27 იანვარი 2025 წელი №ას-1386-2024 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,მ-ი …“-ის პარტნიორი/დირექტორი ზ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ლ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამეწარმეო საზოგადოებაში წილის უკან დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელე შპს ,,მ–ი ...“-ის პარტნიორი/დირექტორმა ზ.ბ–ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა:
1.1. შპს ,,მ–ი ....’’-ის (ს/ნ ........) დირექტორის /პარტნიორის ზ.ბ–ძისათვის, მოპასუხე თ.ლ–ძის შპს ,,მ–ი ...’’-ში არსებული წილიდან, ზ.ბ–ძის კუთვნილი 25% წილის დაბრუნება და მოსარჩელისთვის გადაცემა.
1.2. მოპასუხე თ.ლ–ძეს დაეკისროს შპს ,,მ–ი ...’’-სთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1600 ლარის ოდენობით;
1.3. მოპასუხე თ.ლ–ძეს დაეკისროს შპს ,,მ–ი ...’’-ის დირექტორის/პარტნიორის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება ერთი ლარის ოდენობით.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,მ–ი ...’’-ის დირექტორს/პარტნიორს ზ.ბ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აგვისტოს განჩინებით შპს ,,მ–ი ...“-ის პარტნიორის - ზ.ბ–ძის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა, შპს ,,მ–ი ...“-ის პარტნიორი ზ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ–ი ...“-ის პარტნიორმა ზ.ბ–ძემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ნოემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაევალა კასატორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10(ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 558 ლარის და 80 თეთრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2024 წლის 18 ნოემბერს ჩაბარდა.
7. 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის განცხადება, რომლითაც მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა ერთი თვით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 დეკემბრის განჩინებით შპს ,,მ–ი ...“-ის პარტნიორი ზ.ბ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 558 ლარის და 80 თეთრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 დეკემბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2024 წლის 20 დეკემბერს ჩაბარდა პირადად (იხ. ჩაბარების დასტური).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 დეკემბრის განჩინებით კასატორს განესაზღვრა შვიდდღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
12. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2024 წლის 20 დეკემბერს.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
14. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 21 დეკემბერს და ამოიწურა 2024 წლის 27 დეკემბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მ–ი ...“-ის პარტნიორის - ზ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი