Facebook Twitter

10 ივნისი 2024 წელი

№ას-262-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ე.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს.ი.პ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.მ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ს.ს.ი.პ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 98 455 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2014 წლის 23 აპრილიდან მოსარჩელე ე.მ–ის საკუთრებად ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ....., სასოფლო-სამეურნეო ფართი 1 501 კვ.მ (ს/კ......) (ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ.19-20)).

5.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმეზე №3/321-31) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირებისათვის, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040- კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების პროექტის განხორციელების მიზნით, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ, ე.მ–ის (პ/ნ .......) საკუთრებაში არსებულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ......., მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მთლიანი მიწის ნაკვეთის ფართობის 1501 კვ/მეტრზე (ს/კ ......), მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებსა (ფარდული, საძირკველი, ბლოკის ციხ, ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე (გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ.23-39); დეტალური პროექტი (ტომი 1, ს.ფ. 163-338)).

5.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოსთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შემდგომ, მოპასუხემ შ.პ.ს. ,,ა–ის’’ 2021 წლის 08 თებერვლის ანგარიშის საფუძველზე მოსარჩელეს 2022 წლის 28 მარტს აუნაზღაურა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული უძრავი ქონების ღირებულება - 96 715 ლარის ოდენობით, საიდანაც, მიწის ნაკვეთის ღირებულებაა 67 545 ლარი, შენობა-ნაგებობების კომპენსაცია - 29 010 ლარი და მრავალწლიანი ნარგავების კომპენსაცია - 160 ლარი (მიმართვები, საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 152-155; ტომი 2, ს.ფ. 82-87)).

5.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებისა და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ე.მ–ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: გარდაბანი, სოფელი ......., სასოფლო-სამეურნეო ფართი 1 501 კვ.მ (ს/კ ......) ამ უკანასკნელისთვის კომპენსაციის გადახდის შემდეგ, მესაკუთრედ ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 05 აპრილიდან აღრიცხულია სახელმწიფო (ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ.21-22; ტომი 2, ს.ფ. 88-89); სააღსრულებო ფურცელი (ტომი 1, ს.ფ. 149; ტომი 2, ს.ფ. 81)).

5.5. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდიდა მიღებული კომპენსაციის ოდენობას, შესაბამისად სასამართლოს საკვლევ გარემოებას წარმოადგენდა სრული და სამართლიანი იყო თუ არა მოსარჩელისათვის ანაზღაურებული კომპენსაცია.

5.6. მხარეთა მიერ მითითებული გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტისათვის გადახდილი აქვს უძრავი ქონების, მის: გარდაბანი, სოფელი ......., სასოფლო-სამეურნეო ფართი 1 501 კვ.მ (ს/კ. ....) სრული და სამართლიანი ანაზღაურება.

5.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლსა და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე და ამ ნორმათა საფუძველზე, განმარტა, რომ ექსპროპრიაციის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების ოდენობის სათანადოობა კი, პირველ ყოვლისა, დადგენილ უნდა იქნეს ექსპერტის შეფასების მიხედვით. სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე. ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა სასამართლოში საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სარჩელის წარმოდგენისა და კომპენსაციის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის საფუძვლებს ქმნის.

5.8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი საკომპენსაციო თანხა განსაზღვრული იყო შ.პ.ს. „ა–ის“ 2021 წლის 08 თებერვლის ანგარიშით, რომელიც მომზადებული იყო გაყიდვების შედარებითი ანალიზის მეთოდის შესაბამისად, ამასთან, შეფასების ანგარიშში ნაკვეთის საბაზრო ღირებულება დაანგარიშებული იყო მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოსარჩელე თავისი სასარჩელო მოთხოვნის გაანგარიშებას აყრდნობდა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შ.პ.ს. „ვ–ის“ 2022 წლის 30 მარტის დასკვნას. აღნიშნული დასკვნის ანალიზით და მისი შემდგენი ექსპერტის განმარტებებით დგინდებოდა, რომ მართალია ექსპერტმა იხელმძღვანელა შედარების მეთოდით, თუმცა მას შესადარებელი ობიექტების განსაზღვრისას არ გამოუყენებია საჯარო რეესტრის მონაცემები. ცდომილება კი რელურ ვითარებასა და საჯარო რეესტრის მონაცემებს შორის ხშირია. ამასთან, მოპასუხის შედავების გათვალისწინებით, შესადარებელ ობიექტებად განსაზღვრული ანალოგების იდენტიფიცირება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეუძლებელი იყო. პალატა ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დასაბუთებული იყო მოპასუხის შედავება იმის თაობაზე, რომ ბუნდოვანი იყო რა პრინციპით განსაზღვრა სპეციალისტმა ....... მდებარე უძრავი ქონების სამი შესადარებელი ანალოგიდან ორ ანალოგად სოფელ პატარა ..... მდებარე უძრავი ქონებები.

5.9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, სწორედ ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიანიჭა უპირატესობა უფრო დასაბუთებულ და კვალიფიციურ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიმართაც სასამართლოს არ გასჩენია რაიმე სახის ბუნდოვანება. წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს შორის სწორედ შ.პ.ს. ,,ა–ის’’ დასკვნაში იყო მოცემული დეტალური გაანგარიშებები ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულებისა და რეალურად არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით. პალატამ იმსჯელა აგრეთვე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 აპრილის დასკვნაზე (ტომი 2, ს.ფ.113-119) და აღნიშნა, რომ მართალია აღნიშნულ დასკვნას უშუალოდ არ ემყარება სასარჩელო მოთხოვნის გაანგარიშება, თუმცა ემყარება მოსარჩელის პოზიცია არაგონივრული კომპენსაციის მიღების შესახებ. აღნიშნული დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის განსაზღვრულია 43 000 ა.შ.შ. დოლარით - ხოლო ობიექტის საბოლოო საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის განსაზღვრულია 148 500 ლარით. აღნიშნული შეფასების ანგარიშის კვლევის, ისევე როგორც მისი შემდგენი სპეციალისტის გ.ც–ძის (იხ. სპეციალისტის განმარტება - 2022 წლის 09 ნოემბრის სხდომის ოქმი) განმარტებით ასევე დგინდება, რომ სპეციალისტს შ.პ.ს. ,,ვ–ის’’ დასკვნის ანალოგიურად არ უხელმძღვანელია საჯარო რეესტრის მონაცემებით და განსახილველ შემთხვევაშიც, სპეციალისტს ანალოგებად განსაზღვრული უძრავი ქონებები მოძიებული ჰქონდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სხვადასხვა ვებ-გვერდებზე არსებული განცხადებებიდან. შედავების გათვალისწინებით, საქმის გადაწყვეტისთვის საერთოდ შეუძლებელია ამ უძრავი ქონებების იდენტიფიცირება. აღნიშნული კი შ.პ.ს. ,,ა–ი’’-ს სრულყოფილი შეფასების ფონზე ასევე გამორიცხავდა წარმოდგენილი დასკვნის გაზიარებას სასამართლოს მიერ.

5.10. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, გადაწყვეტილების უსწორობად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თანხის ანაზღაურებისა და საექსპროპრიაციო ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას შორის არსებული დროის გაუთვალისწინებლობაზე პალატამ ყურადღება მიაქცია მოპასუხის განმარტებას, რომლის თანახმად, აპელანტის უძრავი ქონების შეფასება მოხდა 2021 წელს. ამავე წელს, 2021 წლის 16 მარტის წერილით დეპარტამენტმა შესთავაზა აპელანტს საკომპენსაციო თანხის მიღება. შესაბამისად, შეფასებიდან უმოკლეს ვადაში ჰქონდა აპელანტს შესაძლებლობა მიეღო საკომპენსაციო თანხა. თუმცა დეპარტამენტსა და აპელანტს შორის შეთანხმების მიუღწევლობის პირობებში საჭირო გახდა უძრავი ქონების ექსპროპრიაცია, რაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე დროში გაწელილი პროცესია. დეპარტამენტი ვალდებული იყო ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისთვის ზედმიწევნით შეესრულებინა კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, მოპასუხის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დეპარტამენტს კანონმდებლობა ავალდებულებდა კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლას, რაც სასამართლოს მხრიდან სწორად იქნა შეფასებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. სააპელაციო პალატამ კი ზემოაღნიშნული მოპასუხის განმარტება დასაბუთებულად და არგუმენტირებულად მიიჩნია.

5.11. სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციისა და ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის ანაზღაურებული ჰქონდა 2022 წლის აპრილამდე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, გარდაბანი, სოფელი ......., სასოფლო-სამეურნეო ფართი 1 501 კვ.მ (ს/კ ...........) სრული და სამართლიანი ანაზღაურება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა კი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას განაპირობებდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელისათვის ანაზღაურებული კომპენსაცია სრული და სამართლიანი იყო. კასატორის მიერ წარდგენილ იქნა ორი დასაბუთებული დასკვნა, შ.პ.ს. „ვ–ის“ და ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც უძრავი ქონება შეფასებულ იქნა ინდივიდუალურად და დეტალურად. შეფასებისას გათვალისწნებულ იქნა მიწის ნაკვეთის დანიშნულება და მისადგომობა, განსხვავებით მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი შეფასების დასკვნისაგან, რომელშიც მიწის ნაკვეთი არ არის შეფასებული ინდივიდუალურად, და არც მისი ფუნქციური დანიშნულებაა გათვალისწინებული (კასატორი მიუთითებს შეფასების შემდგენი სპეციალისტის განაცხადზე, რომ მას შეფასებისას არ გაუთვალისწინებია არც მიწის ნაკვეთის გზიდან მისადგომობა და არც ფუნქციური დანიშნულება). ამასთან, შეფასებისას გამოყენებულია ძველი მონაცემები და არარეალური ანალოგები, სწორედ აქედან გამომდინარე, არასწორად განისაზღვრა მიწის ნაკვეთის კომპენსაციის ღირებულება. ხოლო შ.პ.ს. „ვ–ის“ დასკვნას ამყრებდა ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნა, და შემდგომ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარდმოდგენილი იყო ორი დასაბუთებული და დეტალური დასკვნა, შემდგომ მესამე დასკვნა, სასამართლოს შინაგანი რწმენა გარდა წერილობითი დასკვნებისა, უნდა შეექმნა სხდომაზე დაკითხულ სპეციალისტებსა და ბაზარზე არსებულ მდგომარეობასაც, ამის საპირისპიროდ კი სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა და უსაფუძვლოდ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი შ.პ.ს. „ა–ის“ შეფასების ანგარიში.

6.2. კასატორის მითითებით, იმის მიუხედავად, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე და 173-ე მუხლების თანახმად არ დაუნიშნავს განმეორებითი ექსპერტიზა.

6.3. საჯარო რეესტრის შეფასების წყაროდ გამოყენების არასანდოობაზე და თუ რატომ არ გამოიყენა ექსპერტმა დასკვნაში საჯარო რეესტრის მონაცემები, კასატორმა მიუთითა ექსპერტთა მკაფიო განმარტებაზე, რომ ხშირად საჯარო რეესტრში მითითებული ფასი არარეალურია, მოჩვენებით ხასიათს ატარებს და ქონების რეალური საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას ძირითადად იყენებენ სხვა რეალურ და სანდო წყაროებს (ინტერნეტში გამოქვეყნებული შეთავაზებები და ა.შ.) და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრავენ ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას.

6.4. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ შესადარებელ ობიექტებად განსაზღვრული ანალოგების იდენტიფიცირება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეუძლებელია. თუ რატომ არის შეუძლებელი სასამართლო არ ასაბუთებს. ხოლო რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ბუნდოვანია რა პრინციპით განსაზღვრა სპეციალისტმა ....... მდებარე უძრავი ქონების სამი შესადარებელი ანალოგიდან ორ ანალოგად სოფელ პატარა ლილოში მდებარე უძრავი ქონებები, მხარისა და სპეციალისტების მიერ განმარტებულ იქნა და კასატორი კვლავ მიუთითებს, რომ შეფასებული მიწის ნაკვეთები განთავსებულია გარდაბნის რაიონი სოფელ .......ს ადმინისტრაციულ საზღვრებში. რეალურად კი მდებარეობს თბილისი-თელავის საავტომობილო გზის გასწვრივ. აღნიშნული კი განპირობებულია ადმინისტრაციული საზღვრით რომელიც იმ არეალში მდებარეობს.

6.5. კასატორი სადავოდ ხდის თანხის ანაზღაურებასა და საექსპროპრიაციო ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას შორის არსებულ დროსაც და მიუთითებს, რომ სასამართლო ვალდებული იყო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისთვის შეეფასებინა ქონება და მესაკუთრისათვის აენაზღაურებინა სრული და სამართლიანი კომპენსაცია, აღნიშნულის გამომწვევ მიზეზად ექსპროპრიაციის პროცედურაზე სააპელაციო სასამართლოს მითითებას კი არამართლზომიერად მიიჩნევს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის სრული და სამართლიანი ანაზღაურება.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე პუნქტზე, რომლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის საკითხს კი აწესრიგებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია, თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. ამასთან, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან საკომპენსაციო თანხაზე, იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქონების არა მარტო არსებული დანიშნულების მიხედვით გამოყენების შესაძლებლობა, არამედ ქონების პოტენციური გამოყენების შესაძლებლობაც, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ქონების ჩამორთმევა საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს და დაცულია ევროპული კონვენციის N1 დამატებითი ოქმით. საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი სამ ნაწილად გაჰყო. საქმეში „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: „მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნას პირველ ნორმასთან ერთად“. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციითა და სპეციალური კანონის საფუძველზე, ცხადია, სახელმწიფოს აქვს უფლება, შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. სახელმწიფოს ასევე შეუძლია, უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს განმარტავს, როგორც სამი კონკრეტული წესის მომცველს. ეს სამი წესია: ა) ქონებით მშვიდობიანად სარგებლობის პრინციპი (პირველი ნაწილის პირველი წინადადება); ბ) ქონების ჩამორთმევა (პირველი ნაწილის მეორე წინადადება); გ) ქონებით სარგებლობის კონტროლი (მეორე ნაწილი), თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაცია იქნეს გაცემული (შეად. სუსგ-ებს: N ას- 804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ.).

13. ექსპროპრიაციის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების ოდენობის სათანადოობა კი დადგენილი უნდა იქნას ექსპერტის შეფასების მიხედვით. სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე. ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა სასამართლოში საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სარჩელის წარმოდგენისა და კომპენსაციის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის საფუძვლებს ქმნის. „ექსპერტის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს ( შდრ: სუსგ №ას-940-2021, 01 დეკემბერი, 2021).

14. დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მიენიჭა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 1501 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ფუნქციის მქონე მიწის ნაკვეთზე (ს/კ .....) ექსპროპრიაციის უფლება მესაკუთრის (მოსარჩელე) სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებელი პირობით. მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოსთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შემდგომ, მოპასუხემ შ.პ.ს. ,,ა–ის’’ დაკვეთით მომზადებული შ.პ.ს. ,,თ.ა.ე.ჯ.ა"-ს 2021 წლის 08 თებერვლის ანგარიშის საფუძველზე მოსარჩელეს 2022 წლის 28 მარტს აუნაზღაურა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული უძრავი ქონების ღირებულება - 96715 ლარის ოდენობით, საიდანაც, მიწის ნაკვეთის ღირებულებაა 67545 ლარი, შენობა-ნაგებობების კომპენსაცია - 29 010 ლარი და მრავალწლიანი ნარგავების კომპენსაცია - 160 ლარი. კასატორი სადავოდ ხდის ანაზღაურებული მიწის ნაკვეთის ღირებულებას.

15. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ 2021 წლის 08 თებერვლის შეფასების ანგარიში შედგენილია გაყიდვების შედარებითი ანალიზის მეთოდის შესაბამისად, ნაკვეთის საბაზრო ღირებულება დაანგარიშებულია მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით. ობიექტის ღირებულების განსაზღვრისას ექსპერტი ეფუძნება მის პირდაპირ შედარებას უკვე გაყიდულ ან გასაყიდად გამოცხადებულ ანალოგიური ობიექტის საბაზრო ფასებთან. შეგროვებული და გაანალიზებულია ბაზრის მონაცემები შესაფასებელი უძრავი ქონების ანალოგიური ობიექტების შესახებ, განხორციელებულია ბაზრის კვლევა. მოპოვებულია ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ შესაფასებელი ობიექტის ფასზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შ.პ.ს. „ვ–ი“-ს 2022 წლის 30 მარტის დასკვნის ანალიზის და მისი შემდგენი ექსპერტის განმარტებების მიხედვით, მართალია ექსპერტმა იხელმძღვანელა შედარების მეთოდით, თუმცა მას შესადარებელი ობიექტების განსაზღვრისას არ გამოუყენებია საჯარო რეესტრის მონაცემები და არ მოუძიებია ანალოგების საბაზრო ღირებულებები საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის თანახმად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების არასათანადოდ შეფასების შესახებ, დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიას არ შეიცავს. კასატორმა ვერ შეძლო კვალიფიციური შედავება სასამართლოს მიერ გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორის ეჭვქვეშ დასაყენებლად.

16. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ თანხის ანაზღაურებასა და საექსპროპრიაციო ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას შორის არსებული პერიოდი ერთ წელზე მეტია, მოწინააღმდეგე მხარე კი ვალდებული იყო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისთვის შეეფასებინა ქონება და მესაკუთრისათვის აენაზღაურებინა სრული და სამართლიანი კომპენსაცია, საკასაციო პალატა არ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლო დასკვნას, რომ შეფასებიდან უმოკლეს ვადაში ჰქონდა აპელანტს შესაძლებლობა მიეღო საკომპენსაციო თანხა, მაგრამ შეთანხმების მიუღწევლობის პირობებში გაჭიანურდა პროცესი. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, კომპენსაციის სამართლიანობის შეფასებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ქონების ჩამორთმევის უფლების სასამართლო წესით მოპოვების დროს არსებული ექსპროპრირებული ქონების საბაზრო ღირებულებით (იხ. სუსგ-ები: №ას-1349-2019, 20.04.2022წ; №ას-599-2022, 31.03. 2023 წ.).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია დასაშვები მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, დასკვნებს და განაპირობებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

19. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი