15 მარტი 2024 წელი
საქმე №ას-783-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი - გ.ც–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ლ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ც–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს. „ლ.ბ“-ს მიმართ 17882.17 ლარის გადახდის და თანხების ანგარიშიდან ჩამოწერის დღიდან თანხის სრულად ანაზღაურებამდე 17882.18 ლარის წლიური 11.2%-ს მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე).
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:
5.1. მოპასუხე ბანკში მოსარჩელის გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე (Visa Infinite ბარათზე მიბმული ლარის ანგარიში) ნაშთი შემცირებულია 35882.18 ლარით.
5.2. საბანკო ანგარიშის ამონაწერის თანახმად, 35882.18 ლარით ნაშთის შემცირების საფუძველია ინდოეთში, ქალაქ ნიუ დელიში და ამ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბანკომატებიდან თანხების გატანა, სულ 84 ტრანზაქცია, 21 სხვადასხვა დროს, 2018 წლის 15 მარტიდან იმავე წლის 23 ივნისამდე პერიოდში.
5.3. მოსარჩელე 2018 წლის მარტში იმყოფებოდა ინდოეთში, სადაც თავადაც ასრულებდა საბანკო ტრანზაქციებს, სახელდობრ, ,,Visa Infinite" ბარათის გამოყენებით ბანკომატიდან გაჰქონდა თანხები.
5.4. 2018 წლის მარტში მოსარჩელეს ინდოეთში დაუკავშირდა პირადი ბანკირი, რომელმაც ჰკითხა განახორციელა თუ არა ტრანზაქციები ინდოეთში ,,Visa Infinite“ ბარათით. პირად ბანკირს მოსარჩელემ დაუდასტურა, რომ ტრანზაქციებს ინდოეთში თავად ახორციელებდა.
5.5. 2018 წლის 24 მარტს, 02 აპრილს, 17 ივნისსა და 21 ივნისს მოსარჩელის საბანკო ბარათით თანხის ბანკომატიდან გატანა საქართველოსა და ინდოეთში ფიქსირდება ერთ დღეს.
5.6. მოსარჩელეს ჩართული ჰქონდა მოპასუხე ბანკის სერვისი ყველა ტრანზაქციის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms-ის) მიღება, რომლის ხარვეზის გამო მოსარჩელე ვერ იღებდა სადავო პერიოდში მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ბანკომატიდან თანხის გატანის შემთხვევაში.
5.7. მოსარჩელე სადავო პერიოდში სარგებლობდა მოპასუხე ბანკის ინტერნეტ/მობაილბანკით.
5.8. 2018 წლის 29 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა განცხადებით, აცნობა, რომ მისი ნების გარეშე, ინდოეთში განხორციელებული ტრანზაქციების შედეგად, ანგარიშიდან ჩამოჭრილი იყო 36653.33 ლარი და მოითხოვა ნაწილობრივ მაინც ზიანის ანაზღაურება.
5.9. მოპასუხემ მოსარჩელეს საჩუქრის სახით ჩაურიცხა 18000 ლარი. მთლიანად მოპასუხის ხარჯმა შეადგინა 22 500 ლარი, საიდანაც 18 000 ლარი მოსარჩელის საჩუქარია, ხოლო 4500 ლარი ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში საშემოსავლო გადასახადის სახით.
5.10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობს საბანკო მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის პირობებიც მხარეთა ნების საფუძველზე განისაზღვრა, შესაბამისად, მხარეებმა ამ სამართლებრივი ურთიერთობის დაწყებისას, თანხმობა განაცხადეს ხელშეკრულების თითოეულ პირობაზე. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე 2012 წელს გაეცნო მოპასუხე ბანკის ანგარიშის მომსახურების პირობებს და დაეთანხმა მათ, შესაბამისად, გახდა აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე და მომსახურების პირობებით გაწერილი უფლებებისა და ვალდებულებების მქონე.
5.11. სააპელაციო პალატამ მიუთითა ლიბერთი ანგარიშის მომსახურების შემდეგ პირობებზე:
- 5.14.3 პუნქტის თანახმად, კლიენტი იღებს ვალდებულებას, რეგულარულად გაეცნოს და დაიცვას ბანკის მიერ შემუშავებული საბანკო ბარათის ზოგადი პირობები და უსაფრთხოების წესები, აგრეთვე მკაცრად დაიცვას წვდომის კოდების კონფიდენციალურობა, რაც გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება კლიენტის ვალდებულებით არ შეინახოს წვდომის კოდები ისეთი ფორმით, ან ისეთ მატერიალურ ან ელექტრონულ მატარებლებზე, რომელიც იძლევა მათი დისკრედიტაციის და გამჟღავნების საშუალებას; არ გადასცეს წვდომის კოდები მესამე პირებს ან/და არ განახორციელოს წვდომის კოდების რაიმე სხვა ფორმით გამჟღავნება.
- 5.14.5. პუნქტის მიხედვით, კლიენტი იღებს ვალდებულებას, ყოველი კალენდარული თვის ბოლოს გაეცნოს ბარათის მეშვეობით განხორციელებულ ყველა ოპერაციას და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წერილობით გააპროტესტოს ამ ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.
- 5.15.2. პუნქტით, ბანკი არ არის პასუხისმგებელი, ბარათით განხორციელებულ ნებისმიერ უკანონო ოპერაციაზე.
- 5.17.1. პუნქტის მიხედვით, კლიენტი პასუხისმგებელია, ბარათის მეშვეობით ჩატარებულ ყველა არაკანონიერ ოპერაციაზე.
-5.17.3. პუნქტის თანახმად, კლიენტი პასუხისმგებელია, დამდგარი ზიანისთვის, თუ ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ანგარიში, წვდომის კოდი ან სხვა ინფორმაცია პლასტიკური ბარათ(ებ)ისა და მისი მფლობელ(ებ)ის შესახებ ცნობილი გახდა მესამე პირ(ებ)ისათვის.
-5.17.5. პუნქტის თანახმად, კლიენტი პასუხისმგებელია, ბარათის ან/და წვდომის კოდის გამოყენებით ჩატარებულ ნებისმიერი ტიპის ოპერაციაზე.
-5.19. პუნქტის შესაბამისად, ბანკი ვალდებულია, კლიენტს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა, თუ კლიენტის მიერ ბანკისათვის მიმართვა განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაციის შესრულებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში და კლიენტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობით, ხელშეკრულებით ან წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტს.
5.12. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რომლითაც დადასტურდა, რომ ინდოეთში სადავო ტრანზაქციები შესრულდა ბარათით ბანკომატიდან თანხის გატანის გზით, ხოლო „ვიზა“-სა და მოპასუხე ბანკს შორის არსებული მიმოწერით დადგინდა, რომ სადავო თანხების გატანისას გამოყენებულ იქნა ,,PIN"-ი, რომელიც შემოწმდა ემიტენტი ბანკის მიერ. სასამართლოს განსჯით, აღნიშნული დოკუმენტაცია კუმულაციურად ადასტურებდა, რომ ინდოეთში ბანკომატიდან სადავო თანხების განაღდება განხორციელდა მოსარჩელის საბანკო ბარათით შესაბამისი პინ კოდის მითითებით.
5.13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ე.წ. პროგრამული ლოგების ამონაწერით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ინტერნეტბანკში შევიდა: 2018 წლის 14, 16, 22, 27, 29 მარტს; 02, 04, 09, 13, 23, 25, 28 აპრილს; 14, 23, 28 მაისს; 22, 24, 27, 28, 29 ივნისს. ამასთან, მოსარჩელეს ინტერნეტბანკის მეშვეობით განხორციელებული აქვს გადარიცხვები: 2018 წლის 16 მარტს, 04 აპრილს, 25 აპრილსა და 23 მაისს.
5.14. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 და 411-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებისთვის აპელანტს უნდა დაედასტურებინა მოწინააღმდეგე მხარის ქმედების არამართლზომიერება, რამაც ზიანი მიაყენა. ზიანის ასანაზღაურებლად კი, აუცილებელია, სამი წინაპირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ უნდა არსებობდეს: 1) ზიანი, 2) მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და 3) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული სამი კომპონენტიდან ვლინდებოდა ზიანი, თუმცა არ იკვეთებოდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
5.15. დადგენილი იყო, რომ ბანკმა განახორციელა ავტორიზებული ტრანზაქციები, რომლის ვალდებულებაც მას გააჩნდა და რომელიც შესრულდა ყველანაირი ტექნიკური ხარვეზის გარეშე. აღსანიშნავი იყო ის გარემოებაც, რომ ბანკმა გონივრული კონტროლის ფარგლებში, ინდოეთში (რომელიც რისკის ზონას წარმოადგენს) შესრულებული დიდი ოდენობის ტრანზაქციების გამო, თავისი ინიციატივით დაბლოკა მოსარჩელის ბარათი, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ ბანკის წარმომადგენელს განუმარტა, რომ ინდოეთში თავად ახორციელებდა საბანკო ტრანზაქციებს, ბანკმა ბარათი განბლოკა. გარდა ამისა, მოპასუხე ბანკის ანგარიშის მომსახურების პირობების მიხედვით, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა წვდომის კოდების კონფიდენციალურობის დაცვა. მისი ვალდებულება იყო ისიც, რომ ყოველი კალენდარული თვის ბოლოს გაცნობოდა ბარათის მეშვეობით განხორციელებულ ყველა ოპერაციას და, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით წერილობით გაეპროტესტებინა ამ ოპერაციების შესახებ ინფორმაცია. რაც შეეხება მოკლე ტექსტური შეტყობინების ხარვეზს, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულსა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა, მითუმეტეს, რომ მოსარჩელეს სადავო პერიოდში ჩართული ჰქონდა ინტერნეტბანკი, რომელსაც აქტიურად იყენებდა. დადგენილი იყო ისიც, რომ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მხარე არ იღებდა მხოლოდ ბანკომატიდან თანხის გატანის დროს, ხოლო ყველა სხვა საბანკო ოპერაციისას მოკლე ტექსტური შეტყობინებები მისდიოდა, შესაბამისად, მხარეს სულ მცირე შეეძლო, გაეგო ტრანზაქციის შედეგად ანგარიშზე დარჩენილი ნაშთის თაობაზე.
5.16. სააპელაციო პალატის დასკვნით, გასაზიარებელი იყო მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ თავად კლიენტი იყო ვალდებული, ეცნობებინა ბანკისათვის სმს შეტყობინების ხარვეზის შესახებ, რამეთუ სხვანაირად ბანკი ვერ აღმოაჩენდა. კლიენტს მართებდა მეტი წინდახედულება და გულისხმიერება გამოეჩინა ბარათის უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვის მიზნებისთვის. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი ნაწილობრივ თავად მისი ქმედებებითაც/უმოქმედობითაც იყო გამოწვეული.
5.17. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეზე დადგენილ იმ გარემოებასაც, რომ როდესაც 2018 წლის 29 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა განცხადებით და აცნობა, რომ მისი ნების გარეშე, ინდოეთში განხორციელებული ტრანზაქციების შედეგად, ანგარიშიდან ჩამოჭრილი ჰქონდა 36653.33 ლარი და მოითხოვა ზიანის ნაწილობრივ მაინც ანაზღაურება, მოპასუხემ მოსარჩელეს საჩუქრის სახით 18000 ლარი ჩაურიცხა, რაც, ამ უკანასკნელისათვის მიყენებული ზიანის, თითქმის ნახევარია (36653.33-ის ნახევარი = 18 326.66).
5.18. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში იკვეთებოდა შერეული ბრალის ნიშნები, რაც გამოიხატა მოსარჩელის გაუფრთხილებლობითა და უმოქმედობით (თუნდაც ხარვეზიანი სმს შეტყობინებებთან მიმართებით, ამონაწერებისადმი გამოჩენილ უყურადღებობაში და ა.შ.), მოპასუხის ბრალთან მიმართებით, პალატამ აღნიშნა, რომ ბანკს მართებდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში გამოეჩინა მეტი გულისხმიერება და ზრუნვა, რათა უზრუნველეყო, კლიენტის ქონების უფრო ეფექტური დაცვა, ქმედითი ღონისძიებებით, მაგ: არამარტო დაერეკა საეჭვოობისას კლიენტთან, არამედ - მიეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია ზარის დანიშნულების/მოსალოდნელი რისკებისა და ტრანზაქციების შესახებ, მიეღო ნათელი, მკაფიო პასუხები და შემდგომ განებლოკა ბარათი.
მიუხედავად აღნიშნულისა, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, ვინაიდან გასათვალისწინებელი იყო მოპასუხის ქმედება, მის მიერ მოსარჩელისათვის საჩუქრის სახით 18 000 ლარის ჩარიცხვა და დაასკვნა, რომ ბანკმა მომსახურების თუ უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის ხარვეზი/მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის დარღვევა, ამ სახით აუნაზღაურა მხარეს.
5.19. სააპელაციო პალატის განსჯით, ვინაიდან მოსარჩელეს ბანკისგან „საჩუქრის“ სახით მიღებული აქვს მიყენებული ზიანის ნახევარი და ზიანის მიყენებაში იკვეთება დაზარალებულის ბრალეულობაც, არ არსებობდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ (დამატებით) ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
5.20. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხისათვის 17882.18 ლარის გადახდამდე წლიური 11.2%, თანხების ანგარიშიდან ჩამოწერის დღიდან თანხის სრულად ანაზღაურებამდე (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე) დაკისრების მოთხოვნაც და აღნიშნა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ დადგინდა მოპასუხის გამოკვეთილი ბრალეულობა სადავო ტრანზაქციებთან მიმართებით და ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, არ ვლინდებოდა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველიც.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზიები დაეფუძნა შემდეგს:
6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილეს. მოსარჩელეს არ უნდა დაკისრებოდა ბანკის ქმედებების არამართლზომიერების დამტკიცების ვალდებულება, მაშინ, როდესაც „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოპასუხეს ეკისრებოდა გადახდის ოპერაციის ავთენტურობის, სიზუსტისა და კანონიერების დამტკიცების ვალდებულება, რაც ბანკმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა.
6.2. მცდარია დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, თითქოს საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადასტურდა, რომ ინდოეთში ბანკომატიდან სადავო თანხების განაღდება განხორციელდა მოსარჩელის საბანკო ბარათით, შესაბამისი პინკოდის მითითებით. პინ-კოდის გამოყენება და ბანკომატიდან თანხის გამოტანა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ობიექტური მტკიცებულებებით. მოსარჩელე ცხადია, ფიზიკურად ვერ განახორციელებდა სადავო ტრანზაქციებს ერთდროულად ორ სხვადასხვა ქვეყანაში.
6.3. მოპასუხემ არ გამოიყენა ყველა შესაძლო ზომა ბარათის არამართლზომიერი გამოყენების პრევენციისთვის. კონკრეტულად, ბანკმა ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელემ უსაფრთხოების მოთხოვნები დაარღვია. ნიშანდობლივია, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების ხარვეზის გამო, კლიენტს არ ჰქონდა შესაძლებლობა, დროულად აღმოეჩინა არასანქცირებული ტრანზაქციები. ბანკი მოსარჩელეს არც ელ.ფოსტაზე უგზავნიდა ყოველთვიურ საბანკო ამონაწერს, რაც ვალდებულების დარღვევაა.
6.4. მოპასუხეს სადავო არ გაუხდია გარემოება, რომ ბანკომატის ტრანზაქციები საქართველოსა და ინდოეთში ერთსა და იმავე დღეს რამდენიმე წუთის დაშორებით შესრულდა, შესაბამისად, სასამართლოებმა უსაფუძვლოდ დაადგინეს ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ტრანზაქციები მოსარჩელის ბარათით განხორციელდა. მოპასუხე ვალდებულია, აკონტროლოს პარალელური ტრანზაქციების ლოკაციები და სადავო ტრანზაქციების მართებულად განხორციელების მტკიცებაც სწორედ მას ეკისრება.
6.5. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის კუთვნილი ,,Visa Infinite" ბარათით ტრანზაქციები ინდოეთსა და საქართველოში, პარალელურად, ერთსა და იმავე დროს, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა. ეს გარემოება სრულად იქნა უგულებელყოფილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. მოპასუხე თავად აღნიშნავდა, რომ ბარათი, სავარაუდოდ, დუბლირებული იყო, თუმცა ბანკს არ გამოუყენებია გონივრული კონტროლის მექანიზმები ტრანზაქციების პარალელურ ლოკაციებზე (საქართველოსა და ინდოეთში) მონიტორინგისა და პრევენციის მიზნით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოპასუხემ განბლოკა ბარათი კლიენტის თანხმობის გარეშე.
6.6. მოპასუხემ მოსარჩელეს 18 000 ლარი „საჩუქრის“ სახით ჩაურიცხა და ეს თანხა სასამართლომ განიხილა, როგორც ზიანის ანაზღაურება. ჩუქების სამართლებრივი ხასიათი და ზიანის ანაზღაურება სრულიად განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტებია. მათი აღრევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სასამართლო პრაქტიკის სტაბილურობასა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს.
6.7. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლი და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი. მათი ინტერპრეტაცია არ შეესაბამება არც კანონმდებლობას და არც სასამართლო პრაქტიკას. აღნიშნული ნორმები ბანკს ავალდებულებს, დროულად აღმოაჩინოს თანხმობის გარეშე განხორციელებული ოპერაციები და გაატაროს პრევენციული ზომები.
6.8. კლიენტს არ დაურღვევია ლ.ბ–თან არსებული ხელშეკრულების არცერთი პუნქტი. ხოლო ბანკმა, განზრახ, არაკეთილსინდისიერად აარიდა თავი სადავო ტრანზაქციების მოკვლევას.
6.9. სასამართლოების მიერ გამოტანილი დასკვნები ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. გაურკვეველი და ურთიერთგამომრიცხავია შერეული ბრალის შესახებ სააპელაციო პალატის მსჯელობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგოდ ვერ წარადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
10. მოცემულ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე მუხლებიდან (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) გამომდინარეობს.
11. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ვლინდება თუ არა სადავო ტრანზაქციების შედეგად მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის შემცირების გამო, მოპასუხე ბანკისთვის პირდაპირი ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების წინაპირობები.
12. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი ვალდებულების დარღვევის სისტემის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნის საფუძველია, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის სისტემაში შემოაქვს განსხვავება შესრულების გვერდით და შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტებს შორის. ორივე მოთხოვნისათვის ეს ნორმა განსაზღვავს საერთო და სპეციალურ წინაპირობებს და ადგენს შესაბამის სამართლებრივ სანქციებს (შდრ. გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 394-ე, ველი 1-2, თბილისი, 2019 წ.). სახელშეკრულებო ზიანი ის ზიანია, რაც სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით მიადგა მხარეს, ამ ზიანის არსებობის დადგენა პირდაპირ უკავშირდება სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგენას; შესაბამისად, როგორც სახელშეკრულებო, ისე დელიქტური ზიანისას უნდა დადგინდეს შემდეგი ელემენტების: 1. ზიანის, 2. მართლწინააღმდეგობის, 3. ბრალის და 4. მიზეზობრივი კავშირის არსებობა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-167-163-2016, 01.07.2016წ., §58). ამ ელემენტთაგან, რომელიმე ერთის არარსებობაც კი გამორიცხავს ზიანის გამო პასუხისმგებლობას, ამიტომ, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს ზიანის მიყენების გამო პასუხისმგებლობის ყველა ელემენტის არსებობა, მოპასუხისთვის კი საკმარისია თუნდაც ერთი ელემენტის არარსებობაში დაარწმუნოს სასამართლო. სასამართლო ცალ-ცალკე შეამოწმებს პასუხისმგებლობის ელემენტების: ზიანის, მართლწინააღმდეგობის, ბრალისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობას მოცემულ სახელშეკრულებო დავაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ზიანის საკითხის გადაწყვეტისას, მიზეზობრივი კავშირის დადგენა ცალკე მტკიცებას არ საჭიროებს, რადგან თუ დადგინდა, რომ დაირღვა ხელშეკრულების პირობა, რაც შესრულებაში უნდა გამოხატულიყო, შეუსრულებლობის დადგენა ამტკიცებს დანაკლისის არსებობას, ანუ შეუსრულებლობა პირდაპირ და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია ზიანთან. ზიანის ელემენტის არსებობის დასაბუთების მიზნით, სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ზიანი ის ზიანია, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიადგა უფლებამოსილ პირს და რაც შეიძლება ანაზღაურდეს კანონის ფარგლებში (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-239-2024, 16.05.2024 წ.).
13. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში (შდრ. ს.უ.ს.გ-ებს: Nას-1458-2022, 20.07.2023წ; N ას-62-2022, 28.09,2022წ; N ას-469-2021, 13.04.2022წ; N ას-32-2021, 23.04.2021 წ.; N ას-1843-2018, 05.03.2019 წ.; ას-167- 163-2016, 01.07.2016 წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14.1. მხარეები ერთმანეთთან საბანკო მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან. მოსარჩელე 2012 წელს გაეცნო და დაეთანხმა მოპასუხე ბანკის ანგარიშის მომსახურების პირობებს, რომლის 5.14.3 პუნქტის თანახმად, კლიენტი იღებს ვალდებულებას, რეგულარულად გაეცნოს და დაიცვას ბანკის მიერ შემუშავებული საბანკო ბარათის ზოგადი პირობები და უსაფრთხოების წესები, აგრეთვე მკაცრად დაიცვას წვდომის კოდების კონფიდენციალურობა, რაც გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება კლიენტის ვალდებულებით არ შეინახოს წვდომის კოდები ისეთი ფორმით, ან ისეთ მატერიალურ ან ელექტრონულ მატარებლებზე, რომელიც იძლევა მათი დისკრედიტაციის და გამჟღავნების საშუალებას; არ გადასცეს წვდომის კოდები მესამე პირებს ან/და არ განახორციელოს წვდომის კოდების რაიმე სხვა ფორმით გამჟღავნება. 5.14.5. პუნქტის მიხედვით, კლიენტი იღებს ვალდებულებას, ყოველი კალენდარული თვის ბოლოს გაეცნოს ბარათის მეშვეობით განხორციელებულ ყველა ოპერაციას და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წერილობით გააპროტესტოს ამ ოპერაციების შესახებ ინფორმაცია. 5.15.2. პუნქტით, ბანკი არ არის პასუხისმგებელი ბარათით განხორციელებულ ნებისმიერ უკანონო ოპერაციაზე. 5.17.1. პუნქტის მიხედვით, კლიენტი პასუხისმგებელია, ბარათის მეშვეობით ჩატარებულ ყველა არაკანონიერ ოპერაციაზე; 5.17.3. პუნქტის თანახმად, კლიენტი პასუხისმგებელია, დამდგარი ზიანისთვის, თუ ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ანგარიში, წვდომის კოდი ან სხვა ინფორმაცია პლასტიკური ბარათ(ებ)ისა და მისი მფლობელ(ებ)ის შესახებ ცნობილი გახდა მესამე პირ(ებ)ისათვის. 5.17.5. პუნქტის თანახმად, კლიენტი პასუხისმგებელია, ბარათის ან/და წვდომის კოდის გამოყენებით ჩატარებულ ნებისმიერი ტიპის ოპერაციაზე. 5.19. პუნქტის შესაბამისად, ბანკი ვალდებულია კლიენტს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა, თუ კლიენტის მიერ ბანკისათვის მიმართვა განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაციის შესრულებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში და კლიენტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობით, ხელშეკრულებით ან წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტს.
14.2. მოსარჩელე 2018 წლის მარტში იმყოფებოდა ინდოეთში, სადაც კუთვნილი ,,Visa Infinite“ ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან თანხა რამდენჯერმე გაიტანა.
14.3. 2018 წლის მარტში მოსარჩელეს ინდოეთში დაუკავშირდა პირადი ბანკირი, რომელმაც ჰკითხა განახორციელა თუ არა ტრანზაქციები ინდოეთში ,,Visa Infinite“ ბარათით. პირად ბანკირს მოსარჩელემ დაუდასტურა, რომ ტრანზაქციებს ინდოეთში თავად ახორციელებდა.
14.4. ინდოეთში განხორციელებული ტრანზაქციების გამო, ბანკმა საკუთარი ინიციატივით დაბლოკა მოსარჩელის ბარათი, თუმცა მას შემდგომ, რაც მოსარჩელემ ბანკის წარმომადგენელს განუმარტა, რომ ინდოეთში თავად ახორციელებდა საბანკო ტრანზაქციებს, მოპასუხემ ბარათი განბლოკა.
14.5. მოპასუხე ბანკში მოსარჩელის გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე (,,Visa Infinite“ ბარათზე მიბმული ლარის ანგარიშზე) ნაშთი შემცირდა 35882.18 ლარით. ნაშთის შემცირების საფუძველი იყო ინდოეთში, ქ. ნიუ დელიში და ამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბანკომატებიდან თანხების გატანა, სულ 84 ტრანზაქცია, 21 სხვადასხვა თარიღში, 2018 წლის 15 მარტიდან იმავე წლის 23 ივნისამდე პერიოდში.
14.6. ინდოეთში სადავო ტრანზაქციები განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილი ,,Visa Infinite“ ბარათის გამოყენებით, პინ კოდის მითითებით, თანხის ბანკომატიდან გატანის გზით.
14.7. 2018 წლის 24 მარტს, 02 აპრილს, 17 ივნისსა და 21 ივნისს მოსარჩელის საბანკო ბარათით თანხის ბანკომატიდან გატანა საქართველოსა და ინდოეთში დაფიქსირდა ერთ დღეს.
14.8. მოსარჩელეს ჩართული ჰქონდა ყველა ტრანზაქციის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების სერვისი, რომელიც ხარვეზის გამო, გამართულად არ ფუნქციონირებდა და მოსარჩელეს ბანკომატიდან თანხის გატანის შესახებ შეტყობინება არ მისდიოდა, ხოლო ყველა სხვა საბანკო ოპერაციის შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მოსარჩელე იღებდა.
14.9. მოსარჩელე სადავო პერიოდში სარგებლობდა მოპასუხე ბანკის ინტერნეტ/მობაილბანკით.
14.10. მოსარჩელე ინტერნეტბანკში შევიდა: 2018 წლის 14, 16, 22, 27, 29 მარტს; 02, 04, 09, 13, 23, 25, 28 აპრილს; 14, 23, 28 მაისს; 22, 24, 27, 28, 29 ივნისს. მოსარჩელემ, 2018 წლის 16 მარტს, 04 აპრილს, 25 აპრილს და 23 მაისს ინტერნეტბანკის მეშვეობით განახორციელა გადარიცხვებიც.
14.11. 2018 წლის 29 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა განცხადებით, აცნობა, რომ მისი ნების გარეშე, ინდოეთში განხორციელებული ტრანზაქციების შედეგად, ანგარიშიდან ჩამოჭრილი ჰქონდა 36653.33 ლარი და მოითხოვა მისთვის დამდგარი ზიანის ნაწილობრივ მაინც ანაზღაურება.
14.12. მოპასუხემ მოსარჩელეს საჩუქრის სახით ჩაურიცხა 18000 ლარი. მთლიანობაში მოპასუხის ხარჯმა შეადგინა 22 500 ლარი, საიდანაც 18 000 ლარი მოსარჩელის საჩუქარია, ხოლო 4500 ლარი ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში საშემოსავლო გადასახადის სახით.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია, ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია, მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საბანკო დაწესებულების მიერ ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების განკარგვა განხორციელდა ანგარიშის მფლობელის მითითების ან ნებართვის გარეშე.
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად მიჩნეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; თანხმობის გაცემის ფორმა და პროცედურა განისაზღვრება გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის შეთანხმების საფუძველზე. ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად იქნება მიჩნეული; თუ თანხმობა საგადახდო ინსტრუმენტის საშუალებით გაიცემა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს ლიმიტები ამ ინსტრუმენტით განხორციელებულ ოპერაციებზე, ასევე დაბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი მომხმარებელთან დადებული შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შეთანხმებით, ბანკომატიდან თანხის განაღდებაზე გადამხდელის თანხმობა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართ, გაიცემოდა საგადახდო ინსტრუმენტის - პინ-კოდის შეყვანის საშუალებით. ამასთან, მოსარჩელის საბანკო ანგარიშის ამონაწერითა და „ვიზა“-სა და მოპასუხე ბანკს შორის არსებული მიმოწერით დადგენილია, რომ ყველა სადავო ტრანზაქცია განხორციელდა ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან თანხის გატანის გზით, რა დროსაც, გამოყენებულია სპეციალური პინ-კოდი. შესაბამისად, ინდოეთში განხორციელებული თითოეული ტრანზაქცია ავტორიზებული იყო.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ რადგან საბანკო ანგარიშის ამონაწერი გაცემულია მოპასუხე ბანკის მიერ, ის ცალმხრივი და არაობიექტური მტკიცებულებაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, საბანკო ანგარიშის ამონაწერი წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტს, რომელიც ასახავს კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე განსაზღვრულ პერიოდში განხორციელებული საბანკო ტრანზაქციების შესახებ ძირითად ინფორმაციას, რომელზე წვდომა და ამონაწერის გაცემის შესაძლებლობაც მხოლოდ იმ ბანკს გააჩნია, სადაც მომხმარებს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში. მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი საბანკო ანგარიშის ამონაწერში ასახული ინფორმაციის საწინააღმდეგო, გამაბათილებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, შესაბამისად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პოზიცია, რომ ამონაწერში ასახული ინფორმაცია უსწოროა.
16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ მოსაზრებას, რომ მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობა გამოვლინდა სადავო ტრანზაქციების არასათანადო კონტროლში.
16.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო დაწესებულებების ძირითადი ფუნქცია არ მოიცავს ყველა შესაძლო რისკის პრევენციას, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს რისკი პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის მიერ ბარათის უსაფრთხოების წესების დაცვის ხარვეზთან. ბანკის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ ზომებით, რომლებიც არის გონივრული და შესაძლებელი მათი ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში. ბანკი ვალდებულია, უზრუნველყოს სტანდარტული ტექნოლოგიური უსაფრთხოება (პინ-კოდის დაცვა, ტრანზაქციების კონტროლი), მაგრამ ის ვერ იქნება პასუხისმგებელი იმგვარ ტრანზაქციებზე, რომლებიც მომხმარებლის მიერ უსაფრთხოების წესების დაუცველობის შედეგად ხორციელდება. ბანკის პასუხისმგებლობა მოიცავს მხოლოდ იმ ზომების მიღებას, რომლებიც ტექნიკურად და ეკონომიკურად გონივრულია. ბანკისგან სრულყოფილი კონტროლის მოლოდინი, განსაკუთრებით საერთაშორისო ოპერაციებში, არ შეესაბამება გონივრული მოლოდინის სტანდარტს.
16.2. კასატორის ანგარიშზე განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციების კონტროლის მიზნით ბანკის მიერ მიღებული ზომები, სახელდობრ, ბარათის რამდენჯერმე დაბლოკვა და სატელეფონო ზარები ადასტურებს, რომ ბანკი კლიენტის (მოსარჩელის) მიმართ მოქმედებდა გულისხმიერად და კეთილსინდისიერად. მართალია, კასატორი უარყოფს ბარათის დაბლოკვის შესახებ ინფორმაციის მისთვის მიწოდებას და მიუთითებს, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით გახდა ეს გარემოება ცნობილი, მაგრამ კასატორის ამგვარი პოზიცია წინააღმდეგობრივია სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან და მის მიერ სასამართლო სხდომებზე გაცხადებულ განმარტებებთან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება ბარათის დაბლოკვის შესახებ მოსარჩელის ინფორმირება მოკლეტექსტური შეტყობინებით და პირად ბანკირთან კომუნიკაციით. კერძოდ: სარჩელის მეშვიდე ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოკლეტექსტური შეტყობინება სადავო ტრანზაქციებზე არ მიუღია, ხოლო სხვა ტრანზაქციების შესახებ შეტყობინებებს იღებდა, რასაც ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომებზე (იხ. სხდომის ოქმი: 17.03.2022წ., 16:04:02-16:04:30; 19.02.2024წ., 11:26:30-11:26:50); სარჩელს თან ერთვის 29.08.2018წ. განცხადების ასლი მოსარჩელის მიერ ბანკში წარდგენილი, რომელშიც მიუთითებს, რომ 2018 წლის 22 ივნისს უსაფრთხოების მიზნით დაიბლოკა ბარათი და დაუკავშირდა პირადი ბანკირი (ტომი 1, ს.ფ. 40); სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2018 წლის 22 ივნისს ბარათის დაბლოკვის შესახებ მიიღო მოკლეტექსტური შეტყობინება, ,,რასაც მიყვა ზარი პირადი ბანკირის", რომელმაც ჰკითხა ინდოეთში ახორციელებდა თუ არა ტრანზაქციებს (სხდომის ოქმი: 20.02.2020, 13:34:13); მოსარჩელე მიუთითებს, რომ ინდოეთიდან როუმინგით დაუკავშირდა პირად ბანკირს (სხდომის ოქმი: 20.02.2020, 13:23:07-13:23:12). ამდენად, კასატორი ბარათის ყოველი დაბლოკვის შესახებ იღებდა მოკლეტექსტურ შეტყობინებას და ჰქონდა კომუნიკაცია პირად ბანკირთან.
16.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანი პრინციპია მომხმარებლის ვალდებულება, უზრუნველყოს საკუთარი ანგარიშების რეგულარული მონიტორინგი და დაუყოვნებლივი რეაგირება საეჭვო ტრანზაქციებზე. მაგალითად, ბრიტანული სასამართლოს პრეცენდენტი, სადაც მომხმარებლის არაკონტროლირებადი ქმედებები განიხილებოდა, აჩვენებს, რომ მომხმარებელმა თავად უნდა უზრუნველყოს პინ-კოდის კონფიდენციალურობა და ტრანზაქციების მონიტორინგი. ამ პრინციპით, მომხმარებლის მიერ საკუთარი ანგარიშების გადამოწმების შეუძლებლობა ან უყურადღებობა შეიძლება ჩაითვალოს მისი ვალდებულებების დარღვევად. ამერიკულ სასამართლო პრაქტიკაშიც ხაზგასმულია, რომ მომხმარებლის მიერ უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა ხელს უწყობს ფინანსური ზიანის წარმოშობას. მაგალითად, შემთხვევები, როდესაც, მომხმარებელი დროულად არ ატყობინებდა ბანკს სერვისის ხარვეზებსა ან საეჭვო აქტივობაზე, მიჩნეული იქნა მის პასუხისმგებლობად. ამგვარად, სასამართლოები ხშირად ხაზს უსვამენ მომხმარებლის თანააქტიურ ვალდებულებას, რაც მოიცავს მისი ქმედებების პასუხისმგებლობით შესრულებას.
16.4. მოცემული საქმის კონტექსტში, იმ პირობებში, როდესაც, ბანკმა დროულად მიმართა გონივრულ ზომებს, როგორიცაა ბარათის დაბლოკვა და მომხმარებელთან დაკავშირება, ხოლო მომხმარებელმა არ მიიღო საკმარისი ზომები თავისი ფინანსური მონაცემების დასაცავად, კერძოდ კი, ბანკს არ აცნობა სმს სერვისის ხარვეზის შესახებ და არ გააკონტროლა ინტერნეტბანკის მეშვეობით ანგარიშიდან განხორციელებული ტრანზაქციები, მიუთითებს იმაზე, რომ ბანკი გონივრულად მოქმედებდა, ხოლო მომხმარებელი ვერ აკმაყოფილებდა გონივრული მომხმარებლის ქცევის სტანდარტს.
16.5. გონივრული მომხმარებლის სტანდარტი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს საშუალო, წინდახედული და ფრთხილი მომხმარებელი კონკრეტულ სიტუაციებში. ეს სტანდარტი ითვალისწინებს, რომ მომხმარებელი უნდა იყოს ინფორმირებული, ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი საკუთარი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიმართ. საერთაშორისო პრაქტიკა, მაგალითად, ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დირექტივა (Directive 2011/83/EU) ხაზს უსვამს მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ამ სტანდარტის შესაბამისად, მომხმარებელს მოეთხოვება, რომ ყურადღებით გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს, რეგულარულად შეამოწმოს საკუთარი ანგარიშების მდგომარეობა და დროულად აცნობოს ბანკს ნებისმიერი საეჭვო ან არასწორი ტრანზაქციის შესახებ. ეს უზრუნველყოფს როგორც მომხმარებლის, ასევე - ბანკის ინტერესების დაცვას და ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობას.
16.6. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, ბანკების პასუხისმგებლობისა და მომხმარებლის ქცევის გონივრული სტანდარტების შეფასების კონტექსტში, საერთაშორისო პრაქტიკაზეც მიუთითოს, მაგალითად: ბანკის პასუხისმგებლობის ფარგლები პირველად განისაზღვრა Barclays Bank Plc v. O’Brien (1994) საქმეში, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ბანკის ვალდებულება შემოიფარგლება გონივრული ზომების მიღებით, რათა კლიენტის უფლებები სათანადოდ იყოს დაცული. აღნიშნული პრინციპი შემდგომში განივრცო და უფრო კონკრეტულად განიმარტა Royal Bank of Scotland plc v. Etridge (N2) (2001) საქმეში, სადაც ხაზი გაესვა, რომ ბანკის პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს არსებული გარემოებებისა და პროპორციულობის პრინციპების შესაბამისად. Paul v. Germany საქმე, რომელიც საბანკო ზედამხედველობის ორგანოების პასუხისმგებლობას ეხებოდა, სასამართლომ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა არ არის აბსოლუტური და უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და მოიცავდეს იმგვარ ზომებს, რაც პროპორციული და გონივრულია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს უკავშირდება, მისი ზოგადი მიდგომა ცხადყოფს, რომ პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მხარე სათანადოდ არ იყენებს საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმებს და არ იჩენს სიფრთხილეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ბანკს ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც, ის აშკარად უგულებელყოფს კლიენტის ქონების დაცვას. თუ ბანკმა გონივრულად შეასრულა ვალდებულებები და სათანადო პროცედურებით უზრუნველყო კლიენტის ინფორმირება, კლიენტის მხრიდან სიფრთხილის სათანადოდ დაუცველობა, არ უნდა დაედოს საფუძვლად ბანკისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
16.7. საკითხის სრულყოფილი შეფასებისთვის საგულისხმოა საერთაშორისო რეგულაციებიც, მათ შორის - PSD2 (Payment Services Directive 2) მნიშვნელობის განხილვაც. ევროკავშირის ეს დირექტივა განსაზღვრავს, რომ გადახდის ოპერაციის ავტორიზაცია ბანკის პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, კლიენტის პასუხისმგებლობაც გათვალისწინებულია, როდესაც გადახდის ოპერაცია ჩატარებულია უსაფრთხოების კოდის გამოყენებით. დირექტივის მიხედვით, სერვისის პროვაიდერი ვალდებულია, შეამოწმოს უსაფრთხოების მექანიზმები, მაგრამ კლიენტს ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მან არ დაიცვა შეთანხმებული უსაფრთხოების წესები.
16.8. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საბანკო ტრანზაქციებში კლიენტის მიერ პინ-კოდის გამოყენება საკმარისია ტრანზაქციის ავტორიზაციის დასტურად, თუ სხვა საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ არსებობს. კლიენტი ვალდებულია, გამოიყენოს გონივრული სიფრთხილე და რეგულარულად შეამოწმოს საკუთარი ანგარიშები.
16.9. საერთაშორისო პრაქტიკაში „გონიერი მომხმარებლის“ სტანდარტი კლიენტის ქცევის შეფასების ზოგადი კრიტერიუმია. ამ სტანდარტის მიხედვით, კლიენტს ევალება, გამოიყენოს საბანკო პროდუქტები გონივრულად, მაგალითად, დროულად შეამოწმოს ანგარიშები და როგორც უკვე აღინიშნა, აცნობოს ბანკს უსაფრთხოების შესაძლო ხარვეზების შესახებ. ბანკის პასუხისმგებლობის შეფასებისას, გამოიყენება „გონივრული კონტროლის“ პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ ბანკმა უნდა შეასრულოს მხოლოდ იმ მოცემულობაში არსებული ვალდებულებები, რაც მისი კონტროლის ქვეშ არის.
16.10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბანკმა მიიღო ყველა აუცილებელი ზომა, რაც შეესაბამებოდა მის პასუხისმგებლობას, კერძოდ: ინდოეთში განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციებისას, ბარათის დროებით დაბლოკვა, კლიენტთან კომუნიკაცია და, ამის შემდგომ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ბარათის განბლოკვა.
16.11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე ბანკი ვალდებულია, დაიცვას ტრანზაქციების უსაფრთხოება. თუმცა, ავტორიზებული ტრანზაქციის შემთხვევაში (პინ- კოდის გამოყენებით), პასუხისმგებლობა მომხმარებელზე გადადის. გადახდის სერვისის პროვაიდერები უნდა ატარებდნენ შესაბამის კონტროლს, რათა დაიცვან მომხმარებლის ინფორმაცია და აქტივები, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა არ არის აბსოლუტური. მომხმარებლის მხრიდან მინიმალური ვალდებულებების შეუსრულებლობა (მაგ. სიფრთხილის დაცვა) გამორიცხავს პროვაიდერის პასუხისმგებლობას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების წესების დაცვა (პინ-კოდის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა, ტრანზაქციების მონიტორინგი ინტერნეტბანკის საშუალებით), რაც, მოცემულ ვითარებაში, გამორიცხავს ბანკის პასუხისმგებლობას.
16.12. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ გადახდის ოპერაციის ავტორიზაციის დამტკიცების მტკიცების ტვირთი ეკისრება გადახდის სერვისის პროვაიდერს. თუმცა, როდესაც ოპერაცია მომხმარებლის თანხმობით (პინ-კოდით) ხორციელდება, მტკიცების ტვირთი გადადის მომხმარებელზე. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რომლითაც დადასტურდა, რომ ინდოეთში სადავო ტრანზაქციები შესრულდა ბარათით ბანკომატიდან თანხის გატანის გზით, ხოლო „ვიზა“-სა და მოპასუხე ბანკს შორის არსებული მიმოწერით დადგინდა, რომ სადავო თანხების გატანისას გამოყენებულ იქნა ,,PIN"-ი, რომელიც შემოწმდა ემიტენტი ბანკის მიერ. მოპასუხემ (ბანკმა) დაამტკიცა, რომ ყველა სადავო ტრანზაქცია ავტორიზებული იყო, საწინააღმდეგოს დამტკიცება კასატორმა ვერ შეძლო.
17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა არ დასტურდება.
17.1. როგორც უკვე აღინიშნა, ბანკმა განახორციელა ავტორიზებული ტრანზაქციები, რომლის ვალდებულებაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნდა. წვდომის კოდების კონფიდენციალურობის დაცვა კი, ,,ლიბერთი ანგარიშის მომსახურების პირობების" მიხედვით, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა.
17.2. ნიშანდობლივია, რომ ბანკმა გონივრული კონტროლის ფარგლებში, ინდოეთში (რომელიც რისკის ზონას წარმოადგენს) განხორციელებული ტრანზაქციების გამო, თავისი ინიციატივით დაბლოკა მოსარჩელის ბარათი, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ ბანკის წარმომადგენელს განუმარტა, რომ ინდოეთში თავად ახორციელებდა საბანკო ტრანზაქციებს, ბანკმა ბარათი განბლოკა.
17.3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ტრანზაქციებთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინების მიუღებლობა, არ შეიძლება გახდეს მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების საფუძველი, რადგან სმს შეტყობინების მომსახურების ხარვეზი არ წარმოადგენს დამდგარი ზიანის გამომწვევ პირდაპირ და უშუალო მიზეზს და შეიძლება მხოლოდ ამ მომსახურებისათვის გადახდილი საკომისიოს დაბრუნების საფუძველი გახდეს. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე სადავო პერიოდში სარგებლობდა და აქტიურად იყენებდა მოპასუხე ბანკის ინტერნეტ/მობაილბანკს, რა დროსაც შეეძლო, ყველა სადავო ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის მიღება.
17.4. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბანკის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ბანკის ქმედებები იყო გონივრული და სტანდარტების შესაბამისი, ხოლო მოსარჩელის მიერ მიღებული ზომები არ შეესაბამებოდა გონივრული მომხმარებლის ქცევის სტანდარტს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად კასატორს ზიანი არ მისდგომია, შესაბამისად, არ ვლინდებოდა ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
18. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის 18000 ლარის გადახდა უნდა შეფასდეს ბანკის მიერ ბრალის აღიარებად და ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებად, პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული თანხა მოპასუხის მხრიდან გადახდილი იქნა საჩუქრის სახით, კეთილი ნების საფუძველზე, ხოლო სხვა იმგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბანკის მიერ ბრალის აღიარებასა და ზიანზე პასუხისმგებლობას, საქმეში არ წარმოდგენილა.
19. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას შერეულ ბრალთან დაკავშირებით.
19.1. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული; ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი) და დამატებით განმარტავს, რომ თუ რაიმე სპეციალური კანონი განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი მოქმედებს ყველა სახელშეკრულებო და კანონისმიერი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას ეხება საქმე (Oetker, in MüKo BGB, 7. Aufl., 2016, § 254, Rn 7 ff) (გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 415, ველი 9). დელიქტურ ვალდებულებებთან მიმართებაში სსკ-ის 415-ე მუხლის გამოყენება ეფუძნება ამავე კოდექსის 326-ე მუხლს, რომლის თანახმადაც წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (შდრ. ს.უ.ს.გ-ებები: Nას-786-735-2017, 03.11.2017წ.; Nას-150-150-2018,16.03.2018წ;ას-504-481-2016,30.09.2016წ.).
19.2. რიგ შემთხვევებში, კონკრეტული ზიანის დადგომაში არა მხოლოდ დამზიანებელს, არამედ - დაზარალებულსაც შეაქვს თავისი „წვლილი“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი აწესრიგებს როგორც იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა მოხდეს დაზარალებულის ამ „წვლილის“ გათვალისწინება, ასევე, მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს (გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 405, ველი 1). შერეული ბრალის არსებობისას სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა გულისხმობს არა ზიანის ანაზღაურებას დაზარალებულის მიერ, არამედ ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირებას და ზიანის შესაბამისი ნაწილის დაზარალებულზე (კრედიტორი) დაკისრებას. ამ ვითარებაში არსებული ზიანი მოვალისა და დაზარალებულის ერთობლივი მოქმედების განუყოფელი შედეგია. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება მხარეთა ბრალეულობის ხარისხით – უფრო მეტად თუ რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული (სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 254-ე პარაგრაფი – ,,თანაბრალეულობა” (იხ: Münch Komm BGB/Oetker §254. Bd 2a. Rn. 10. Palandt/Heinrichs, §254. Rn.15. Staudinger/Schiemann. §254. Rn.67. Bamberger/Roth., Grüneberg §254. Bd. 1. Rn.11. 19)) (სუსგ Nას-992-2020, 29.09.2021წ.).
19.3. შერეული ბრალის დასაბუთება გულისხმობს, რომ ორივე მხარე (მოსარჩელე და მოპასუხე) გარკვეულწილად პასუხისმგებელია ზიანზე. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან არ გამოვლინდა არც ბრალეული და არც მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შერეულ ბრალზე მსჯელობა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. რადგანაც მოცემულ შემთხვევაში, სადავო ტრანზაქციებთან მიმართებით მოპასუხის ბრალეულობა გამოირიცხა, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაც მართებულად იქნა უარყოფილი.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია დასაბუთებული იყოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებისა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ც–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი