29 ნოემბერი 2024 წელი
საქმე №ას-206-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.პ.ს. „ე.ა.დ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - შ.პ.ს. „ე.ა.დ“-ს მიმართ, 2022 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 22 567.50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით - ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს - 8850 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურსა და შ.პ.ს. „ე.ა.დ“-ს შორის, 2022 წლის 15 აგვიტოს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1/150822/1 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება შემსყიდველისთვის მიეწოდებინა ორი კომპლექტი ბარგის რენტგენის სკანერი (მონტაჟით). ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 177 000 ლარი (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 23-27; მხარეთა ახსნა-განმარტება).
5.2. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე:
4.1.-ე პუნქტის თანახმად, ორი ერთეული ბარგის რენტგენის სკანერის მიწოდება/მონტაჟი ყველა ხარჯის გათვალისწინებით მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში.
5.1.-ე პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიღება/ჩაბარება ხორციელდება მიღება/ჩაბარების აქტის საფუძველზე მიმწოდებლის მიერ ბარგის რენტგენის სკანერის სრულად მიწოდება/მონტაჟის შესაბამისად.
7.1.1.-ე პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ორი ერთეული ბარგის რენტგენის სკანერი.
13.1.-ე პუნქტით შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული ბარგის რენტგენის სკანერის მიწოდება/მონტაჟის ვადების გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.
13.7.-ე პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებლის მხრიდან არ არის შესრულებული წინამდებარე ხელშეკრულების 7.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, მას განესაზღვრება 10 სამუშაო დღე აღნიშნულის გამოსასწორებლად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიმწოდებლის მხრიდან თუ არ იქნება შესრულებული ხსენებული პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიმწოდებელი დაჯარიმდება მთლიანი ღირებულების 10%-ის ოდენობით და შემსყიდველი იტოვებს უფლებამოსილებას შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება.
15.1.-ე პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე და მოქმედებს 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 23-26; ს.ფ. 27; მხარეთა ახსნა-განმარტება).
5.3. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 04 აპრილის N21/02/27931 წერილით შ.პ.ს. „ე.ა.დ“-ს ეცნობა, რომ 2022 წლის 15 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა მასში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა 2023 წლის 02 აპრილის ჩათვლით. კომპანიამ 2022 წლის 21 დეკემბერს ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურს მიაწოდა ერთი კომპლექტი ბარგის რენტგენის სკანერი (მონტაჟით), ღირებულებით 88 500 ლარი. შ.პ.ს. „ე.ა.დ“-მ ნივთი ვადის გადაცილებით მიაწოდა, რის გამოც კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო 354 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა კომპანიამ 2022 წლის 30 დეკემბერს გადაიხადა. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო მეორე კომპლექტის მიწოდების ვალდებულებაც, რომლის მიწოდების დროსაც გამოვლინდა ხარვეზი და მიმწოდებელს განესაზღვრა ვადა მის აღმოსაფხვრელად. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მიუხედავად, შ.პ.ს. „ე.ა.დ“-მ არ შეასრულა ვალდებულება მეორე კომპლექტი ბარგის რენტგენის სკანერის (მონტაჟით) მიწოდების შესახებ. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა შ.პ.ს. „ე.ა.დ“-ს დააკისრა პირგასამტეხლო 4867,50 ლარის ოდენობით მიწოდების ვადის დაგვიანების გამო და 17 000 ლარი - ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით, ჯამში 22 567,50 ლარი. შ.პ.ს. „ე.ა.დ“-ს განესაზღვრა 10 დღის ვადა თანხის გადასახდელად. დარიცხული პირგასამტეხლო მიმწოდებლის მიერ არ ანაზღაურებულა (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 51-52; 47; 50; მხარეთა ახსნა-განმარტება).
5.4. მოპასუხე შ.პ.ს. „ე.ა.დ“-მ მეორე კომპლექტი ბარგის რენტგენის სკანერის (მონტაჟით) მიწოდების შესახებ არ შეასრულა ვალდებულება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 88 500 ლარს (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 51-52; მხარეთა ახსნა-განმარტება).
5.5. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო რამდენად არსებობდა ერთდოულად ვადის დარღვევისა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან ერთჯერადი სახით) პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
5.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობაზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 8850 ლარის გადახდა დაეკისრა. პალატამ ხაზი გაუსვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს შესრულების ვადის გადაცილებისა და ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლო ერთდროულად არ უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად გამორიცხავდა ვადის გადაცილებით შესრულების არსებობას. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის უნდა დაკისრებოდა. აპელანტი კი მითითებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა და მიიჩნევდა, რომ ვალდებულების შეუსრულებობისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან ერთჯერადი სახით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.
5.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ასევე პირგასამტეხლოს ინსტიტუტის არსსა და დანიშნულებაზე და მისი ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას მეორე კომპლექტი ბარგის რენტგენის სკანერის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ითხოვდა.
5.8. სააპელაციო პალატამ, ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხზე განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავის მხრივ, ყოველთვის გულისხმობს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას. ამიტომ მხარისათვის წინასწარ ნათლად განსაზღვრული უნდა იყოს, მით უფრო, იმ ხელშეკრულებით, რომელიც სტანდარტულ პირობებს შეიცავს, რომ მას ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრებასთან ერთად, ასევე დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტისათვის, როგორც საჯარიმო სანქცია. აღნიშნული შეთანხმების არსებობა კი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცალსახად არ დგინდებოდა. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა ვადაგადაცილებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ცალ-ცალკე იყო განსაზღვრული. ვალდებულების შეუსრულებლობა იმპლიციტურად ყოველთვის ნიშნავს ვადაგადაცილების არსებობას. შესაბამისად, მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს განჭვრეტადი ინფორმაცია პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე. შეთანხმებულ დებულებათა განუჭვრეტადი ხასიათი აღნიშნულ ნორმათა ბუნდოვანებას იწვევს, რომელიც ყოველთვის მეორე მხარის სასარგებლოდ უნდა განიმარტოს, შეთანხმებულ პირობათა სტანდარტული ბუნებიდან გამომდინარე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სახეზე არ იყო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, მხარეთა შეთანხმება - სახელშეკრულებო პირობა პირგასამტეხლოს ამგვარი პრინციპით დაკისრების თაობაზე (ხელშეკრულების შეწყვეტის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებასთან ერთად, შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ). მოცემულ პირობებში, მოპასუხის მხრიდან არაკვალიფიციური შედავებაც კი, რომელიც მარტოოდენ იმაში გამოიხატა, რომ მხარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა, საკმარისი იყო იმისათვის, რომ სასამართლოს, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახით, პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებაზე ემსჯელა.
5.9. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაკისრების თაობაზე, აპელანტის მოთოვნასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებდა.
5.10. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ შესრულებული ვალდებულებიდან პირგასამტეხლოს დაკისრება პირგასამტეხლოს არსს ეწინააღმდეგება, ვინაიდან პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ეკისრება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილშიც მოპასუხის მხრიდან არაკვალიფიციური შედავების პირობებშიც, ანუ როდესაც მოპასუხე დაკისრებულ პირგასამტეხლოს ედავება, დაკისრების მართლზომიერებას სადავოდ ხდის, თუმცა, შემცირებასთან დაკავშირებით არგუმენტებს არ ამბობს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის კონტექსტში და ასევე პირგასამტეხლოს არსის გათვალისწინებით, რომლის დარიცხვის წინაპირობა ვალდებულების დარღვევაა, და არა შესრულებული ვალდებულება, არ შეიძლებოდა პირგასამტეხლოს დაანგარიშება შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან მომხდარიყო. აღნიშნული მსჯელობა არ ეხებოდა ისეთ შემთხვევებს, როდესაც კრედიტორს ერთიანი შესრულების მიმართ დაცვის ღირსი განსაკუთრებული ინტერესი აქვს, რა დროსაც, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება, თავისი არსით, ვალდებულების სრულად შეუსრულებლობას უთანაბრდება. აღნიშნული ინტერესი კი კრედიტორის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია, უფრო მეტიც, განსახილველი დავის ფარგლებში დადგენილი იყო, რომ მოვალემ ვალდებულების ნაწილი შეასრულა, კერძოდ, 2022 წლის 21 დეკემბერს ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურს მიაწოდა ერთი კომპლექტი ბარგის რენტგენის სკანერი (მონტაჟით), ღირებულებით 88 500 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო მეორე კომპლექტის მიწოდების ვალდებულებაც, რომელიც საბოლოო ჯამში, მოვალის მიერ ვერ შესრულდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან მიმართებით და მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშება უნდა მომხდარიყო მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1/150822/1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულებიდან 88 500 ლარიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან - 177 000 ლარიდან.
5.11. პალატამ ხაზი გაუსვა პირგასამტეხლოს მიზანს, ფუნქციას, მის აქსესორულ ხასიათს და სასამართლოს უფლებამოსილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, ერთი მხრივ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, რისთვისაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო და მეორე მხრივ, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ერთჯერადი ე.წ. „საჯარიმო პირგასამტეხლო“. კასატორი არ ეთანხმება მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას და განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაანგარიშებულია 2022 წლის 13 დეკემბრიდან 2023 წლის 02 აპრილის ჩათვლით, რაც კანონიერია და გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან. რაც შეეხება ე.წ. „საჯარიმო პირგასამტეხლოს“, არც ამ ნაწილში ეთანხმება კასატორი პირგასამტეხლოს გამოთვლის წესს და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება წარმოადგენს სახელშეკრულებო თავისუფლების ერთ-ერთ გამოვლინებას, კერძოდ შინაარსის განსაზღვრის თავისუფლებას. განსახილველ შემთხვევაშიც ხელშეკრულების დადებისას ორივე მხარეს გააჩნდა მოლაპარაკების წარმოების თანაბარი ძალმოსილება, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ მოპასუხე მხარის მიერ გაცნობიერებულად იქნა გამოთქმული თანხმობა პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების მხარე მეწარმე სუბიექტი იყო და ხელშეკრულების პროექტის ფორმირებაში მონაწილეობას იღებდნენ კომპანიის კვალიფიციური იურისტები. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს კონტროლის და შესაბამისად მისი შემცირების აუცილებლობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული შემცირებული პირგასამტეხლოს მართლზომიერება.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
13. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
14. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
15. მხარეთა შორის 2022 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული N1/150822/1 ხელშეკრულების 13.1. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული ბარგის რენტგენის სკანერის მიწოდება/მონტაჟის ვადების გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით. ხოლო ამავე ხელშეკრულების 13.7-ე პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებლის მხრიდან არ არის შესრულებული წინამდებარე ხელშეკრულების 7.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, მას განესაზღვრება 10 სამუშაო დღე აღნიშნულის გამოსასწორებლად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიმწოდებლის მხრიდან თუ არ იქნება შესრულებული ხსენებული პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიმწოდებელი დაჯარიმდება მთლიანი ღირებულების 10%-ის ოდენობით და შემსყიდველი იტოვებს უფლებამოსილებას შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება.
16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელისათვის მიწოდებული ორი კომპლექტი ბარგის რენტგენის სკანერიდან, ერთი კომპლექტი აღმოჩნდა ხარვეზიანი და ხარვეზი ვერ იქნა გამოსწორებული მოპასუხის მიერ, შესაბამისად მოპასუხეს წარმოეშვა ჯარიმის გადახდის ვალდებულება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ჯარიმასთან ერთად შესრულების ვადაგაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. რაც შეეხება პირგასამტეხლოს გამოთვლას, საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი