12 ნოემბერი 2024 წელი
№ას-651-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო
დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“-ს მიმართ სადაზღვევო ანაზღაურების, 39 730 ლარის, დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო ანაზღაურების - 39 730 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. მხარეებს შორის 2020 წლის 16 აპრილს დაიდო სადაზღვევო მომსახურების შესახებ N15/3-170 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 97 344.80 ლარი, ხოლო მომსახურების გაწევის ადგილს წარმოადგენდა საქართველოს მთელი ტერიტორია. ხელშეკრულების N1 დანართში აღნიშნული იყო დაზღვეული ავტომანქანების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთ დაზღვეულ ავტომობილს წარმოადგენდა ,,MITSUBISHI L200", სახელმწიფო ნომერი ,,......".
5.2. 2020 წლის 28 ივლისს, 18:30 საათზე, მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას ეცნობა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ. შემთხვევის აღწერილობის მიხედვით, გ.კ–ი დაზღვეული ავტომანქანით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახვევში შესვლამდე მოძრაობდა 60 კმ.სთ-ში სიჩქარით. მოსახვევში შესვლისას, სიჩქარე შეამცირა 20-30 კმ/სთ-მდე. დაახლოებით 10 მეტრში მის ზოლში საპირისპიროდ მოძრაობდა შავი ავტომანქანა და მის უკან 4-5 მეტრში უკან მოჰყვებოდა ნახევრად სატვირთო. შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, საჭე მიმართა მარცხნივ, გამოიყენა მუხრუჭი და უამინდობის (ძლიერი წვიმის) გამო, ავტომანქანა მოცურდა და გადავარდა ხევში.
5.3. 2020 წლის 28 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გ.კ–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 30 ნოემბრის დადგენილების მიხედვით, საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
5.4. შ.პ.ს. „კ.მ“-ს 2020 წლის 13 აგვისტოს ინვოისის მიხედვით, დაზიანებული ავტომანქანის აღსადგენი სამუშაოების ღირებულება 39 730 ლარია.
5.5. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, უარი განაცხადა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
5.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებზე, კერძოდ, 2020 წლის 16 აპრილის ხელშეკრულების 5.3. მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია, შეატყობინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო რისკის სახისა და ხარისხის განსაზღვრისათვის. ასევე, დაზღვევის პირობების პირველი ნაწილის მეორე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია, არ აანაზღაუროს ზარალი, თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებაში მითითებული რომელიმე ინფორმაცია (სატრანსპორტო საშუალების, დამზღვევის და უფლებამოსილი მძღოლების შესახებ) აღმოჩნდება არაზუსტი, გარდა ტექნიკური შეცდომისა, რომელიც არ ზრდის რისკის მოცულობას.
5.7. უდავო იყო და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 30.11.2020 წლის დადგენილებაც ადასტურებდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, საღამოს საათებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მიმდებარე ტერიტორიაზე, დედოფლისწყარო-წნორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობდა დაზღვეული ავტომანქანა MITSUBISHI L200, სახელმწიფო ნომრით GE-......, რომელსაც მართავდა სასაზღვრო პოლიციის მასტერ სერჟანტი გ.კ–ი. სოფელ ...... მიმდებარედ, მოსახვევში გასვლამდე სიჩქარე შეამცირა 20-30 კმ/სთ-მდე, შევიდა მოსახვევში და დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე დაინახა მისგან საპირისპიროდ სავალ ნაწილზე მოძრავი შავი ფერის ავტომობილი და მის უკან საპირისპირო სავალ ნაწილზე, დაახლოებით 4-5 მეტრის დისტანციით მოძრავი ნახევრად სატვირთო ავტომანქანა. მძღოლმა შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, ავტომობილის საჭე მიმართა მარცხნივ, გამოიყენა მუხრუჭი, რა დროსაც, ავტომობილმა დაკარგა მართვა და მოცურდა, მოცურებული გადავიდა საპირისპირო სავალი ნაწილის გვერდულზე და გადავარდა ხევში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გ.კ–ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. ვინაიდან არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, საქმეზე შეწყდა გამოძიება.
5.8. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით შეატყობინა სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, წარმოდგენილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერით, გამოირკვა, რომ მძღოლმა მიიღო ტრავმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ წაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, შესაბამისად, შეტყობინება მოახდინა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა. აღნიშნულმა პირმა შეატყობინა შემთხვევის დეტალები, ავტოსაგზაო შემთხვევის დრო, ადგილი და გამომწვევი მიზეზი.
5.9. საქმეში წარმოდგენილი მძღოლის - გ.კ–ის 2021 წლის 14 იანვრის სადაზღვევო შემთხვევის წერილობით განაცხადში, შემთხვევის აღწერილობაში მითითებულია უამინდობის (ძლიერი წვიმის) თაობაზე.
5.10. ს.ს.ი.პ. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 06 აპრილის ცნობის თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მეტეოროლოგიური დაკვირვება არ მიმდინარეობს, ხოლო მისგან ყველაზე ახლოს მდებარე, ქ.დედოფლისწყაროს მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წლის 28-29 ივლისს (24 საათში) მოვიდა ხანმოკლე, მცირე ნალექი, რომლის რაოდენობამ შეადგინა 0.8მმ. სწორედ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნევდა აპელანტი, რომ შემთხვევის ადგილზე ძლიერი წვიმა არ აღინიშნებოდა და დამზღვევმა მიაწოდა არაზუსტი ინფორმაცია, რაც პალატამ არ გაიზიარა, რადგან აღნიშნული დოკუმენტით დასტურდებოდა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ....., შემთხვევის ადგილზე, მეტეოროლოგიური დაკვირვება არ მიმდინარეობს. ყველაზე ახლოს ხანმოკლე, მცირე ნალექი, არ გამორიცხავს შემთხვევის ადგილზე ძლიერი წვიმის მოსვლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება შეუსაბამო იყო და არ ვლინდებოდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
5.11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში, მოპასუხემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას და ვერ დაადასტურა იმ გარემოებათა არსებობა, რაც სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს განაპირობებდა.
5.12. აპელანტი განმარტავდა, რომ სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას, სასამართლოს უნდა შეეფასებინა ხელშეკრულების №1 დანართის II ნაწილის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურების გაცემის შემდეგ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნაწილებზე საკუთრების უფლება გადაეცემა მზღვეველს. პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებითაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება და აღნიშნა, რომ მოპასუხეს სარჩელის ან შეგებებული სარჩელის წარდგენით არ მოუთხოვია დაზიანებული და შესაკეთებელი ნაწილების გადაცემა, რის გამოც, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ამ საკითხზე. გარდა ამისა, მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა მზღვევლის მოთხოვნის შემთხვევაში, ანაზღაურების გაცემის შემდგომ, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნაწილებზე ამ უკანასკნელისათვის საკუთრების უფლების გადაცემას, მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით ანაზღაურების გაცემა არ დადასტურებულა. პალატის დასკვნით, სწორედ ანაზღაურების გაცემის შემდგომ შეუძლია აპელანტს მოითხოვოს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნაწილებზე საკუთრების უფლების გადაცემა. ამასთან, შესაძლებელია, ანაზღაურების გაცემის შემდგომ მოსარჩელემ ნებაყოფლობით შეასრულოს ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და იძულების სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება არ გახდეს აუცილებელი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული 2021 წლის 06 აპრილის ს.ს.ი.პ. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 06 აპრილის ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შემთხვევის დროს, არ იყო უამინდობა და ძლიერი წვიმა. უგულებელყოფილი იქნა ის ფაქტიც, რომ არც შემთხვევის შემდგომ მიწოდებულ სატელეფონო შეტყობინებაში იქნა მითითებული წვიმის ეპიზოდი. სატელეფონო შეტყობინებით მიწოდებული ინფორმაციისა და 2021 წლის 14 იანვრის სადაზღვევო შემთხვევის წერილობით განაცხადში დაფიქსირებული შეტყობინების შესაბამისობაზე მსჯელობისას, სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა მარტოოდენ მძღოლის ზეპირსიტყვიერი განმარტება.
6.2. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიეწოდა. კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ კასატორმა პირველადი შეტყობინება 2020 წლის 28 ივლისს სატელეფონო კომუნიკაციის გზით მიიღო, ხოლო მოგვიანებით, წარდგენილი იქნა სადაზღვევო შემთხვევის წერილობითი განაცხადი, რომელშიც დამატებით იყო მითითებული ძლიერი წვიმისა და უამინდობის ფაქტი – გარემოება, რაც პირველადი სატელეფონო შეტყობინებისას არ ყოფილა ნახსენები. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს აღნიშნული შეუსაბამობა და უამინდობის საკითხზე მხოლოდ მძღოლის ზეპირსიტყვიერი განმარტება გაიზიარეს. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი იყო 2020 წლის 30 ნოემბრის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაც, რომელშიც ძლიერი წვიმის ფაქტი საერთოდ არ ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფარგლებში გამოკითხული იყვნენ როგორც თავად მძღოლი, ასევე - ავტომობილში მყოფი სხვა პირები.
6.3. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის შემდეგ, მოსარჩელის, როგორც დამზღვევის, უპირველესი ვალდებულებაა, მზღვევლისთვის ზუსტი და სრული ინფორმაციის მიწოდება, რაც მოცემულ შემთხვევაში, აშკარად დაირღვა. აღნიშნული კი, სადაზღვევო ხელშეკრულების პირველი ნაწილის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, გამონაკლისია და ანიჭებს უფლებას მზღვეველს, არ აანაზღაუროს ზარალი იმ შემთხვევაში, თუკი დამზღვევის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული რომელიმე ინფორმაცია არაზუსტია.
6.4. სასამართლოს უნდა შეეფასებინა ხელშეკრულების №1 დანართის II ნაწილის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი, რომლის მიხედვით, ანაზღაურების გაცემის შემდგომ, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნაწილებზე საკუთრების უფლება გადაეცემა მზღვეველს. აღნიშნული სახელშეკრულებო პირობა, რომლის საფუძველზეც ზიანის ანაზღაურება დაკავშირებულია დაზიანებულ ნაწილებზე საკუთრების უფლების გადაცემასთან, წარმოადგენს სადაზღვევო ურთიერთობის სპეციფიკურ მახასიათებელს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებული იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მუხლები (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმების ფარგლებში, სავალდებულოა, დადგინდეს მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობა, ხელშეკრულებით შეთანხმებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომა, ზიანის ოდენობა, მზღვევლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ერთმანეთთან დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. ასევე, დადგენილია, რომ დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დამზღვევის ავტოსატრანსპორტო საშუალება, კერძოდ: 2020 წლის 28 ივლისს, საღამოს საათებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მიმდებარე ტერიტორიაზე, დედოფლისწყარო-წნორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობდა დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა სასაზღვრო პოლიციის მასტერ სერჟანტი - გ.კ–ი. სოფელ ...... მიმდებარედ, მოსახვევში გასვლამდე მძღოლმა სიჩქარე შეამცირა 20-30 კმ/სთ-მდე, შევიდა მოსახვევში და დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე დაინახა მისგან საპირისპიროდ მის სავალ ნაწილზე მოძრავი შავი ფერის ავტომობილი და მის უკან საპირისპირო სავალ ნაწილზე, დაახლოებით 4-5 მეტრის დისტანციით მოძრავი ნახევრად სატვირთო. შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მძღოლმა ავტომობილის საჭე მიმართა მარცხნივ, გამოიყენა მუხრუჭი, რა დროსაც, ავტომანქანა მოცურდა, გადავიდა საპირისპირო სავალი ნაწილის გვერდულზე და გადავარდა ხევში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გ.კ–ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. ვინაიდან არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, საქმეზე შეწყდა გამოძიება.
13. მხარეთა შორის სადავოა სადაზღვევო შემთხვევით განპირობებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. კასატორი ამტკიცებს, რომ დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას, არ მიაწოდა მზღვეველს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია, რაც სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა. კერძოდ, პირველად სატელეფონო შეტყობინებაში უამინდობის (ძლიერი წვიმის) ფაქტი არ აღნიშნულა, მაშინ, როდესაც, მოგვიანებით წარმოდგენილ წერილობით განცხადებაში ეს გარემოება დამატებით მიეთითა. გარდა ამისა, კასატორი აპელირებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე ძლიერი წვიმა არ იყო, რაც სადაზღვევო კომპანიისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების დასტურია. ამრიგად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, სათანადოდ შეფასდა თუ არა სასამართლოს მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა და ვლინდებოდა თუ არა საკმარისი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრებისათვის.
13.1. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
13.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს, დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. ს.უ.ს.გ. საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი). ამასთან, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. ს.უ.ს.გ. № ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
13.3. დაზღვევის ხელშეკრულებით, მხარეებმა გაითვალისწინეს საგამონაკლისო შემთხვევები, რომლებიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება. საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვევლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები მიეკუთვნება სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი).
13.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს, სახელდობრ, 5.3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია, შეატყობინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო რისკის სახისა და ხარისხის განსაზღვრისათვის. დაზღვევის პირობების პირველი ნაწილის მეორე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მზღვეველი უფლებამოსილია, არ აანაზღაუროს ზარალი, თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებაში მითითებული რომელიმე ინფორმაცია (სატრანსპორტო საშუალების, დამზღვევისა და უფლებამოსილი მძღოლების შესახებ) აღმოჩნდება არაზუსტი, გარდა ტექნიკური შეცდომისა, რომელიც არ ზრდის რისკის მოცულობას.
13.5. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით კვალიფიციურად, დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მოპასუხეს ინფორმაცია ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დაცვით, შემთხვევის დღესვე, 2020 წლის 28 ივლისს მიეწოდა. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერით ირკვევა, რომ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლმა მიიღო ტრავმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ წაიყვანა დაწესებულებაში, რის გამოც, შეტყობინება მოახდინა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც შეატყობინა მოპასუხეს შემთხვევის დეტალები, ავტოსაგზაო შემთხვევის დრო, ადგილი და გამომწვევი მიზეზები. მოგვიანებით, მზღვეველთან წარდგენილი იქნა მძღოლის - გ.კ–ის 2021 წლის 14 იანვრის სადაზღვევო შემთხვევის წერილობითი განაცხადიც, სადაც მითითებულია უამინდობის (ძლიერი წვიმის) შესახებ ინფორმაცია.
