09 დეკემბერი 2024 წელი
საქმე №ას-1419-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.ა–ძე-გ–ია
მოწინააღმდეგე მხარე- ა.ჯ–ი
დაინტერესებული პირი - ც. გ–ია
მოსარჩელე - თ. გ–ია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ა–ძე-გ–იას სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. თ. გ–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა.ჯ–ს აეკრძალა თ. გ–იასთვის ც. გ–იას ნახვის უფლების ხელშეშლა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მ.ა–ძე-გ–იამ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ მ.ა–ძე-გ–ია და მისი წარმომადგენლები - კ.შ–ი და თ.გ–ძე (იხ. ს.ფ. 370-372). შესაბამისად, აპელანტი ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან, რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
3.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 20 ივლისს და ამოიწურა 2024 წლის 01 სექტემბერს, რომელიც იყო უქმე დღე, შესაბამისად საპელაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2024 წლის 02 სექტემბრის დღის ბოლომდე. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2024 წლის 26 სექტემბერს. პალატამ დამატებით აღნიშნა რომ მ.ა–ძე-გ–იას მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2024 წლის 07 აგვისტოს (ს.ფ. 414), შესაბამისად დადგენილი ფაქტია, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი 30 დღიან ვადაში, თუმცა არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენლები დადგენილ ვადაში სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადდნენ. საქმეში წარმოდგენილია აპელანტის წარმომადგენლის - კ.შ–ის ხელწერილი, საიდანაც დგინდება, რომ მან გადაწყვეტილება ჩაიბარა 2024 წლის 13 სექტემბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრების ვადის დაცვით წარადგინა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში და განმარტავს შემდეგს: უტყუარადაა დადასტურებული მისი განსაკუთრებული ინტერესი დაჩქარებულად წარემართა საქმისწარმოება. კერძოდ, მან 2024 წლის 26 ივლისს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა. 2024 წლის 12 სექტემბრამდე მოსამართლისა და მისი შემადგენლობის შვებულებაში ყოფნის გამო მრავალმხრივი სატელეფონო კომუნიკაციის მიუხედავად არ გადაეცა მას გადაწყვეტილება და საბოლოოდ ჩაიბარა ამავე წლის 13 სექტემბერს. გაუგებარია ზემოაღნიშნული განცხადებისთვის გვერდის ავლა და სასამართლოს ინტერპრეტაცია, რომ ვინაიდან განცხადება გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-დან 30 დღის ვადაში არ იქნა შეტანილი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან გასაჩივრების ვადის ათვლა არ მიიჩნევა ლეგიტიმურად. მით უფრო მაშინ, როცა 2024 წლის 07 აგვისტოს სასამართლომ თურმე ამ განცხადების საფუძველზე გაუგზავნა გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს.
იმ პირობებში, როცა გასაჩივრების ვადის გასვლისაგან თავის დაზღვევის მიზნით, კერძო საჩივრის ავტორს გადაწყვეტილების ჩაბარების თობაზე განცხადება ჰქონდა დაწერილი, ამასთან, სასამართლოსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად ჰქონდა ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება არ იყო მზად და 13 სექტემბერს ჩაბარდა გადაწყვეტილება, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები რის საფძუველზეც განჩინება არის უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (შდრ: სუსგ №ას-419-2023 25 მაისი, 2023 წ; №ას-952-2023, 25 ოქტომბერი, 2023 წ.).
9. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად, „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“. ( იხ. სუსგ №ას-843-807-2014, 12 იანვარი, 2015 წელი; №ას-1377-2022, 6 დეკემბერი, 2022 წელი).
12. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
13. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ გადაწყვეტილების გამოცხადებას. ამასთან, მოსარჩელეს (აპელანტს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (2024 წლის 08 აგვისტოდან) და არა უგვიანეს 30 დღისა (2024 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით), სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით წერილობით არ მიუმართავს.
14. აპელანტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად მიმართა მისი გამოცხადებიდან მე-7 დღეს, 2024 წლის 26 ივლისს.
15. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2024 წლის 26 სექტემბერს (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 417-438).
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
17. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტი ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ის მოექცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის რეგულირების სფეროში, რაც გულისხმობს იმას, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30 დღის ვადაში მას უნდა მიემართა სასამართლოსთვის მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თუ კი ის გაუშვებდა აღნიშნულ ვადას, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ავტომატურად დაიწყებდა ათვლას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. არ დასტურდება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხემ მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე ტელეფონით უკავშირდებოდა სასამართლოს და დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა სასამართლოს ბრალით ვერ მოხერხდა, თავის მხრივ, ამ გარემოების ჯეროვნად დამტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ კერძო საჩივრის ავტორის ვალდებულებას წარმოადგენდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოს მოხელის მიერ 2024 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნით (გზავნილი არ ჩაბარდა მისამართზე არ ყოფნის გამო) დასტურდება ის ფაქტი, რომ სასამართლომ კანონით დადგენილ ვადაში მოამზადა დასაბუთებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, აპელანტისათვის გასაჩივრების 14 დღის ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2024 წლის 19 ივლისს, სასამართლოსათვის მიმართვის 20-30-დღიანი ვადა დაიწყო 08 აგვისტოს და ამოიწურა 2024 წლის 18 აგვისტოს, შესაბამისად გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღის ვადა დაიწყო 2024 წლის 19 აგვისტოს და დასრულდა ამავე წლის 02 სექტემბერს (ვადის უკანასკნელი დღე - 01 სექტემბერი დაემთხვა უქმე დღეს). აპელანტმა კი, სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2024 წლის 26 სექტემბერს - საპროცესო ვადის დარღვევით.
18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ 2024 წლის 19 ივლისს გამოცხადებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით 2024 წლის 26 ივლისს სასამართლოში წარდგენილი განცხადება უნდა განხილულიყო კანონით დადგენილი წესის დაცვით სასამართლოსათვის მიმართვად და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარის მიმართვა არ ათავისუფლებს მას მე-20-30-ე დღეებში სასამართლოში გამოცხადებისა და გადაწყვეტილების მოთხოვნის ვალდებულებისაგან (შდრ. სუსგ №ას-1377-2022, 06 დეკემბერი, 2022 წელი).
19. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მას შეელახა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დაცული უფლებები. უპირველესად, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლოა გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი მაგალითია საპროცესო ვადა. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, აკრძალულია სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა.
20. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ. სუსგ № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).
21. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან, მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ებები: Nას-1226-2019, 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ა–ძე-გ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე