საქმე №ა-128-შ-6-2025
29 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ხ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ხ–ნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საფრანგეთის, ფონტენბლოს საერთო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის №24/00007 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საფრანგეთის ფონტენბლოს საერთო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის №24/00007 გადაწყვეტილებით მ.ხ–ნსა (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“, „განმცხადებელი“) და გ.ხ–ნს (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. 2025 წლის 17 იანვარს მ.ხ–ნმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საფრანგეთის, ფონტენბლოს საერთო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის №24/00007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
3. პარიზის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სამდივნოს 2024 წლის 10 ივნისის ცნობით, ირკვევა, რომ სააპელაციო განაცხადების რეესტრში 2024 წლი 28 მაისის მდგომარეობით არ არსებობს არანაირი ჩანაწერი ზემოაღნიშნული გადაწყვეტიელბის გასაჩივრების შესახებ.
4. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. შუამდგომლობის ტექსტის თანახმად, განმცხადებლის იურიდიული ინტერესია ქორწინების შეწყვეტის დარეგისტრირება იუსტიციის სახლის სერვისების განვითარების სააგენტოში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით მ.ხ–ნის შუამდგომლობა, საფრანგეთის, ფონტენბლოს საერთო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის №24/00007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, საფრანგეთის, ფონტენბლოს საერთო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის №24/00007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
10.საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, საფრანგეთის, ფონტენბლოს საერთო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის №24/00007 გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ხ–ნის შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, საფრანგეთის, ფონტენბლოს საერთო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის №24/00007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საფრანგეთის, ფონტენბლოს საერთო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის №24/00007 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ მხარეებს (მ.ხ–ნისა და გ.ხ–ნს) შორის განქორწინების წიპირობები არსებობს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე