Facebook Twitter

25 დეკემბერი 2024 წელი

საქმე №ას-1240-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ–ია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ.ა–ძის სარჩელი მოპასუხე გ.გ–იას მიმართ 5000 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით, აპელანტ ზ.ა–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა და ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა წარმოედგინა:

- 200 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარის (ჩარიცხვის დღეს არსებული კურსით) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;

- დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომლებზეც აპელანტი ამყარებს თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მათ;

- სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია;

- სააპელაციო საჩივრის ხელმოწერილი დედანი, მოწინააღმდეგე მხარისათვის გადასაცემი სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები.

4. 2024 წლის 31 მაისს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 14 დღით გაგრძელების თაობაზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინებით ზ.ა–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 14 დღით.

6. 2024 წლის 20 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ზ.ა–ძის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 2024 წლის 03 ივლისამდე გაგრძელების თაობაზე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით ზ.ა–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 10 დღით.

8. 2024 წლის 08 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ზ.ა–ძის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 2024 წლის 15 ივლისამდე გაგრძელების თაობაზე.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ივლისის განჩინებით ზ.ა–ძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 07 (შვიდი) დღით.

10. 2024 წლის 19 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა ზ.ა–ძის წარმომადგენელმა და წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია (CD დისკი). ამასთან, ჯანმრთელობისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადების თაობაზე.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით ზ.ა–ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის სრულად შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 10 (ათი) დღით. ამავე განჩინებით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა გამოიწვევდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

12. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2024 წლის 30 ივლისს.

13. 2024 წლის 07 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც ხარვეზის შევსებად დადგენილი ვადის 2024 წლის 25 აგვისტომდე გაგრძელება იშუამდგომლა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა გაუხილველი, შემდეგი დასაბუთებით: საპროცესო ვადა აპელანტის თხოვნით 5-ჯერ გაგრძელდა, თუმცა ხარვეზის საფუძვლის გამომრიცხავი მტკიცებულებები აპელანტის მიერ არ წარდგენილა და მეექვსედაც ითხოვა მან ხარვეზის შესავსები ვადის გაგრძელება. სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია, მხარეს კვლავ გაგრძელებოდა ხარვეზის შესავსებად განაზღვრული ვადა ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. პალატამ მიუთითა, რომ ყოველივე ეს სასამართლოს უქმნიდა დასაბუთებულ ეჭვს, რომ აპელანტი ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას, რის გამოც ხელი ეშლებოდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ირღვეოდა მეორე მხარის უფლებები. მით უფრო იმ პირობებში, როცა ხარვეზის შესავსები ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტის ყველა განცხადება იდენტური შინაარსის იყო და არ შეიცავდა რაიმე ისეთ გარემოებას, რაც სასამართლოს ხარვეზის კვლავ გაგრძელების შესაძლებლობას მისცემდა. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ გასათვალისწინებელი იყო მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი, მიეღო დროული და ეფექტური მართლმსაჯულება. მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით, ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღვათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო მეორე მხარის ინტერესები და სწორედ აღნიშნულისა და შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შელახულიყო მეორე მხარის უფლებები.

15. 2024 წლის 08 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2024 წლის 16 აგვისტოს. 2024 წლის 28 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიას წარედგინა კერძო საჩივარი ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

აპელანტის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის ასაკი, დამსახურება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამართლო პრაქტიკისა და საერთაშორისო პრაქტიკის გვერდის ავლით არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის საქმის დამთავრებამდე გადავადებისა ან პენსიის დარიცხვის თარიღამდე გაგრძელების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულით აპელანტის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აგვისტოს განჩინებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სრულად არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ განსაზღვრულ ვადაში.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

21. მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი). ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება კი თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. მითითებული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

22. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გამოტანილ განჩინებას კერძო საჩივრის ავტორი უკანონოდ მიიჩნევს იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა მისი მდგომარეობა გათვალისწინებული, მას არ მიეცა საჭირო დრო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის სრულად შესავსებად, რამაც გამოიწვია მისი საპროცესო უფლებების დარღვევა.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ სააპელაციო საჩივარში, მტკიცებულებათა გარეშე, შუამდგომლობდა აპელანტის წარმომადგენელი ზ.ა–ძის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, იმ მოტივით რომ აპელანტი არის პენსიონერი და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა კარდიოლოგიური ოპერაცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან აპელანტს არ ჰქონდა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა მისი მძიმე ქონებრივი ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობა. სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად დაევალა 10 დღის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 200 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია და სააპელაციო საჩივრის ხელმოწერილი დედანი მოწინააღმდეგე მხარისათვის გადასაცემი დოკუმენტების ასლებთან ერთად.

24. ხსენებული განჩინების ჩაბარების შემდგომ, აპელანტის წარმომადგენელმა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე კვლავ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 14 დღით გაგრძელება და შუამდგომლობის მოტივად დაასახელა აპელანტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ამ ეტაპზე ის მკურნალობის კურსს გადიოდა და ვერ შეძლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას. საგულისხმოა, რომ ხსენებულ შუამდგომლობაში აპელანტს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის დამაბრკოლებელ გარემოებებზე ან რაიმე დამატებითი მტკიცებულების მოპოვების საჭიროებაზე არ მიუთითებია.

25. ზემოაღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინებით აპელანტს კვლავ გაუგრძელდა 16.05.2024 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 14 დღით.

26. მითითებული განჩინების ჩაბარების შემდეგ, აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 2024 წლის 03 ივლისამდე გაგრძელების თაობაზე, ანალოგიურ მოტივებზე მითითებით, მტკიცებულებების წარდგენის გარეშე. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აპელანტს კვლავ არ წარუდგენია დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.

27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით აპელანტს კიდევ გაუგრძელდა 16.05.2024 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 10 დღით.

28. ხსენებული განჩინების ჩაბარების შემდეგ, აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა (08.07.2024) ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 2024 წლის 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე, იმ მოტივით, რომ პენსიას მიმდინარე თვის 14 რიცხვში აიღებდა და გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს. აპელანტს დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი კვლავ არ წარუდგენია.

29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის განჩინებით აპელანტს კვლავ გაუგრძელდა 16.05.2024 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 07 დღით.

30. ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარების შემდეგ, აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა სასამართლოში, მაგრამ არ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელზეც მიუთითებდა 2024 წლის 08 ივლისის შუამდგომლობაში, რომ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 2024 წლის 15 ივლისამდე გაგრძელების შეთხვევაში წარადგენდა სახელმწიფო ბაჟის ქვითარს. აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, თუმცა გადავადების დასასაბუთებლად იმავე გარემოებებზე უთითებდა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე.

31. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით აპელანტს კვლავ გაუგრძელდა 16.05.2024 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის სრულად შესავსები საპროცესო ვადა 10 დღით. ამასთან, განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად.

32. ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარების შემდეგ აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ იდენტურ გარემოებებზე მითითებით ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. თუმცა როგორც აღინიშნა, არცერთ ჯერზე მას არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის, მაშინ, როდესაც აპელანტს განმარტებული ჰქონდა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, რაც შეიძლება საფუძვლად დადებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას.

33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

34. ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ვადის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს რა შესასრულებელი საპროცესო მოქმედების სიმძიმით, მხარეს მიეცემა დრო, რომელიც ობიექტურად საკმარისია საამისოდ. თავის მხრივ, საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნის უფლების მხარისათვის მინიჭება არ გულისხმობს უარგუმენტო, დაუსაბუთებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, არამედ თუ მხარე, რომელსაც განესაზღვრა ვადა ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად, დათქმულ დროში მის შესრულებას ვერ უზრუნველყოფს, საამისოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით უნდა ასაბუთოს საპროცესო მოქმედების დროულად შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

36. წარმოდგენილ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ავტორს 16.05.2024 წლის ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების ჩაბარების შემდგომ ზედიზედ სამჯერ (2024 წლის 04 ივნისის, 25 ივნისისა და 09 ივლისის განჩნებებით) ისე გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა, რომ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარიც კი არ ჰქონდა წარმოდგენილი მას.

37. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეს, საკუთარი არგუმენტაციის წერილობით დასაბუთების შესაძლებლობა გააჩნდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთანავე, აღნიშნულის მიუხედავად, 2024 წლის 12 აპრილიდან (დასაბუთებული გადაწყვეტილების აპელანტის წარმომადგენლისათვის ჩაბარების თარიღი) ამავე წლის 19 ივლისამდე (დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღი), რომ მას დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოსათვის არ წარუდგენია. რაც შეეხება შუამდგომლობებს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელებისა და გადავადების თაობაზე, აპელანტს 16.05.2024 წლის ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების ჩაბარების შემდგომ ზედიზედ ოთხჯერ (2024 წლის 04 ივნისის, 25 ივნისის, 09 ივლისისა და 23 ივლისის განჩინებებით) ისე გაუგრძელდა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა, რომ შუამდგომლობები არცერთ ჯერზე არ ყოფილა არც დასაბუთებული და არც მტკიცებულებით გამყარებული. დაუსაბუთებელი იყო ბოლო - 2024 წლის 07 აგვისტოს შუამდგომლობაც, რადგან ის არ შეიცავდა დასაბუთებულ მოტივებსა და შესაბამის მტკიცებულებებს, თუ რამ შეუშალა ხელი აპელანტს სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებაში.

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ დაუდგენელი ვადების განსაზღვრისას სასამართლოს მართებს სიფრთხილის გამოჩენა, რათა ერთი მხრივ, სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესიდან გამომდინარე, მხარეს არ განუსაზღვროს იმდენად მოკლე ვადა, რომელიც არსებითად შეუძლებელს გახდის მოთხოვნილი საპროცესო მოქმედების შესრულებას, ან პირიქით, მხარის ინტერესების გადაჭარბებულად გათვალისწინების გამო, არ დაადგინოს იმდენად გრძელი საპროცესო ვადა, რომ ეჭვქვეშ დადგეს სასამართლოსა და კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური ღირებულება. როგორც ერთი, ისე მეორე ვითარების თავიდან არიდების კრიტერიუმად კანონმდებელი გონივრულობის პრინციპს განიხილავს (იხ. სუსგ. №ას-1415-2022, 15.03.2023წ; №ას-1455-2022, 27.01.2023წ).

39. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე არსებული თითქმის სამთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 4-ჯერ გაგრძელდა, საკმარისი იყო როგორც ხარვეზის შესავსებად, ასევე აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ რაიმე მტკიცებულებების წარსადგენად. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ზედიზედ ხუთი შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელებაზე, იმ პირობებში, როდესაც დასაბუთებული არ არის საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, შეიცავს საპროცესო ვადების გაჭიანურების მცდელობის ნიშნებს, რაც საჭიროებს აღკვეთას სასამართლოს მხრიდან, ვინაიდან არამოტივირებული შუამდგომლობის გაზიარებისა და დაკმაყოფილების შემთხვევაში, იქმნება დავაში მონაწილე მეორე მხარის ინტერესის არათანაზომიერად ხელყოფის ვარაუდი, რაც დაგვიანებულ და არაეფექტურ მართლმსაჯულებაში გამოიხატება (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-577-548-2014, 25.07.2014წ).

40. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობებს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელებისა და გადავადების თაობაზე, მისი ჯანმრთელობისა თუ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არ ერთვოდა. მას არც ისეთი გარემოების შესახებ მიუთითებია, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ მხარე ცდილობდა ასეთი მტკიცებულებების მოპოვებას შესაბამისი უწყებიდან.

41. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი.

42. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

43. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ემუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) რომლის შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

44. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი სააპელაციო საჩივრის ავტორს უდგენს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზების სრულად შევსების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობაც უკავშირდება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

45. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

46. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, ზ.ა–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აგვისტოს განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი