Facebook Twitter

10 ივნისი 2024 წელი

№ას-343-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - დ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - გ.დ–ძე

კანონიერი წარმომადგენლები - ფ.ჭ–ძე, ნ.დ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ბ–ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ.დ–ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების მიზნით 9951.33 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით დ.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში, ........ ქ.56 (ყოფილი 100, 108), (საკადასტრო კოდით ........), მდებარე უძრავი ქონება, საჯარო რეესტრში აღრიცხულია გ.დ–ძის (2/3 ნაწილი - შენობა #2 – 182.01 კვ.მ.) და დ.ბ–ძის (1/3 ნაწილი) თანასაკუთრებად. გ.დ–ძეს ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 27 იანვარს მიღებული აქვს რ.ჭ–ძისაგან. თავის მხრივ, რ.ჭ–ძეს მემკვიდრეობა მიღებული აქვს 2011 წლის 15 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მამიდის - ო.რ–გან. მოსარჩელე დ.ბ–ძე არის ო.რ–ის ქალიშვილი (ს.ფ.17-18, 48-49, 52-54).

5.2. რ.ჭ–ძემ, საცხოვრებელ სახლში, რომელიც გაჩუქებული აქვს თავის შვილიშვილზე - მოპასუხე გ.დ–ძეზე, ჩაატარა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

5.3. საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 18 დეკემბრის, შ.პ.ს. „კ–ეს“ საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, რ.ჭ–ძის სახლი წარმოადგენს ერთსართულიან საცხოვრებელ შენობას, საერთო სარგებლობის ეზოთი და საერთო სარგებლობის საზიარო კედლით დ.ბ–ძესთან. შენობის საძირკვლები ყორე ქვის წყობითაა აგებული, თიხისა და კირის ხსნარით. შენობის კედლები აგურისაა, იატაკები ხის კოჭებზე დაყრდნობილი ფიცრის, შენობის სახურავი ქანობიანი, ხის კოჭებზე დაყრდნობილი. დათვალიერების დროს გამოვლინდა, რომ მოქალაქე რ.ჭ–ძეს თავის კუთვნილ ბინაში ჩატარებული აქვს სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კერძოდ, მეზობელ დ. ბ–ძის საერთო სარგებლობის კედლის გასწვრივ თავისი მხრიდან გაკეთებულია დამოუკიდებელი კედელი, რომელიც ლითონის კარკასზეა დადგმული, აღნიშნული კარკასი მოთავსებულია ჭ–ძის კუთვნილ სარდაფში. შემოწმებისას აღმოჩნდა რომ ლითონის კარკასი გაკეთებულია ნორმის ფარგლებში, ხოლო არსებული საზიარო ლენტური საძირკვლები მოითხოვს დამატებით გამაგრებით სამუშაოების ჩატარებას. მოქალაქე რ.ჭ–ძეს ასევე გამაგრებული აქვს შიგა საცხოვრებელი კედელი, მოხსნილია არსებული სახურავი და გაკეთებულია ახალი სახურავი, რომელიც გამოყოფილია სამეზობლო სახურავიდან კეხის საშუალებით, რომელიც არსებული კეხიდან აწეულია 80 სმ-ით მაღლა, რაც შეეხება შენობის წინა და უკანა კედელს, სახურავის სიმაღლე შენარჩუნებულია არსებული მდგომარეობით. კეხის აწევით რ.ჭ–ძეს სახურავის ნაწილში მოწყობილი აქვს „განვითარებული სხვენი“ სიმაღლით 2 მეტრი. სახურავის არსებული კოჭები დამპალი და უვარგისია შემდგომი ექსპლუატაციისათვის, ამიტომ აუცილებლობას წარმოადგენს ხის მასალის შეცვლა ახლით.

5.4. აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე ექსპერტებმა დაადგინეს: რ.ჭ–ძის მიერ წარმოებული (მიმდინარე) სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მდებარე ..... (ყოფილი ........ ქ. 110) ნაწარმოებია ნორმის ფარგლებში, მის მიერ წარმოებული გამაგრებითი სამუშაოები ახალი კედლის მოწყობა, სახურავის შეცვლა გაკეთებულია ნორმის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, საჭიროა სარდაფში ლენტური საძირკვლის დამატებით გამაგრება, რკინაბეტონის კედლით. აღნიშნული სამუშაოს ჩატარების შემდეგ შენობაზე წარმოებული სამუშაოები ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად. შენობა დღევანდელი მდგომარეობით ვარგისია შემდგომი ექსპლუატაციისათვის (ს.ფ. 42- 43).

5.5. 2013 წლის 04 აპრილს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო ბრძანება N415, რ.ჭ–ძის საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის სამშენებლო დოკუმენტების პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. 2013 წლის 16 აპრილს კი თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიამ გასცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა N000753. საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში მიიღეს 2014 წლის 27 იანვარს (ს.ფ. 42, 46-47).

5.6. 2014 წლის 22 ნოემბერს თ.ბ–ძემ (მცხოვრები ქ. ქუთაისი ........ ქ. 108) და მ.ბ–ძემ (მცხოვრები ქ. ქუთაისი ........ ქ. 110), თანხმობა განაცხადეს, რომ რ.ჭ–ძემ აწარმოოს გადახურვა და გამაგრებითი სამუშაოები, ქ. ქუთაისში, ........ ქ. N110-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მის კუთვნილ წილზე (მ.ბ–ძე არის დ.ბ–ძის ძმის, ა. ბ–ძის შვილი) (ს.ფ. 56-57).

5.7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დ.ბ–ძის მოთხოვნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის N415 ბრძანების, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ 2013 წლის 16 აპრილს გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის და რ.ჭ–ძის მიერ უკანონოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.71-83).

5.8. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 15 დეკემბრის საინჟინრო ექსპერტიზის #006855914 დასკვნის თანახმად (რომელიც დ.ბ–ძის შეკვეთით ჩატარდა), საცხოვრებელი სახლის ნაწილის, მდებარე ქ. ქუთაისში ........ (ყოფილი ........ ქ. 110), შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის უნდა მოხდეს შ.პ.ს. „კ–ეს“ მიერ 2012 წლის 18 დეკემბერს შედგენილ საექსპერტო დასკვნაში მითითებული სამუშაოს შესრულება და წინამდებარე დასკვნაში აღწერილი დეფექტების აღმოფხვრა (სარდაფში ლენტური საძირკვლის დამატებით გამაგრება, რკინაბეტონის კედლით).

5.9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლის ნაწილის, მდებარე ქ. ქუთაისში ......... (ყოფილი ........ ქ. 110), რეკონსტრუქცია კანონიერად განხორციელდა (ს.ფ. 42, 46-47, 71-83).

5.10. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დ.ბ–ძემ დაადასტურა მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დავის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქ. ქუთაისში ........ (ყოფილი ........ ქ. 108-110)-ში მდებარე უძრავი ნივთი ტექ აღრიცხვის ბიუროში აღრიცხულია 1940 წელს (სააღრიცხვო ბარათი ს#1-184ა-31), უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღრიცხული იყო ო.ბ–ძე.

5.11. საქმეში წარმოდგენილია დ.ბ–ძის ინიციატივით ჩატარებული შ.პ.ს. „ა.ფ–ის“ 2016 წლის 28 ივნისის საინჟინრო-საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლის (მდებარე ქ. ქუთაისში ........ ქუჩაზე) აღმოსავლეთ მხარეს აშენებულია ჭ–ეების საცხოვრებელი სახლი, რომლის კედელი ებჯინება ბ–ძეების სახლის კედელს და ჩანს, რომ საძირკვლის სამუშაოებისას იყო კონტაქტი ბ–ძის სახლის საძირკველთან, რის გამოც სარდაფში ჭ–ძის მხარეზე დანგრეულია ზეძირკველის ქვის წყობა, ამოცვენილია ქვები და დასუსტებულია აგურის ბოძების წყობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეფორმირებული და დაბზარულია საცხოვრებელი სახლის კედლებიც. დეფორმაცია შეიმჩნევა ფასადის აგურის წყობაშიც, რაც შეეხება სახურავს, იგი ბ–ძის სახურავზეა გადმოსული საშუალოდ 40 სმ-ით. სახლის უკანა მხარეზე ჭ–ძეებს აქვთ დამხმარე ნაგებობა, რომელსაც აქვს რკინა-ბეტონის მონოლითური გადახურვა და გადმოსულია ბ–ძის ეზოში, რის გამოც სახურავიდან ჩამონადენი წყალი ჩადის ბ–ძის ეზოში და ტბორავს მას. ქუჩის მხრიდან მეზობლის ეზოში დაგებულია ბეტონის ფილები, იგი ამაღლებულია 20 სმ-ით, რის გამოც ნაწვიმარი წყალი გადმოდის ბ–ძეების მხარეზე. ვინაიდან სახლს არ აქვს შემოსასვლელი, კანალიზაციის მილი გატარებულია შენობის ქვეშ, სარდაფში, რაც ქმნის უხერხულობას და გაჟონვის შემთხვევაში დააბინძურებს შენობას. დ.ბ–ძის სახლის რეაბილიტაციისათვის შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენს 5753 ლარს (ს.ფ. 21-24).

5.12. მოსარჩელის მიერ ასევე წარდგენილია შ.პ.ს. „ა.ფ–ის“ ახალი - 2021 წლის 21 დეკემბრის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გარდა 2016 წლის 28 ივნისის დასკვნაში მითითებული დაზიანებებისა, სახეზეა სხვა ზიანიც, კერძოდ, დ.ბ–ძის სახლის სახურავზე მოპასუხის კუთვნილი სახურავიდან გადმოსული წყლის გამო დაზიანებულია ხის სახლის როგორც სახურავის კოჭები, ასევე ჭერი, თავისი კოჭებით. სახლის რეაბილიტაციისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 9951.33 ლარს (ს.ფ. 91-94).

5.13. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, რის შემდეგაც სასამართლომ 2022 წლის 29 მარტის განჩინებით დანიშნა ახალი საინჟინრო ექსპერტიზა, რომლის წინაშეც დაისვა კითხვები: 1) მოპასუხე გ.დ–ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ქუთაისში, ........ ქ. N56 (ყოფილი 100, 108) რეკონსტრუქციის სამუშაოების შედეგად დაზიანდა თუ არა მოსარჩელე დ.ბ–ძის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, ........ ქ. N56 (ყოფილი 100, 108), (საძირკვლიდან, მათ შორის საზიარო საძირკვლიდან, კედლების და სახურავის ჩათვლით). 2) დადებით შემთხვევაში, რა დაზიანებები მიიღო დ.ბ–ძის კუთვნილმა საცხოვრებელმა სახლმა. 3) რამდენია ამ დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება.

5.14. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 08 სექტემბრის დასკვნის 5006134322, კვლევითი ნაწილით, დ.ბ–ძის სახლს არ აქვს სარინელი, შენობის შიდა კედლებზე შეინიშნება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარები, დარღვეულია კედლების სწორხაზოვნება. ღიობების თავზე შეინიშნება ზღუდარების ჩამოზნექა. ყორე ქვით მოწყობილ სარდაფის კედლებიდან გამორეცხილია დუღაბი და ჩამოშლილია ქვის წყობის ნაწილი, როგორც ჩრდილოეთის (საზიარო მხარე), ასევე, სამხრეთ კედლიდან. აღნიშნულ ადგილებში შეიმჩნევა წყლის შემოჟონვის კვალი. მზიდ კედლებში არ არის მოწყობილი ანტისეისმური სარტყელი, ამასთანავე, შენობას აღენიშნება ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ.ბ–ძის საცხოვრებელ სახლს აღენიშნება ასაკობრივ-ფიზიკური ცვეთით გამოწვეული დაზიანებები. ამავე დროს, ექსპერტიზა არ გამორიცხავს, რომ საზიარო კედლის მხარეს არსებული დაზიანებები ნაწილობრივ შესაძლებელია გამოწვეული იყოს გ.დ–ძის სახლზე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად. იმ დაზიანებების განსაზღვრა, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს გ.დ–ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის სამუშაოების შედეგად, ტექნიკურად შეუძლებელია. დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებების დადგენა შესაძლებელი იქნება აღდგენითი სამუშაოების პროექტის და ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ (ს.ფ. 186-196).

5.15. სააპელაციო სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ დ.ბ–ძის სახლის კედლებზე, როგორც, გ.დ–ძის სახლთან საზიარო ისე მის მოპირდაპირე კედელზე შეიმჩნევა თვალხილული, თუმცა არამასშტაბური ბზარები. ეს ბზარები არის თითქმის ერთნაირი სიდიდისა და მასშტაბის, როგორც მომიჯნავე, ისე მოპირდაპირე კედელზე, მართალია მოპასუხის სახლის სახურავი, მოსარჩელის სახურავის დონიდან დაახლოებით 80 სმ-ით ამაღლებულია, თუმცა გადახურვა იმგვარადაა მოწყობილი, რომ სახურავზე მოხვედრილი წვიმის წყალი, სახურავის დახრის კუთხის გათვალისწინებით ვერ მოხვდება მოსარჩელის სახურავზე, სადაც შესაძლებელია წვიმის წყლის მხოლოდ ის ნაწილი მოხვდეს, რომელიც რეკონსტრუირებულ სახურავამდე ვერტიკალურად აღმართულ 80 სანტიმეტრიან კედელს ეცემა, რამაც შეუძლებელია წარმოქმნას წყლის ისეთ ნაკადი, რასაც ზიანის მიყენება შეუძლია და რაც ცდება სამეზობლო თმენის ვალდებულების ფარგლებს (სააპელაციო სასამართლოს ადგილის დათვალიერების ოქმი).

5.16. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა (გ.რ–ძემ) ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ დ.ბ–ძის სახურავი არ არის დაზიანებული (სასამართლო სხდომის 20.12.2023 წლის ოქმი, 12:40:38). საძირკვლის დუღაბის გამორეცხვა კი გამორიცხულია გამოწვეული იყოს სარეკონსტრუქციო სამუშაოებით. ამავე ექსპერტის განმარტებით, ზეძირკვლიდან ქვის წყობის ჩამოშლა შესაძლოა გამოწვეული იყოს საზიარო კედლის მომიჯნავედ კედლის მოწყობისას, მისი საძირკვლისთვის საჭირო მიწის გამოღების სამუშაოების წარმოებით (20.12.2023 წლის სხდომის ოქმი, 12:40:10). 2012 წლის 18 დეკემბრის, შ.პ.ს. „კ–ეს“ საექსპერტო დასკვნის თანახმად კი, მეზობელ დ. ბ–ძის საერთო სარგებლობის კედლის გასწვრივ მოპასუხეს თავისი მხრიდან გაკეთებული აქვს დამოუკიდებელი კედელი, რომელიც ლითონის კარკასზეა დადგმული, აღნიშნული კარკასი მოთავსებულია მოპასუხის კუთვნილ სარდაფში. შემოწმებით დადგინდა, რომ ლითონის კარკასი გაკეთებულია ნორმის ფარგლებში, ხოლო არსებული საზიარო ლენტური საძირკვლები მოთხოვს დამატებით გამაგრებით სამუშაოების ჩატარებას (სააპელაციო სასამართლოს 20.12.2023 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 12:30:40).

5.17. მხარეთა განმარტებებითა და ექსპერტთა ჩვენებებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გრუნტის მდგომარეობის შესამოწმებლად (რეკონსტრუქციისას მოხდა თუ არა მიწის გამოღება) კვლევა არ ჩატარებულა. ექსპერტთა განმარტებით, ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხებიდან გამომდინარე ამის საჭიროება არ არსებობდა. მათივე განმარტებით, სწორად შედგენილი პროექტის შესაბამისად სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, გამორიცხულია ზიანის გამოწვევის შესაძლებლობა. პროექტი რომ სწორად იყო შედგენილი ეს დადასტურებულია 2013 წლის 04 აპრილს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით (N415) და 2013 წლის 16 აპრილს ქუთაისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობით N000753. რომლის შემდგომაც საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში მიიღეს 2014 წლის 27 იანვარს (ს.ფ. 42, 46-47).

5.18. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა დ.ს–ძემ განმარტა, რომ თანამედროვე შენობების ექსპლუატაციის ვადა 25-დან 50 წლამდეა, შემდგომი შემოწმების შედეგად კი ეს ვადა შესაძლებელია გახანგრძლივდეს (20.12.2023 წლის სხდომის ოქმი 13:03:06). იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ დ.ბ–ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი 1940 წელსაა აშენებული (რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს), ნაგებობის ასაკი (ხანდაზმულობა) 80 წელს აღემატება. საყურადღებოა, რომ სახლის არსებობის განმავლობაში, საძირკვლის ან სახურავის საყრდენი ხის სვეტების რამე გამაგრებითი ან გამოცვლის სამუშაოების ჩატარების შესახებ, დ.ბ–ძეს არ მიუთითებია, ამის შესახებ არც საექსპერტო დასკვნების კვლევით ნაწილშია რაიმე მინიშნება. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ექსპერტმა გ.რ–ძემ განმარტა, რომ შენობის ასაკობრივი ცვეთის გათვალისწინებით სახლის კედლებზე არსებული დაზიანებები შესაძლოა ისედაც წარმოშობილიყო. აღნიშნული დაზიანებები ჩვეულებრივია ამ ასაკის და ამ მასალით აშენებული შენობებისთვის, რომლებსაც ანტისეისმური სარტყელი არ უკეთდებოდა. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ დაზიანებები ნაწილობრივ რეკონსტრუქციითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ კონკრეტულად რომელი დაზიანებები გამოიწვია რეკონსტრუქციამ ამის დადგენა შეუძლებელია.

5.19. სააპელაციო სასამართლოს მიერ შენობის ადგილზე დათვალიერებისას, საცხოვრებელი სახლის კედლებზე არსებული დაზიანებების არსებობა, რომელიც თვალხილულია როგორც მოპასუხის მომიჯნავე, ასევე, მის მოპირდაპირე კედლებზეც, დათვალიერებაზე გამოცხადებულმა ექსპერტებმა ერთმნიშვნელოვნად ვერ დაუკავშირეს მეზობელ სახლზე ჩატარებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, მოსარჩელის მოსაზრება, კი რომლითაც მან სხვა არამომიჯნავე კედლებზე არსებული დაზიანებები, სარეკონსტრუქციო სამუშაოებით გამოწვეულ, სახლის საერთო სიმტკიცის დაზიანებას დაუკავშირა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შენობის ასაკობრივი ცვეთიდან და ექსპერტთა იმ განმარტებიდან გამომდინარე, რომ არამომიჯნავე კედელს რეკონსტრუქცია ვერ დააზიანებდა.

5.20. საქმეში წარმოდგენილი ექსპეტიზის დასკვნებით (მათ შორის თავად მოსარჩელის ინიციატივით ჩატარებულით), მხარეთა და ექსპერტთა განმარტებებით (როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ასევე, ადგილზე დათვალიერების დროს), პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ........ ქ. N56-ში (ყოფილი 100, 108) მდებარე მოსარჩელის კუთვნილ შენობაზე არსებულ დაზიანებებისა და გ.დ–ძის საკუთრებად აღრიცხულ შენობაში, რ.ჭ–ძის მიერ ჩატარებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შორის არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, უდავოდ დადგენილი იყო, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები კანონის შესაბამისად, შეთანხმებული პროექტითა და სამშენებლო ნებართვის საფუძველზე განხორციელდა და ექსპლუატაციაში იქნა მიღებული. საქმეში არაერთი საექსპერტო კვლევიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელი იყო მიზეზობრივი კავშირის დადგენა მოპასუხის საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციასა და მოსარჩელის სახელზე რიცხული შენობის დაზიანებებს შორის. ზიანის გამომწვევი მიზეზობრივი კავშირის დაუდასტურებლობის პირობებში კი, მოპასუხისთვის რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრება სასამართლოს შეფასებით სრულიად დაუშვებელი იყო.

5.21. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველი შემთხვევა ეხებოდა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას და ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში მოსარჩელე იყო ვალდებული დაემტკიცებინა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოპასუხის მოქმედება უნდა ყოფილიყო არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები (ბზარები კედლებზე, სახლის ზეძირკვლის ქვის წყობის ფრაგმენტული ჩამოშლა, სახურავის კოჭების დაზიანება და სხვა) სწორედ მოპასუხის მიერ 2012-2014 წლებში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის საჭირო იყო 9951.33 ლარი.

5.22. პალატამ მიუთითა უდავოდ დადგენილ გარემოებებზე, რომ მოპასუხემ საკუთრების უფლება მოიპოვა 2015 წლის 27 იანვარს, ჩუქების ხელშეკრულებით, რეკონსტრუირებულ ქონებაზე, მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი სახლი რეკონსტრუქციის შემდეგ ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2014 წლის 27 იანვარს. რეკონსტრუქციის კანონიერება დადასტურებულია ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 აპრილის N415 ბრძანებით, 2014 წლის 27 იანვრის N104 ბრძანებით და ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვით. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იყო ადმინისტრაციული წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დ.ბ–ძის მოთხოვნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის N415 ბრძანების, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ 2013 წლის 16 აპრილს გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის და რ.ჭ–ძის მიერ უკანონოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5.23. პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტთა დასკვნებისა და განმარტებების შეფასებით, მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა, მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობის, დაზიანება სწორედ მოპასუხის მიერ წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით, და რომ პირვანდელი მდგომარეობით ზიანის აღდგენის ღირებულება სწორედ 9951.33 ლარს შეადგენდა. საყურადღებო იყო, რომ მოსარჩელე არ ითხოვდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების წარმოშობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას.

მოსარჩელეს არ მიუთითებია და არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, იმ გარემოებას, თუ რა მდგომარეობაში იყო, როგორ გამოიყურებოდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, სადაო რეკონსტრუქციამდე, რაც პალატას მისცემდა იმის შეფასების შესაძლებლობას, თუ რამდენად გაუარესდა 80 წლის ისედაც ხანდაზმული ნაგებობის მდგომარეობა, სადაო რეკონსტრუქციით და დამდგარ შედეგში რა წილი ბრალეულობისა მიუძღოდა მოპასუხის, (მისი წინამორბედის) მიერ განხორციელებულ რეკონსტრუქციას.

რაც შეეხება ზიანის ოდენობას, რომელიც მოსარჩელის მიერ 9951.33 ლარად არის შეფასებული, პალატის მოსაზრებით, სრულიად დაუდასტურებელი, არაკვალიფიციური იყო. ამ შემთხვევაში პალატამ სრულად გაიზიარა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ზიანის ოდენობის დადასტურება შესაძლებელი იყო მხოლოდ აღდგენითი სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი. თუმცა იქვე პალატამ ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი დოკუმენტაციის (აღდგენითი სამუშოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის) არსებობის პირობებშიც კი, ეს ვერ გახდებოდა სამართლებრივი ხეირის მომტანი მოსარჩელისათვის, რადგან საქმის მასალებით მოპასუხის ბრალეულობა დამდგარ ზიანში სრულიად დაუდასტურებელი იყო, ასევე დაუდასტურებელი იყო თუ რა მდგომარეობაში იყო მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მანამ, სანამ მოპასუხე თავის წილ ქონებას რეკონსტრუქციას ჩაუტარებდა.

5.23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ არ დასტურდებოდა დელიქტიდან გამომდინარე მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები (მოსარჩელემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ სწორედ გ.დ–ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის შედეგად დ.ბ–ძის საცხოვრებელ სახლს მიადგა ზიანი და ამ ზიანის აღმოფხვრისათვის საჭიროა 9951.33 ლარი), ხოლო მოპასუხემ დაამტკიცა განხორციელებული რეკონსტრუქციის კანონშესაბამისობა და მართლზომიერება. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად თქვა უარი დაუსაბუთებელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6.1. კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამუშაოების კანონიერებას. მოსარჩელის განმარტებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოპასუხემ ჩაატარა 2011 წელს (რასაც ადასტურებს შ.პ.ს. „კ–ეს“ მიერ 2012 წელს გაკეთებული დასკვნა, რომელშიც საუბარი არ არის, რომ სამუშაოები ჩატარებულია სამშენებლო ნებართვისა და პროექტის მოთხოვნათა დაცვით. იქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მოპასუხემ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა ნორმის ფარგლებში), ხოლო სამშენებლო ნებართვა და პროექტი გაიცა და დამტკიცდა 2013 წელს, სამუშაოების ჩატარების შემდეგ. პროექტი და სამშენებლო ნებართვა გაიცა უკვე დასრულებულ სამუშაოებზე. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა მიეჩნია 2011 წელს ჩატარებული სამუშაოები 2013 წელს დამტკიცებული პროექტის შესაბამისად ჩატარებულად.

6.2. საძირკვლის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენისას სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კასატორი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შ.პ.ს. „კ–ეს“ 2012 წლის დასკვნაში იყო მითითებული, რომ საძირკველი იყო გასამაგრებელი შენობის ნორმალური ფუნქციონირების გასაგრძელებლად. შ.პ.ს. „ა.ფ–ის“ დასკვნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისას შემხებლობა იყო საძირკველთან, რამაც გამოიწვია მისი დაზიანება და აუცილებელი იყო გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, ასევე პროექტის გარეშე ჩატარებულმა სამუშაოებმა დააზიანა სახურავი. არც სამხარაულის ექსპერტებს არ უარყვიათ აღნიშნული და მათ დასკვნაში იკითხება, რომ შესაძლებელია ყოფილიყო შემხებლობა და ქვების წყობის რღვევა გამოეწვია სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საძირკველთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა და აღნიშნული ვერ გამოიწვევდა მის რყევასა და ქვების დაშლა-დაზიანებას.

6.3. არასწორი შეფასება გაკეთდა სასამართლოს მხრიდან აგრეთვე იმ საკითხზეც, რომ სარეკოსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისას, მოპასუხის მხრიდან რკინაბეტონის კონსტრუქციის გაკეთებისას მოხდა თუ არა გრუნტის გამოღება, რაც გამოიწვევდა საძირკველის დაზიანებას. კასატორის მითითებით, ვინაიდან სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა სამშენებლო ნებართვისა და პროექტის დამტკიცებამდე, ვერანაირად ვერ ჩაითვლება ეს სამუშაოები პროექტისა და ნებართვის ფარგლებში ნაწარმოებ სამუშაოებად. შესაბამისად, მას თვისუფლად შეეძლო გამოეწვია ზიანი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ზიანის ანაზღაურების წინაპირობების შემოწმება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია და სადავო ურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებით (სსკ-ის 992, 408.1, 409 მუხლები) მოწესრიგებას ექვემდებარება.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტია მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).

13. განსახილველი შემთხვევის საკვანძო საკითხს, მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება მოპასუხის მიერ ჩატარებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა განაპირობა, მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება ვერ შეძლო.

14. საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე გ.დ–ძე ქ.ქუთაისში, ........ ქ.#56-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა 2015 წლის 27 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. საცხოვრებელი სახლი სადავო სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 2014 წლის 27 იანვარს. რეკონსტრუქციის კანონიერება დადასტურებულია ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 აპრილის N415 ბრძანებით, 2014 წლის 27 იანვრის N104 ბრძანებით და ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვით. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იყო ადმინისტრაციული წესით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ.ბ–ძის მოთხოვნა მოპასუხის საცხოვრებელ სახლზე გაცემული მშენებლობის ნებართვის, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის და უკანონოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

15. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.12.2014წ. დასკვნის კვლევით ნაწილშიც მითითებულია, რომ მოპასუხის საცხოვრებელ სახლზე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები ნაწარმოებია ნორმების ფარგლებში.

16. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 მარტის განჩინებით დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა და ექსპერტიზის ჩატარება დაევალა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის 2022 წლის 08 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, დ.ბ–ძის საცხოვრებელ სახლს აღენიშნება ასაკობრივ-ფიზიკური ცვეთით გამოწვეული დაზიანებები. ამავე დროს, ექსპერტიზა არ გამორიცხავს, რომ საზიარო კედლის მხარეს არსებული დაზიანებები ნაწილობრივ შესაძლებელია გამოწვეული იყოს გ.დ–ძის სახლზე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად. იმ დაზიანებების განსაზღვრა, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს გ.დ–ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის სამუშაოების შედეგად, ტექნიკურად შეუძლებელია. სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა ექსპერტები, რომელთა განმარტებების მიხედვით, დ.ბ–ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი 1940 წელსაა აშენებული (რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს), ნაგებობის ასაკი (ხანდაზმულობა) 80 წელს აღემატება. საყურადღებოა, რომ სახლის არსებობის განმავლობაში, საძირკვლის ან სახურავის საყრდენი ხის სვეტების რამე გამაგრებითი ან გამოცვლის სამუშაოების ჩატარების შესახებ, დ.ბ–ძეს არ მიუთითებია, ამის შესახებ არც საექსპერტო დასკვნების კვლევით ნაწილშია რაიმე მინიშნება. შენობის ასაკობრივი ცვეთის გათვალისწინებით სახლის კედლებზე არსებული დაზიანებები შესაძლოა ისედაც წარმოშობილიყო. აღნიშნული დაზიანებები ჩვეულებრივია ამ ასაკის და ამ მასალით აშენებული შენობებისთვის, რომლებსაც ანტისეისმური სარტყელი არ უკეთდებოდა.

17. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ექსპეტიზის დასკვნებით, მხარეთა და ექსპერტთა განმარტებებით (როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ასევე, ადგილზე დათვალიერების დროს) არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის კუთვნილ ნაგებობაზე არსებულ დაზიანებებს, მოპასუხის ქმედებას და მის საკუთრებაში არსებულ სახელზე ჩატარებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შორის. მოსარჩელის მოსაზრება, რომლითაც მან სხვა არამომიჯნავე კედლებზე არსებული დაზიანებები, სარეკონსტრუქციო სამუშაოებით გამოწვეულ, სახლის საერთო სიმტკიცის დაზიანებას დაუკავშირა, ვერ იქნება გაზიარებული შენობის ასაკობრივი ცვეთიდან და ექსპერტთა იმ განმარტებიდან გამომდინარე, რომ არამომიჯნავე კედელს რეკონსტრუქცია ვერ დააზიანებდა. ამდენად, მოპასუხის საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციასა და მოსარჩელის სახელზე რიცხული შენობის დაზიანებებს შორის მიზეზობრივი კავშირი არ დადასტურებულა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი