Facebook Twitter

19 ნოემბერი 2024 წელი

№ას-234-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - ა.კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.კ–ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2021 წლის 11 მარტს, რომელიც გადაიდო მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე და გადაინიშნა 2021 წლის 13 აპრილს 10:30 საათზე. აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხის ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელი ე.ჭ–ძე 2021 წლის 13 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იქნა სხდომის გადადების ხელწერილით 2021 წლის 11 მარტს, მაგრამ მოპასუხის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც განცხადებით მოუმართავს სასამართლოსათვის, სხდომის გადადებისა და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე. 2021 წლის 13 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე ა.კ–ძე და მოსარჩელის წარმომადგენელი პ.ბ–ძე, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და საპროცესო ხარჯების დაკისრება.

3. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით, 230-ე მუხლით და დაადგინა, რომ სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 5830 ლარი ავტომობილის დაზიანებისთვის და 5200 ლარი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის.

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება და დამატებით განმარტა შემდეგი:

7.1. 2020 წლის 21 ივლისს ა.კ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიმართ და დელიქტით მიყენებული ზიანის 5830 ლარისა (ავტომანქანის დაზიანების გამო) და 5200 ლარის (ჯანმრთელობის დაზიანების გამო) ანაზღაურება მოითხოვა (იხ. ს.ფ. 1-15).

7.2. სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად და 2021 წლის 04 თებერვალს 11:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, რაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით (იხ. ს.ფ. 27, 40-43).

7.3. 2021 წლის 04 თებერვლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე მხარე და მოპასუხე მხარის - ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელი მ.ზ–ძე. სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა რა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, საქმის განხილვა გადაიდო 2021 წლის 04 მარტს 11:00 საათზე. 2021 წლის 04 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, ასევე, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების თაობაზე, მხარეები ინფორმირებული იქნენ სათანადო წესით, რის შესახებაც მათ ჩამოერთვათ ხელწერილი (იხ. სასამართლო უწყება-ხელწერილი; ს.ფ. 44-48; 51).

7.4. 2021 წლის 04 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომა, მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაიდო 2021 წლის 11 მარტს 15:00 საათზე, რაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით (იხ. აქტები, ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ; ს.ფ. 107-109).

7.5. 2021 წლის 11 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე მხარე და მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ე.ჭ–ძე. სამოქალაქო საქმის განხილვა კვლავ მოსამზადებელი ეტაპიდან გადაიდო 2021 წლის 13 აპრილს 10:30 საათზე. 2021 წლის 13 აპრილს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, ასევე, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების თაობაზე, მხარეებს ეცნობათ სათანადო წესით, რის შესახებაც მათ ჩამოერთვათ ხელწერილი (იხ.სასამართლო უწყება-ხელწერილი; ს.ფ.110-114;119).

7.6. 2021 წლის 13 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა. მოპასუხეს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსთვის არ შეუტყობინებია და არც რაიმე სახის შუამდგომლობა წარმოუდგენია. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე მხარემ კი, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა (იხ. ს.ფ. 120-123).

7.7. დადგენილია, რომ ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელი - მთავარი იურისტი ე.ჭ–ძე, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ა(ა)იპ-ის დირექტორის 02.04.2021 წლის #ბ18.14210921 ბრძანებით. (იხ. ს.ფ. 144; 145).

7.8. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ე.ჭ–ძე, კანონით დადგენილი წესით, გაფრთხილებული იყო 2021 წლის 13 აპრილს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე. მას ეცნობა არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, არამედ განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების თაობაზეც. მას, როგორც წარმომადგენელს, ასევე, განემარტა, რომ ვალდებული იყო უწყების შინაარსი აცნობებინა თავის მარწმუნებლისათვის. ამდენად, მოპასუხე - ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელი ე.ჭ–ძე, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო რა კანონით დადგენილი წესის დაცვით, სასამართლო უწყება მოპასუხე ა(ა)იპ-ისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად.

7.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 233-ე, 215.3 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად კანონით დადგენილი წესით სასამართლო უწყების მოპასუხე მხარისათვის ჩაბარებისა, მოპასუხე მხარე 2021 წლის 13 აპრილს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის, ასევე, არ წარუდგენია რაიმე სახის შუამდგომლობა, (მაგ. სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე). ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე მხარემ, მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

7.10. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ მოცემულ საპროცესო ეტაპზე არ ხდება მტკიცებულებების შეფასება და სასამართლო, მხოლოდ სარჩელში დაფიქსირებული ფაქტების სამართლის ნორმებთან შესაბამისობას ადგენს. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას და ამასთან, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

7.11. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებას ვერ ქმნიდა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, რომ წარმომადგენელმა არ უზრუნველყო მარწმუნებლის ინფორმირება სასამართლო სხდომის შესახებ, ამასთან, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ყოფილიყო დირექტორის მეშვეობით, ან ა(ა)იპ-ის ნებისმიერი თანამშრომლის მეშვეობით დირექტორის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობის საფუძველზე. უსაფუძვლო იყო აპელანტი მხარის მითითება იმის თაობაზეც, რომ 2021 წლის 13 აპრილს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილე და იშუამდგომლა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადება, ვინაიდან არც აღნიშნული გარემოება არ დასტურდებოდა საქმეში არსებული რაიმე მტკიცებულებით. იმავდროულად ეს გარემოება გამორიცხავდა აპელანტის მტკიცებას, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ იყო.

7.12. პალატამ, არ გაიზიარა აპელანტის არც ის პრეტენზია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არ იყო საკმარისი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად გაამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხის/აპელანტის მიმართ, ვინაიდან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ადასტურებდა მოპასუხე მხარის რაიმე კავშირს მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანთან. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატამ მიუთითა სარჩელში მითითებულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით ხე (რომლის წაქცევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ა.კ–ძემ და ასევე, დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა) წაიქცა ბუნებრივად, რაიმე სახის სტიქიური მოვლენის თუ მექანიკური ზემოქმედების გარეშე. ამასთნ, გზისპირას მდგარი ხის მდგომარეობის სათანადო შესწავლა არ უზრუნველყო რა საამისოდ უფლებამოსილმა სამსახურმა (მოპასუხემ), ზიანი გამოიწვია სწორედ ამ სამსახურის უყურადღებობამ და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანმა შესრულებამ. პალატამ ყურადღება მიაქცია ასევე იმ ფაქტს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 21.01.2020 წლის წერილი, (ს. ფ. 20; 21) რომლის მიხედვით, ქალაქ ბათუმის გამწვანებული ტერიტორიების და მასზე განთავსებული ნივთების (მწვანე ნარგავების, დეკორატიული მცენარეების, ქანდაკებების (ძეგლების) შადრევნების და სხვა) მოვლა-პატრონობა წარმოადგენს ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის კომპეტენციას.

7.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად ქმნიდა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვების საფუძვლებს.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველ ინსტანციაში დაბრუნება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8.1. კასატორის მოსაზრებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან კასატორის ბრალეულობა არ იყო საკმარისად დასაბუთებული, საქმეს თან არ ახლდა დასრულებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია. გამოძიების მიერ არ იყო დადგენილი ხის წაქცევის მიზეზი და სამსახურის ბრალეულობაზე არ მიუთითებდა ფაქტობრივი გარემოებები. ქვემდომი ინსტანცის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს აღნიშნული და მხოლოდ მოსარჩელის პირად ვარაუდებზე დაყრდნობით იხელმძღვანელეს.

8.2. კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი უნდა განეხილა და შეეფასებინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები უნდა განეხილა სრულად, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მოკლედ მიმოიხილა საქმის მასალები და უგულებელყო ზიანის მიყენების შესახებ გამოძიების არ დამდგარი შედეგები. სასამართლომ ისე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე - იყო თუ არა საკმარისი წინაპირობა სარჩელის აღძვრისათვის, რამდენადაც არ დასტურდებოდა მოპასუხის ბრალეული ქმედება ან უმოქმედობა.

8.3. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საპატიო მიზეზები, რის გამოც მოპასუხეს არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის თაობაზე. კასატორი საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს იმ მიზეზით, რომ წარმომადგენელი იყო ვალდებული ეცნობებინა უწყების ჩაბარების თაობაზე, თუმცა მან ეს მოვალობა არ შეასრულა. სასამართლომ კი არ იმსჯელა და არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული ვერ იქნებოდა მოპასუხის ბრალეულობა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (იხ. სუსგ. Nას-1183-2019 13.12.2019წ.).

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მხრიდან შეუდავებელი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ე.ჭ–ძე კასატორის (მოპასუხის) წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობდა 2021 წლის 01 აპრილამდე. საქართველოს საერთო სასამართლოებში (ყველა ინსტანციის სასამართლოში) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 144-145). ამასთან, შეუდავებელ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2021 წლის 13 აპრილს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, ასევე, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების თაობაზე, ასევე, მისი როგორც წარმომადგენილის ვალდებულებაზე უწყების შინაარსის თავისი მარწმუნებლისათვის გადაცემის თაობაზე მხარეებს ეცნობათ სათანადო წესით, რის შესახებაც მათ ჩამოერთვათ ხელწერილი (იხ.სასამართლო უწყება-ხელწერილი; ს.ფ. 119).

17. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

18. მითითებული ნორმის შესაბამისად, მხარისათვის გადაცემული უწყება ითვლება წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად, ხოლო წარმომადგენლისათვის გადაცემული _ უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებულად, ამასთან, სასამართლოს დისკრეციაა, სასამართლო უწყებას, რომელ მათგანს გაუგზავნის (მრავალთა შორის იხ. სუსგ. საქმე №ას-1290-2018, 06.02.2019წ; №ას-1119-1039-2017, 09.02.2018წ).

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

20. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ).

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

22. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-780-780-2018, 22.10.2019წ.).

23. ამრიგად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოობის მტკიცების სტანდარტს ადგენს თავად კანონმდებელი, რაც მოპასუხემ ვერ დაძლია, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას, სასამართლოს წინაშე მას არ წარუდგენია.

24. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად კასატორს მიაჩნია თავისი ყოფილი წარმომადგენლის საპროცესო უმოქმედობა, რამაც მას საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა. ხსენებულ არგუმენტს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ გამოუცხადებელი მხარე ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ, მოპასუხეს შეეძლო სასამართლოზე წარმოდგენილი ყოფილიყო დირექტორის ან ნებისმიერი თანამშრომლის მეშვეობით დირექტორის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობის საფუძველზე.

25. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

26. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ. საქმეზე № ას-2-2-2017, 14.07.2017წ.). მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015, გვ. 637).

27. დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას (იხ. სუსგ-ები: №ას-1102-2018.18.02.2021წ.; №ას-1003-2023 4.12.2023წ.; №ას-1430-2023 22.03.2024წ.; №ას-1528-2023 27.03.2024წ.; №ას-1553-2023 22.05.2024წ.; Nას-11-2024. 31.07.2024წ.).

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის არგუმენტი, რომ მოპასუხის ბრალეულობა არ დასტურდებოდა, უსაფუძვლოა, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სწორედ მის ბრალეულობაზე მიუთითებდა და რადგან ფაქტობრივი გარემოებების სათანადო მტკიცებულებებით შედავება არ მომხდარა, ამიტომ ისინი უდავოდ დადასტურებულად ჩაითვალა. კასატორმა, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების საწინააღმდეგოდ ვერ შეძლო არგუმენტირებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური სამსახურს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 551.50 ლარის 70%, რაც შეადგენს 386.05 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს (ს/კ .…..) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 551.50 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №00905, გადახდის თარიღი: 07.03.2024წ.) 70% – 386.05 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი