Facebook Twitter

12 ნოემბერი 2024 წელი

№ას-718-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ტ.ჯ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - შ.პ.ს. „ტ.ჯ–ი“-ს მიმართ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 87713 ლარი და 50 თეთრის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 11830.4 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის უარყოფა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2021 წლის 12 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №528 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ შესაბამისი ნასყიდობის ფასის სანაცვლოდ, იკისრა მოსარჩელისთვის, შსს საპოლიციო და გასამხედროვებული დანაყოფების, ასევე, სამორიგეოს მაისურების მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 184 660 ლარით.

5.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის - ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%.

5.3. მოპასუხემ 184 660 ლარის მაისურების მიწოდების ვალდებულება შეასრულა ვადაგადაცილებით, კერძოდ:

ხელშეკრულების პირველი პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - თეთრი მაისური მოკლე მკლავით (ადმინისტრაცია სამორიგეო) უნდა მიწოდებულიყო არაუგვიანეს 2021 წლის 10 სექტემბრისა, თუმცა მიწოდებული იქნა 2021 წლის 18 ოქტომბერს, 38 კალენდარული დღის დაგვიანებით.

ხელშეკრულების მე-2 პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - მაისური (მულტიკამი), უნდა მიწოდებულიყო არაუგვიანეს 2021 წლის 10 სექტემბრისა, თუმცა მიეწოდა სრულად 2021 წლის 28 სექტემბერს, 18 კალენდარული დღის დაგვიანებით.

ხელშეკრულების მე-3 პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - 6500 ცალი ნაცრისფერი მაისური, უნდა მიწოდებულიყო არაუგვიანეს 2021 წლის 10 ოქტომბრისა, თუმცა სრულად მიეწოდა 2021 წლის 11 ოქტომბერს, 31 კალენდარული დღის დაგვიანებით.

7 150 ცალი ნაცრისფერი მაისური, ნაცვლად, 2021 წლის 10 ოქტომბრისა, მიწოდებული იქნა სრულად 2021 წლის 18 ოქტომბერს, 8 კალენდარული დღის დაგვიანებით.

5.4. სააპელაციო პალატის მითითებით, დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო იანგარიშება შემდეგნაირად: მაისურის ჩაბარების (მოკლე მკლავით, სამორიგეო) ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო (135 * 0.5% * 38 =) 25.65 ლარი; მაისური “მულტიკამის” ( 9 000 * 0.5% * 18 = ) გამო – 810 ლარი; ნაცრისფერი მაისურის (55 250 *0.5% * 31 =) – 8 563.75 ლარი, ხოლო მეოთხე პოზიციაზე მყოფი ნაცრისფერი მაისურის (60 775 * 0.5% * 8 =) გამო – 2 431 ლარი, რაც ჯამურად 11 830.4 ლარია.

5.5. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა დარღვევების გათვალისწინებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულია, მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. ხელშეკრულებით შეთანხმებული, პირგასამტეხლოს გამოთვლის მექანიზმის გათვალისწინებით (პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხდება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან), პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%, ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან, ხასიათსა და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით, შეუსაბამოდ მაღალი იყო და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა შესასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 11 830.4 ლარის ანაზღაურება.

5.6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №528 ხელშეკრულება დადებული იქნა 2021 წლის 12 ივლისს, პანდემიის პერიოდში, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მოქმედებდა, რადგან 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსი (COVID19) პანდემიად გამოცხადდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მითითება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, პანდემიისა და მისგან გამომდინარე გარემოებებით, მათ შორის პანდემიის შედეგად საერთაშორისო გადაზიდვების გართულებით. სააპელაციო პალატის დასკვნით, უსაფუძვლო იყო მოპასუხის მითითება ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების შესახებაც, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, ხელშეკრულება დადებული იქნა სწორედ პანდემიის პერიოდში, როდესაც აპელანტისთვის მიმდინარე მოვლენები ცნობილი იყო, რაც მას აძლევდა მოსალოდნელი შედეგების წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობას. ამრიგად, აპელანტის პოზიცია, რომ პანდემიის საფუძვლით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა პირგასამტეხლოს გადახდისაგან ათავისუფლებდა, დაუსაბუთებელი იყო და არ ვლინდებოდა მისი გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.

5.7. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის განმარტება, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო აღემატებოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს. სააგენტოს რეკომენდაციასთან მიმართებით, პალატამ აღნიშნა, რომ დოკუმენტით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, რაც სავალდებულო ხასიათის არაა, შესაბამისად, დოკუმენტში მითითებული ოდენობა, არ უნდა იქნას განხილული, როგორც სტანდარტული პირგასამტეხლო და მისი გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია, რაც პირგასამტეხლოს გადახდის საფუძველია.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლო უსაფუძვლოდ და არაპროპორციულად შემცირდა. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირდეს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი დავობს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან არამართლზომიერად შემცირდა.

12. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია მოპასუხემ (მიმწოდებელმა), მოსარჩელეს (შემსყიდველს) მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის დარღვევით მიაწოდა, შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

15. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).

16. დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის, შსს საპოლიციო და გასამხედროვებული დანაყოფების, ასევე, სამორიგეოს მაისურების მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 184 660 ლარით. დადგენილია, რომ მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვას საფუძვლად დაედო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროდუქციის ვადის დარღვევით მიწოდება, კერძოდ: მოპასუხეს 135 ლარად ღირებული მაისური მოკლე მკლავით (თეთრი სამორიგეო), 2021 წლის 10 სექტემბრის ნაცვლად, შემსყიდველს მიეწოდა 18 ოქტომბერს, 38 კალენდარული დღის დაგვიანებით; 9000 ლარად ღირებული მაისური "მულტიკამი" 2021 წლის 10 სექტემბრის ნაცვლად მიწოდებული იქნა 28 სექტემბერს, 18 დღის დაგვიანებით; 55 250 ლარად ღირებული ნაცრისფერი მაისური 2021 წლის 10 სექტემბრის ნაცვლად, მიწოდებული იქნა 11 ოქტომბერს, 31 დღის დაგვიანებით, ხოლო 60 775 ლარად ღირებული ნაცრისფერი მაისური 2021 წლის 10 ოქტომბრის ნაცვლად, შემსყიდველს მიეწოდა 18 ოქტომბერს, 8 დღის დაგვიანებით. უდავოა, რომ მოპასუხეს შესრულების ხარისხის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.

17. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას ხელშეკრულების მიხედვით, წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა უშუალოდ ვადის დარღვევით მიწოდებული პროდუქციის საფასური. სახელდობრ, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%, ჯამურად 87 713.50 ლარი. საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016). ხსენებული პრინციპით პირგასამტეხლოს გამოთვლის ვალდებულებაზე საკასაციო პალატის მიერ არაერთ დავაზე განემარტა კასატორს მისი მონაწილეობით სასამართლოში წარმართულ იმ საქმეებზე, სადაც დავის საგანს პირგასამტეხლოს დაკისრება/შემცირება წარმოადგენს (მრავალთა შორის იხ. ს.უ.ს.გ. № ას-732-2022, 24.11.2022წ; №ას-1274-2022, 22.11.2022წ; №ას-1007-2021, 13.04.2022წ). ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, როდესაც სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობის გზით.

კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მიმწოდებელს საკასაციო პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის შესატყვისად ეკისრებოდა, მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან შედარებით, რამდენიმე ათასჯერ ნაკლებია, რაც სწორედ მის არაგონივრულად მაღალ ოდენობაზე მეტყველებს. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად შეამცირა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლო. კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, არაჯეროვანი შესრულების და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლომ პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით მართებულად დააკისრა მოპასუხეს უშუალოდ ვადაგადაცილებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან გამომდინარე დაანგარიშებული პირგასამტეხლო - 11 830.4 ლარი (მოკლე მკლავიანი მაისურის (სამორიგეო) ვადაგადაცილების გამო 25.65 ლარი (135 * 0.5% * 38 = 25.65); მაისურისათვის მულტიკამი 810 ლარი (9 000 * 0.5% * 18 =810); ნაცრისფერი მისურისათვის (55 250 *0.5% * 31 =8 563.75) 8 563.75 ლარი, მეოთხე პოზიციაზე მყოფ ნაცრისფერი მაისურისათვის (60 775 * 0.5% * 8 = 2 431 ლარი), 2 431 ლარი). ამრიგად, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში, არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

19. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე იყო შეთანხმებული, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ამგვარად დაანგარიშება, შესრულების ვალდებულების ღირებულების გათვალისწინებით, არასამართლიან შედეგს იძლევა.

20. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან დამოუკიდებელია, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის არსებობა, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.

პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება.

მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება იმ ტიპის ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობაც მთლიანი ვალდებულების შესრულებას დაუკარგავდა აზრს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მთლიანი თანხიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება გამართლებულია, განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი