Facebook Twitter

საქმე №ას-1465-2024

30 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „კ.ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.თ–უა (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ა-რ...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.თ–უამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.ა–ისა“ (შემდგომში - „მოპასუხე“ „კასატორი“) და შპს „ა-რ...“ -ის მიმართ, და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ნაკვეთზე არსებული ნაგებობის დემონტაჟი.

2. შპს „კ.ა–მა“ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „კ.ა–ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე: რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელის მ/ტ, ნაკვეთი №....., ს/კ ...... და აღნიშნული ქონება გადაეცა მოსარჩელე გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში და შპს „ა-რ...-ს“ დაევალა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ. რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელის მ/ტ, №.... ნაკვეთზე (ს/კ .........) განთავსებული ნაგებობის დემონტაჟი;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „კ.ა–მა“ .

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შპს „კ.ა–ს“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

8. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს რ.ა–ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ.მინდობილობა ს.ფ.83) და ჩაბარდა კომპანიის ოფის-მენეჯერს 2024 წლის 6 დეკემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით კასატორს მიეცა 5 დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

13. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2024 წლის 4 დეკემბერს და ჩაბარდა 2024 წლის 6 დეკემბერს კომპანიის ოფის-მენეჯერს მეგი ქავთარაძეს (იხ. ჩაბარების დასტური, ს.ფ. 379) შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინება კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად ჩაბარდა.

14. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი საპროცესო ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2024 წლის 7 დეკემბერს და ამოიწურა 2024 წლის 11 დეკემბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გიზო უბილავა