13.6. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიეწოდა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის წერილობითი განაცხადში მითითებული იყო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ძლიერი წვიმისა და უამინდობის შესახებ, მაშინ, როდესაც, აღნიშნული გარემოება, მძღოლის ზეპირსიტყვიერი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის არც გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 06 აპრილის ცნობით არ დასტურდებოდა.
13.7. საკასაციო პალატის შეფასებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ უამინდობის შესახებ დამზღვევმა მზღვეველს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მზღვეველს ეკისრებოდა, კასატორი კი, ხსენებული სადავო გარემოების დასადასტურებლად მარტოოდენ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 06 აპრილის ცნობაზე მიუთითებდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 06 აპრილის ცნობა არ გამოდგება შემთხვევის ადგილზე უამინდობის არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნული ცნობის მიხედვით: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მეტეოროლოგიური დაკვირვება არ მიმდინარეობს, შესაბამისად, ინფორმაცია დაფუძნებულია დედოფლისწყაროს საგუშაგოს მონაცემებზე, რომელიც უშუალოდ შემთხვევის ადგილის ამინდის პირობებს არ ასახავს. ცნობის მიხედვით, შემთხვევის დღეს მხოლოდ მცირე ხანმოკლე ნალექი იყო, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის კონკრეტულ ადგილსა და კონკრეტულ დროს ძლიერი წვიმა შეინიშნებოდა. გარდა ამისა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია სხვა დამატებითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ შემთხვევის დროს უამინდობა არ იყო. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი სასამართლოების მიერ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის შეფასება სრულად შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და იგი ვერ მიიჩნევა დაუსაბუთებლად.
13.8. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, რომ განსხვავებით სადაზღვევო შემთხვევის წერილობითი განაცხადისა, თავდაპირველ სატელეფონო შეტყობინებაში არ იყო მითითებული უამინდობის შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამზღვევის მხრიდან მზღვევლისათვის პირველადი სატელეფონო შეტყობინებით მიწოდებული ინფორმაციის შემდგომში დაზუსტება, დაკონკრეტება ან თუნდაც ახალი გარემოების დამატება, არ შეიძლება ჩაითვალოს მცდარი/არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებად, მითუმეტეს, თუ მას სადაზღვევო კომპანიის რისკის მოცულობის ცვლილება არ გამოუწვევია. განსახილველ შემთხვევაში, დამზღვევის მხრიდან დამატებით მიწოდებული ინფორმაცია რაიმე გავლენას არ ახდენს მზღვევლის პასუხისმგებლობაზე, შესაბამისად, ის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საგამონაკლისო შემთხვევად ვერ შეფასდება.
13.9. კასატორი პრეტენზიას აცხადებს მასზეც, რომ ხელშეკრულების №1 დანართის II ნაწილის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ანაზღაურების გაცემის შემდეგ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნაწილებზე საკუთრების უფლება მას უნდა გადასცემოდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს საკითხი არასწორად შეაფასა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს დაზიანებული ნაწილების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა სარჩელით არ წარუდგენია, არ მიუთითებია იმ ფაქტებზე შესაბამისი მტკიცებულებებით, თუ ავტომანქანის რა ნაწილი ექვემდებარებოდა აღდგენას, რა ნაწილი არა და კონკრეტულად რა ნაწილებზე აცხადებდა პრეტენზიას, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას ემსჯელათ აღნიშნულ საკითხზე. ხელშეკრულების პირობებით, დაზიანებული ნაწილების გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ ანაზღაურების გაცემის შემდეგ. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაცემულა, ეს მოთხოვნა მოცემულ ეტაპზე ვერ გახდებოდა განხილვის საგანი და ვერ წარმოშობდა მზღვევლისათვის ვალდებულების დაკისრების საფუძველს.
13.10. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ სარჩელი საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებით ირკვევა, რომ კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 1986.5 ლარის ნაცვლად, გადახდილია 1987 ლარი, შესაბამისად, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 თეთრი. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1986.5 ლარის 70% - 1390.55 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“-ს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50 თეთრი (საგადახდო დავალება № 6197143, გადახდის თარიღი: 06.17.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ტერაბანკი“)
3. ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1986.5 ლარის (საგადახდო დავალება №6197143, გადახდის თარიღი: 06.17.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ტერაბანკი“) 70% – 1390 ლარი და 55 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი