მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელის განხილვისას, მოსამზადებელ სხდომაზე ორივე მხარემ მოითხოვა დასახელებული საქმეების გაერთიანება, რათა მიღებული ყოფილიყო საერთო გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლომ ამ შუამდგომლობაზე არ იმსჯელა და იმავე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ისე, რომ არ მოუსმენია ბავშვის აზრი და არ გამოუკვლევია მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ არაერთხელ განაცხადა ბავშვის მამასთან ცხოვრების სურვილის შესახებ;

18.2. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, პირველ რიგში ეს ეხება მოპასუხის სარჩელს, რომელიც დღემდე შეჩერებული სტატუსით არის სასამართლოს წარმოებაში. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება, რათა საქმეები გაერთიანებულიყო ერთი, საერთო გადაწყვეტილების მიღების მიზნით და არ მომხდარიყო მამის მოთხოვნის უგულებელყოფა;

18.3. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის ზემოაღნიშნულ სარჩელს არათუ დაკმაყოფილების, არამედ განხილვის პერსპექტივაც მოუსპო. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ არ არსებობდა აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი, რაც სრული უკანონობაა, რადგან პირველ ინსტანციაში მოპასუხის მოთხოვნა არ განხილულა;

18.4. სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ბავშვს მოუსმინა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ გააბათილებს იმ ფაქტს და მოცემულობას, რომ ბავშვს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოუსმინეს და მოპასუხეს მოსარჩელის სარჩელის განხილვის მომენტში არ მიეცა საშუალება თანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში ჩამდგარიყო. სასამართლოს მიერ დარღვეულია უპირველესი და ფუნდამენტური - მხარეთა თანასწორობის პრინციპი;

18.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანი არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება, ვინაიდან მოპასუხის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ აუცილებელი იყო სააპელაციო სასამართლოს ემსჯელა, შეეფასებინა და გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოებაში მიღებული მოპასუხის სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ალიმენტს;

18.6. ფაქტია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოებაში არსებული მოპასუხის სარჩელი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეხება ერთი და იმავე საკითხს, თუ ვისთან უნდა განისაზღვროს არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი, ასეთ შემთხვევაში კი სასამართლომ უნდა მიიღოს ერთიანი გადაწყვეტილება. მოპასუხე, როგორც პირველ, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ითხოვდა ამ საქმეების გაერთიანებას;

18.7. კასატორის მოთხოვნაა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს ამით მიეცემა საშუალება, საქმე დააბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეების გაერთიანების მიზნით. საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელს შეუწყობს საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ შესწავლას, დადგენას და ყველა მხარეს მიეცემა შესაძლებლობა, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები. აღნიშნული კი, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის საქმის სწორ გადაწყვეტას და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება არასრულწლოვანს და აუცილებელია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეილახოს და გამოუკვლეველი და შეფასებული არ დარჩეს საქმესთან დაკავშირებული არცერთი საკითხი;

18.8. მოპასუხეს თავის სარჩელზე, რომლითაც ითხოვს არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მამასთან განსაზღვრას, დართული აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები იმის დასტურად, რომ ბავშვს სურს მამასთან ერთად ცხოვრება და ამას თავის ყველა სიტყვასა თუ მოქმედებაში აშკარად და მკაფიოდ გამოხატავს. საქმე, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულია მხოლოდ მოსარჩელის ინტერესებთან მიმართებით, მაშინ, როდესაც პირველ რიგში ბავშვის ინტერესები უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, ხოლო მოპასუხის მოთხოვნა იგნორირებული და უგულებელყოფილია. ეს საქმეები ერთად რომ განხილულიყო, აუცილებლად იქნებოდა საერთო გადაწყვეტილება, სადაც უპირველესად გათვალისწინებული იქნებოდა არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლს მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

25. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის დედასთან განსაზღვრის მართლზომიერება.

26. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სახეზე იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში წინამდებარე საქმისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მის მიერ აღძრული სხვა საქმის გაერთიანების საფუძველი, თუმცა საქალაქო სასამართლომ საქმეთა გაერთიანების შესახებ მხარეთა შუამდგომლობაზე არ იმსჯელა.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეთა გაერთიანების შესაძლებლობა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

28. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დისპოზიცია სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და სამართლებრივად ერთგვაროვანი საქმეების ერთდროულად და სწორად გადაწყვეტას ემსახურება.

29. მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ მიუთითებია კონკრეტულ, დასაბუთებულ არგუმენტებზე, რაც ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მართებული გადაწყვეტილების მისაღებად წინამდებარე საქმისა და მის მიერ აღძრული საქმის ერთდროულად განხილვის (გაერთიანების) აუცილებლობასა და მიზანშეწონილობას დაადასტურებდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეთა გაერთიანების წინაპირობას არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ აღძრულ სხვა დავაში მოსარჩელის მოთხოვნის გამომრიცხველი მტკიცებულებების არსებობის ფაქტი. თუკი მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის მოთხოვნის გამომრიცხველი და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მამასთან განსაზღვრის მიზანშეწონილობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მას შეეძლო ისინი წინამდებარე საქმეშიც წარედგინა.

30. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქმეთა გაერთიანება არსებითად სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს, რაც, თავის მხრივ, ხელს არ უშლის ამ საქმეთა ცალ-ცალკე განხილვასა და მართებულად გადაწყვეტას. ამასთან, იმავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეთა გაერთიანების თაობაზე კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა“ და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

33. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

34. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

35. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

36. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე Nას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).

37. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).

38. აღნიშნულმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

39. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე Nას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

40. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას შესწავლილი უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, როდის და სად სჯობს იყოს ბავშვი, სად არის მისთვის უკეთესი, რომელ მშობელს აქვს უფრო მეტი რესურსი კონკრეტულ პერიოდში, რომ მისცეს ბავშვს უკეთ განვითარების შანსი. გარემომ, სადაც მომავალში იქნება ბავშვი, ხელი უნდა შეუწყოს მის ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას, სამომავლო ურთიერთობებსა და სოციალიზაციის პროცესს. ამასთან, როდესაც საქმე არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები (იხ. სუსგ საქმე Nას-53-51-2016, 06 ივლისი, 2016 წელი; Nსას-1060-2021, 28 აპრილი, 2022 წელი).

42. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულების, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის, ფსიქოლოგისა და არასრულწლოვნის წარმომადგენლის მოსაზრებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა სრულად შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და, შესაბამისად, იმ ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია არასრულწლოვანთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისათვის. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური, დაუსაბუთებელი და არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს დასაშვებობის წინაპირობების არსებობაზე.

43. რაც შეეხება მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრებას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეს/მამას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან მის სრულწლოვანებამდე, ხოლო კასატორს აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით პრეტენზია არ წარმოუდგენია.

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

46. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 480 ლარის 70% – 336 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ს.ბ–ს (პ.ნ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 23 ოქტომბერს №1729687622 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 480 ლარის 70% – 336 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

3. 2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე