Facebook Twitter

საქმე №ას-1139-2024

23 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – მ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ლ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ „კასატორი“,) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ტ–ძის, ე.ტ–ძისა და მ.კ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მემკვიდრე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ.ტ–ძე, ე.ტ–ძე და მ.კ–ძე ცნობილ იქნენ ლ.ტ–აძის (შემდგომში - „მამკვიდრებელი“, „მსესხებელი“) სამართალმემკვიდრეებად და ასევე მესაკუთრეებად გარდაცვლილის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, შემდეგი რეკვიზიტებით: მოდელი - OPEl astra, სახელმწიფო ნომრით ......, მოდელი - BMW 750 I, სახელმწიფო ნომრით ......., მოდელი - VOLKSWAGEN TOUAREG, სახელმწიფო ნომრით - ...... მოპასუხეებს ლ.ტ–ძეს, ე.ტ–ძესა და მ.კ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების 7 500. 14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6 258.52 ლარი, პროცენტი - 969.86 ლარი, აღსრულების ხარჯი - 170 ლარი, პირგასამტეხლო - 101. 76 ლარი.

3. 2023 წლის 31 ივლისს ე.ტ–ძემ საჩივრით მიმართა სასამართლოს და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილობა მოითხოვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობისა და განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდა, სარჩელი მოპასუხეების ე.ტ–ძისა და ლ.ტ–ძის ნაწილში დარჩა განუხილველი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, რის შესახებაც 2024 წლის 6 დეკემბერს ეცნობათ მხარეებს ( იხ.ტ.2, ს.ფ.205-206).

12. 2024 წლის 16 იანვარს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კასატორისათვის ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. ამავე კოდექსის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია – იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაც ქვემოთ შევეხებით. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა ვადითაა შეზღუდული, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ზემოთ მოყვანილ ნორმათა ანალიზი, ასევე, საკასაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, იძლევა ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მხარეთა შორის პროცესის ხარჯების განაწილების ზოგადი წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ამავე კოდექსის 54-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯების განაწილების წესს სარჩელზე უარის თქმისა და მორიგებისას, ხოლო 55-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წესს.

17. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის პროცესის ხარჯების განაწილებასაც (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი). საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიღებული განჩინებით საქმე არსებითად არ გადაუწყვეტია, არამედ უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილება, ასევე სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება წარმოებს სასამართლოს ინიციატივით, ხოლო, ყველა სხვა შემთხვევაში, პროცესის ხარჯები მხარეთა შორის გადანაწილდება დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა, ისარგებლოს ზემოხსენებული საპროცესო მექანიზმებით და მოითხოვოს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ისარგებლებს ზემოაღნიშნული შესაძლებლობით, იგი კარგავს პროცესის ხარჯების ანზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1706-1600-2012, 18 თებერვალი 2014 წელი).

19. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს/ განმცხადებელს საკასაციო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლის ფარგლებში, არ მოუთხოვია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, მსგავსი მოთხოვნით არც დამოუკიდებლად რაიმე განცხადებაა წარდგენილი საკასაციო წარმოების ეტაპზე. მოპასუხემ მხოლოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის შემდეგ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში აღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.კ–ძის წარმომადგენლის განცხადება ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე